გიორგი გახარია - ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება

დღეს, 99 წლის შემდეგ, ჩვენ პატივს მივაგებთ იმ ახალგაზრდა ქართველების ხსოვნას, რომლებმაც უანგაროდ, მაგრამ აბსოლუტურად გააზრებულად ქვეყნის თავისუფლებას და დამოუკიდებლობას სიცოცხლე შესწირეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო.

მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წითელმა არმიამ შეძლო საქართველოს საბოლოო ოკუპირება, ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის არც ერთი წამით არ გაჩერებულა.

„როდესაც ახალგაზრდა იუნკერების ხსოვნაზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს ამის შემდგომ ყველა წელს, 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამდე ყველა იმ ადამიანის სიცოცხლე, რომელიც შეეწირა იმ ბრძოლას, იუნკერებმა რომ ჩაუყარეს საფუძველი. ასეთი ძალიან ბევრი იყო. 1991 წელს აღვადგინეთ ის ნანატრი დამოუკიდებლობა, რომელიც 1918 წელს დაიწყო და ეს არიან ახალგაზრდები, რომლებმაც შეძლეს, ხიდი აგვეშენებინა იმ სასურველ, სანუკვარ, თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოსთან, რომელიც 1918 წელს დაიწყო და რომელიც, სამწუხაროდ, ამდენი შეწირული სიცოცხლის მიუხედავად, ძალზე ხანმოკლე იყო. გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება. ჩვენ დღეს გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, მაგრამ ყველაზე მეტი უნდა ვიფიქროთ იმ ადამიანებზე, რომლებიც საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ცხოვრობენ. ეს არის ის გამოწვევები, რომლებსაც ჩვენი ქვეყანა წინ მედგრად უნდა აღუდგეს. ჩვენი დამოუკიდებლობა დაიწყო 1918 წელს, რომელიც, მიუხედავად ბევრი შეწირული ახალგაზრდა სიცოცხლისა, შეწყდა 1921 წელს და შემდგომ გაგრძელდა. ეს ის თაობათა შორის კავშირია, რომელიც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ჩვენ ქედი უნდა მოვიხაროთ მათი ხსოვნის წინაშე და ვასწავლოთ ჩვენს შვილებს, რას შესწირეს სიცოცხლე ამ ახალგაზრდებმა და როგორი უნდა იყოს მათდამი პატივისცემა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიამ 1921 წლის თებერვალში კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მთავრობის მეთაური, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესა და თავდაცვის მინისტრთან ერთად, ასევე დაესწრო დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს, რომელიც პარლამენტში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში ჩატარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა