სტუდენტზე ორიენტაცია, მოტივაციის ზრდა და კვალიფიკაციის ამაღლება - სტუ-ის რექტორის მიზნები და გეგმები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს, დავით გურგენიძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი, საქართველოს დამსახურებული მშენებელი, ოთხი წლის განმავლობაში იყო ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, არის საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი), საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის წევრი (აკადემიკოსი), საქართველოს პარლამენტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი, ევროპის მშენებელ ინჟინერთა საბჭოს (ECCE) და მსოფლიოს მშენებელ ინჟინერთა საბჭოს (WCCE) ოფიციალური წევრი, საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების საპატიო წევრი, აკადემიკოს ი.ვ. ეგიაზაროვის სახელობის წყლის პრობლემებისა და ჰიდროტექნიკის ინსტიტუტის საპატიო დოქტორი (სომხეთის რესპუბლიკა), არის 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის ოთხი მონოგრაფიისა და სამი სახელმძღვანელოს ავტორი, არაერთი სამეცნიერო, მათ შორის საერთაშორისო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი, სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონის ავტორი და რედაქტორი, მისი ხელმძღვანელობით დაცულია სამი სადოქტორო დისერტაცია და სამაგისტრო ნაშრომები.

რა გეგმები აქვს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალ რექტორს, როგორ ესახება უნივერსიტეტის შემდგომი განვითარება - ამ და სხვა თემებზე პროფესორი დავით გურგენიძე საუბრობს.

- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მალე 100 წლის გახდება. ამ წლების განმავლობაში, საგანმანათლებლო სფეროში თავი დაიმკვიდრა, როგორც საუკეთესო აკადემიური ტრადიციების მატარებელმა და ამავდროულად, ინოვატორმა მთავარმა საინჟინრო სკოლამ. ჩვენი უნივერსიტეტი 100 წლის იუბილეს შეხვდება, როგორც თანამედროვე, ავტორიტეტული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და მომავალზე ორიენტირებული საგანმანათლებლო-კვლევითი ინსტიტუცია.

დღეისათვის, უნივერსიტეტის შემადგენლობაში შედის: 12 ფაკულტეტი, 15 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ცენტრალური და საფაკულტეტო ბიბლიოთეკები, კომპიუტერული და საგამოცდო ცენტრები, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი და საექსპერტო ლაბორატორიები და სხვ. უნივერსიტეტის ბაზაზე ხორციელდება 170 საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო, ქართულ ენაში მომზადებისა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები; ირიცხება 21880 აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, აქედან 17690 ბაკალავრი, 2569 მაგისტრანტი, 1363 დოქტორანტი, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის 258 სტუდენტი და 312 უცხოელი სტუდენტი.

- რა უნდა გაკეთდეს, უნივერსიტეტმა რომ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს?

- როგორც ტექნიკური განათლების ლიდერმა, ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უნდა უზრუნველყოს საინჟინრო და ტექნიკური განათლების საუკეთესო გამოცდილების ტრანსფერი თავის საგანმანათლებლო სივრცეში. აუცილებელია საგანმანათლებლო პროგრამების ჰარმონიზაცია და საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვება ისეთი ორგანიზაციის მხრიდან, როგორიც ABET-ია, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტთა მოზიდვას და მათი კვალიფიკაციის აღიარებას მსოფლიო მაშტაბით. ამასთანავე, უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ შეუძლებელია მსგავსი ორგანიზაციის წევრობის ერთბაშად მოპოვება, სვლა უნდა მოხდეს ნაბიჯ-ნაბიჯ, დაწყებული ასოცირებული წევრობიდან, დასრულებული ABET-ის სრულფასოვანი წევრობით. საჭიროა წარმატებით განხორციელდეს და დასრულდეს საგანმანათლებლო პროგრამების უნიფიკაცია აღიარებულ საერთაშორისო საგანმანათლებლო მოთხოვნებთან. მთავარი მიზანია უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა კვალიფიკაციის აღიარება და თანაბარი კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა უცხოურ და ადგილობრივ შრომის ბაზრებზე. ამ მიმართულებით, საუკეთესო ორიენტირია საერთაშორისო საინჟინრო ალიანსი, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს მთელი რიგი შეთანხმებები. ჩვენი მხრიდან ამ შეთანხმებებში მონაწილეობა იქნება ქართული ტექნიკური განათლების მსოფლიო აღიარების რეალური ხელშეწყობა, ხოლო ამ შეთანხმებებთან მიერთება უნივერსიტეტის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს. ბევრ ქვეყანაში - აშშ, ბრიტანეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ავსტრალია, ირლანდია და ა.შ. - არა თუ ინჟინერიის პროგრამა საჭიროებს აკრედიტაციას, არამედ ინჟინრის პროფესია ექვემდებარება ლიცენზირებას, ინჟინერთა მონაცემები კი შეიტანება შესაბამის რეესტრში. ევროპის მაშტაბით, მსგავსი ავტორიტეტული ორგანიზაციაა ევროპის საინჟინრო ასოციაციების ფედერაცია (FEANI), რომელიც მიზნად ისახავს ევროპაში საინჟინრო კვალიფიკაციის ურთიერთაღიარებას და ინჟინერთა დასაქმებას. ევროპის საინჟინრო კვალიფიკაციის ბაზარზე დასამკვიდრებლად და ამ ასოციაციის რეესტრში უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა რეგისტრაციისთვის საჭიროა საგანმანათლებლო სტრატეგიის ჰარმონიზაცია ევროპის საინჟინრო ასოციაციების ფედერაციის მოთხოვნებთან.

სტრატეგიულ მიზნად უნდა იქცეს უნივერსიტეტის, როგორც სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ავტორიტეტის ზრდა. ინოვაციური მიდგომის მაგალითია სამეცნიერო კლასტერები, რომლებიც თანამედროვე უმაღლესი სასწავლებლების კვლევით პლატფორმას წარმოადგენს. ჩვენს რეალობაში კი ამის ნათელი მაგალითი ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის ინსტიტუტის ბაზაზე აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილის ინიციატივით და დიდი ძალისხმევით შექმნილი კლასტერია, რომელშიც მონაწილეობენ ჩვენი დოქტორანტები, მაგისტრანტები და ბაკალავრები. ისინი აქტიურად მუშაობენ საერთაშორისო დონის სამეცნიერო კვლევით პროგრამებზე.

ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი კლასტერი შეიძლება წარმოდენილი იყოს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულის სახით, რომელიც პროფილურ ლაბორატორიებს გააერთიანებს. მის მუშაობას კი კოორდინაციას გაუწევს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერების დეპარტამენტი.

საქართველოს სამთავრობო პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად, აუცილებელია კვლევის პრიორიტეტული დარგების იდენტიფიცირება და შესაბამისი საგრანტო სისტემის შემოღება. საგრძნობლად უნდა შევცვალოთ ეროვნული და საერთაშორისო გრანტების ფარგლებში მოძიებული დაფინანსების თანაფარდობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებასთან.

სერიოზულად უნდა ვიმუშაოთ, რომ ჩვენი სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფების მიერ ეროვნულ თუ უცხოურ მრეწველობასთან და ბიზნესთან თანამშრომლობით მოპოვებული დაფინანსება გავზარდოთ.უნივერსიტეტის ინტელექტუალური, მატერალურ-ფინანსური რესურსი მაქსიმალური ეფექტიანობით უნდა გამოვიყენოთ კვლევით ნაწილშიც. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩატარებული კვლევების კონკრეტული შედეგების მიღება, არამედ კვლევების კომერციალიზაციაც და მკვლევართა მატერიალური კეთილდღეობის გაზრდაც. მაგალითად, უცხოურ უნივერსიტეტებში კერძო ბიზნესის მიერ დაფინანსება მეტწილად აღემატება სახელმწიფო დაფინანსებას. ამ მიმართულებით შესაძლებელია ბიზნესის დაინტერესება, რომ მან განახორციელოს ინვესტიციები კვლევით საქმიანობაში. ამავდროულად, უცხოური უნივერსიტეტების ანალოგიით, შესაძლებელია უნივერსიტეტის მიერ დაფუძნდეს კერძო კომპანიები, რომლებიც უზრუნველყოფენ ინტელექტუალური შრომის შედეგების რეალიზაციას. ამ გზაზე ერთ-ერთ პრიორიტეტად უნდა იქცეს ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვა, როგორც უნივერსიტეტის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამ მხრივ ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი ნოვატორია, რომლის ბაზაზე 2018 წლის 23 მარტიდან დანერგილია ანტიპლაგიატის ელექტრონული სისტემა.

უნივერსიტეტის ბაზაზე საჭიროა შეიქმნას სამეცნიერო კვლევების შეფასებისა და მონიტორინგის ერთიანი სისტემა, რომლის მონაცემებიც დაცული იქნება საინფორმაციო ბაზაში და რომელზე წვდომაც დისტანციურად შეეძლებათ დაინტერესებულ პირებს. ყოველივე ეს კი საჭიროა იმისათვის, რომ შეიქმნას მაღალი დონის ვებგვერდი, რომელიც ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის დაინტერესებულ პირებს.

- უნივერსიტეტს ბევრი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს. საინტერესოა, აგრძელებენ თუ არა კურსდამთავრებულები უნივერსიტეტთან სამეცნიერო და საქმიან ურთიერთობებს?

- უნივერსიტეტის საბოლოო „პროდუქტი“ არის კურსდამთავრებული, რომლის კვალიფიკაცია, გამოცდილება და ავტორიტეტი პირდაპირ აისახება უნივერსიტეტის იმიჯზე. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ჰყავდა და ჰყავს მრავალი წარმატებული კურსდამთარებული, მათი კავშირი უნივერსიტეტთან მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის გამოცდილების გაზიარების, საწარმოო პრაქტიკის გავლისა და საბოლოო დასაქმების მხრივ. ამ მიმართულებით საჭიროა მუშაობის კიდევ უფრო გააქტიურება და მაშტაბური ხასიათის მიცემა. ვფიქრობ, უნივერსიტეტმა ხელი უნდა შეეწყოს კურსდამთავრებულთა გაერთიანებების - ალუმნების შექმნას საგანმანათლებლო დარგების მიხედვით. გაერთიანებები, უნივერსიტეტის მხარდაჭერით, შეიძლება შექმნან თვითონ კურსდამთარებულებმა, არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაციების სახით. სტუდენტური ინიციატივების განხორციელების, საინტერესო და დაუვიწყარი სტუდენტური ცხოვრების უზრუნველსაყოფად, ჩემი აზრით, მიზანშეწონილია უნივერსიტეტში, სტუდენტური თვითმმართველობის ეგიდით, სტუდენტური კლუბების შექმნის ხელშეწყობა. ამ ინოვაციური სტრუქტურით სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, თავისი ინტერესების შესაბამისად, ჩამოაყალიბონ სტუდენტური კლუბები, დაწერონ პროექტები უნივერსიტეტის მხარდაჭერის მოსაპოვებლად - მაქსიმალურად ხელს შევუწყობ ასეთ ინიციატივებს.

მნიშვნელოვანია სტუდენტების ინფორმირება შრომის ბაზარზე მიმდინარე მოვლენებსა და პერსპექტივებზე. შრომითი ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით, სტუდენტებისთვის ზოგადი უნარების განვითარებაში ხელშეწყობა, მათი და კურსდამთავრებულთა დახმარება პროფესიულ ორიენტაციასა და თვითგამორკვევაში, პრიორიტეტების განსაზღვრასა და კარიერის სწორად წარმართვაში. სტუდენტებთან პირადი თუ ჯგუფური შეხვედრების გამართვა, კურსდამთავრებულებთან უწყვეტი კონტაქტის ქონა, მათთან შეხვედრების ორგანიზება და მათ კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა. ეს დღევანდელი აუცილებლობაა და ამის განხორციელება შეიძლება უწყვეტი განათლებისა და კარიერული ზრდის ცენტრის საშუალებით. სტუდენტთა შორის სწავლის მოტივაციის ამაღლება უნდა იყოს ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტი. ამ მიმართულებით შესაძლებელია განხორციელდეს ინოვაციური პროექტი, კერძოდ, სტუდენტური იდეების მატერიალიზაცია სტარტაპ ბაზაზე. ასეთი პროექტი შეიძლება იყოს „სტარტაპ-აქსელერატორი“ სტუდენტებისათვის. ამ პროექტის ფარგლებში აუცილებელია საგრანტო პროექტების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ზრდა.

სტუდენტთა მოტივაციის ზრდა შეიძლება წახალისდეს წარმატებულ სტუდენტთა ფინანსური ხელშეწყობის ბრენჩ ფონდის შექმნით, სადაც ქველმოქმედების განხორციელების შესაძლებლობა მიეცემათ, როგორც კერძო კომპანიებს, ისე წარმატებულ კურსდამთავრებულებს, რაც ასევე დანერგილი პრაქტიკაა წამყვან უცხოურ უნივერსიტეტებში. მნიშვნელოვანია, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში გაიზარდოს პრაქტიკის კომპონენტი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი კურსდამთავრებულების დასაქმებას.

- და ბოლოს, საინტერესოა პროფესიული განათლების შესახებ თქვენი მოსაზრება.

- უნივერსიტეტი ახორციელებს 27 მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, სხვადასხვა პროფესიას ეუფლება 400-ზე მეტი სტუდენტი. დასაქმების ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საჭიროა შრომის ბაზარზე მოთხოვნადი და აქტუალური პროფესიული პროგრამების შემუშავება- დანერგვა, პროფესიული განათლებასა და დამსაქმებელს შორის ურთიერთთანამშრომლობის სისტემის დანერგვა და გაძლიერება, აკადემიური რესურსების და თანამედროვე სასწავლო მასალების მოძიება, ტრენინგების ჩატარება, გაცვლითი პროგრამების ამოქმედება. და რაც ასევე უმნიშვნელოვანესია - პროფესიული პროგრამების ეფექტიანად განხორციელებისთვის შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც უახლესი ტექნიკა-დანადგარებით აღჭურვილი ლაბორატორიული და სააუდიტორიო სივრცეების მოწყობას გულისხმობს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის

საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

20.02.2020

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით