ქართული პრესის მიმოხილვა 17.02.2020

გია ხუხაშვილი - “ოცნების“ შეცდომა ის არის, რომ პოლიტიკური ბუღალტერია არ არის ბიზნესბუღალტერია”

ერთი ნაბიჯი დიდი ომის დაწყებამდე - ერდოღანმა პუტინს და ასადს ახალი ულტიმატუმი წაუყენა

ვახტანგ ძაბირაძე - “მაქვს მესამე ვერსიაც - ივანიშვილის საბოლოო მიზანი სამოქალაქო დაპირისპირებაა, ჩვენს ქვეყანაში კი სამოქალაქო დაპირისპირება ვის აწყობს, ყველამ იცის”

* * *

გია ხუხაშვილი - “ოცნების“ შეცდომა ის არის, რომ პოლიტიკური ბუღალტერია არ არის ბიზნესბუღალტერია”

“ამ ხელისუფლებას ერთი ამოცანა აქვს - ნებისმიერი მეთოდით ძალაუფლების შენარჩუნება. გაუგებარია, უგულავას დაჭერისთვის რა მოტივი ჰქონდათ, თან მაშინ, როდესაც სახელისუფლებო დელეგაცია, მგონი, არც იყო დაბრუნებული აშშ-დან. როგორც ჩანს, ივანიშვილი დროის მოგებას შეეცადა, ხვდება, რომ პრობლემები აქვს, მაგრამ ცდილობს როგორმე გადააგოროს, მათ შორის დასავლეთის შემოტევაც - ემისრებს გზავნის ვაშინგტონსა თუ ევროპაში, რომელთაც, სავარაუდოდ, ეუბნება, ყველას ყველაფერს დაჰპირდით, მე კი აქ ყველას “გადავაგდებ”, როცა დამჭირდებაო. სამი რეიტინგული ოპოზიციური პარტიის ლიდერებიდან ზოგი დაჭერილია, ზოგიც გამზადებულია დასაჭერად, ზოგი სამაჯურით დადის და ლამის მთელ ოპოზიციას, ვისაც პულსი ესინჯება, პასპორტები ჩამორთმეული აქვს. ეს ყველაფერი ლოგიკაში არ ჯდება”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ოცნების“ შეცდომა ის არის, რომ პოლიტიკური ბუღალტერია არ არის ბიზნესბუღალტერია” / “ამომრჩევლის მოთხოვნას ვერც ოპოზიციური სპექტრი აკმაყოფილებს - მათგან ზოგი კომპრომეტირებულია, ზოგი მუდმივი მარცხით აღბეჭდილი, არაკვალიფიციური”.

“მე ვაკვირდებოდი კოაბიტაციის პროცესს. მაშინ ამაზე არაერთხელ გვიკამათია. მე არ ვიყავი ამ ფორმით მისი მომხრე, თუმცა არც იმის მომხრე ვიყავი, ცეცხლითა და მახვილით გვემოქმედა. მიმაჩნდა, რომ უნდა გაჩენილიყო სამართლიანობის განცდა და, იმავდროულად, მომხდარიყო საზოგადოების დიდი შერიგება. მსოფლიო გამოცდილებაზე დაყრდნობით კანონპროექტიც მქონდა მომზადებული. საქმე ის არის, როცა ქვეყანა რეჟიმს დემოკრატიული გზით მოიშორებს, საზოგადოება მაინც ორად გახლეჩილი რჩება. ასე მოხდა საქართველოშიც - იყო ძალიან ბევრი დაზარალებული და ბევრიც სისტემურ დანაშაულში ჩართული. ჩემი გეგმა იყო მარტივი: უნდა შექმნილიყო პოლიტიკური დოკუმენტი, დეკლარაცია, რომელიც აღიარებდა პოლიტიკურ დანაშაულს და ამასთანვე, გამოცხადდებოდა ამნისტია აღიარებისა და მონანიების საფუძველზე, თუმცა მქონდა ერთი დათქმა - ეს აქტი არ უნდა შეხებოდა მძიმე დანაშაულს და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს. ასეთ ვითარებაში ჩვენ შევძლებდით მეტ-ნაკლებად ყველას ინტერესის დაკმაყოფილებას. ივანიშვილი ამას არ დათანხმდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სულაც არ სურდა ეს. მისი კოაბიტაციის ფორმულა ძალიან მარტივი იყო - წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ეუბნებოდა, მე ყველას მიგიღებთ, გულში ჩაგიხუტებთ, ვინც მიშას შეაგინებთო. დააკვირდით, ვინც კი მამლის მესამე ყივილამდე მიშას განუდგა, ყველა ამ ხელისუფლებაშია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბროსას გია ხუხაშვილი.

“ივანიშვილმა, ფაქტობრივად, სისტემა კი არ შეცვალა, ყველაფერი გადმოიბარა, რითაც იმ დანაშაულებრივი სისტემის სამართალმემკვიდრედ გამოაცხადა თავი. ვინც მას გამოჰყვა, წამოიყვანა. ამასთანავე, მან გაყო წინა ხელისუფლების წარმომადგენლები მისდამი ლოიალურ და არალოიალურ ნაწილებად და ახლა სამართლიანობის აღდგენას ეძახის არალოიალური ნაწილის დასჯას ლოიალურის ხელით, რაც სრული აბსურდია. ამის მაგალითია ნიკა მელიას საქმე, რომელსაც “ქართუ ბანკის” გაკოტრების ბრალდებით ასამართლებენ. ეს გაკოტრების პროცესი სასამართლოს ინიცირებული იყო და ის მოსამართლე, რომელმაც შესაბამისი გადაწყვეტილება გამოიტანა, რასაც მერე ნიკა მელია აღასრულებდა, დღეს უვადო მოსამართლედ არის გამწესებული. გიგი უგულავაც ამის მაგალითია. ივანიშვილს გახლეჩილი “ნაციონალური მოძრაობა” სჭირდებოდა, იქიდან პოლიტიკოსების ნაწილის წამოსვლა. ამიტომ ჩათვალა, თუ გიგი უგულავას ციხიდან გამოუშვებდა, ამ საქმეს წაადგებოდა - დასუსტდებოდა “ნაციონალური მოძრაობა” და თან ეს ხალხი მისდამი ლოიალურიც იქნებოდა, მაგრამ ამას არავინ აპირებდა. ამიტომაც ივანიშვილმა ჩათვალა, რომ გიგი უგულავამ “გადააგდო”, - განაგრძობს ექსპერტი.

“ციხიდან გამოუშვა, მაგრამ ნაცვლად იმისა, მისთვის ხელები დაეკოცნა, ბედავდა და აკრიტიკებდა. დიდწილად ამიტომაც შეაბრუნა უგულავა ციხეში. ხედავთ, როგორი ლოგიკით იმართება ქვეყანა? ამას სახელმწიფოებრიობასა და სამართლიანობასთან კავშირი არა აქვს. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ გიგი უგულავა ანგელოზია, ვერც მისი დამნაშავეობის რევიზორად გამოვდგები, მაგრამ ერთსა და იმავე საქმეზე პირი მეორედ გაასამართლო, თან საერთაშორისო კონვენციების დარღვევით, წარმოუდგენელი რამ არის! თუ მოსამართლე რამენაირად აფილირებულია საქმესთან დაკავშირებულ პროკურორთან, ამ შემთხვევაში დარღვეულად ითვლება სამართლიანი სასამართლოს უფლება. ჩვენ კი რა სურათი გვაქვს? უგულავს საქმე მიჰყავდა პროკურატურას, რომლის გენპროკურორიც იყო თადუმაძე და მას ამ საქმესთან ვერტიკალური შეხება ჰქონდა. დღეს ამავე თადუმაძემ, რომელმაც უვადო მოსამართლედ გადაინაცვლა, გამოუტანა განაჩენი უგულავას, რომელსაც სულ რომ კაცი ჰყავდეს მოკლული, მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლება მაინც დარღვეულია”, - განმარტავს რესპონდენტი

“ეს დღეები თავში სულ ერთი კითხვა მიტრიალებდა - რაში დასჭირდა ივანიშვილს, რომ მაინცდამაინც თადუმაძეს განეხილა ეს საქმე? ხომ შეიძლებოდა სხვა მოსამართლეს გამოეტანა იგივე ვერდიქტი? და ერთადერთი, რაც მოვიფიქრე, ის არის, რომ სხვა მოსამართლეებს, მიუხედავად იმისა, ისინიც მზად არიან პოლიტიკური დავალებების შესასრულებლად, მაინც არ ენდობა ივანიშვილი. ფიქრობს, ხვალ-ზეგ, როცა ხელისუფლება შეიცვლება, შეიძლება ჩემს წინააღმდეგ ჩვენება მისცენ და თქვან, მის დავალებებს ვასრულებდითო. თადუმაძის იმედი კი აქვს, ჰგონია, არ უღალატებს, არადა, სულ ტყუილად - თადუმაძე ისევე ალაპარაკდება, როგორც მურუსიძე ალაპარაკდა... უგულავას რომ დავუბრუნდეთ, ერთადერთი პოლიტიკური ლოგიკა შემიძლია შემოგთავაზოთ - გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებას დღეს სჭირდება ოპოზიციასთან ფსევდომოლაპარაკების მაგიდის აყირავება, თან ისე, რომ ეს დააბრალოს ოპოზიციას, მას სჭირდებოდა ისეთი ნაბიჯის გადადგმა, რა დროსაც მოლაპარაკების ჩაშლის ინიციატორი ოპოზიცია გამოვიდოდა. ამ ვერსიას ვუშვებ, როგორც ერთ-ერთ მეტ-ნაკლებად ლოგიკურ სცენარს. შეიძლება ვიღაცა ამას მართლაც გეგმავდა, მაგრამ საბოლოოდ ესეც არ გამოუვიდათ, ისევე, როგორც ის ყოვლად უნიჭო სპექტაკლი, რომელიც ასევე ვიღაცამ დაუგეგმა ივანიშვილს და რასაც ვითომ მაჟორიტარების ამბოხი დაარქვეს”, - ამბობს გია ხუხაშვილი.

ბიძინა ივანიშვილს, რა თქმა უნდა, აწუხებს დასავლელი პარტნიორების ნეგატიური გამოხმაურებები. მას ძალაუფლება საკუთარი კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სჭირდება და კარგად იცის, რომ დასავლეთის გარეშე ამ ყველაფერს კითხვის ნიშანი დაესმება. თუ ასე გაგრძელდა, ეს მისთვის პრობლემად იქცევა - არა ძალაუფლების, არამედ ყველაფრის დაკარგვის თვალსაზრისით. კონტრაქტები ლობისტურ კომპანიებთან, ჩემი აზრით, წყალში გადაყრილი ფულია. ფაქტობრივად, ლობისტი სარეკლამო აგენტია, რომელიც შენს პროდუქტს უწევს რეკლამას, მაგრამ შენი პროდუქტი გემრიელი ხომ უნდა იყოს? თუ პროდუქტი უვარგისია, მას რეკლამა ვერ უშველის. თუ ბიძინა ივანიშვილს კიდევ ჰგონია, ბოკერიას კარნახით იწერება მსგავსი წერილები, ეს წარმოუდგენელი არაკვალიფიციურობაა”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“ამომრჩევლის მოთხოვნას ვერც ოპოზიციური სპექტრი აკმაყოფილებს - მათგან ზოგი კომპრომეტირებულია, ზოგი მუდმივი მარცხით აღბეჭდილი, არაკვალიფიციური და ა.შ. ასეთია მოცემულობა. აქციები საჭიროა და უნდა იყოს კიდეც, მაგრამ ვერ იქნება პოლიტიკური ბრძოლის მთავარი ელემენტი. არც იმას ვემხრობი, რომ ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს. ეს მას ელექტორატს დააკლებს - როცა შეუთავსებლის შეთავსებას ცდილობ, ელექტორატი გაკლდება. ეს, რაც შეეხება არჩევნების პროპორციულ ნაწილს, მაჟორიტარებმა კი სრული კოორდინაცია უნდა მოახდინონ ერთმანეთში და რამენაირად შეძლონ ოლქების ისე გადანაწილება, რომ ერთმანეთს არ დაუპირისპირდნენ... იცით, კიდევ რა აგიჟებს ბიძინა ივანიშვილს? ხედავს, რომ ოპოზიცია სუსტია, კომპრომეტირებული, თან მის მხარეს არის მთელი რესურსები - ფულიც, პოლიციაც, პროკურატურაც, სასამართლოც და ვერ წარმოუდგენია, ამ ოპოზიციასთან როგორ უნდა წააგოს. ამ ყველაფერს ის ბიზნესბუღალტერიის პრიზმაში უყურებს. ამიტომ არის მხნედ, თუ ამას მხნეობა ჰქვია. რეალურად “ოცნების” შეცდომა ის არის, რომ პოლიტიკური ბუღალტერია არ არის ბიზნესბუღალტერია და მხოლოდ რესურსებით არ იზომება. ხალხი საბოლოოდ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს იმისთვის, რომ ცუდად ცხოვრობს, უმუშევარია და ა.შ. დადგება დრო, ის არჩევანს გააკეთებს არა ოპოზიციის მხარდასაჭერად, არამედ “ქართული ოცნების” საწინააღმდეგოდ”, - დასძენს ხუხაშვილი და შეკითხვაზე - “თქვენ მეტ-ნაკლებად იცნობთ ბიძინა ივანიშვილს. რას ფიქრობთ, მართლაც დაადგება ძალაუფლების უზურპაციის გზას?” - პასუხობს:

“თავის დროზე გარკვეულ მედია­წრეებში “ბიძინოლოგს” მეძახდნენ, მაგრამ ახლა შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელ ბიძინა ივანიშვილს, რომელთანაც მართლაც ახლოს ვიყავი და საქართველოში მისი ოჯახის წევრების შემდეგ, ალბათ, მასთან ერთად ყველაზე მეტი დრო მაქვს გატარებული, ფაქტობრივად, ვერ ვცნობ. მე რომ იმ ადამიანზე ვლაპარაკობდე, რომელსაც სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ ვიცნობდი, გეტყოდით, ამაზე წამსვლელი არ არის-მეთქი. ხშირად ვერც ვხსნი მის საქციელს. მეჩვენება, რომ ძალიან გაბოროტებული, აფექტის მდგომარეობაშია და შესაბამისად, მიჭირს კატეგორიულად თქმა, რაზეა წამსვლელი. უფრო მეტიც, მეჩვენება, რომ ძალაუფლების შენარჩუნების გარდა, სხვა გამოსავალს ვეღარც ხედავს. რატომღაც ფიქრობს, რომ საკუთარი კეთილდღეობის დასაცავად ძალაუფლება სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია”.

“მე, მაგალითად, ვხედავ კარს მისი ღირსეული გასვლისთვის არჩევნებამდე. არჩევნებამდე-მეთქი იმიტომ ვამბობ, ის მძიმე მექანიზმები, რამაც შეიძლება მას საფრთხე შეუქმნას, შესაძლებელია ამუშავდეს მხოლოდ არჩევნების შემდგომ. მანამდე კიდევ აქვს დრო იმისთვის, რომ რაღაც შეცვალოს, ხელისუფლების შენარჩუნების შანსიც დაიტოვოს და, თუ ხელისუფლებიდან წასვლამ მოუწია, ღირსეულად და უსაფრთხოდ წავიდეს. ის ჯიუტად ეპოტინება რაღაცას, არადა, პოლიტიკურ ბუნკერშია, გაწყვეტილი აქვს გარე სამყაროსთან კავშირი, ცხოვრობს შიშებით, ბრაზით და მისი ყველა გადაწყვეტილება და ქმედება მთელ სამყაროზე გაბრაზებული ადამიანის ქმედებებს ჰგავს. უგულავაზე შურისძიება სხვაზე არაფერზე მეტყველებს. ასეთი უხარისხო, პროვინციული სცენარებით მოქმედი ბიძინა ივანიშვილი ჩემთვის წარმოუდგენელია. მას რომ ასე ემოქმედა მაშინ, როდესაც ხელისუფლებისკენ მივდიოდით, ასეთი შეცდომები დაეშვა, 2012 წელს არჩევნებს ვერ მოვიგებდით. იმჟამად ბიძინა ივანიშვილის ინტელექტუალური და ყველანაირი წვლილი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, სულ სხვანაირად აზროვნებდა. დღეს ყოველ ნაბიჯზე შეცდომას უშვებს. ერთადერთი, რაც შველის, ის არის, რომ ოპოზიცია სუსტია და მთელი რესურსები მის ხელშია. სხვა აქტივი აღარ დარჩა, ინტელექტსა და პოლიტიკურ კვალიფიკაციაზე ლაპარაკი აღარ არის. ამიტომაც შეიძლება წავიდეს კიდეც უზურპაციაზე. ერთი რამის თქმა შემიძლია კიდევ - თუ ამაზე წავა, ეს მხოლოდ დააჩქარებს მის ფიასკოს, თანაც ძალიან მძიმე ფორმით”, - დაასკვნის ექსპერტი.

ერთი ნაბიჯი დიდი ომის დაწყებამდე - ერდოღანმა პუტინს და ასადს ახალი ულტიმატუმი წაუყენა

“თურქეთი ამჟამად არაა იმ მდგომარეობაში, რომ რუსეთთან ომის დაწყების ინიციატორი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ანკარას გააჩნია ამის საფუძველი. ორივე მხარე ერთმანეთს აბრალებს ყველაფერს. რაც შეეხება ლიბიას, რუსეთი იქ ჰიბრიდული ომის მეთოდებს იყენებს”, - ასე აფასებს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” საუბრისას თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც მასშტაბური ომის დაწყებას აანონსებს იმ შემთხვევაში, თუ სირიის არაბული არმია და რუსეთის შეიარაღებული ძალები არ დატოვებენ იდლიბის პროვინციაში არსებულ თურქეთის სადამკვირვებლო პუნქტების ტერიტორიას”, - წერს გაზეთი “რეზონანი” სტატიაში სათაურით ერთი ნაბიჯი დიდი ომის დაწყებამდე - ერდოღანმა პუტინს და ასადს ახალი ულტიმატუმი წაუყენა.

“გამოსავალი არის, რომ რეჟიმის ძალებმა საზღვრის მიღმა უნდა დაიხიონ. სხვა შემთხვევაში ამას თებერვლის ბოლომდე მოვაგვარებთ”, - თქვა თურქეთის პრეზიდენტმა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ მიუხედავად არსებული შეთანხმებისა, არ აპირებს თებერვლის ბოლომდე ლოდინს და სირიაში სისხლისმღვრელი დაპირისპირების დაწყებით იმუქრება. ამასთან, რუსეთთან მიმართებით თურქეთის პრეზიდენტს დამატებითი პრეტენზიებიც აქვს - ლიბიაში შექმნილი ვითარება. 15 თებერვალს ჟურნალისტებთან საუბრისას ერდოღანმა განმარტა, რომ თურქული მხარის ინფორმაციით, ლიბიაში მიმდინარე კონფლიქტი მოსკოვის მიერ იმართება - ამის დასტურად თურქეთის პრეზიდენტმა წარმოადგინა ფოტო, რომელზეც გამოსახულები არიან ლიბიის მეამბოხე ეროვნული არმიის გენერალი ხალიფა ჰაფთარი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, რუსული კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” დირექტორი და რუსეთის გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, სამხედრო მოქმედებებს ლიბიაში უმაღლესი რანგის რუსი სამხედროები ხელმძღვანელობენ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ისინი არიან უმაღლესი სამხედრო ჩინოვნიკები და ახლა ისინი ხელმძღვანელობენ “ვაგნერს”, მაგრამ ისევ ამბობენ, რომ არანაირი კავშირი არ აქვთ მასთან. ამჟამად რუსეთის უმაღლეს დონეზე ხელმძღვანელობს ომს ლიბიაში”, - განაცხადა ერდოღანმა. ახლო აღმოსავლეთში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი მიხეილ ბოგდანოვი კი ერდოღანის განცხადებას უარჰყოფს და აცხადებს - “არ ვიცი, საიდან მოიტანა ეს”. რაც შეეხება კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერს”, ოფიციალური მოსკოვი მასთან კავშირს ისევ გადაჭრით უარყოფს. რუსეთის პრეზიდენტმა 11 იანვარს განაცხადა, რომ იმ შემთვევაშიც კი, თუ ლიბიის კონფლიქტში რუსეთის მოქალაქეები მართლაც არიან ჩართული, ისინი რუსეთის ინტერესებს არ ატარებენ და ხელისუფლების მხრიდან არ ხდება მათი დაფინანსება. სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის მასშტაბური შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყოს, თუმცა საუბრობს იმ მიზეზებზეც, რომლის გამოც შესაძლოა, რომ თურქეთმა ამისგან თავი შეიკავოს”, - დასძენს გამოცემა.

“თურქეთი ამჟამად არაა იმ მდგომარეობაში, რომ რუსეთთან ომის დაწყების ინიციატორი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ანკარას გააჩნია ამის საფუძველი. ასადის რეჟიმმა დაარღვია მის მიერვე შემუშავებული ასტანის შეთანხმების პირობები, რომელიც გულისხმობდა იდლიბისა და ალეპოს პროვინციებში სამთვალყურეო პუნქტების შექმნას და ერთობლივ პატრულირებას ტერიტორიაზე, სირიის სამთავრობო ჯარებს კი შემტევი ოპერაციები არ უნდა განეხორციელებინათ ამ ტერიტორიაზე. თურქეთმა შექმნა 30 კმ-იანი უსაფრთხოების ზონა, რადგან საკუთარ ტერიტორიაზე ქურთი მებრძოლების შემოჭრას ელოდა. ორივე მხარე ერთმანეთს აბრალებს ყველაფერს. ასადის რეჟიმი და რუსეთი ამბობენ, რომ თურქეთმა ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა და მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კვლავ არიან ტერორისტული დაჯგუფებები, რომელიც თავს ესხმიან ასადის სამთავრობო ჯარებს. თურქეთი კი მეორე მხარეს აბრალებს ყველაფერს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“ლიბიაში რუსეთი იყენებს “ჰიბრიდული ომის” მეთოდს - რუსეთმა პირველად დაიწყო კერძო სამხედრო კომპანიების გაგზავნა იმ ტერიტორიებზე, სადაც რუსეთს გეოსტრატეგიული და გეოეკონომიკური ინტერესები გააჩნია. ჰაფთარის მხარეს მყოფი რუსი დაქირავებული მებრძოლები, ფაქტობრივად, იცავენ რუსული ენერგოკომპანიების ინტერესებს. რუსეთს უნდა, რომ შექმნას პლაცდარმი აფრიკის კონტინენტზე თავისი გეოსტრატეგიული გავლენის გაფართოებისათვის. ჯერ კიდევ ცივი ომის პერიოდში სსრკ-ის ჰქონდა სამხედრო-საზღვაო ბაზა ლიბიაში, ტრიპოლისთან ახლოს. პუტინმა დაახლოებით 2006 წელს აღადგინა ამ ბაზის ფუნქციონირება და ეს განსაკუთრებით გამოადგება ახლა, როდესაც ლიბიაში ორხელისუფლებიანობაა. რუსეთი ამით სარგებლობს და ცდილობს გავლენა გააფართოოს ლიბიაში, ეგვიპტეში, ალჟირსა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონში. ამ შემთხვევაში რუსეთის ეს ინტერესები იკვეთება და წინააღმდეგობაშია თურქეთის ინტერესებთან. 17 თებერვალს თურქეთის მაღალი დონის დელეგაცია ჩადის მოსკოვში და ამ მოლაპარაკებების შედეგები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ერდოღანის სამომავლო ქმედებებს და იმას, თუ რამდენად შეასრულებს თურქეთის პრეზიდენტი თავის ულტიმატუმს, რომელიც ასადის რეჟიმსა და კრემლს წაუყენა”, - განმარტავს ექსპერტი.

ვახტანგ ძაბირაძე - “მაქვს მესამე ვერსიაც - ივანიშვილის საბოლოო მიზანი სამოქალაქო დაპირისპირებაა, ჩვენს ქვეყანაში კი სამოქალაქო დაპირისპირება ვის აწყობს, ყველამ იცის”

“რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლა სულაც არ არის პრობლემა, ვინაიდან წელს საქართველო არის ქვეყანა, სადაც ევროსაბჭოს მინისტერიალი უნდა ჩატარდეს. მე სხვა რამ მაფიქრებს - საეჭვოდ მეჩვენება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან პროვოკაციას ელოდება. მოსკოვი წინასწარ სინჯავს ნიადაგს და რისთვის, ეს არის დასადგენი. რას გულისხმობენ პროვოკაციაში? პუტინმა შესაძლოა საგანგებოდ გამოუშვას მაისში თბილისში ლავროვი და რუსებმა თვითონ შეუწყონ ხელი პროვოკაციებს, რათა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვიტონ `ქართული საკითხი”... თუ ჰგონიათ, ვინმე გაშლილი ხელებით დახვდება, ძალიან ცდებიან. სხვადასხვა პერფორმანსის სახით პროტესტს მთელი მინისტერიალის განმავლობაში პერმანენტული სახე უნდა ჰქონდეს, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაიზარდოს ძალადობასა და შეურაცხყოფაში”, - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მოსკოვი წინასწარ სინჯავს ნიადაგს და რისთვის, ეს არის დასადგენი” / “არ გამოვრიცხავ, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკიდან წასვლა უნდოდეს, მაგრამ გარანტიებით”.

“თუ “ოცნება” პოლიტიკურ რეპრესიებს გააგრძელებს, ვითარება მეტი რადიკალიზაციისკენ წავა და მაისისთვის შესაძლოა ისეთი ვითარება იყოს, რუსული დელეგაცია და მათი პროვოკაციები კი არა, ევროსაბჭოს მინისტერიალის ჩატარებაც საეჭვო გახდეს. ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა უკვე ციხეში არიან, ნიკა მელიას საქმეს მარტში განიხილავენ, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თითქმის ყოველდღე სასამართლოში არიან, დაპატიმრების საფრთხე ემუქრება მედიის მფლობელებსაც. თუ ეს პროცესი შეუქცევადი გახდება, საგარეო მიმართულებითაც შეგვექმნება პრობლემები. საბოლოოდ შესაძლებელია ქვეყნის ორიენტაციის საკითხიც დადგეს. დღეს ხელისუფლება დასავლური ღირებულებების პატივისცემაზე მხოლოდ ლაპარაკობს, რეალურად კი არაფერს აკეთებს. სიმართლე ითქვას, მთელი ოცდაათი წლის განმავლობაში ჩვენი ხელისუფლებები დასავლურ ღირებულებებზე მხოლოდ მაღალი ტრიბუნებიდან აკეთებდნენ განცხადებებს, სინამდვილეში კი არც ერთ მათგანს არაფერი გაუკეთებია დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებისთვის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ვის სჯერა “ოცნების” სულელური თავის მართლების? ის, რომ კაცი ერთი დანაშაულისთვის ორჯერ გაასამართლეს, თანაც ბრალმდებელი და მოსამართლე ერთი პირი იყო, ეს ცალკე განსჯის საკითხია. უგულავას დაპატიმრებას პოლიტიკური სარჩული აქვს. მე სამი ვერსია მაქვს, მათ შორის ერთ-ერთია ხელისუფლების სურვილი, მოხდეს მოვლენების რადიკალიზაცია, რომ პოლიტიკურ სივრცეში არ გაჩნდეს მესამე ძალა და თამაში ორ ფრთას შორის გაგრძელდეს. მეორე - “ოცნებას” უნდა მერყევ ელემენტებში (როგორც საკუთარ, ისე ოპონენტების მხარდამჭერებში) შიში დათესოს და ამით ძალაუფლება შეინარჩუნოს. თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, ივანიშვილს პოლიტიკიდან წასვლა უნდოდეს, მაგრამ გარანტიებით. გარანტიებს კი მაშინ მისცემენ, თუ დაინახავენ, რომ მის პოლიტიკაში დარჩენას უბედურება მოჰყვება. ასე არია სიტუაცია შევარდნაძემაც და საბოლოოდ რუსეთისგანაც გარანტია მიიღო და ამერიკისგანაც. სააკაშვილმაც ორივე მხრიდან მიიღო გარანტიები, მაგრამ მხოლოდ ამერიკა გამოჩნდა. მაშინ ისეთი ვითარება იყო, რუსეთი ვერ გამოჩნდებოდა. ახლა არ ვიცი, რა ვითარებაა, ვისგან ელოდება ივანიშვილი გარანტიებს - რუსეთისგან, ამერიკისგან თუ ორივესგან. მაქვს მესამე ვერსიაც - ივანიშვილის საბოლოო მიზანი სამოქალაქო დაპირისპირებაა, ჩვენს ქვეყანაში კი სამოქალაქო დაპირისპირება ვის აწყობს, ყველამ იცის”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“ერთია სოლიდარობის გამოცხადება უგულავასთვის და მეორე - სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება. რთულ პოზიციაშია როგორც “ლელო”, ისე ყველა ის პარტია, რომელთა დევიზია არც “ოცნება”, არც “ნაციონალები”. თუ ეს მესამე სექტორი ელექტორატით გაძლიერდება, მაშინ სამოქალაქო დაპირისპირება გამორიცხულია. თუ მხოლოდ ორი ჯგუფი დარჩება “ქართული ოცნებისა” და გაერთიანებული ოპოზიციის სახით, მაშინ მათი მართვა გარედანაც და შიგნიდანაც ძალიან ადვილი იქნება. ასე რომ, მესამე სექტორის ჩამოყალიბება არც “ოცნებას” აძლევს ხელს და არც “ნაციონალებს”. “ლელომ” თავის გზაზე უნდა იფიქროს”, - დასძენს ძაბირაძე და შეკითხვაზე - “რამდენად რეალურია გიორგი კვირიკაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება?” - პასუხობს:

“კვირიკაშვილსა და მარგველაშვილთან ერთად ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანიაც რომ დაბრუნებულიყო და ერთი პარტია შეექმნათ, პოლიტიკური სპექტრის გაჯანსაღებისთვის იდეალური ვარიანტი იქნებოდა. თუმცა, ალასანია მტკიცე უარზეა. რაც შეეხება მარგველაშვილსა და კვირიკაშვილს, მათ არც ცალ-ცალკე და არც ერთად საკმარისი პოლიტიკური კაპიტალი არა აქვთ, რომ ძლიერი პოლიტიკური ორგანიზაცია შექმნან. თუმცა, თუ ორივე “ლელოში” გაწევრდება, საინტერესო სურათს მივიღებთ - ერთ პოლიტიკურ გაერთიანებაში იქნება დღევანდელი ხელისუფლების სამი ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირი - პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე. ეს კონფიგურაცია “ლელოს” მესამე ცენტრისტულ ძალად ჩამოყალიბების შესაძლებლობას მისცემს”.

ხათუნა ბურკაძე - გლობალური გამოწვევები გლობალურ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა, სახელმწიფოებმა უფრო მეტი წინდახედულება უნდა გამოიჩინონ საკუთარი რესურსების  შესაქმნელად
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2020
ვალერი სოლოვეი - თუ დაავადებულთა აბსოლუტურ ციფრებს გავითვალისწინებთ, რუსეთი ევროპაში იტალიისა და ესპანეთის შემდეგ მესამე ადგილზეა
BTU-ს ახალი ამერიკული პარტნიორი StrategEast ქვეყანაში ტექნოლოგიური ჰაბის განვითარების პროცესში ერთვება
"ლიბერთი" მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს
“ემბისიმ“  3-თვიანი საშეღავათო პერიოდით სარგებლობის მსურველთა ყველა განაცხადი დააკმაყოფილა.
"კერხერ-საქართველომ" ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს საჩუქრად "კერხერის" პროფესიონალური ორთქლის აპარატი გადასცა
KFC ექსკლუზიურად "ვოლტზეა"
"საქკაბელის" პროდუქციის შეძენა ვებ გვერდზე უკვე დისტანციურად არის შესაძლებელი
D ვიტამინის დეფიციტი და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები
"ვენდის" და "დანკინის" რესტორნები მუშაობის ახალ გრაფიკზე გადადის
სადაზღვევო კომპანია „ბენეფიტსი“ 5000 პსრ ტესტის ჩასატარებელ ნაკრებს ლუგარის კვლევით ცენტრს გადასცემს
„საქართველოს ბანკის“ მობილბანკი ფინანსური ოპერაციების შესრულებისას ნაკლებ ინტერნეტს მოიხმარს