გია ჟორჟოლიანი - ჩვენთან მოხდა ჯანდაცვის სფეროს სრული პრივატიზება, სახელმწიფო ანუ ე.წ. არამომგებიანი კლინიკები პრაქტიკულად არ არსებობს

თუ ჯანდაცვას განვიხილავთ არა როგორც ბიზნესს, არამედ როგორც, საზოგადოებრივ სიკეთეს, რაც ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ამისთვის საჭიროა ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდეს, - ამის შესახებ პარტია "სოციალ-დემოკრატების" ლიდერმა გია ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ჯანდაცვის სფეროს სრული პრივატიზება მოხდა და მონოპოლია კერძო სექტორს აქვს. ჟორჟოლიანის შეფასებით, ეს მიდგომა ჯანდაცვას საჯაროობის პრინციპს უკარგავს და ამის შესაცვლელად ფუნდამენტური რეფორმაა საჭირო.

"ჩვენთან მოხდა ჯანდაცვის სფეროს სრული პრივატიზება. სახელმწიფო ანუ ე.წ. არამომგებიანი კლინიკები პრაქტიკულად არ არსებობს. თუ ჯანდაცვის სფერო იქნება ჩვეულებრივი ბიზნესი, მთელი საზოგადოების ჯანდაცვა დამოკიდებული იქნება ამ კერძო პირების ინტერესებზე. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ მოიცვა ყველა მოქალაქე და ბიუჯეტიდან გადახდილი ფული მიდის კერძო პირების ხელში. ეს არის ის, რაც ჯანდაცვას უკარგავს საყოველთაობის და საჯარო პოლიტიკის ხასიათს. 2012 წლის შემდეგ ჯანდაცვის მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა შეცდომა სრულად არ გასწორდა. ფუნდამენტი, რასაც ეს საყოველთაო ხელმოსაწვდომობა დაეფუძნებოდა, არ შეიცვალა. იგივეა ფარმაციის სფეროში. სახელმწიფოს შეუძლია გაამკაცროს რეგულაციები, ამავე დროს, აიღოს პასუხისმგებლობა ფარმაციაში გარკვეულ მონაწილეობაზე. ფარმაციის სფეროში სრულიად წარმოუდგენელია ბაზრის ნებაზე მიშვება. სწორედ ამიტომ გვაქვს ვითარება, რომ წამლები ჩვენს მეზობელ ქვეყნებში 3- 4-ჯერ ნაკლები ღირს, ვიდრე ჩვენთან. საქართველოში ეს სფერო კერძო სექტორის მიერ არის მონოპოლიზებული და მათ მოგებაზე ორიენტირებული საქმეა,"- განაცხადა ჟორჟოლიანმა.

პარტია "სოციალ -დემოკრატების" ორგანიზებით გამართულ დღევანდელ კონფერენციაზე სწორედ ჯანდაცვის პოლიტიკის თემაზე იმსჯელეს.

„სოციალ-დემოკრატების" წევრების თვალსაზრისით, ჯანდაცვა ერთ-ერთია იმ უმნიშვნელოვანეს სფეროთაგან, რომელზეც დამოკიდებულია საზოგადოების კეთილდღეობა.

კონფერენციის მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს მსოფლიოში აპრობირებულ ჯანდაცვის სისტემებზე, წარმოადგინეს ამ სისტემების ძლიერი და სუსტი მხარეები, მართვის და დაფინანსების მოდელები. ასევე, განიხილეს სამედიცინო ინფრასტრუქტურის, კადრების, სამედიცინო განათლების და სამეცნიერო კვლევების მიმართულებით საქართველოში არსებული გამოწვევები.

კონფერეცნიის მომხსენებლები არიან: მედიცინის დოქტორი, ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუცის დირექტორი თენგიზ ვერულავა, მედიცინის დოქტორი, სამედიცინო ეთიკის და სამართლის სპეციალისტი ეკატერინე სანიკიძე, პარტიის "სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის" თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი.

პარტია „სოციალ-დემოკრატების" ორგანიზებით, უკვე გაიმართა სხვადასხვა საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენციები, მაგ შორის განათლების და რეგიონული განვითარების მიმართულებით.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა