„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.4 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის თებერვალში გასული წლის თებერვალთან შედარებით 4.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.8 პროცენტით განისაზღვრა.
უფრო კონკრეტულად, სურსათი და უალკოჰოლო სასმელები ერთ თვეში 1.3%-ით გაძვირდა. მათ შორის, ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (8.0 პროცენტი), ხილი და ყურძენი (3.6 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.7 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (0.7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ზეთსა და ცხიმზე (-0.6 პროცენტი), ასევე რძეზე, ყველსა და კვერცხზე (-0.3 პროცენტი).
წინა თვესთან შედარებით ტანსაცმელისა და ფეხსაცმელის ჯგუფში ფასები შემცირდა 3.1 პროცენტით. ფასები შემცირდა როგორც ფეხსაცმელზე (-6.0 პროცენტი), ისე ტანსაცმელზე (-1.4 პროცენტი). ამასთან, ტრანსპორტის ჯგუფში ერთ თვიან ჭრილში დაფიქსირდა ფასების 0.7 პროცენტიანი კლება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"