მარკო მიკელსონი - საქართველომ ყურადღების მოსაპოვებლად უნდა იბრძოლოს - პატარა ქვეყნები იმაზე დიდები უნდა ვიყოთ, ვიდრე ფიზიკურად ვართ

როგორ ჩანს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები საზღვარგარეთიდან, კერძოდ, ისეთი ერთ-ერთი მთავარი მეგობარი ქვეყნის გადმოსახედიდან, როგორიც ესტონეთია? არის თუ არა აქტუალური საქართველოს საგარეო მიზნები ევროპელი და ზოგადად, დასავლელი კოლეგებისთვის? ამ კითხვებს ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მარკო მიკელსონი პასუხობს. ის „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, ესტონეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებსა და რუსეთის ფედერაციის მიერ გამოწვეულ პრობლემებზე ექსკლუზიურ ინტერვიუში ესაუბრა.

- ბატონო მარკო, ამერიკელმა კონგრესმენებმა და სენატორებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას რამდენიმე წერილი გამოუგზავნეს, სადაც მოხსენიებული იყო ის, რომ დაპირების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არ გადავიდა, აგრეთვე, წერილები ეხებოდა თბილისში გამართულ აქციებს, რამდენიმეში კი ხაზგასმული იყო შეშფოთება საქართველოს მიერ დემოკრატიული ღირებულებებისა და ეკონომიკური კეთილდღეობისგან ჩამოშორების გამო. ანალოგიური კრიტიკა ევროპარლამენტიდანაც ისმოდა. ხედავთ თუ არა მსგავს ნიშნებს საქართველოში განვითარებულ მოვლენებში და რას ნიშნავს, როდესაც ამერიკელი კონგრესმენები და ევროპარლამენტის წევრები ასეთ განცხადებებს აკეთებენ?

- პირადად მე და ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტი ყურადღებით ვაკვირდებით, როგორ ვითარდება მოვლენები საქართველოში, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისა და ეკონომიკური კუთხით. ესტონეთი და საქართველო უახლოესი მეგობრები არიან და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ თქვენ მიერ არჩეულ გზაზე წარმატებას მიაღწიოთ. მაგრამ დიახ, რა თქმა უნდა, თქვენი ქვეყნის პოლიტიკაში, შიდა საქმეებში მოვლენების იმგვარ განვითარებას ვხედავთ, რომელმაც მოკავშირეებსა და მეგობრებს, როგორც ახსენეთ, ამერიკელ კონგრესმენებსა და ევროპარლამენტარებს შორის კითხვები გააჩინა, ასევე, ბოლო ხანებში ევროსაბჭოშიც იყო დისკუსია.

თქვენი ქვეყნის პოლიტიკაში, შიდა საქმეებში მოვლენების იმგვარ განვითარებას ვხედავთ, რომელმაც მოკავშირეებსა და მეგობრებს, კონგრესმენებსა და ევროპარლამენტარებს შორის კითხვები გააჩინა

წარმატებული ინტეგრაცია, იქნება ეს ევროკავშირი თუ ნატო, დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად მიდის შიდა საქმეები და რამდენად ძლიერია დემოკრატიული ინსტიტუტები, ასევე, მიმდინარეობს თუ არა დემოკრატიული, პლურალისტური დებატები ქვეყანაში, საზოგადოების ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით. ეს უნდა გაითვალისწინოთ, რადგან არსებით როლს თამაშობს იმ კუთხით, თუ რამდენად დიდია ევროკავშირისა და ნატო-ს გარკვეული წევრი ქვეყნების „დაღლილობა“, საქართველოში არსებული სიტუაციის ანალიზიდან გამომდინარე რა ტენდენციები უფრო იკვეთება თუნდაც, ნიუსებში. სწორედ აქ უნდა იყოთ ძალიან ფრთხილი.

- საქართველოს მთავრობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მის ერთ-ერთ უმთავრეს მიღწევად თვლიდა და ამის შესახებ განცხადებებს საერთაშორისო დონეზეც აკეთებდა, მაგრამ, შემდგომ კანონპროექტი მმართველმა პარტიამ პარლამენტში ჩააგდო. ამან საზოგადოებას აფიქრებინა, რომ ხელისუფლებამ „მოიტყუა“, რასაც ქუჩის საპროტესტო აქციები მოჰყვა. როგორ ფიქრობთ, როგორ შეუძლია მთავრობას შეცვალოს მათი დამოკიდებულება უკეთესისკენ მსგავს სიტუაციაში, თუ ეს საერთოდ შესაძლებელია?

- ჩემთვის რთულია დავინახო, თუ რა იქნება საქართველოსთვის უკეთესი, მაგრამ შემიძლია გითხრათ ესტონეთზე. ჩვენთან ადრიანი 1990-იანი წლებიდან წმინდად პროპორციული საარჩევნო სისტემა მოქმედებს, რომელმაც ესტონურ პოლიტიკაში მონაწილეობის კუთხით ძალიან კარგი შედეგები გამოიღო. არასდროს გვქონია დებატები იმის შესახებ, უნდა შევცვალოთ თუ არა ეს სისტემა, რადგან ის რეალურად საზოგადოების განწყობას ირეკლავს. არჩევნების შედეგად, ყოველთვის საპარლამენტო კოალიციები ყალიბდებოდა, რაც ვფიქრობ, ერთი პარტიის დომინირებასთან შედარებით ხანდახან ნამდვილად უფრო სარგებლიანია, რადგან ამ შემთხვევაში ერთდროულად სხვადასხვაგვარი მოსაზრებებია წარმოდგენილი კოალიციაში, მთავრობაში. ეს ალბათ, საზოგადოებაში უფრო ფართო მხარდაჭერის არსებობას უწყობს ხელს. პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩვენი გამოცდილება სწორედ ამიტომ აღმოჩნდა კარგი. ქვეყნები თავად წყვეტენ, რა იქნება მათთვის საუკეთესო, არის განსხვავებები, მაგრამ საქმე იმაშია, რომ თუ გადაწყვეტილებები მიიღება, შემდეგ კი ისინი იცვლება იმისთვის, რომ რომელიმე პარტიის ინტერესების მიღწევა გაადვილდეს, ალბათ, ეს საუკეთესო პრაქტიკა არ არის, რომლის არჩევაც შეგიძლიათ.

თუ მიღებული გადაწყვეტილებები იმისთვის იცვლება, რომ რომელიმე პარტიის ინტერესის მიღწევა გააადვილოს, ალბათ, ეს საუკეთესო პრაქტიკა არ არის, რომლის არჩევაც შეგიძლიათ

- რამდენიმე თვის წინ, ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ საქართველომ უნდა დაიწყოს დისკუსიები იმის შესახებ, მისაღები იქნება თუ არა, შეუერთდეს ნატო-ს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე, და განიხილოს შესაძლებლობა, მეხუთე მუხლმა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია დაფაროს. ზოგიერთმა თანამდებობის პირმა განაცხადა, რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა და ხაზი კვიპროსის მაგალითს გაუსვა. თუმცა, ნატო-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ალიანსში არ განიხილება. ფიქრობთ, რომ ეს იდეა იმუშავებდა და თუ ასეა, როგორია თქვენი მოსაზრება, რატომ არ განიხილება ეს ნატო-ში?

- ესტონეთი მომავალში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას მტკიცედ უჭერს მხარს და ეს ჩვენი გრძელვადიანი პოლიტიკაა. ყოველთვის, როდესაც დისკუსიები შეეხება ე.წ. ღია კარს და ისეთი ქვეყნების ინტეგრაციას, როგორიც საქართველოა, ესტონეთის მხარდაჭერა სახეზეა. რა თქმა უნდა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ თავდაცვისა და სამხედრო საკითხი კი არ არის, არამედ პოლიტიკასაც ეხება. თქვენი წინა შეკითხვები დაკავშირებულია ნატო-ს მოკავშირეების ზოგად მზადყოფნასთან, მხედველობაში მიიღონ საქართველოს გაწევრიანების შესაძლებლობა უახლოეს მომავალში. ვფიქრობ, საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში დიდი სამუშაო გასწია, ძალიან პრაქტიკული იყო და სხვადასხვა გზა გახსნა ნამდვილი თანამშრომლობისკენ, როგორიცაა საწვრთნელი პროგრამები ნატო-ს მოკავშირეებთან ერთად - თქვენს დიდ წვლილს საერთაშორისო მისიებში, ავღანეთსა და მსოფლიოს რამდენიმე სხვა კუთხეში ყველა აღიარებს. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ძალისხმევები - ნატო-ს ინდივიდუალურ წევრ ქვეყნებთან მიმართებაში და მტკიცე მხარდაჭერის მოპოვება იმ უკვე მხარდამჭერი ქვეყნებისგან, როგორიცაა ესტონეთი და ბალტიის სახელმწიფოები. თქვენ უნდა ფოკუსირდეთ მათზე, ვინც პრობლემებს ხედავს ოკუპირებული ტერიტორიებისა და რუსეთის ამჟამინდელი ინტერვენციის საკითხებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ნატო-ს ისტორიაში სხვადასხვა შემთხვევა გვინახავს.

- ფიქრობთ, რომ როგორც ნატო-სთვის, ასევე ევროკავშირისთვის, ოკუპაციის საკითხი მთავარი პრობლემაა? რა შეიძლება იყოს მათთვის, ცალ-ცალკე, საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით ბარიერები?

- ნატო-ს შემდგომი გაფართოების თვალსაზრისით, როგორც საქართველოსთვის, ისე - უკრაინისთვის რამდენიმე, ბარიერს თუ არა, საკითხს ვხედავ. ყველას გვესმის, რატომ დაიწყო ომი რუსეთმა, როდესაც 2008 წელს თქვენი მთავრობის პროვოცირება მოახდინა, ეს სტრატეგიული მიზანი იყო, რომ მათ საქართველოს ტერიტორიების ნაწილის ოკუპირება მოეხდინათ და ასევე, უზრუნველეყოთ, რომ ნატო სამხრეთ კავკასიაში არასდროს გაფართოვდება. რა თქმა უნდა, თქვენს რეგიონში რუსეთს დიდი ინტერესები აქვს. ამ გზით მათ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ძალისხმევა გასწიეს, რათა ევროპულ სახელმწიფოებს და მოკავშირეებს იმ გაყინული კონფლიქტებისა თუ ოკუპირებული ტერიტორიების სირთულე ეღიარებინათ, როგორიცაა ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არსებული მდგომარეობა. ერთია ის, როგორ მიდის შიდა საქმეები და რამდენად ხართ მომზადებული, როგორც ძლიერი დემოკრატია და ღია, მძლავრი ეკონომიკა იმისთვის, რომ „კლუბს“ შეუერთდეთ, მაგრამ საკითხი რუსულ ძალისხმევასაც ეხება, რომ გაყინული კონფლიქტების თემა ნატო-ს მოკავშირეებს შორის ყოფილიყო. რამდენჯერმე, ევროპის სხვადასხვა კუთხეში მომისმენია, რომ პოლიტიკოსები ფიქრობენ: „კარგი, გასაგებია, თქვენ კონფლიქტი გაქვთ რუსეთთან, ჩვენ კი არ შეგვიძლია, კონფლიქტი ნატო-ში შემოვიტანოთ“. რასაც ვხედავთ, ეს დაღლაა, არა მარტო ნატო-ს შემთხვევაში, არამედ, ევროკავშირის გაფართოების საკითხის შემთხვევაშიც ბოლო დროს ვიხილეთ დებატები, თუ რამდენად გახსნილი ან არც ისე გახსნილი უნდა იყოს მოლაპარაკებები ჩრდილოეთ მაკედონიასა და ალბანეთთან. ეს ალბათ, მეტყველებს იმაზე, რომ თქვენი მხრიდან, თქვენი დიპლომატიიდან ძალისხმევები უზარმაზარი მნიშვნელობისაა და უნდა მოახერხოთ, ეს არ იყოს ისეთი რამ, რომ მოკავშირე ქვეყნების პოლიტიკოსების წარმოდგენაში მსგავსი ბარიერები საბოლოო ფინიშის ხაზად იყოს წარმოდგენილი. ასე რომ, ეს ყველაფერი თქვენგან ბევრ ძალისხმევას მოითხოვს.

- შეგვიძლია ვთქვათ, რომ აშშ, ნატო, ევროკავშირი საქართველოს მიმართ ბოლო წლებში ნაკლებ ინტერესს ამჟღავნებენ და შეიძლება, ქართველ ხალხს იმედი გაუცრუვდეს, იმის გამო, რომ სტიმულები დემოკრატიისთვის არასაკმარისია?

- ვიტყოდი, რომ დღეს მსოფლიოს ჯოჯოხეთურად ბევრი სხვა პრობლემა აქვს. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზეც და ზოგადად, ბოლო დროს, ვიხილეთ, რომ ყველას გონებაში ჩინეთი უტრიალებს, მოვლენები ახლო აღმოსავლეთში, ლიბიასა და მსოფლიოს ბევრ სხვა კუთხეში. უკრაინაში ომი კვლავ მიმდინარეობს, ცოტა ხნის წინ კი მის აღმოსავლეთ ნაწილში დიდი ესკალაცია ვიხილეთ, რაც, ნატო-ს წევრი ქვეყნების, აშშ-ს საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში, როგორც ყველაზე ცოტა, ყოველდღიურად არ შედის. ასე რომ, თქვენი მხრიდან წამოსული მოთხოვნები და ძალისხმევები უფრო მეტ ყურადღებას გამოიწვევს. არ უნდა იფიქროთ: „კარგი, ახლა ჩვენ მიმართ ნაკლები ყურადღებაა“. დიახ, თქვენ უნდა იბრძოლოთ იმისთვის, რომ მოიპოვოთ ყურადღება - საქართველოსა და ესტონეთისნაირი პატარა ქვეყნები ასე ვთქვათ, ყოველთვის იმაზე დიდები უნდა ვიყოთ, ვიდრე ფიზიკურად ვართ.

თქვენ უნდა იბრძოლოთ იმისთვის, რომ მოიპოვოთ ყურადღება - საქართველოსა და ესტონეთისნაირი პატარა ქვეყნები ასე ვთქვათ, ყოველთვის იმაზე დიდები უნდა ვიყოთ, ვიდრე ფიზიკურად ვართ

- „ხალხმა არ იცის, რა არის საქართველო და რატომ უნდა მას, გახდეს ნატო-ს წევრი“, - ეს თქვენი სიტყვებია. თქვენი მოსაზრებით, რა არის იმის მიზეზი, რომ ხალხმა საქართველოს შესახებ არ იცის? ეს იმის გამო ხომ არ არის, რომ მთავრობა საერთაშორისო დონეზე ქვეყანას საკმარისად ვერ წარმოადგენს, თუ ამის რაიმე სხვა გამომწვევს ხედავთ?

- ესტონეთის შემთხვევაში, საქართველო ძალიან კარგად არის ცნობილი. სულ ახლახანს, ჩვენთან ჩატარებულ მუსიკალურ კონკურსში, სადაც ევროვიზიის კონკურსისთვის სიმღერას ვირჩევთ, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერა სწორედ საქართველოზე იყო. დიდი იმედი მაქვს, ეს სიმღერა როტერდამში მოხვდება და გაიმარჯვებს. თუმცა, როგორც ვთქვი, მსოფლიოში ბევრი სხვა პრობლემაა, ისინი, რაც უკვე ვახსენე და ისინი, რაზეც არ გვისაუბრია, როგორიცაა კლიმატის ცვლილება და ბევრი სხვა. ყურადღებისთვის ბრძოლა დამოკიდებულია თქვენი მთავრობის წევრებისა და პარლამენტარების მუდმივ ძალისხმევაზე, იმ დიპლომატებზე, ვინც საქართველოს შეხედულებებს წარმოადგენს. ესტონეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი კონტაქტები კარგად მიდის და არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ ვინაა ხელისუფლებაში თბილისსა თუ ტალინში. მაგრამ მაინც, ხანდახან ვგრძნობთ „დაღლილობის“ განწყობას ისეთი ქვეყნებისგან, როგორიცაა ნიდერლანდები, საფრანგეთი ან რამდენიმე სხვა ქვეყანა. უნდა ეცადოთ, იპოვოთ მოკავშირეები, მეგობრები და ასევე, იფიქროთ იმ ფაქტზე, რომ ევროკავშირისა და ნატო-ს გაფართოებისადმი ეს „დაღლილობა“, „უხალისობა“ არსებობს. ამას გარდა, ხანდახან იმის ტაქტიკაც უნდა შეცვალოთ, თუ როგორ უნდა მიუდგეთ ამ ქვეყნებს.

- რამდენიმე თვის წინ, ტალინში განვიხილეთ, რომ დასავლელი პოლიტიკოსები და პოლიტიკა რუსეთის მიმართ ზედმეტად რბილი იყო, როდესაც ჩეჩნეთის ომი მოხდა, რამაც ის შემდგომ საქართველოსა და უკრაინაში განვითარებული მოვლენები გამოიწვია. თქვენ მაშინ მითხარით, რომ ეს თუ არ შეჩერდება, სადმე სხვაგან კვლავ გაგრძელდება. თქვენი აზრით, რატომ იყვნენ დასავლელი პოლიტიკოსები და პოლიტიკა ასეთი და რატომ არის ახლაც ზედმეტად რბილი, თუ შეგვიძლია, ასე ვთქვათ? ეს იმ ბერკეტებს უკავშირდება, რასაც რუსეთი ფლობს?

- რუსეთი ძლიერი ქვეყანა, ბირთვული ძალაა და ბევრ ქვეყანას მათთან ურთიერთობის დიდი ისტორია აკავშირებს. ყოველთვის არის იმედი, რომ ბევრად უკეთესი იქნება, თუ რუსეთი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უსაფრთხოების შესახებ დებატებში იქნება ჩართული, ვიდრე - მუდმივ კონფრონტაციაში. მგონია, ჩვენ, ესტონეთი და ვიმედოვნებ, თქვენც, საქართველო, ვიზიარებთ პოზიციას, რომ ჩვენს საერთო დიდ მეზობელთან ნორმალური და პროგნოზირებადი ურთიერთობის ქონა ყოველთვის უკეთესია. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ რუსეთი რევანშისტია, მზარდად რევანშისტი, რევიზიონისტი იმ კუთხით, 20-ე საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფის, საბჭოთა იმპერიის, საბჭოთა კავშირის დაშლის შემოტრიალების კუთხით. კავკასია პირველი იყო, სადაც რუსეთმა თავისი, ასე ვთქვათ, საპასუხო ბრძოლა დაიწყო, პირველი მათი საკუთარი ტერიტორია, ჩეჩნეთი იყო, მაგრამ ამას შემდეგ საქართველო მოჰყვა, ახლა კი ის, რაც უკრაინაში ხდება. ვხედავთ, რომ ბელარუსზე ზეწოლაც მეტისმეტად იზრდება, ამას გარდა, რუსეთი დღეს ცენტრალურ ევროპულ ქვეყნებში, ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებაში ძალიან აქტიურია. ასე რომ, საკითხი ეხება იმას, თუ რატომ არ იყო მძლავრი ევროპა და დასავლეთი 2008 წელს. მაშინ ყურადღება სადღაც სხვაგან იყო - ავღანეთში, შემდეგ შუა აღმოსავლეთში, ასევე, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისკენ. რუსეთი ასე ვთქვათ, ზოგადი საერთაშორისო უსაფრთხოების რადარებზე არ არსებობდა.

2008 წელს ყურადღება სადღაც სხვაგან იყო - რუსეთი ასე ვთქვათ, ზოგადი საერთაშორისო უსაფრთხოების რადარებზე თითქოს არ არსებობდა

სამარცხვინო ის არის, რომ 2014 წელს, ყირიმის მოვლენების დროსაც კი, ბევრ მოკავშირე ქვეყანას ყურადღება სხვაგან ჰქონდა მიპყრობილი და არა - რუსეთისკენ. იმედია, ეს შეიცვალა, სანქციების პოლიტიკა დაინერგა, ევროკავშირის წევრებსა და სხვა ქვეყნებს არ აქვთ მისი შერბილების სურვილი, სანამ რუსეთი უკრაინის შემთხვევაში ქმედებებს არ შეცვლის. მაგრამ ალბათ, მნიშვნელოვანია ისიც, რომ კარგი იქნებოდა, ევროკავშირსა და უკრაინას ერთად ემუშავათ, ხაზი გაესვათ, რომ ეს მხოლოდ რომელიმე ქვეყნის პრობლემა კი არა, უდიდესი გეოპოლიტიკური საკითხია.

- თქვენი სიტყვებით, „სანქციები ყველაზე ცოტაა იმის სადემონსტრაციოდ, რომ მათი ქმედება მიუღებელია“. საქართველოს გასულ ზაფხულს ე.წ. საზღვართან საკმაოდ სახიფათო სიტუაცია ჰქონდა, მიმდინარეობს ე.წ. ბორდერიზაცია, ადამიანებს აკავებენ. რა შეიძლება, გაკეთდეს, რომ რუსეთისგან მომავალი ეს აგრესია შეწყდეს?

- ამჟამად ესტონეთი გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრია, ვაკვირდებით ე.წ. ბორდერიზაციისა და თქვენს ქვეყანაში არსებული ზოგადი უსაფრთხოების სიტუაციის საკითხებს, ისევე, როგორც სიტუაციას უკრაინასა და მსოფლიოს სხვა ისეთ კუთხეებში, რომლებიც ასე ვთქვათ, ჩვენი საერთო შეშფოთების საგანია. კიდევ რისი გაკეთება შეუძლია დასავლეთს? ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია, დასავლურ ქვეყნებს ეს საკითხები რადარებზე ჰქონდეთ, კარგად იყვნენ ინფორმირებულები და ანალიზი იმის გაცნობიერების პარალელურად მიმდინარეობდეს, რომ ეს ცალკეული შემთხვევები არ არის. ეს არ არის მხოლოდ ის, რაც საქართველოში ხდება, არამედ, სამწუხაროდ, რუსული რევიზიონისტული პოლიტიკა დღეს არა მხოლოდ მეზობელ ქვეყნებზე ახდენს გავლენას, არამედ - მოკავშირეების ინტერესებზეც.

რუსული რევიზიონისტული პოლიტიკა დღეს არა მხოლოდ მეზობელ ქვეყნებზე ახდენს გავლენას, არამედ - მოკავშირეების ინტერესებზეც

აი, სწორედ აქ შეუძლიათ საქართველოს მეგობრებს, ესტონეთსა და სხვა ქვეყნებს, საკითხი ევროკავშირსა და ნატო-ში წამოწიონ. ეს მუდმივი შრომაა, დიპლომატიაში სასწაულებს არ უნდა ელოდოთ, მაგრამ მიზანი თქვენს გონებაში და თქვენ წინ დასახული უნდა გქონდეთ.

- 14-15 მაისს თბილისში ევროსაბჭოს შეხვედრაა დაგეგმილი. დებატები მიმდინარეობს იმის შესახებ, უნდა შემოუშვას თუ არა მასზე დასასწრებად საქართველომ სერგეი ლავროვი (თუ მას ამის სურვილი ექნება) და ზოგადად, რუსეთის დელეგაცია. ლავროვმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების კანონი რამდენჯერმე დაარღვია. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ და როგორ მოიქცეოდა ესტონეთი მსგავს სიტუაციაში?

- რა თქმა უნდა, ეს თქვენი მთავრობის სუვერენული გადაწყვეტილებაა, მაგრამ დიახ, საქმე იმაშია, რომ არავინ - არც საქართველო, არც ესტონეთი - ორმხრივი დიალოგის წინააღმდეგი არ არის, თუ ის მართლაც სერიოზული პრობლემების გადაწყვეტის გზების მონახვას ემსახურება. თუმცა, უკრაინის შემთხვევაშიც, სადაც „ცხელი ომი“ მიმდინარეობს, აღმოსავლეთ უკრაინაში დეესკალაციის შესახებ შეთანხმებები ვიხილეთ, მაგრამ დღეს, უკრაინის წინააღმდეგ უდიდეს შეტევას ვხედავთ. ერთია სიტყვები, თუმცა მათ საქმეები არ ახლავს. სამწუხაროდ, მეტი და მეტი პრობლემის წამოწევას ვხედავთ, ვიდრე ხელმოსაჭიდ გადაწყვეტას, და სწორედ აქ უნდა იყოთ მტკიცე.

ეკა აბაშიძე

„ინტერპრესნიუსი“

ხათუნა ბურკაძე - გლობალური გამოწვევები გლობალურ ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა, სახელმწიფოებმა უფრო მეტი წინდახედულება უნდა გამოიჩინონ საკუთარი რესურსების  შესაქმნელად
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2020
ვალერი სოლოვეი - თუ დაავადებულთა აბსოლუტურ ციფრებს გავითვალისწინებთ, რუსეთი ევროპაში იტალიისა და ესპანეთის შემდეგ მესამე ადგილზეა
BTU-ს ახალი ამერიკული პარტნიორი StrategEast ქვეყანაში ტექნოლოგიური ჰაბის განვითარების პროცესში ერთვება
სილქნეტის მობილური აბონენტები საქართველოს ბანკის მობილბანკით სარგებლობას ინტერნეტის გახარჯვის გარეშე შეძლებენ
კომპანია “გრინჰილი“ უერთდება COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას და ამ მიზნით სახელმწიფო ფონდში 100,000 ლარი ჩარიცხა
უკონკურენტო საბანკო მოდელი "პროკრედიტ ბანკისგან", ვიდეო იდენტიფიკაცია, ფილიალის ალტერნატივად
კომპანია „თბილღვინომ“ StopCov ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა
31 მარტიდან Wolt-ით შეკვეთის განთავსება 09:00-19:30 საათებში იქნება შესაძლებელი