დავით ბაქრაძე - „ქართული ოცნება”, რომელიც ძალიან სწრაფი ტემპით მიდის სრული საერთაშორისო იზოლაციისკენ, ამ იზოლაციისკენ ექაჩება საქართველოსაც

ხელისუფლებას მოვუწოდებ, თვალი გაუსწოროს სინამდვილეს, რადგან სინამდვილე არის მისთვის უკიდურესაც საშიში და „ქართული ოცნება”, რომელიც ძალიან სწრაფი ტემპით მიდის სრული საერთაშორისო იზოლაციისკენ, ამ იზოლაციისკენ ექაჩება საქართველოსაც, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ევროპარლამენტარების წერილი შეაფასა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების მისამართით პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არგადასვლის, საარჩევნო წესებთან დაკავშირებით შეუთანხმებლობის, ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნისა და პოლიტიკური მართლმსაჯულების საკითხებთან დაკავშიებით, ევროპარლამენტისგან ძალიან კრიტიკული რეზოლუციაა მოსალოდნელი.

„ქართულმა ოცნებამ” თვალი უნდა გაუსწოროს რეალობას, რომ კრიტიკა, რომელიც მოდის უცხოეთში ჩვენი მეგობრების და სტრატეგიული პარტნიორებისგან, ეს არ არის ცალკეული პოლიტიკოსებისგან ან ცალკეული პოლიტიკური ჯგუფებისგან მომავალი კრიტიკა. ამას ადასტურებს ეს წერილიც, რომელსაც ხელს აწერს ევროპარლამენტის ყველა წამყვანი ჯგუფის წარმომადგენელი. ამ კრიტიკის საფუძველია: პირველი - საარჩევნო სისტემაზე შეუთანხმებლობა და პროპორციული სისტემის ჩაგდება, ხოლო მეორე - პოლიტიკური მართლმსაჯულება და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ მიმდინარე დევნა. ამიტომ, ვიდრე არ გამოსწორდება ამ კრიტიკის ეს ორი საფუძველი, კრიტიკა გაგრძელდება, გაღრმავდება და მოიმატებს. აქედან ადამიანების გაგზავნა, დელეგაციების გაშვება, იმ იმედით, რომ ვიღაცას ცნობიერებას აუმაღლებს და აუხსნიან, ეს ყველაფერი არის წყლის ნაყვა. კრიტიკა მხოლოდ მოიმატებს, სანამ არ იქნება გადაწყვეტილი ეს ორი საკითხი.

ამიტომ, ხელისუფლებას მოვუწოდებ თვალი გაუსწოროს სინამდვილეს, რადგან სინამდვილე არის მისთვის უკიდურესაც საშიში. „ქართული ოცნება”, რომელიც ძალიან სწრაფი ტემპით მიდის სრული საერთაშორისო იზოლაციისკენ, ამ იზოლაციისკენ ექაჩება საქართველოსაც, ამიტომ ვითარება არის მძიმე.

ხელისუფლებას მოვუწოდებ, ელემენტარული პასუხისმგებლობა გამოიჩინოს, თვალი გაუსწოროს სინამდვილეს და თავი დაანებოს საუბარს ევროპარლამენტარების და კონტრესმენების ცნობიერების ამაღლებაზე. მათთან ცალკეული ვიზიტები, მათი განწყობის შეცვლის მცდელობები იქნება კონტრ-პროდუქტიული, სანამ არ გადაწყდება და არ მოგვარდება ის მიზეზები, რის გამოც ჩვენი მეგობრები აკრიტიკებენ საქართველოს.

გამომდინარე გუშინდელი წერილიდან, ამ ორი თემის ირგვლივ უნდა ველოდოთ ძალიან კრიტიკულ რეზოლუციას საქართველოს ხელისუფლების მიმართ”,- განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის 26-მა წევრმა, რომელთაც მარკეტა გრეგოროვა ხელმძღვანელობს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას 5 მარტს წერილი გაუგზავნა. წერილი „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. წერილში ევროპარლამენტარები შეშოთებას გამოთქვამენ საქართელოს მიერ კანონის უზენაესობის და დემოკრატიული პრინციპების მიმართულებით უკან დახევის გამო. ისინი მწუხარებას გამოხატავენ, რომ საქართველომ ვერ შეძლო 2020 წლისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასულიყო და მოუწოდებენ ქვეყნის მთავრობას, შეასრულონ დაპირება და მიიღონ ზომები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის დამატებითი „გადავადებების გარეშე“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს