რა მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს მერაბიშვილი
კიბერთავდასხმა საქართველოზე
***
რა მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს მერაბიშვილი
"პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ ყოფილი შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, ანალიტიკურ წრეებში გააჩინა მოლოდინი, რომ იმ თანამდებობის პირს, რომელიც "სისხლიანი 9 წლის თანამონაწილეა", დიდი პოლიტიკური პერსპექტივა არ აქვს. მეტიც, არცერთი მისი ყოფილი თანაგუნდელი პარტიაში მასთან გაერთიანებას არ ისურვებს, რადგან ამით გარკვეულ ელექტორატს დაკარგავს. თუმცა, ის ინფორმაციები, რაც თანამდებობაზე ყოფნის დროს ყოფილმა „ჩინოვნიკმა" დააგროვა, შესაძლოა ამა თუ იმ პარტიისთვის პოლიტიკური კაპიტალიც კი გახდეს”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობს მერაბიშვილი / “დიდი ინფორმაციის მატარებელია სენსიტიურ საკითხებზე, მათ შორის პოლიტიკურ ოპონენტებზე”
"ექსმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 20 თებერვალს „მატროსოვის" ციხის დატოვების შემდეგ თქვა, რომ პოლიტიკურ აქტივობას გააგრძელებს, თუმცა, რომელ ოპოზიციურ პარტიასთან შევა ალიანსში, ამ ეტაპზე უცნობია. მისი თქმით, ოპოზიციონერ ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. მერაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნების" მმართველობა ერთ წელიწადში დასრულდება. ამასთან, მერაბიშვილი სხვა ოპოზიცონერი ლიდერების მსგავსად, ხელისუფლების დამხობით იმუქრება. ანალიტიკოსთა გარკვეული ნაწილის აზრით, პირველივე განცხადებაში მერაბიშვილმა სერიოზული შეცდომა დაუშვა, რადგან მისმა მიდგომამ საზოგადოების ნაწილსა და პოლიტიკურ სპექტრში შესაძლოა უარყოფითი ასახვა ჰპოვოს. ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, სადაც მერაბიშვილი იქნება, იმ ჯგუფს, „ოცნებიდან" წასული ამომრჩეველი არ შეუერთდება. ამასთან, ყოფილ მინისტრს დიდი პოლიტიკური კაპიტალი არ აქვს, შესაბამისად, ვერც მის პოლიტიკურ პერსპექტივებზე ვისაუბრებთ. „მერაბიშვილმა სწორი განცხადება გააკეთა, როცა თქვა, რომ მოგვიანებით მიიღებს გადაწყვეტილებას, ჯერ დაელაპარაკება ყველას. უნდა ითქვას, რომ მისი პოლიტიკური კაპიტალი ძალიან დაბალია. მას დიდი ცნობადობა აქვს, მაგრამ ყველა ის უბედურება, რაც 9 წლის განმავლობაში ხდებოდა, რა თქმა უნდა, ერთადერთი არ იყო, მაგრამ, რაც ხდებოდა ციხეში თუ მის გარეთ, სწორედ მას მიეწერება. არ მგონია, რომ ის ძალიან მიმზიდველი იყოს რომელიმე პოლიტიკური ჯგუფისათვის. იქნება ეს „ევროპული საქართველო" თუ „ნაციონალური მოძრაობა”, - აღნიშნავს გამოცემა.
"სააკაშვილმა ადრე გააკეთა განცხადება, რითაც პრაქტიკულად განსაზღვრა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში" მერაბიშვილს დიდი სიხარულით არ ელოდებიან. რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს," არ მგონია, რომ აქაც ძალიან აღტკინებული ხვდებოდნენ მერაბიშვილს. სადაც არ უნდა იყო მერაბიშვილი, არჩევნებზე ის იქნება სამიზნე, თანაც ყველა მხრიდან, არა მარტო ხელისუფლების, არამედ იმ სხვა პოლიტიკური სუბიექტების, ვინც „ნაციონალურ მოძრაობის" 9 წლიან მმართველობას აკრიტიკებდა. მერაბიშვილს აქვს გარკვეული გავლენები, მაგრამ ეს ჰქონდა არა, როგორც პოლიტიკოსს, არამედ შს მინისტრს. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და ეს გავლენები რამდენად წონადია, არ ვიცი. როდესაც „ნაციონალური მოძრაობა" გაიყო, ასევე გაიყო მისი ელექტორატიც. იმის მიხედვით, თუ სად იქნება მერაბიშვილი, „ნაციონალური მოძრაობის" ელექტორატის გადაჯგუფება შეიძლება მოხდეს. საუბარია შიდა გადაჯგუფებაზე და არა ნეიტრალურზე, ან „ქართული ოცნებიდან" წასული ამომრჩევლის მოზიდვაზე. „ოცნებიდან" წასული ამომრჩეველი იმ ჯგუფს, სადაც მერაბიშვილი იქნება, არ შეუერთდება. მერაბიშვილი მჭერმეტყველებით არასდროს გამოირჩეოდა და არასწორად იხმარა სიტყვა „დაემხობა." ამ შემთხვევაში გულისხმობდა დასრულებას, ან ხელისუფლების შეცვლას, - თუ ხელისუფლება შეიცვლება, ყველა ის პირი, ვინც დღევანდელმა ხელისუფლებამ პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრა, გათავისუფლდება," – განაგრძბს გამოცემა.
"ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ მერაბიშვილს პოლიტიკური პერსპექტივა არ აქვს, ის უბრალოდ ფლობს გარკვეულ ინფორმაციებს, რაც ამა თუ იმ ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც შეუერთდება, გაუზიარებს. მერაბიშვილის პოლიტიკურ პერსპექტივებს ოპტიმისტურად არ ვუყურებ, გამომდინარე ყველასთვის ცნობილი ფაქტორებიდან. თუ რაიმეთი შეიძლება იყოს ღირებული მერაბიშვილის თავისუფლებაზე ყოფნა, არის ის, რომ დიდი ინფორმაციის მატარებელია მთელ რიგ სენსიტიურ საკითხებზე და ამ კუთხით, ის შეიძლება კონკრეტული ძალებისთვის ღირებული იყოს. დიდი ალბათობით ეს იქნება ან „ევროპული საქართველო," ან „ნაციონალური მოძრაობა." ის იყო შს მინისტრი. ამ სამინისტროში შედიოდა უსაფრთხოების სამსახური. შესაბამისად, მას ხელი მიუწვდებოდა აბსოლუტურად ყველა ინფორმაციაზე, მათ შორის პოლიტიკურ ოპონენტებზე. რა ინფორმაცია იქნებოდა ეს, ამას ბევრი ახსნა არ სჭირდება. ამიტომაც, მას შეუძლია ეს რესურსი იმ პოლიტიკურ პარტიას მოახმაროს, რომელთანაც თანამშრომლობას მოისურვებს. ეს განსაკუთრებით დაფასდება არჩევნების პერიოდში, როდესაც გამოიყრება ბევრი კომპრომატი, როგორც ერთი, ისევ მეორე მხრიდან”, - დასძენს გამოცემა.
"არ მგონია, რომ სხვა რომელიმე პოლიტიკურმა პარტიამ მოინდომოს ასეთი იმიჯის მქონე ადამიანთან გაერთიანება, ისე რომ არ დააზიანოს საკუთარი პოლიტიკური იმიჯი, რეპუტაცია და ზონა. სააკაშვილი მოუწოდებს შერიგებისკენ გაყოფილ წევრებს და არ არის გამორიცხული, რომ ის (მერაბიშვილი) ამ პროცესში ჩაერთოს. თუმცა, რამდენად გამოუვა, აქ ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. მან უკვე დაუშვა რამდენიმე შეცდომა პირველივე განცხადების დროს. საზოგადოებაში და პოლიტიკურ სპექტრში მის ირგვლივ უცბად შექმნა უარყოფითი პოლიტიკური აურა. 4 აპრილს დაანონსებული საპროტესტო აქცია არის ერთგვარი რეპეტიცია, თუ რამდენად გამოუვათ ხელისუფლების დამხობა. „ნაცმოძრაობა" და „ევროპული საქართველო," რომლებიც არ ბრუნდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი მზად არიან ჩაერთონ არჩევნებში უკვე არსებული სისტემით და არჩევნების მეორე დღეს დაიწყოს გამოსვლები იმ მოტივით, რომ არჩევნები გაყალბდა. მათ ქმედებებში კონსტრუქტივიზმს ვერ ვხედავ, უფრო მეტად იკითხება მიდრეკილება იმ სცენარისკენ, რაც მერაბიშვილმა დაანონსა," - წერს სტატიის ავტორი.
კიბერთავდასხმა საქართველოზე
"2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს წინააღმდეგ კიბერშეტევა ამჯერადაც რუსეთმა განახორციელა - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო, ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესაბამისად იუწყება. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, კიბერთავდასხმა საქართველოზე
"კონსტანტინიდისვე თქმით, აღნიშნული კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას. მისივე თქმით საქართველო ამ ფაქტს გმობს და მომავალშიც განაგრძობს მჭიდრო თანამშრომლობას პარტნიორებთან ეროვნულ დონეზე კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით. კიბერშეტევის ფაქტს აშშ გამოეხმაურა, განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ „ტვიტერის"საშუალებით გაავრცელა. ჩვენ საქართველოს გვერდით ვდგავართ და ვგმობთ რუსეთის კიბერთავდასხმას საქართველოს მოსახლეობასა და ქვეყნის ინსტიტუტებზე. რუსეთმა დაუყონებლივ უნდა შეწყვიტოს ასე მოქცევა საქართველოში და ნებისმიერ ადგილას. კიბერსივრცის სტაბილურობა ყველა ქვეყნის პასუხისმგებლიან ქცევაზეა დამოკიდებული", - წერს მაიკ პომპეო „ტვიტერზე", - აღნიშნავს გამოცემა.
"ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან" აცხადებს,რომ, რუსეთს საქართველოს მიმართ კონკრეტული ტიპის ჰიბრიდული ომის სტრატეგია აქვს, რომელიც საქართველოს სპეციფიკაზეა მორგებული. ამაზე მე ადრეც მაქვს ნათქვამი, რომ რუსების მიერ იყო განხორციელებული. საქართველოს მიმართ რუსეთს ჰიბრუდული ომის აბსოლუტურად კონკრეტული სტრატეგია აქვს, რომელიც საქართველოს მიმართულებით პერმანენტულად გარკვეული სპეც-ღონისძიებების განხორციელებას ითვალისწინებს, მათ შორის კიბერშეტევებს. ჩავთვალოთ, რომ ესაა ეთგვარი პროფილაქტიკური ტიპის შეტევა, ან პრაქტიკული კიბერმანევრის განხორციელება საქართველოს წინააღმდეგ. როგორც ჩანს ისინი წვრთნებს გადიან, სამხედრო წვრთნებსაც თავისი პოლიტიკური ქვეტექსტი გააჩნია, ანუ, მუსკულების დემონსტრირება, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ წვრთნები ჩაატარეს და საქართველო გახდა ამ წვრთნების სუბიექტი. საქართველო არა მხოლოდ რუსეთის სპეცსამსახურების, არამედ ჯიჰადისტების და სხვა გარკვეული პოლიტიკური ძალების უკან მდგარი სტრუქტურების მიერ განხორციელებული კიბერშეტევის მსხვერპლი ადრეც ყოფილა, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, სერვერები მთლიანად იქნა გათიშული, რომელიც მეც შემეხო - ჩემი კომპიუტერი მთლიანად წაიშალა”, - განაგრძობს გამოცემა.
"როგორც ჩანს, საგარეო საქმეთა სამინისტროს გააჩნია გარკვეული ფაქტები, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის სტრატეგიას მცოცავი ოკუპაციით, კიბერშეტევებით, საინფორმაციო ომი და ა.შ. ახორციელებს. რუსეთი სხვა დიდი და მნიშვნელოვანი ქვეყნების არჩევნებში ჩაერია და საქართველოს ხელიდან არ გაუშვებს, გამორიცხული არაა, რომ საარჩევნო წელსაც მსგავსი ტიპის კიბერშეტევა განახორციელოს. რუსეთს საქართველოს მიმართ კონკრეტული ტიპის ჰიბრიდული ომის სტრატეგია აქვს, რომელიც საქართველოს სპეციფიკაზეა მორგებული, ჰიბრიდული ომის სტრატეგია უკრაინას და საქართველოს მიმართ განსხვავდება, ესაა გარკვეული სპეციფიკური ტიპის ფსიქოეთნიკურ და პოლიტიკურ ფაქტორებზე აგებული. როგორი საერთაშორისო გამოხმაურებაცაა, მცოცავი ოკუპაციის ფაქტზე, ისეთი გამოხმაურება ექნება კიბერშეტევაზეც, დიდი მოლოდინები მაინცდამაინც არ უნდა გვქონდეს და ბუნბრივია, რუსეთიც, როგორც ყოველთვის ამ ფაქტს უარყოფს."-განაცხადა მაისაიამ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვადასხვა ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს”, - წერს სტატიის ავტორი.