ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2020

“მარგველაშვილისა და კვირიკაშვილის გააქტიურებამ შეიძლება არსებული კონიუნქტურა შეცვალოს”

ვახტანგ მაისაია - “სააკაშვილი საერთოდ გაგებაში არაა საქართველოში რა ხდება...”

კახა კუკავა - “ხელისუფლება წავიდა ვა-ბანკზე, ბოლომდე ჩაეშვა თვითგანადგურების პროცესში”

* * *

“მარგველაშვილისა და კვირიკაშვილის გააქტიურებამ შეიძლება არსებული კონიუნქტურა შეცვალოს”

"გარკვეული ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატები წარადგინონ, თუმცა ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ეჭვს გამოთქვამს, საბოლოოდ ოპოზიციურმა სპექტრმა ამ შეთანხმებას მიაღწიოს. როგორც “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნა, ამ საკითხზე კონსენსუსი აუცილებელია, რადგან რეალური კონკურენცია გაჩნდება, რაც მისასალმებელია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “მარგველაშვილისა და კვირიკაშვილის გააქტიურებამ შეიძლება არსებული კონიუნქტურა შეცვალოს” - გია ხუხაშვილი.

“11 თებერვალს ლეიბორისტული პარტიის ოფისში პოლიტიკური პარტიების ლიდერების მორიგი საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა, სადაც პოლიტიკოსები შეთანხმდნენ, რომ განახლდება საპროტესტო აქციები, პიკეტები და ხალხთან სალაპარაკოდ რეგიონებშიც გავლენ. შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატების წარდგენაზე, რასაც პოლიტიკოსების უმრავლესობა დათანხმდა, თუმცა პარტია „ლელოს” ლიდერების თქმით, მათ ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება, შეუერთდებიან თუ არა ოპოზიციის შეთანხმებას მაჟორიტარებზე. პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა დააანონსა, რომელიც “ქვეყანას პოზიტიურ ალტერნატივას შესთავაზებს”. მისივე თქმით, შესაძლოა მოხდეს „ქართული ოცნების" ზოგიერთ ყოფილ დეპუტატთან გაერთიანება. ხუხაშვილის განცხადებით, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა დაგვიანებულია”, - აღნიშნავს გამოცემა.

„ჩვენი ისტორიული გამოცდილება აჩვენებს, რომ ასეთი შეთანხმებები საქართველოში ძალიან რთულად არის მიღწევადი, თუმცა სასურველია. ეს არის ერთადერთი შანსი, რომ მეტ-ნაკლები კონკურენცია გაჩნდეს ამ მაჟორიტარულ სეგმენტზე. აქ შეიძლება კომბინირებული ვარიანტის გამოყენება. სადაც ვერ შეთანხმებიან, იმ ოლქებში პირველი ტური ჩაითვალოს, ფაქტობრივად, პრაიმერიზად და იმაზეც შეთანხმდენენ, რომ ოპოზიციიდან ვინც მეორე ტურში გადავა, მხარი დაუჭირონ. პირველ ეტაპზე შეეცადონ, რომ მაქსიმალურად შეთანხმდნენ, რაც შეიძლება მეტ ოლქში, სადაც ეს შეთანხმება მიუღწევადი იქნება, იქ უკვე ამ სქემით იმოქმედონ. ამ შემთხვევაში შეიძლება რეალური კონკურენცია გაჩნდეს ბაზარზე”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა დააანონსა, რომელიც “ქვეყანას პოზიტიურ ალტერნატივას შესთავაზებს”. მისივე თქმით, შესაძლოა მოხდეს „ქართული ოცნების" ზოგიერთ ყოფილ დეპუტატთან გაერთიანება. ხუხაშვილის განცხადებით, ახალი პოლიტიკური ძალის შექმნა დაგვიანებულია. რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას, ანალიტიკოსმა თქვა, რომ, როგორც ექსპრეზიდენტის, ასევე ექსპრემიერ გიორგი კვირიკაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა დღევანდელი პოლიტიკური რეალობა შეცვალოს”, - დასძენს გამოცემა

“ეს უკვე ძალიან გვიანაა. გასაგებია, რომ ნაცვლიშვილი არის მკვეთრად გამოხატული მემარცხენე პოლიტიკოსი. საინტერესო ადამიანია და პატივისცემასაც იმსახურებს, მაგრამ ამ ეტაპზე მის პოლიტიკურ პერსპექტივას ბუნდოვან ფერებში ვხედავ. არ მგონია, რომ ამან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს ამ საარჩევნო ციკლში... მარგველაშვილის დაბრუნება მისასალმებელი და ძალიან კარგი იქნება. ის ფორმაშია, აქტიურია. პოლიტიკურ პროცესს მისი რეინტეგრაცია ძალიან წაადგება, ისევე, როგორც გიორგი კვირიკაშვილის. ამ ორი ფიგურის გამოჩენამ, ქართულ პოლიტიკაში გააქტიურებამ შესაძლებელია გარკვეულწილად კონიუნქტურა შეცვალოს. მოხარული ვიქნები თუ მარგველაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდება და იქნება აქტიური”, - მიიჩნევს გია ხუხაშვილი.

“ბოლო ორი დღეა აქტიურად განიხილება ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების საკითხი, რასაც ანალიტიკოსთა ნაწილი დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ყოფილი პრეზიდენტის დაბრუნება დღევანდელი პოლიტიკური ვითარებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება. თავად მარგველაშვილი არ გამორიცხავს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდეს, რაც ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის თქმით, ოპოზიციურ სპექტრს გააძლიერებს, თუმცა მეტ რეიტინგს ვერ შესძენს”. მისივე აზრით, მარგველაშვილისა და კვირიკაშვილის დღევანდელი მდგომარეობა განსხვავებულია და ისინი ერთად ვერ განიხილებიან”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით შევლენ თუ არა მარგველაშვილი და კვირიკაშვილი „ლელოსთან“ ალიანსში.

“გაძლიერდება, ალბათ, ერთი ადამიანი. მაგრამ რეიტინგიც გაძლიერდება თუ არა, ძნელი სათქმელია. როდესაც პოლიტიკური ლიდერები ერთად დგებიან, ხშირად ხდება, რომ ვისაც ერთი მოსწონს, მეორე არ მოსწონს და შედეგად ხმებს კარგავენ. ამით შეიძლება უფრო დაასუსტონ ერთმანეთი. არ მგონია, მარგველაშვილის მიმართ სიმპათიით განწყობილი ადამიანი და “ნაციონალების” მიმართ სიმპათიით განწყობილი ადამიანი, ორივე ერთი და იგივე იყოს... არ მგონია, მარგველაშვილისა და კვირიკაშვილის მდგომარეობა ერთნაირი იყოს. პოლიტიკა არის არენა, რომელიც დროს და ენერგიას მოითხოვს. კვირიკაშვილს აქვს კონკრეტული საქმე და შეიძლება არ მოინდომოს თავისი ბიზნესსაქმიანობის მიტოვება. მარგველაშველი შედარებით თავისუფალი ადამიანია, ასე რომ მათი ერთად აღება არ იქნებოდა სწორი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა თქვა, რომ ამ ეტაპზე არანაირი შეთანხმება არ არსებობს “ლელოს”, გიორგი მარგველაშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს შორის. “ მაგრამ ასევე მინდა დაგიდასტუროთ, რომ არსებობს ზოგადი კეთილგანწყობა თითქმის სამი ათეული წლის მანძილზე ერთობლივი ცხოვრებიდან და შემდეგ პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე. ამიტომ როდესაც ვიყავით მოქმედი პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე, თუ ვერ შევძელით გაგვეკეთებინა ის, რაც ამ ქვეყანას სჭირდებოდა, თუ “ყოფილების” რეჟიმში ამას შევეცდებით, მე წინააღმდეგი არ ვიქნები. გიორგი მარგველაშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს მკაფიო სამოქალაქო პოზიცია აქვთ, რომელიც თითქმის ყოველთვის თანხვედრაშია ჩემს პოზიციასთან და “ლელოშ” ჩემი მეგობრების პოზიციასთან”, ამბობს უსუფაშვილი, რომლის აზრით,“ისინი პოლიტიკურ ნაბიჭს გადადგამენ თუ არა, ეს მათი გადასაწყვეტია”, - წერს სტატიის ავტორი.

ვახტანგ მაისაია - “სააკაშვილი საერთოდ გაგებაში არაა საქართველოში რა ხდება...”

სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა ასეთი პოზიცია, რომ ის იყო მესამე ძალა. რა თქმა უნდა, ის ხელისუფლების მიერაა მხარდაჭერილი, მაგრამ ფორმალურად და ოფიციალურად ის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო და ვფიქრობ, რომ მან ამ კუთხით მხარეებს შორის მოლაპარაკებაში შუამავლობა შესთავაზა. შესაძლოა მისი შუამავლობაც იმით იყოს გამოხატული, რომ მხარეები შეთანხმდნენ თუ წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა რა თამაშის წესების ფორმატში მოხდება. ფაქტია, რომ მხარეებმა რაღაც შეთანხმებას უნდა მიაღწიონ. რაც შეეხება სართაშორისო მეგობრებს, მოუწოდებენ და ცდილობენ, რომ არჩევნებში არ მივიღოთ ის რეციდივები, რაც ჩვენ 90 იან წლებში გვქონდა. ფაქტიურად ახლა საზოგადოებაში დიდი პოლარიზაციაა, არჩევნები როგორ ჩატარდება ის პრინციპიც არაა შემუშავებული და როდესაც ეს მდგომარეობაა, ამ დროს მათი ჩართულობა საჭიროა”, - აცხადებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ასეთ დანაშაულზე დანდობა არ შეიძლება, ამაზე ამერიკაში უვადო სასჯელია” - მაისაია უგულავას საქმეზე.

“ჩვენ საკმაოდ სერიოზულ პოლიტიკურ ჩიხამდე მივედით. 4 აპრილს გაერთიანებული ოპოზიცია, როგორც ჩანს მმართველ პოლიტიკური ძალის თამაშის წესებს დათანხმდება. ჩემი აზრით, ისინი 73/77 საარჩევნო მოდელის ფარგლებში ჩაერთვებიან, უბრალოდ ოპოზიციის ტაქტიკა იქნება ასეთი, რომ დააყენონ ერთობლივი კანდიდატები და 73-ივე მაჟორიტარულ ოლქში გაიმარჯვონ, და ამის ხარჯზე მოიგონ არჩევნები, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ხმები პროპორციულშიც ექნებათ, როგორც ჩანს, ეს იქნება მათი სტრატეგია. არადა მაშინ გამოდის, რომ ჩვენ პოლიტიკურ ჩიხამდე მივდივართ, რომელიც პოლიტიკური კონფრონტაციიდან შორს არაა. როგორც ოპოზიცია, ისე მართველი ძალა უკვე ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის, მთავარია უკვე ის თუ წინასაარჩევნო კამპანია როგორ ჩატარდება, აქ უკვე ყველაფერი გამოჩნდება თუ მმართველი ძალა ადმინისტრაციულ რესურსს რამდენად გამოიყენებს და ა.შ.” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“... უგულავას დაპატიმრებას პოლიტიკურ ჭრილში ვერ გადავიტან, რადგან რაც მან ჩაიდინა, ეს უმძიმესი დანაშაულია, ე.წ. თეთრსაყელოიანი დანაშაული, ამერიკაში ეს ყველაზე უმძიმესი კორუფციული დანაშაულია, როდესაც საბიუჯეტო თანხებს კონკრეტული პოლიტიკური პროცესების სამართავად იყენებ და ცდილობ, რომ პოლიტიკური გადატრიალება მოახდინო. 48 მილიონი ლარის ჯიბეში ჩადება, ეს უმძიმესი დანაშაულია. მეორე მომენტი ისაა, რომ როდესაც ასეთ უმძიმეს დანაშაულს ჰქონდა ადგილი და ხელისუფლებამ ეს იცოდა, ამ ბრალის წაყენება თავის დროზე უნდა მომხდარიყო და ეს პროცესი “ფაჩიკოს გარმონივით” არ უნდა ყოფილიყო გაწელილი, ასეთ დანაშაულზე დანდობა არ შეიძლება, ასეთი ტიპის დანაშაულზე ამერიკაში უვადო სასჯელია, ამის გამო პრეზიდენტებსაც კი აყენებენ”, - დასძენს ექსპერტი და შეკითხვაზე - “მიხეილ სააკაშვილმა დაანონსა, რომ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში საკუთარ შტაბს ხსნის...” - პასუხობს:

“ნაციონალურ მოძრაობაში” პოლიტიკური რღვევა დაიწყო, მიხეილ სააკაშვილი საერთოდ გაგებაში არაა საქართველოში რა ხდება და დაავადებულია ასე ვთქვათ “საზღვარგარეთის სინდრომით”. ეს ფაქტი დაემთხვა იმასაც, რომ უკრაინაში საკმაოდ სერიოზული რამ მოხდა, უკრაინის პროკურატურის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის საფუძველზე, სააკაშვილისა და (კრემლის ოლიგარქის და იანუკოვიჩის “მარჯვენა ხელის”) სერგეი კურჩენკოს საუბრის ჩანაწებზეა საუბარი. მათი საუბრის ავთენტურობა დადასტურდა, უკრაინის პროკურატურამაც და მეხუთე არხმაც დაადასტურეს, რომ ეს მართლაც მათი საუბარი იყო. ავთენტურების დადასტურება უკვე მტკიცებულებაა და ამით უკრაინის პროკურატურას შეუძლია მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლი წაუყენოს, 109-ე მუხლი სახელმწიფო ღალატი და 111-ე მუხლი კონსტიტუციური წყობის ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობა, ანუ შესაძლოა სააკაშვილს უკრაინაში სერიოზული პრობლემები შეექმნას და უკვე აპირებს, რომ ეპიცენტრი საქართველოში გადმოიტანოს და თვითონ ჩაუდგეს სათავეში, სწორედ ამ ყველაფერს უკავშირდება ამ შტაბის შექმნაც”.

კახა კუკავა - “ხელისუფლება წავიდა ვა-ბანკზე, ბოლომდე ჩაეშვა თვითგანადგურების პროცესში”

“არა მგონია, რომ ეს სიტუაცია ვინმეს აწყობდეს, რადგან უკვე ქაოსია. ხელისუფლება წავიდა ვა-ბანკზე, ოპოზიციაშიც ემოციური განწყობაა. ასეთ დროს, როცა გონების ხმა ჩახშულია და მოქმედებს ემოციები, იწყება უმართავი პროცესები ქუჩაში. ხელისუფლება ბოლომდე ჩაეშვა თვითგანადგურების პროცესში. არ ვტირი უგულავას და ნამდვილად არ ვამბობ, რომ უდანაშაულოა, მაგრამ როცა მოლაპარაკება ფინიშზეა და შენ აპატიმრებ მოლაპარაკების ერთ-ერთ მთავარ ფიგურას, რა თქმა უნდა ეს მოლაპარაკების ჩაშლად აღიქმება”, - აცხადებს პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხელისუფლება წავიდა ვა-ბანკზე, ბოლომდე ჩაეშვა თვითგანადგურების პროცესში” - კახა კუკავა.

“ჩიხური სიტუაციიდან გამოსვლის რამდენიმე ვარიანტი არსებობს; ერთ-ერთი, რომელიც ჩემი იდეა იყო, მაჟორიტარულ ოლქებში დაგვეყენებინა ერთიანი კანდიდატი. ამას ვამბობ 2016 წლიდან და 4 წელია კოდალასავით მარტო ვაკაკუნებ. მაშინ მსხვილმა პარტიებმა მხარი არ დაგვიჭირეს, რატომ მოვილაპარაკოთ კუკავასთან და 2%-იან პარტიებთანო, მაგრამ ცხოვრება მწარეა და როცა ცხვირი დაარტყეს, მიხვდნენ, რომ ეს იდეა სწორი იყო. თუ ახლა მაინც მოხდება შეთანხმება “თავდაუსხმელობის პაქტზე”, ეს იქნება ძლიერი დარტყმა ხელისუფლებისთვის. ამ ჩიხიდან გამოსავალი არის ასევე ისეთი კოალიციის შექმნა, რომელიც თანაბრად დისტანცირებულია როგორც “ოცნებისგან” ისე “ნაციონალებისგან”. “თავისუფალ საქართველოს” ამ ფუნქციის შესრულება შეუძლია, საკმარისი ფინანსები რომ ჰქონდეს, რადგან ჩვენ არანაირ მოლაპარაკებებში არ შევდივართ “ნაციონალებთან” და არც მათთან ერთად ვაპირებთ რაიმე საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიღებას. ეს საკითხი აქტუალურია, რადგან როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას საზოგადოებაში ლეგიტიმურობა დაკარგული აქვს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას კახა კუკავა.

“რაც შეეხება სააკაშვილს, რას გააკეთებს მისი ბიბლიოთეკა, არ ვიცი. სააკაშვილმა იგრძნო, რომ “ნაციონალები” ვერ გამოხატავენ ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილის ინტერესებს და ფიქრობს, რომ ამას თვითონ უფრო გააკეთებს. თანაც ის გუნდური მოთამაშე არაა და უნდა ლიდერობა; მაგრამ მის ლიდერობას მხარს მისი პარტიის წევრებიც არ უჭერენ. ჩემი გასარჩევი არ არის, რა ხდება “ნაციონალებში”, მაგრამ ფაქტია, რომ უმწვავესი დაპირისპირებაა სააკაშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის”, - დასძენს კახა კუკავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა