რა შესაძლებლობებს აძლევს განათლების საერთაშორისო ცენტრი საზღვარგარეთ სწავლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს - ინტერვიუ ნინო ჭელიძესთან

3 თებერვალს განათლების საერთაშორისო ცენტრმა პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, 2020-2021 სასწავლო წლისათვის ექვსი სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა. ცენტრის პროგრამები საუკეთესო საშუალებაა უცხოეთში უმაღლესი განათლების მისაღებად ან კვალიფიკაციის ასამაღლებლად. თუ ვის შეუძლია კონკურსებში მონაწილეობის მიღება, როგორ უნდა მოიპოვოთ ცენტრის დაფინანსება, როგორია საკონკურსო პროცედურები და განხორციელებული პროგრამების შედეგები - ამ და სხვა საკითხებზე, ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს, ნინო ჭელიძეს ვესაუბრეთ.

- ქალბატონო ნინო, რომელ სასტიპენდიო პროგრამებზე გამოაცხადა მიღება ცენტრმა და ვის აქვს კონკურსებში მონაწილეობის უფლება?

- განათლების საერთაშორისო ცენტრი ყოველწლიურად ახორციელებს 12 სასტიპენდიო სქემას, 2020-2021 სასწავლო წლისთვის ჯერჯერობით გამოვაცხადეთ ექვსი პროგრამა. მათ შორის ორი - “სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში” და “აკადემიური პროგრამები იტალიაში” - არის ერთობლივი პროგრამები, რომლებიც იტალიისა და საფრანგეთის საელჩოებთან და ფრანგულ ინსტიტუტთან ერთად ხორციელდება, ხოლო ამ ეტაპზე გამოცხადებული ოთხი პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ესენია: საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები, საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები, საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები და საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა.

პროგრამები ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას. სასტიპენდიო პროგრამები არის კარგი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა სწავლა გააგრძელონ და აკადემიური ხარისხი მოიპოვონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში.

ყოველწლიურად სასტიპენდიო პროგრამებით განათლების საერთაშორისო ცენტრი დაახლოებით 150-დან 200-მდე ქართველ სტუდენტს აფინანსებს.

ექვსივე პროგრამის ელექტრონული განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია ცენტრის ვებგვერდზე: iec.gov.ge. ერთობლივ პროგრამებზე განაცხადები 3 მარტის, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე - 3 აპრილის ჩათვლით მიიღება.

კონკურსებით დაინტერესებული მოქალაქეებისთვის ცენტრი ატარებს საინფორმაციო შეხვედრებს. გარდა ამისა, ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ყველა შესაძლო საშუალებით: სატელეფონო ცხელ ხაზზე (2970197), ცენტრის ფეისბუქ გვერდზე თუ საინფორმაციო ელექტრონული ფოსტის მეშვეობითაც (info-iec@iec.gov.ge). პერიოდულად იმართება „ფეისბუქ-ლაივებიც“, სადაც მათ, ვისაც კონსულტაციებზე მოსვლის შესაძლებლობა არ აქვთ, შეუძლიათ პირდაპირ ეთერში დაუსვან შეკითხვები პროგრამის კოორდინატორებს. ცენტრი არის ღია ნებისმიერი აპლიკანტისა და ნებისმიერი შეკითხვისთვის. ჩვენ მაქსიმალურად გამართულ და ელექტრონულ სააპლიკაციო პროცედურებს ვთავაზობთ კონკურსანტებს, ცენტრის ონლაინ-სააპლიკაციო სისტემა ერთ-ერთი სანიმუშოა საერთაშორისო სასტიპენდიო სქემებს შორის.

- რომელი ორგანიზაციები და უწყებები არიან ცენტრის პარტნიორები?

- ცენტრის პროგრამების ერთი ნაწილი სრულადაა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული. გასულ წელს სახელმწიფოს მხრიდან გამოიყო 7 000 000 ლარზე მეტი, თუმცა, მნიშვნელოვანია პარტნიორების თანამონაწილეობაც. ამჟამად, ცენტრს ხუთი საერთაშორისო პარტნიორი ჰყავს, ჩვენი ერთობლივი პროგრამები ხორციელდება საქართველოში აშშ-ს, უნგრეთის, იტალიისა და საფრანგეთის საელჩოებისა და ფრანგული ინსტიტუტის მხარდაჭერით, ვთანამშრომლობთ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ათასწლეულის გამოწვევის ფონდთან. 2014-2019 წლებში, სასტიპენდიო პროგრამებში პარტნიორების თანამონაწილეობამ 7 მილიონ ლარს გადააჭარბა. შედეგად, საქართველოს მოქალაქეები სწავლობენ მსოფლიოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში, 40-ზე მეტ სხვადასხვა ქვეყანაში.

ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამები საქართველოს განათლების სისტემის ინტერნაციონალიზაციის პროცესისა და საგანმანათლებლო სფეროში უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობის საუკეთესო პრეცედენტებს ქმნის.

ჩვენთვის დიდი სტიმულია, რომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ცენტრთან თანამშრომლობა დადებითადაა შეფასებული. ამის შედეგია ის, რომ იგეგმება ახალი პროგრამები და სქემებიც. მაგალითად, იანვრის თვეში ცენტრმა იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, იტალიის რვა უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებს უმასპინძლა, მათ საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს იტალიაში სწავლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებთან და ა.შ.

- როგორ ხდება გამარჯვებულების გამოვლენა და როგორია კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმები?

- თითოეულ პროგრამას ჰყავს შესაბამისი კომისია; საერთაშორისო პროგრამებში კომისია არის ერთობლივი. კომისია განსაზღვრავს საკონკურსო კრიტერიუმებსა და პროცედურებსაც.

ცენტრის ადმინისტრაცია არ იღებს მონაწილეობას კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენის პროცესში. შერჩევის ლოგიკა სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სასტიპენდიო სქემებთან, სადაც ადმინისტრაცია მხოლოდ არსებული საბუთების დასაშვებობას განსაზღვრავს და არ აქვს უფლება შინაარსის შეფასებაში მიიღოს მონაწილეობა.

როგორც სახელმწიფო, ასევე ერთობლივი საერთაშორისო პროგრამები ერთსა და იმავე საკონკურსო ლოგიკას იყენებს:

1. დასაშვებობა ( eligibility criteria),

2. საბუთების შინაარსობრივი შეფასება,

3. გასაუბრება.

კონკურსანტები პირველ ეტაპზე წარმოადგენენ შესაბამის დოკუმენტაციას, რომლის შეფასების შემდეგ, საუკეთესო აპლიკანტები გადადიან კონკურსის მეორე ეტაპზე და დადგენილი წესით გადიან ინდივიდუალურ გასაუბრებას კომისიის წევრებთან.

კომისიის წევრები არიან სხვადასხვა დარგისა და სექტორის პროფესიონალები, მათ შორის, ცენტრის ყოფილი სტიპენდიატები და კურსდამთავრებულები, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო თუ კერძო სექტორის წარმომადგენლები. კონკურსანტებთან გასაუბრების პროცესს, რა თქმა უნდა, ესწრება ცენტრის წარმომადგენელიც, რადგან შერჩევის პროცედურების დაცვაზე, სწორედ, განათლების საერთაშორისო ცენტრია პასუხისმგებელი.

პროგრამების უმეტესობაში პირველ ეტაპზე, საბუთების შეფასებისას, კონკურსანტების ვინაობა ცნობილი არაა, საკონკურსო წესისა და პროცედურების თანახმად კომისიის თითოეული წევრი ინდივიდუალურად და დამოუკიდებლად აფასებს კონკურსანტებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით და სწორედ მათი ქულათა ჯამის და საერთო რეიტინგების შესაბამისად გამოვლინდებიან საბოლოო გამარჯვებული კონკურსანტები.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საკონკურსო პროცედურები არის გამჭვირვალე და თანმიმდევრული, ამას ისიც ადასტურებს, რომ საერთაშორისო პარტნიორები - სასტიპენდიო პროგრამების განხორციელებისას, სწორედ ცენტრის სასტიპენდიო სქემებს იყენებენ. მიხედვით ხოლო საკონკურსო პროცედურებთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია პროაქტიულად ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.

იმ შემთხვევაში თუ კონკურსანტი არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს. ცენტრის ექვსწლიანი საქმიანობის მანძილზე ასეულობით კონკურსანტს შორის, ასეთი სულ რამდენიმე შემთხვევა გახლდათ. ცხადია, ცენტრის ადმინისტრაცია ყოველთვის მოქმედებს სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მაგ.: უზრუნველყოფს კომისიის მოწვევას და კონკურსანტისთვის ხელახალი გასაუბრების ჩატარების ორგანიზებას და ა.შ. კონკრეტული საქმის სპეციფიკის და სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით. თუმცა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ საერთაშორისო პრაქტიკაში, თითქმის არ ხდება მსგავსი გადაწყვეტილებების გასაჩივრება, ამას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც ადასტურებენ, კონკურსანტის შეფასება არის საკონკურსო კომისიის დისკრეციული უფლებამოსილება.

სასტიპენდიო პროგრამის ყველა მონაწილე ვერ იღებს დაფინანსებას/ მაგალითად, გასულ წელს რეგისტირებული 1500 აპლიკანტიდან, დაფინანსება მიიღო 170 კონკურსანტმა, ხოლო არსებული შედეგები რეგისტირებული აპლიკანტების 0.2%-მა გაასაჩივრა. კონკურსის სპეციფიკაც ამას ითვალისწინებს: საუკეთესო აპლიკანტები ხდებიან გამარჯვებულები, სხვა კონკურსანტებს ეძლევათ შესაძლებლობა მომდევნო სასწავლო წლებშიც მიიღონ მონაწილეობა სასტიპენდიო პროგრამებში.

- როგორია გასული წლების პროგრამების შედეგები და პრაქტიკა: რამდენი სტიპენდიატი დაფინანსდა კონკურსების შედეგად, რომელ ქვეყნებსა და უნივერსიტეტებში სწავლობენ ქართველი სტუდენტები და რა ვალდებულებები აქვთ მათ სტიპენდიის მიღების შემთხვევაში?

- განათლების საერთაშორისო ცენტრი დაარსდა 2014 წელს და დაარსებიდან დღემდე 850-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის. მათმა ნაწილმა, 300-ზე მეტმა სტიპენდიატმა უკვე დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს.

ცენტრის სტიპენდიატებისთვის მთავარი ვალდებულება სწავლის დასრულების შემდეგ საქართველოში 3 წლამდე ვადით დაბრუნება და შესაბამის სფეროში დასაქმებაა. ასეულობით კურსდამთავრებული დღეს საქართველოში სხვადასხვა სფეროში წარმატებული კადრია და ჩვენი პროგრამების მთავარი შედეგიც სწორედ ეს არის. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ დაფუძნდა ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციაც, რომელიც აქტიურად მუშაობს სტიპენდიატების დასაქმების და შემდგომი პროფესიული განვითარების კუთხით. ცენტრის მომავალ სტიპენდიატებსაც სწორედ ამას მოვუწოდებთ: მიიღონ საუკეთესო უმაღლესი განათლება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში და მოახმარონ თავისი ცოდნა საქართველოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა