ქართული პრესის მიმოხილვა 24.02.2020

მამუკა არეშიძე - „არის თემები, რაც მერაბიშვილს ციხეში შებრუნებაზე მეტად აღელვებს“

“პატრიარქმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ამ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვა”

ამერიკელებმა გერმანიაში ჯარების გადმოსხმა დაიწყეს - ევროპა დიდი წვრთნებისთვის ემზადება

* * *

მამუკა არეშიძე - „არის თემები, რაც მერაბიშვილს ციხეში შებრუნებაზე მეტად აღელვებს“

ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლის პირველივე კადრებში გამოჩნდა, რომ ის კარგა ხნის განმავლობაში ემზადებოდა ამ სცენისთვის. ეს მისთვის იყო, ერთგვარად, ფსიქოლოგიური რეპეტიცია ფართო საზოგადოების წინაშე წარსადგომად. ამასთანავე, მან პირველივე განცხადებებით პოლიტიკაში დარჩენის პრეზენტაცია გამართა. მერაბიშვილი მაქსიმალურად შეეცადა, გადაეფარა ხმები იმის თაობაზე, თითქოს მას ციხიდან უშვებენ იმიტომ, რომ ხელისუფლებას გაურიგდა და ვფიქრობ, ამ ეტაპზე ეს, გარკვეულწილად, მოახერხა კიდეც... ის პოლიტიკაში რჩება, მაგრამ ჯერჯერობით რთული სათქმელია, რომელ გუნდში შეიძლება ვიხილოთ. მერაბიშვილი, შესაძლოა, წავიდეს “ნაციონალურ მოძრაობაში” ან “ევროპულ საქართველოში”, თუმცა ასევე შესაძლებელია შექმნას ახალი პოლიტიკური ძალა”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „არის თემები, რაც მერაბიშვილს ციხეში შებრუნებაზე მეტად აღელვებს“ / “ამ ორი ძალის გაერთიანება გამორიცხულია, ვიდრე ბოკერია იქნება “ევროპული საქართველოს” ლიდერი. როდესაც მერაბიშვილი ლაპარაკობს ერთიანობაზე, ვფიქრობ, გულისხმობს ამ ერთიანობას “ევროპული საქართველოს“ ზოგიერთი ლიდერის გარეშე”.

“მერაბიშვილს, რასაკვირველია, აქვს პოლიტიკური რესურსი, ჰყავს მხარდამჭერები - ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი და ზოგი ამჟამინდელი თანამშრომელი; ჰყავს გულშემატკივრები რეგიონშიც - ვგულისხმობ სამცხე-ჯავახეთს, საიდანაც არის წარმოშობით და სადაც სხვადასხვა პოლიტიკურ თუ ბიზნესსქემაში ბევრი ადამიანი ჰყავდა ჩართული. რომ გითხრათ, მერაბიშვილი იმ ტიპის პოლიტიკური ფიგურაა, რომელსაც ამინდის შექმნა შეუძლია-მეთქი, მოგატყუებთ. თავის დროზე ხელისუფლებაში მისი მაღალ თანამდებობებზე ყოფნა, ძირითადად, განპირობებული იყო ორგანიზატორული ნიჭით, რაც მას მართლაც გამოარჩევს. მერაბიშვილს შეუძლია მოქნილად და სისტემურად აზროვნება, ასევე _ გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღება, მაგრამ მას არა აქვს საჯარო გამოსვლების დიდი გამოცდილება, ამიტომაც უშვებს შეცდომებს. ვფიქრობ, მისი განცხადება ხელისუფლების დამხობის თაობაზე სწორედ ამგვარი შეცდომა იყო. მერაბიშვილი არ განეკუთვნება იმ კატეგორიის ადამიანებს, ვინც შეიძლება სინანულის გრძნობამ შეაწუხოს. აშკარად ჩანს, რომ ის სახელმწიფო ჩინოსნის პოზიციიდან მაშინაც მიიჩნევდა და ახლაც მიიჩნევს, რომ მართალია და, რომ თავისი მოქმედებებით იცავდა კანონსა და სამართალს. ერთიც და მეორეც მახინჯი რომ იყო “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს, ამას, რა თქმა უნდა, არ აღიარებს. მისი აზროვნება ასეა მოწყობილი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“რაც შეეხება, ზოგადად, ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულებას მერაბიშვილის მიმართ, კარგად გამოჩნდა, რომ მის უმრავლესობას არ დავიწყებია, რა ხდებოდა ქვეყანაში მერაბიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს. “ორი გვამი” კი არა, უამრავი ცხედარი გვახსოვს, რომელთაც მისი თავკაცობით დაგეგმილი და განხორციელებული ე.წ. სპეცოპერაციების დროს ხან სახურავზე პოულობდნენ, ხან - სად და ხან - სად. რა სარგებლის მოტანა შეუძლია მას “ნაციონალური მოძრაობისა” თუ “ევროპული საქართველოსთვის”? - ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. კი, შესაძლოა, ორგანიზაციული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას, მაგრამ ორივე ამ ორგანიზაციაში უკვე არიან ლიდერები, რომელთაც ახალი ლიდერის გამოჩენა, ვფიქრობ, მაინცდამაინც არ გაუხარდებათ, მეორეც, მგონია, ამ პოლიტიკური ძალებისთვის მერაბიშვილი უკვე ბალასტია. საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც "ქართულ ოცნებაზე" იყო განაწყენებული და სოციალურ ქსელებში განაწყენებას აქტიურად გამოხატავდა, უცებ გაახსენდა ყველაფერი, რაც პირადად მერაბიშვილთან არის დაკავშირებული, შედეგად კი "ნაციონალური მოძრაობისა" თუ მისი განაყოფის მიმართ მათი დამოკიდებულება უფრო უარყოფითი გახდა. საქმე ის არის, რომ დანაშაულები, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნისას ჩაიდინა `ნაციონალურმა მოძრაობამ~, დიდწილად სწორედ მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის სახელებს უკავშირდება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მერაბიშვილის გამოსვლა რომ აუცილებლად გაამწვავებდა ვითარებას არა მხოლოდ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, არამედ ოპოზიციაშიც, თავიდანვე აშკარა იყო. არ მინდა დავიჩემო, თითქოს მართლაც ასეა, მაგრამ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ შეიძლება მისი ციხიდან გამოშვება ხელისუფლების პოლიტტექნოლოგიის ნაწილი იყოს სწორედ ოპოზიციაში არეულობის შესატანად. ოპოზიციაში არის ბევრი პოლიტიკოსი, ვინც უკვე ხმამაღლა გამოთქვა თავისი აზრი, რომ მერაბიშვილთან საქმეს არ დაიჭერს. წარმომიდგენია, რა შეიძლება მოჰყვეს მერაბიშვილის მისვლას ნათელაშვილის ოფისში, სადაც ოპოზიციის შეხვედრები იმართება, თუმცა ცოტა გაუგებარია ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის ეს განცხადებები. მერაბიშვილი წლების განმავლობაში წარმოადგენდა “ნაციონალურ მოძრაობას”, თუ ამ პარტიის სხვა ლიდერებს ელაპარაკები, მერაბიშვილთან ლაპარაკი რატომ არის პრობლემა?!”- ამბობს ექსპერტი და შეკითხვაზე - “მერაბიშვილის პირველი განცხადებებით ჩანს, რომ ის ეცდება “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” კვლავ გააერთიანოს... - პასუხობს:

“ამ ორი ძალის გაერთიანება გამორიცხულია, ვიდრე გიგა ბოკერია იქნება “ევროპული საქართველოს” ლიდერი. როდესაც მერაბიშვილი ლაპარაკობს ერთიანობაზე, ვფიქრობ, გულისხმობს ამ ერთიანობას “ევროპული საქართველოს” ზოგიერთი ლიდერის გარეშე. საქმე ის არის, რომ 2012 წლის აგვისტო-სექტემბერში უკვე ძალიან გაღრმავებული იყო დაპირისპირება “ნაციონალურ მოძრაობაში”. ეს მაშინ არ გამოჩნდა, რადგან ამის დასანახავად არავის ეცალა, სხვა ტალღაზე იყო მთელი საზოგადოება გადართული, საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა ის ნაპრალი, რაც მაშინ არსებობდა “ნაციონალურ მოძრაობაში” და 2016 წელს უკვე ოფიციალურად გაფორმდა. ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ “ნაციონალური მოძრაობის” დაშლას, მაგრამ ამის ნიადაგი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე არსებობდა. იმ დროს მიხეილ სააკაშვილი უკვე უაღრესად უკმაყოფილო იყო კონკრეტული ლიდერების მოქმედებით მათ შორის ვანო მერაბიშვილით...”

“მერაბიშვილის წინააღმდეგ იმდენი კომპრომატი არსებობს, რომ შეიძლება მრავალტომიანი ახალი საქმე შედგეს. როგორც ვიცი, მასთან დაკავშირებული რამდენიმე საქმე სასამართლოში უკვე განიხილება. რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, მას ეს აფიქრებდეს, თუმცა, ჩემი აზრით, არის კიდევ გარკვეული თემები, რაც მერაბიშვილს ციხეში შებრუნებაზე მეტად აღელვებს. ეს არ შეეხება მისი, როგორც მინისტრის საქმიანობას... შეიძლება ეს ბიზნესის იყოს - შეიძლება ესეც იყოს... მეტს ვერაფერს გეტყვით”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“რაც შეეხება რუსეთის კიბერთავდასხმას ეს სულ ცოტა, მესამე სერიოზული თავდასხმაა ქართულ ინტერნეტსივრცეზე; პირველი მოხდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როცა ზუსტად ვიცოდით, რომ ამის უკან რუსეთი იდგა. შემდგომაც მუდმივად იყო ეჭვიც და მოლოდინიც, რომ შეიძლებოდა რუსეთის სპეცსამსახურებს მსგავსი იარაღი ჩვენს წინააღმდეგ კვლავაც გამოეყენებინათ, მით უფრო, რომ ჩვენ ვნახეთ, რა მდგომარეობაში ჩააგდეს უკრაინა, როდესაც 2015 წლიდან მოყოლებული, ამ ქვეყანაზე პირდაპირ კიბერშტურმი მიიტანეს - მწყობრიდან გამოიყვანეს ენერგოსისტემები, პრობლემები შეუქმნეს მეტროპოლიტენსა და აეროპორტს; სახელმწიფო ორგანიზაციების ვებგვერდებს რუსული კიბერთავდასხმების შედეგად პრობლემები შეიქმნა აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში; აშშ-ში პრეზიდენტის არჩევნებში ჩარევაც კი სცადეს და ა.შ. ცნობილია, რომ რუსეთის მონაწილეობა ბრიტანელთა გამოძიების შედეგად დადგინდა. კიბერდივერსანტების რამდენიმე რუსული ჯგუფია ცნობილი. დასავლეთში, როგორც ჩანს, უკვე ისე კარგად შეისწავლეს ამ ჯგუფების ხელწერა, უკვე ამ ხელწერით ცნობენ, რომელი დგას ამა თუ იმ შეტევის უკან. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსგან შევიტყვეთ, საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევის უკან გენშტაბის სადაზვერვო სამმართველო და კონკრეტული სამხედრო ნაწილი იდგა, ნომრით 74455 და სახელწოდებით “უდაბნოს ქარიშხალი”, - განმარტავს ექსპერტი.

“რადგან ტექნოლოგიების სამყაროში ვცხოვრობთ, ამგვარ რამეს უნდა ველოდოთ და ვეცადოთ, მზად დავხვდეთ. სხვათა შორის, თავის დროზე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა ამერიკელების დაჟინებული მოთხოვნით სპეციალური სერვერი შეარჩია, რომელიც იმუშავებდა საქართველოს სახელმწიფო უწყებებისთვის და რუსეთისგან რთულად გასაკონტროლებელი იქნებოდა. ტექნოლოგიები ვითარდება და, შესაბამისად, შენი კიბერუსაფრთხოებაც მუდმივად უნდა ახლდებოდეს და იხვეწებოდეს. რა ინტერესი და მიზანი შეიძლება ჰქონოდათ რუსებს? ერთმნიშვნელოვნად რთული სათქმელია. თუ გავიხსენებთ, იმ საიტების დიდი ნაწილის ეკრანებზე გამოჩნდა მიხეილ სააკაშვილის ფოტო ინგლისური წარწერით: “მე დავბრუნდები”. ერთი შეხედვით ეს ცინიკურ ანცობას ჰგავს, მაგრამ სინამდვილეში, ვვარაუდობ, რომ ეს იყო დემონსტრირება იმისა, ნახეთ, ჩვენ ვითარებას ვაკონტროლებთო. ეს არ იყო მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული, ეს იყო გზავნილი ჩვენი პარტნიორებისთვისაც, რადგან რუსეთში მშვენივრად იციან, როგორ მონაწილეობენ ქართული კიბერსივრცის დაცვაში ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები. აქედან გამომდინარე, ეს იყო დემონსტრირება იმისა, რომ მათთვის ბარიერები არ არსებობს. მაინცდამაინც ახლა რატომ დასჭირდათ, არ ვიცი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენზე ექსპერიმენტი გამოცადეს და ისიც ნახეს, როგორ არის დაცული ჩვენი სისტემები. მოკლედ, ეს იყო გაფრთხილება-შემოწმება”, თვლის მამუკა არეშიძე.

“მოგეხსენებათ, კიბერთავდასხმა ჰიბრიდული ომის შემადგენელი ნაწილია და ამ თვალსაზრისით ჩვენი ქვეყნის წინაშე ბევრი მნიშვნელოვანი გამოწვევა არსებობს, რომელთაც სათანადო ყურადღება არ ექცევა, ან ექცევა, მაგრამ რესურსი არ გვყოფნის მასთან გასამკლავებლად. დარწმუნებული ვარ, რუსეთი შეეცდება, გარკვეული ზემოქმედება მოახდინოს ჩვენს არჩევნებზეც. გვიახლოვდება მნიშვნელოვანი თარიღი - რუსეთთან 1920 წლის 7 მაისს ხელშეკრულების დადებიდან 100 წელი გადის. ეს ხელშეკრულება რამდენიმე თვეში უსინდისოდ დაარღვია საბჭოთა რუსეთმა. მოსკოვში უკმაყოფილოდ ელიან, რას იტყვის და მსოფლიოს გასაგონად რა კამპანიას წამოიწყებს საქართველო ამ თარიღთან დაკავშირებით. ეს ის შემთხვევაა, როდესაც რუსეთს ძალიან მწირი არგუმენტები აქვს თავის დასაცავად. დავაკვირდეთ, რა ტიპის ინფორმაციას ააქტიურებს რუსეთი, სავარაუდოდ, სწორედ ამ თარიღის გადასაფარავად. ამ ცოტა ხნის წინ ჩაუშვეს ახალი პროექტი, რომელიც ითვალისწინებს იმგვარი დეზინფორმაციის ფართოდ გავრცელებას, რომლის თანახმად, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთი ოსეთი თურმე არასდროს ყოფილა საქართველო და იქ ქართველებს არ უცხოვრიათ. დაიწყეს ამ აზრის ტირაჟირება როგორც სატელევიზიო ეთერებით, ასევე ინტერნეტსივრცეში. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ამ თემაზე 6-7 გადაცემა მოამზადეს სხვადასხვა რუსულ არხზე. როგორც ვატყობ, ემზადებიან, ფართოდ გაშალონ თემა 1920 წელს ქართველების მიერ "ოსების გენოციდის" თაობაზე. ისეთი ტენდენციური მასალები ჩნდება, რომ არ შეიძლება ეს უპასუხოდ დავტოვოთ. ამ ყველაფერს უნდა დავუპირისპირდეთ, ამისთვის კი საჭიროა, ვიყოთ მაქსიმალურად მომზადებულნი და ვფლობდეთ კონტრჰიბრიდული ომის წარმოების ტექნოლოგიებს”, - დასძენს არეშიძე.

“პატრიარქმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ამ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვა”

„იერუსალიმის საპატრიარქო არღვევს მართლმადიდებლური კანონიკური სამართლის წესებს, ამიტომ მიუღებელია იერუსალიმის ეკლესიის ინიციატივა. ივარაუდება, ეს ინიციატივა პროვოცირებული და წაქეზებულია რუსეთის საპატრიარქოს მხრიდან, რადგან მას დიდი გავლენები აქვს იერუსალიმის ეკლესიაზე და არ უნდა თავად გამოჩნდეს ამგვარი არაკანონიერი ინიციატივის ავტორად და ეს ყველაფერი გააკეთა იერუსალიმის საპატრიარქოს სახელითა და პატრიარქის ხელით. საქართველოს საპატრიარქომ კი სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც უარი თქვა ამ კრებაზე დასწრებაზე”, - აცხადებს თეოლოგი ლადო ნარსია 26 თებერვალს იორდანიის ამანში იერუსალიმის პატრიარქ თეოფილე მესამის მიერ დაგეგმილ ეკლესიათა მეთაურების შეკრებაზე საუბრისას, სადაც უკრაინის ეკლესიის საკითხი და მართლმადიდებელ სამყაროში ამასთან დაკავშირებით წარმოქმნილი განხეთქილება უნდა განიხილონ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “პატრიარქმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ამ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვა”, - თეოლოგი ლადო ნარსია.

“ინიციატივა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე მესამემ 2019 წლის ნოემბერში, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელ კირილთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ წამოაყენა. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს მოქმედი მართლმადიდებელი ეკლესიების მხოლოდ ნაწილი. შეკრებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელმაც გამოაქვეყნა წერილი, სადაც ნათქვამია, რომ რადგანაც შეკრებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს მსოფლიო პატრიარქმა და სხვა მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებმა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თავს შეიკავებს მასში მონაწილეობაზე, რადგან თვლის რომ შეხვედრა და რთულ საკითხებზე, მათ შორის, უკრაინის ავტოკეფალიის საკითხზე მსჯელობა, ყველა ეკლესიის მონაწილეობით უნდა მოხდეს. თეოლოგი ლადო ნარსია ამბობს, რომ იერუსალიმის საპატრიარქოს არ ჰქონდა უფლება მოეწვია კრება და გამოეცხადებინა თავი ამ კრების თავმჯდომარედ, რადგან კრების მოწვევა არის მკაცრად რეგლამენტირებული და გარკვეული პროცედურები გააჩნია მართლმადიდებლურ კანონიკურ სამართალში. მისი თქმით, საქართველოს საპატრიარქომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც უარი თქვა ამ კრებაზე დასწრებაზე, თუმცა, ნარსიას შეფასებით, ეს კონკრეტული გარემოებებით იყო ნაკარნახევი. თეოლოგის თქმით, იერუსალიმის პატრიარქის მოწვევაზე დათანხმება პრაქტიკულად იმის დადასტურებად იქნებოდა აღქმული, რომ საქართველოს საპატრიარქო უკრაინის საკითხში რუსეთის ეკლესიის პოზიციას იზიარებს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“იერუსალიმის საპატრიარქო იქცევა კანონის საწინააღმდეგოდ, არღვევს მას, ამიტომ მიუღებელია იერუსალიმის ეკლესიის ამგვარი ინიციატივა. ივარაუდება, რომ ეს ინიციატივა პროვოცირებულია და წაქეზებულია რუსეთის საპატრიარქოს მხრიდან, რადგან მას დიდი გავლენები აქვს იერუსალიმის ეკლესიაზე და არ უნდა თავად გამოჩნდეს ამგვარი არაკანონიერი ინიციატივის ავტორად და ეს ყველაფერი გააკეთა იერუსალიმის საპატრიარქოს სახელითა და პატრიარქის ხელით. თუმცა, დაკვირვებული თვალი ადვილად ამჩნევს რუსეთის საპატრიარქოს ამგვარ მზაკვრულ მოქმედებებს და ასე იქნა შეფასებული მსოფლიო პატრიარქისა და სხვა ეკლესიათა მხრიდან, იერუსალიმის საპატრიარქოს მოქმედება, რომლის უკანაც დგას რუსეთის ეკლესია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო ნარსია.

“მათ აღარ უნდათ, რომ კიდევ ერთხელ გამოაჩინონ საკუთარი სახე და ამიტომაც იღებენ ამგვარ გადაწყვეტილებას. ეს გადწყვეტილება კი მიღებულია არა საპატრიარქოს რეალური სურვილით, არამედ იმ ადამიანების შეფასებებით და ზეწოლით, რომლებმაც 2-3 წელია გავლენა მოახდინეს საპატრიარქოზე და მადლობა ღმერთს, რომ საპატრიარქო იძულებული გახდა გაეთვალისწინებინა ამ ადამიანთა მოსაზრებები და შეფასებები, რომლებიც უტყუარი და აბსოლუტურად დასაბუთებულია ყოველ ჯერზე”, - დასძენს ლადო ნარსია.

ამერიკელებმა გერმანიაში ჯარების გადმოსხმა დაიწყეს - ევროპა დიდი წვრთნებისთვის ემზადება

“ეს იმ წვრთნების საპირისპიროა, რომელიც შარშან და შარშანწინ რუსეთმა და ჩინეთმა ჩაატარეს - “აღმოსავლეთის ფარი”, რომელშიც მონაწილეობა 100 ათასმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო და რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაახლოებით 10 ათასიანი სადესანტო ნაწილების დესანტირება შორეულ აღმოსავლეთიდან კავკასიის რეგიონში მოახდინეს”, - ასე აფასებს “რეზონანსთან” საუბრისას ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ევროპაში ნატოს ფართომასშტაბიანი წვრთნების “ევროპის დამცველი 2020”-ის დაწყებას. გერმანიის საპორტო ქალაქ ბრემერჰავენში წვრთნებში მონაწილე ამერიკული სამხედრო კონტიგენტის პირველი უკვე ჩავიდა, მძიმე ტექნიკითა და შესაბამისი აღჭურვილობით. აღსანიშნავია, რომ ამერიკელი ჯარისკაცები და მძიმე ტექნიკა თავდაპირველად გერმანიის, საფრანგეთისა და ნიდერლანდების პორტებში გადმოიტვირთება, საიდანაც გადანაწილდებიან პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში სარკინიგზო ან საავტომობილი გზების გამოყენების საშუალებით. სწავლება დაიწყება აპრილში და მაისის თვეში უკვე 10 სახელმწიფოს მოიცავს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ამერიკელებმა გერმანიაში ჯარების გადმოსხმა დაიწყეს - ევროპა დიდი წვრთნებისთვის ემზადება.

“ეს ბოლო 25 წლის განმავლობაში ნატო-ს ყველაზე მასშტაბური სამხედრო სწავლებაა, რომელშიც 18 ქვეყნის და მათ სორის საქართველოს შეიარაღებული ძალებიც მონაწილეობს. გეგმის თანახმად, ევროპაში 20 000 ამერიკელი სამხედროს ტრანსპორტირება იგეგმება. წვრთნების მონაწილეთა საერთო რაოდენობა კი 36 000-ს შეადგენს. წვრთნების სცენარით, დაგეგმილა ნატო-ს ძალების მობილობის შემოწმება ევროპაში შეიარაღებული კონფლიქტის გაჩარების შემთხვევისთვის. უფრო კონკრეტულად კი მოხდება მასშტაბური შეიარაღებული დანაყოფების გადასროლა პოტენციურ ცხელ წერტილებში, მათ სორის საქართველოს ტერიტორიაზეც. თუ არ ვცდები, აღნიშნული წვრთნები სამი ფაზის მიხედვით ტარდება, რომელიც ნატო-ს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივია. ეს იმ წვრთნების საპირისპიროა, რომელიც შარშან და შარშანწინ რუსეთმა და ჩინეთმა ჩაატარეს - “აღმოსავლეთის ფარი”, რომელშიც მონაწილეობა 100 ათასმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო და რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაახლოებით 10 ათასიანი სადესანტო ნაწილების დესანტირება შორეულ აღმოსავლეთიდან კავკასიის რეგიონში მოახდინეს. ანუ მათ ამით აჩვენეს, რომ ისინი მანევრირებადი და მობილური ომის პრინციპებზე აპირებდნენ ნატოს ძალებთან დაპირისპირებას”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“საჯარისო დანაყოფების გადასროლის პრინციპი, ეს ნიშნავს იმას, რომ თუ რუსებს შორეული აღმოსავლეთიდან 10 და 20-ათასიანი სამხედრო ნაწილების გადასროლა შეუძლიათ, მათ შორის კავკასიის რეგიონშიც, მაშინ ნატო-ელებსაც აქვს საშუალება, რომ ამერიკულ-კანადური სამხედრო ნაწილები აღმოსავლეთ ევროპის მოკავშირეების თავდაცვისათვის გადმოისროლონ. საჯარისო დანაყოფების გადასროლა სამხედრო-სატრანსპორტო, სამხედრო-სტრატეგიული საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების მეშვეობით განხორციელდება. “ევროპის დამცველი 2020” საქართველოშიც ჩატარდება. პრემიერმა გიორგი გახარიამ საქართველოს მთავრობასთან ერთად დაადასტურა, რომ ნატო-ს ოპერატიული სარდლობის ეგიდით მოქმედ სამხედრო საზღვაო ძალებს აძლევს იმის უფლებას, რომ საქართველოში თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შემოვიდნენ. ამიტომ, ამის საპასუხოდ, რუსეთი შავ ზღვაშიც დააპირებს წვრთნებს”, - განმარტავს რესპონდენტი.

“რუსეთი მომავალში ჩაატარებს წვრთნებს “კავკასია 2020”, “აღმოსავლეთის ფარი 2020” და ბელორუსში “გაერთიანებული სოლიდარობა 2020”, სადაც მონაწილეობას ჩინეთი და ცენტრალური აზიის სახელმწიფოები მიიღებენ და შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს ნატო-ს ამ წვრთნების საპასუხოა. როგორც ჩანს, რუსეთი ამ წვრთნების პერიოდში ახალი რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს გამოცდის, რაც პირდაპირ საქართველოს წინააღმდეგ იქნება მიმართული და არაა გამორიცხული, რომ რუსეთმა პირველად რუსულ-აფხაზური კოალიციური ძალები აამოქმედოს და ამ წვრთნების შემადგენლობაში ეს ფორმირებები შეიყვანოს. რუსულ-აფხაზური კოალიციური ძალები უკვე შექმნილია, ანუ მათი სასტარტო ერთეულებით უზრუნვლყოფა უკვე დასრულებულია, მათი პოტენციალი უკვე შემდგარია და როგორც ჩანს, 2020 წლის ზაფხულში ჩვენ ამ კოალიციური ძალების წვრთნებსაც უნდა ველოდოთ”, - დასძენს მაისაია.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს