ზაალ ანჯაფარიძე - საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე შეიძლება წამოვიდნენ ის პარტიები, რომლებსაც „ნაციონალების“ წინაშე რაიმე ვალდებულებები არ გააჩნიათ

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოსს, ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

- ბატონო ზაალ, პარლამენტმა ოპოზიციის პროტესტის ფონზე გენპროკურორად 84 ხმითა და 6 წლით ისევ ირაკლი შოთაძე დაამტკიცა.

მმართველმა გუნდმა ირაკლი შოთაძე დაამტკიცა მიუხედავად იმისა, რომ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მის მიმართ დასმულ საკმაოდ კრიტიკულ კითხვებზე მას დამაჯერებელი პასუხები არ ჰქონია. არადა კითხვები ეხებოდა 2012 წლამდე პროკურატურაში მის საქმიანობას, თუნდაც იმას, თუ რატომ აღმოჩნდა არასაკმარისი საპროკურორო ზედამხედველობა ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე, რის გამოც ის გადადგა.

მომხდარის სასარგებლოდ არ გამოდგება ის არგუმენტი, რომ გენპროკურორი შოთაძე მომავალში „სამართლიანობის აღდგენისთვის“ იღვაწებს. თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს და თქვენი აზრით, სავარაუდოდ რა შეიძლება ყოფილიყო ირაკლი შოთაძის მეორედ გენპროკურად დანიშვნის მიზეზი?

- არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ვიდრე ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს ე.წ. „გარდამავალ დემოკრატიას,“ ან თუ გნებავთ, ვუწოდოთ მას „ახალგაზრდა დემოკრატია,“ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის საკადრო დანიშვნებზე, ყოველთვის იქნება პოლიტიკური კონიუნქტურის დიდი დოზით გავლენა.

ეს ის მოცემულობაა, რომელშიც ვიმყოფებით და ვიტოვებ იმედს, რომ მართლმსაჯულების თანმიმდევრული რეფორმირების და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კვალობაზე მსგავსი საჩოთირო საკითხები წარსულში დარჩება. გენპროკურორად შოთაძის დაბრუნება ქვეყანაში უკიდურესი პოლიტიკური და საზოგადოებრივი პოლარიზაციის შედეგიც არის.

გენპროკურორად შოთაძის დაბრუნება ქვეყანაში უკიდურესი პოლიტიკური და საზოგადოებრივი პოლარიზაციის შედეგიც არის

- პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ერთწლიანი მუშაობის შედეგები წარუდგინა. მართლაც ბევრი საინტერესო რამ ითქვა პარლამენტის საქმიანობისა და ასევე მმართველი გუნდის წარმომადგენლების ვაშინგტონსა და ბრიუსელში ვიზიტების შესახებ.

დამაიდებელი გახლდათ მის მიერ გაკეთბული განცხადება - „არასოდეს საფრთხის ქვეშ არ დადგება საქართველოსადმი ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა“.

თვალშისაცემი გახლდათ არჩილ თალაკვაძის გამოსვლის ფორმის მსგავსება პარლამენტში პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლასთან. დარბაზში მოწვეული პოლიციელები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. მსგავსება ეხებოდა ოპოზიციის დესტრუქციულ ოპოზიციად მოხსენიებასაც.

თქვენზე რა შთაბეჭდილება დატოვა პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენამ, მოხსენების ფორმამ და ოპოზიციაზე ისე საუბარმა, როგორც თავის დროზე პრეზიდენტი სააკაშვილი საუბრობდა?

- რატომღაც მეტი ყურადღება ოპოზიციის მიმართ თავმჯდომარის შენიშვნებმა მიიქცია, ვიდრე თავად ანგარიშში მოყვანილმა საკმაოდ საინტერესო ფაქტებმა, თუნდაც იმან, რომ ამ პერიოდში მიღებულ იქნა ბავშვთა უფლებების კოდექსი. ალბათ გახსოვთ, რა ხმაური იყო ატეხილი ცოტა ხნის წინ ბავშვების შიმშილობაზე. ქალთა მიმართ ძალადობის და დისკრიმინაციის კუთხით გაუმჯობესდა საკანონმდებლო გარემო და გამკაცრდა სასჯელი და ჩვენ ვიცით ამ ბოლო დროს ქალებზე ძალადობის არაერთი შემაძრწუნებელი ფაქტი მოხდა.

ოპოზიციის მიმართ პარლამენტის თავმჯდომარის ხისტი შეფასებები შეესაბამება მმართველი გუნდის შეცვლილ მიდგომებს „ნაცმოძრაობის“ როგორც ძირითადი ოპონენტის მიმართ, რომელთანაც კოჰაბიტაცია ვფიქრობ დასრულებულია.

ოპოზიციის მიმართ პარლამენტის თავმჯდომარის ხისტი შეფასებები შეესაბამება მმართველი გუნდის შეცვლილ მიდგომებს „ნაცმოძრაობის“ როგორც ძირითადი ოპონენტის მიმართ, რომელთანაც კოჰაბიტაცია ვფიქრობ დასრულებულია

- ქვეყანაში სხვა ბევრი რამაც ხდება, ზოგი საინტერესო, ზოგიც ნაკლებად, მაგრამ რადგან 2020 წელი საპარლამენტო არჩევნების წელია, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს საარჩევო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეწყვეტილი მოლაპარაკებები.

ვაშინგტონსა და ბრიუსელში გაცემული დაპირებების მიუხედავად ხელისუფლება კვლავ აცხადებს, რომ იგი ოპოზიციიდან ელოდება პასუხს მისსავე შეთავაზებაზე 100/50-ზე. არადა, ამ შეთავაზებაზე ოპოზიციას კარგა ხანია უარი აქვს ნათქვამი. შეიძლება მოლოდინი არც არსებობს.

შიდა პოლიტიკაში აშკარად ახალი და არასახარბიელო რეალობაა შექმნილი. თქვენ როგორ შეაფასებდით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ხელისუფლების შორის შეწყვეტილი მოლაპარაკებების შემდეგ შიდა პოლიტიკაში შექმნილ ვითარებას?

- შიდა პოლიტიკაში ვითარება არასახარბიელო კი არა ფეთქებადსაშიშია. როგორც ჩანს, ოპოზიციამ აირჩია ტაქტიკა, რომ ხელისუფლება და სახელმწიფო სტრუქტურები გამოფიტონ პერმანენტული აქცია-პერფორმანსებით და ეს აქციები დასავლელ პარტნიორებს წარმოუდგინონ როგორც ფართო სახალხო პროტესტი, მიუხედავად მათი რიცხობრივი სიმწირისა.

შემდეგ კი, შეაკოწიწონ საპროტესტოდ განწყობილი მოქალაქეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, გარკვეული რაოდენობა და შეეცადონ ხელისუფლების დამხობას. 4 აპრილს დაგეგმილი აქციაც ფართო სახალხო პროტესტის ორგანიზების რეპეტიცია მგონია. არც ის არის გამორიცხული, რომ დამატებითი ხალხის მობილიზების მიზნით ისეთი პროვოკაციებიც მოხდეს, რომლებიც გაბრაზებულ ნეიტრალურ მოქალაქეებს ქუჩაში გამოიყვანს.

4 აპრილს დაგეგმილი აქციაც ფართო სახალხო პროტესის ორგანიზების რეპეტიცია მგონია. არც ის არის გამორიცხული, რომ დამატებითი ხალხის მობილიზების მიზნით ისეთი პროვოკაციებიც მოხდეს, რომლებიც გაბრაზებულ ნეიტრალურ მოქალაქეებს ქუჩაში გამოიყვანს

ჯერჯერობით კი ოპოზიციის აქცია-პერფორმანსების „მიღწევა“ იმაში გამოიხატება, რომ მისი აქტიური მონაწილე ცალკეული პოლიტიკოსები კარგავენ პოლიტიკოსის სახეს, მარგინალიზდებიან და აქედან თავად ოპოზიცია ღებულობს პოლიტიკურ და რეპუტაციულ ზიანს ქვეყნის შიგნით.

ცნობილი მიზეზების გამო „ქართულ ოცნებას“ მართლაც რომ სადაგი დღეები უდგას. თუმცა, მოსახლეობის უკმაყოფილების ზრდის მიუხედავად, სოციოლოგიური გამოკითხვებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოქალაქეები მაინც არ ფიქრობენ, რომ ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლით მათი პრობლემები მოგვარდება.

ჯერჯერობით ოპოზიციის აქცია-პერფორმანსების „მიღწევა“ იმაში გამოიხატება, რომ მისი აქტიური მონაწილე ცალკეული პოლიტიკოსები კარგავენ პოლიტიკოსის სახეს, მარგინალიზდებიან და აქედან თავად ოპოზიცია ღებულობს პოლიტიკურ და რეპუტაციულ ზიანს ქვეყნის შიგნით

ოპოზიცია მათთვის ძირითადად „ნაცმოძრაობასთან“ და მის განშტოებებთან არის გაიგივებული. მათი რეიტინგი კი უკვე წლებია არ იზრდება და ნურავის შეიყვანს შეცდომაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები.

სხვათა შორის, მსოფლიო ბანკის მიერ გლობალური სიღარიბის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შედეგად, საინტერესო დინამიკა გამოიკვეთა საქართველოსთან მიმართებაში. თუ 2011 წელს უკიდურესი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 11. 28 % იყო, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 5.02%-მდე ჩამოვიდა.

მინდა ერთ ნიშანდობლივ ტენდენციასაც შევეხო. გამწვავებულმა დაპირისპირებამ გააქტიურა ჩვენი საუკუნების წინ ჩამოყალიბებული პოლიტიკური კულტურა და ტრადიცია, როდესაც ქართველი პოლიტიკური მოთამაშეები შიდაპოლიტიკური მიზნების მისაღწევად ქვეყნის გარეთ ეძებდნენ მხარდაჭერას, ხშირად საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესების ხარჯზე.

თუ 2011 წელს უკიდურესი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის წილი 11. 28 % იყო, 2017 წელს ეს მაჩვენებელი 5.02%-მდე ჩამოვიდა

დღეს ჩვენ ვხედავთ პოლიტიკური მოთამაშეების ერთგვარ შეჯიბრს, თუ ვინ უფრო მეტად მოიპოვებს დასავლეთის მხარდაჭერას და პირდაპირ ვიტყვი, რუსეთის მხარდაჭერაზეც არ იტყოდნენ უარს, ოღონდ კი ხელისუფლებას დაეუფლონ.

- მმართველი გუნდის წარმომადგენლებისგან ხშირად გაიგონებთ მტკიცებას, რომ „ნაციონალები“ და მათთან აფილირებული პოლიტიკური ძალები არჩევნების შემდეგ მოვლენათა რევოლუციურად განვითარებისთვის ემზადებიან.

ვხედავ, რომ ჯერ ზუსტად ძნელია თქმა, რომელი პოლიტიკური ჯგუფი დარჩება „ნაციონალებთან“ ბოლომდე აფილირებული. არჩევნებში მონაწილეობას ყველა შემთხვევაში გეგმავს დიდი ოპოზიციური გაერთიანებაც. დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ საარჩევნო მოდელზე კონსენსუსი არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაცმოძრაობას“ აწყობს.

თუ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსენსუსი არ იქნა მიღწეული, დარჩება შთაბეჭდილება, რომ „ნაციონალების“ გარკვეული ნაწილის მსგავსად, „ქართული ოცნებაც“ მოვლენათა არასახარბიელო სცენარისთვის ემზადება, ან როგორც მინიმუმ უწყობს ხელს.

არადა, ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები მოგვიწოდებენ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსენსუსი იქნას მოძებნილი. თუ ასე არაა, მაშინ ერთმანეთის მიმართ უკიდურესად დაპირისპირებული პოლიტიკური ჯგუფები რატომ არ აკეთებენ ყველაფერს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსესუსი იქნას მიღწეული?

- ამერიკელ და ევროპელ პარტნიორების მოწოდებები უკვე გაკეთდა იმ ცნობილ წერილებსა თუ განცხადებებში, რაც ბოლო თვენახევრის მანძილზე ვიხილეთ. როგორც ჩანს, ახლა ელოდებიან რეაგირებას აქედან და შესაძლოა, ორივე მხარეზე ზემოქმედების სხვა ბერკეტებიც აამუშაონ.

მათ მოუწოდეს მხარეებს დაბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას, თუმცა ოპოზიცია ჯერჯერობით უარზეა და როგორც ჩანს, უნდა მისი თანხმობა რაც შეიძლება ძვირად დაუჯდეს ხელისუფლებას.

თუ თებერვლის ბოლომდე ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდას არ დაუბრუნდება, მაშინ გამოდის, რომ მათ რეალურად არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლა არ სურთ და გათვლა სხვა სცენარზე აქვთ. ეს კი, ჩემი აზრით იქნება „ხავერდოვანი რევოლუციის“ მორიგი მცდელობა.

თუ თებერვლის ბოლომდე ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდას არ დაუბრუნდება, მაშინ გამოდის, რომ მათ რეალურად არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლა არ სურთ და გათვლა სხვა სცენარზე აქვთ. ეს კი, ჩემი აზრით იქნება „ხავერდოვანი რევოლუციის“ მორიგი მცდელობა

მითუმეტეს, რომ დასავლეთიდან ხელისუფლების მიმართ წამოსულმა კრიტიკამ, მათ შორის საპროტესტო აქციების მხარდაჭერის მოწოდებებმაც, ოპოზიცია აშკარად გაამხნევა და შეიძლება ფიქრობენ კიდეც, რომ თუ საპროტესტო აქციები რევოლუციაში გადაზარდეს, დასავლეთიდან მხარდაჭერას მიიღებენ. ამიტომაც დაიქირავეს ლობისტური კომპანიები, რომ დასავლეთში მათთვის სასურველი განწყობები შექმნან.

- „ქართული ოცნების“ გენმდივანმა კახი კალაძეს განაცხადა, რომ მმართველი გუნდი 100/50-ზე ოპოზიციაში მყოფ ჯგუფებთან ცალ-ცალკე გამართავს კონსულტაციებს.

როგორც ჩანს, საარჩევნო სისტემაში ცვლილებების მოთხოვნით გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ხელისუფლების შეთავაზებას დათანხმდებიან, თუ რომელი მალე გამოჩნდება.

მაგრამ, ამ თემაზე საუბრისას წარმოუდგენელია არ გაგვახსენდეს 2011 წელი, როცა ოპოზიციური «რვიანიდან ორი პარტია რომ მსგავსი დაპირებით გადაიბირა სააკაშვილის ხელისუფლებამ.

ამგვარმა ნაბიჯებმა 2012 წელს წინა ხელისუფლებას ვერ უშველა. ვნახოთ ამჯერად რა იქნება. მაგრამ, მანამდე უნდა გაირკვეს, რომელი ოპოზიციური ძალა გამოეყოფა ლეიბორისტების ოფისში გაერთიანებულ ოპოზიციას. დამკვირვებელთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ხელისუფლების მიერ გადაბირებულთა შორის „ქართული ოცნებიდან“ წამოსულები, ანაც „გირჩელები“ შეიძლება აღმოჩდნენ.

თქვენი დაკვირვებით, ოპოზიციიდან, სავარაუდოდ ვის დაითანხმებს მმართველი გუნდი არჩევნების 100/50-ით ჩატარებაზე?

- ოპოზიციური პარტიების ეს გაერთიანება არ გამოირჩევა ერთმანეთთან თანამშრომლობის და კოორდინაციის მაღალი ხარისხით. ხალხს ატყუებენ თითქოს ძველი წყენები დაივიწყეს და ა.შ.

სრულიად აშკარაა, რომ ყველა ცდილობს, რომ ამ სრულიად ხელოვნური ერთიანობიდან რაღაც სარგებელი მიიღოს. თუმცა მიიღებენ თუ არა ამ სარგებელს ნაკლებად გავლენიანი პარტიები, ესეც საკითხავია.

ვფიქრობ, სწორედ ამაზეა აგებული შეთავაზება ცალკე კონსულტაციების გამართვაზე. თუ რომელი პარტია გახდება „შტრეიკბრეხერი“ ოპოზიციიდან, ეს დიდწილად განპირობებული იქნება იმით, რა შეთავაზებას მიიღებენ ისინი „ქართული ოცნებიდან“ და იქნება თუ არა ეს მათთვის უფრო მეტი შანსი მოხვდნენ პარლამენტში, ვიდრე ოპოზიციურ ერთობაში დარჩენა ბუნდოვანი პერსპექტივით.

ვფიქრობ, აქ მთელი ძალით ამუშავდება ის, რასაც კულუარული პოლიტიკა ჰქვია და რაც ქართული პოლიტიკური ცხოვრებისათვის, როგორც თავად აღნიშნეთ, საკმაოდ აპრობირებული მეთოდია.

ჩემი ვარაუდით, მოლაპარაკებებზე შეიძლება წამოვიდნენ ის პარტიები, რომლებსაც „ნაციონალების“ წინაშე რაიმე ვალდებულებები თუ სხვა სახის კავშირები არ გააჩნიათ, შედარებით თავისუფალნი არიან არჩევანში და არც „ქართულ ოცნებასთან“ დაუწვავთ ბოლომდე ხიდები.

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე შეიძლება წამოვიდნენ ის პარტიები, რომლებსაც „ნაციონალების“ წინაშე რაიმე ვალდებულებები თუ სხვა სახის კავშირები არ გააჩნიათ, შედარებით თავისუფალნი არიან არჩევანში და არც „ქართულ ოცნებასთან“ დაუწვავთ ბოლომდე ხიდები

თუ „ოცნებამ“ მოახერხა თუნდაც სამ მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან პარტიასთან შეთანხმების მიღწევა, ეს მისთვის სერიოზული პოლიტიკური აქტივი გახდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. გაერთიანებული ოპოზიციისათვის კი იქნება სერიოზული დარტყმა.

თუ „ოცნებამ“ მოახერხა თუნდაც სამ მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან პარტიასთან შეთანხმების მიღწევა, ეს მისთვის სერიოზული პოლიტიკური აქტივი გახდება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. გაერთიანებული ოპოზიციისათვის კი იქნება სერიოზული დარტყმა

- მას შემდეგ თუ რა რეაქცია მოჰყვა უგულავას ისევ დაკავებას ჩვენი პარტნიორების მხრიდან, დამკვირვებელთა უმრავლესობამ გამოთქვა აზრი, რომ ხაზარაძისა და ჯაფარიძის დაპატიმრება სრული პოლიტიკური სიბეცე იქნებოდა.

იმის გათვალისწინებით თუ რა ტემპებით მიმდინარეობს სასამართლოში ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის განხილვა, სულაც არაა გამორიცხული რომ ხაზარაძემ და ჯაფარიძემ უგულავას ბედი გაიზიარონ. და ეს მაშინ, როცა, პროკურატურა „ფულის გათეთრებას“ პრაქტიკულად ვერ ამტკიცებს.

დამკვირვებელთა ნაწილი იმ შეთხვევაში არ გამორიცხავს ხაზარაძე-ჯაფარიძის დაკავებას, თუ „ლელო საქართვლოსთვის“ იმაზე მეტად გაძლიერდა, ვიდრე ეს „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ აწყობთ. თქვენც ასე ფიქრობთ?

- გამომდინარე იქიდან თუ რა რეაქცია ჰქონდა დასავლეთს უგულავას დაპატიმრებაზე და ევროსაბჭოს ფაქტების დამდგენი კომისია კიდევ რას დაადგენს არ ვიცით, ამ კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე, ხაზარაძის და ჯაფარიძის დაპატიმრება არ იქნებოდა ხელისუფლებისთვის პოლიტიკურად და რეპუტაციულად მომგებიანი და თუ რატომ, ვფიქრობ ბევრი ახსნა არ სჭირდება.

მეორე მხრივ, ჯერჯერობით არაფერი მიუთითებს „ლელო“-ს განსაკუთრებულ გაძლიერებაზე, პარტია ჯერ სტრუქტურული ფორმირების პროცესშია და ეხლაღა ხდება მისი როგორც პოლიტიკური პარტიის აღქმა ამომრჩეველში.

ჩვენი ელექტორატის თავისებურებებიდან გამომდინარე, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის დაპატიმრებამ „ლელო“-ს წამებულის მანტია მოასხას და პირიქით ამომრჩეველი შემატოს.

ჩვენი ელექტორატის თავისებურებებიდან გამომდინარე, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის დაპატიმრებამ „ლელო“-ს წამებულის მანტია მოასხას და პირიქით ამომრჩეველი შემატოს

- ამას წინათ გავრცელდა ესტონეთის დაზვერვის ინფორმაცია, რომ 2020 წელს რუსეთი აქტიურად იქნება ჩართული აშშ-ს საპრეზიდენტო და საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში.

წარმოუდგენელია ხელისუფლებას არ ეფიქრა იმაზე, თუ რა შეიძლება მოჰყოლოდა თბილისში მაისისთვის დაგეგმილ ევროკავშირის მინისტერიალზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ჩამოსვლას. მიუხედავად ამისა, სტრასბურგში ვიზიტისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ თბილისი მზადაა ლავროვის მისაღებად.

ახლა ბევრი იმასაც იხსენებს, რომ ნიქოზიაში ევროკავშირის მინისტერიალზე ჩასვლისაგან თურქეთის საგარეო მინისტრმა თავი შეიკავა. ცხადია, რომ თუ ლავროვის ვიზიტი შედგა, იგი აშკარად დაძაბავს შიდაპოლიტიკურ ვითარებას.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რატომ არ გაითვალისწინა ხელისუფლებამ ის საფრთხეები, რაც შეიძლება ლავროვის თბილისში ჩამოსვლას მოჰყვეს?

- ესტონეთის დაზვერვის ანგარიშში ჩემთვის ახალი და საინტერესო არაფერია. ის, რაც იქ წერია, საქართველოში ისედაც იციან, ფაქტიურად გადმოტანილი აქვთ ჩვენთან რუსეთის „რბილ ძალაზე“ წარმოებული კვლევების მონაცემები.

ჩვენს საპარლამენტო არჩევნებში რუსეთი ჩართულობის მაღალი ალბათობის შესახებ, ჩვენს წინა ინტერვიუშიც მოგახსენეთ და არც არის გასაკვირი რუსეთისა და დასავლეთის შორის პოსტსაბჭოთა სივრცეზე გავლენებისათვის გამძაფრებული ბრძოლის ფონზე.

მთავარია, ჩვენ რამდენად მზად ვართ ჩვენ ამ ჩვენს არჩევნებში გარეშე ჩარევებს გავუმკლავდეთ. ეს ძალიან სერიოზული და უმაღლესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია და ამაზე მუშაობა ეხლავე უნდა დაიწყოს.

მთავარია, ჩვენ რამდენად მზად ვართ ჩვენ ამ ჩვენს არჩევნებში გარეშე ჩარევებს გავუმკლავდეთ. ეს ძალიან სერიოზული და უმაღლესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხია და ამაზე მუშაობა ეხლავე უნდა დაიწყოს

რაც შეეხება ლავროვის ვიზიტთან დაკავშირებულ შესაძლო გართულებებს, მინდა გითხრათ, რომ ლავროვის შესაძლო ჩამოსვლა თბილისში და ამაზე შესაძლო რეაქციები, ასევე როგორც ხელისუფლების მოქმედების შესაძლო ვარიანტები, წინასწარ უნდა ყოფილიყო გათვლილი და გაანალიზებული ჩვენს უშიშროების საბჭოზე, როდესაც საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობამ მოუწია.

ხომ ცნობილი იყო, რომ ევროსაბჭოს მინისტერიალი თბილისში ჩატარდებოდა, რუსეთის დელეგაციის შესაძლო მეთაური შეიძლება ლავროვი ყოფილიყო და ამას აქ საპროტესტო აქციები და კონფლიქტი მოჰყოლოდა?!

სამწუხაროა, რომ უშიშროების საბჭო ვერა და ვერ ამუშავდა სრული დატვირთვით. პოტენციური კონფლიქტოგენური სიტუაციიდან გამოსავალის შესახებ ეხლა არ უნდა ვიწყებდეთ თავის მტვრევას. შეიქმნა ისეთი ტრაგიკომიკური სიტუაცია, რომ დიდწილად იმაზე ვართ დამოკიდებული, მოისურვებს თუ არა ლავროვი თბილისში ჩამოსვლას.

შეიქმნა ისეთი ტრაგიკომიკური სიტუაცია, რომ დიდწილად იმაზე ვართ დამოკიდებული, მოისურვებს თუ არა ლავროვი თბილისში ჩამოსვლას

ვფიქრობ, ხელისუფლება შეეცდება, რომ მოსალოდნელი საფრთხეები შეძლებისდაგვარად გაანეიტრალოს და ღონისძიება სტრასბურგში შედგეს. წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლებას ნამდვილად არ სჭირდება ოპოზიციას კიდევ ერთი ფორა მისცეს.

ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა