ხატია წილოსანი მევენახეთა კონფერენციას დაესწრო

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მევენახეთა რიგით მეორე კონფერენციას დაესწრო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეკრებაში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 300-მდე მევენახე მონაწილეობდა. კონფერენცია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიცირებით გაიმართა და მისი მიზანი მევენახეობაში არსებული პრობლემების განხილვა და გადაჭრის გზების მოძიებაა. მინისტრის მოადგილემ შეკრების მონაწილეებს მიმართა და სამინისტროს მიერ დაგეგმილი ის ინიციატივები გააცნო, რაც მევენახეობა-მეღვინეობის დარგში უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოების საწინდარი უნდა გახდეს.

„საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, აქვს ამბიცია აწარმოებდეს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას. ამის საწინდარია ქართული ვაზი და ჯიშების ის მრავალფეროვნება, რომლებიც მეღვინეობის 8-ათასწლიანი უწყვეტი ტრადიციის მანძილზე შეიქმნა. ამასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია ის თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც განაპირობებენ დარგის განვითარებას", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა სარგავი მასალის სერტიფიცირების ახალ სისტემაზე, რაც საფუძველი უნდა გახდეს მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებისთვის.

ხატია წილოსანი მევენახეებს იმ პროგრამებზე ესაუბრა, რომლებიც დარგის გაჯანსაღებასა და განვითარებას ემსახურება. კერძოდ, ესენია აგროდაზღვევის სისტემა, ვენახების კადასტრის პროგრამა, ღვინის ხარისხის ლაბორატორიული კვლევა და სხვა. შეხვედრის მონაწილეებს ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ მიმართა, რომლის თქმითაც, სწორედ ვენახი არის ერთი-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ხარისხიანი ღვინის წარმოებისთვის. მეხუზლას განცხადებით, ამის მისაღწევად, აუცილებელია დარგში თანამედროვე განათლებისა და ტექნოლოგიების დანერგვა.

კონფერენციაზე დავით სონღულაშვილმა ასევე დააანონსა, რომ მომავალ წელს კახეთის რეგიონში „კახეთის ექსპო" ჩატარდება, რაც კიდევ უფრო მასშტაბური ღონისძიება და მეტი შესაძლებლობების მომცემი იქნება ფერმერებისთვის.

„კონფერენცია ორ პანელად გაიმართა და მასზე მომხსენებლებმა ჯიშების მრავალფეროვნებაზე, კადასტრის პროგრამაზე, ბიომევენახეობაზე, ღვინის მარკეტინგზე, აგროდაზღვევაზე, მცირე ბიზნესის ხელშემწყობ პროექტებზე ისაუბრეს. კონფერენციაზე ასევე გაიმართა ქვევრის გახსნის ცერემონია, მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენა და ღვინის დეგუსტაცია. ღონისძიებაზე კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ხატია წილოსანს, დავით სონღულაშვილს და ლევან მეხუზლას სიმბოლური საჩუქრების გადასცა, კერძოდ, ცენტრში დაცული ვაზთან და ღვინის კულტურასთან დაკავშირებული უნიკალური ხელნაწერების ასლები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს