ბორის სოკოლოვი - უახლოეს მომავალში ვერ ვხედავ ისეთ სცენარებს, რომ სირიაში თურქულ-რუსული კონფლიქტი დასრულდება, მაგრამ არა მგონია ეს საქართველოზე რამენაირად აისახოს

მოსკოვში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის დასრულებული მოლაპარაკებების შედეგებზე „ინტერპრესნიუსი“ რუს პოლიტოლოგ ბორის სოკოლოვს ესაუბრა.

- ბატონო ბორის, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა, რომელზეც სირიაში გართულებილი ვითარების შემდეგ ბევრს საუბრობდნენ, შედგა. მხარეებმა მის შედეგებზე ერთობლივ პრესკობფერენციაზე ისაუბრეს.

თქვენ როგორ შეაფასებდით პუტინისა და ერდოღანის კრემლში გამართული შეხვედრის შედეგებს?

- მხარეები შეთანხმდენენ იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. სახმელეთო ტრასის მ4-ის ერთობლივ პატრულებაზე და დეესკალაციის ზონის შექმნაზე. შეთანხმებაში ეს ყველაფერი გაწერილია, მაგრამ რეალურად როგორ იმუშავებს ის, ჯერ უბრალოდ გაუგებარია.

ისიც გაუგებარია, ცეცხლის შეწყვეტა მხარეებს შორის დაპირისპირების ზოლზე რომაა ნავარაუდები, რადგან დაპირისპირების ზოლის ხაზი ყოველ საათში მუდმივად იცვლება. იმ რაიონებში ფრონტის ერთიანი ხაზი არც კი არსებობს.

პუტინისა და ერდოღანის მოლაპარაკებების შედეგების შეჯამება ჭირს, რადგან ძნელია იმაზე საუბარი, რეალურად რამდენად შეძლებენ მხარეები შეთანხმების შესრულებას.

პუტინისა და ერდოღანის მოლაპარაკებების შედეგების შეჯამება ჭირს, რადგან ძნელია იმაზე საუბარი, რეალურად რამდენად შეძლებენ მხარეები შეთანხმების შესრულებას

- იმის გათვალისწინებით, რომ უკანასკნელ წლებში ანკარასა და მოსკოვს შორის უკვე 14 შეთანხმება გაფორმდა და ყველა დაირღვა და არ შესრულდა, ამჯერად რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ეს ბოლო შეთანხმება შესრულდეს?

- არა ვარ დარწმუნებული რომ პუტინსა და ერდოღანს შორის ამჯერად მოსკოვში გაფორმებული შეთანხმება შესრულდება.

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სირიის საკითხში რუსეთი ერთადერთი მოთამაშე არაა. იდლიბის პროვინციაში რუსული ძალები ცოტანი არიან. მანდ ახლა რუსული ავიაციაა და სახმელეთო ძალების მხოლოდ რამოდენიმე ასეულია. ახლა იდლიბში ასადის მხარეს ირანის შენაერთები იბრძვიან. ჯერ გაუგებარია თუ რა პოზიცია ექნება ამ შეთანხმებაზე თეირანს.

არა ვარ დარწმუნებული რომ პუტინსა და ერდოღანს შორის ამჯერად მოსკოვში გაფორმებული შეთანხმება შესრულდება, რადგან ჯერ გაუგებარია თუ რა პოზიცია ექნება ამ შეთანხმებაზე თეირანს

სირიაში ახლა თურქების გარდა არის ასადის არმია, ირანის ძალები, ასევე სირიის ოპოზიციის ძალები. სხვათა შორის, ასადის ოპოზიციაც საკმაოდ მრავალფეროვანია და ნებისმიერ ამ ძალას შეუძლია დაარღვიოს ის შეთანხმება, რაზეც მოსკოვში პუტინი და ერდოღანი შეთანხმდნენ.

- პრეზიდენტებმა პუტინმა და ერდოღანმა იმაზე კი ისაუბრეს, რაზეც შეთანხმდნენ, მაგრამ არაფერი უთქვამთ იმაზე, რომ იდლიბში თურქეთის ძალები კარგა ხანია ალყაში არიან. არც იმაზე უთქვამთ რამე, თუ რა ბედი ეწევათ იდლიბის პროვინციაში დარჩენილ ისლამისტ-ჯიხადისტებს.

თქვენი აზრით, რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ ამ თემებზე პრეზიდენტებმა არ ისაუბრეს?

- არც არაფერს არ ნიშნავს. გასაგებია, რომ თეორიულად სირიის სამთავრობო ჯარები თავს არ უნდა დაესხნენ თურქებს, მაგრამ ერდოღანმა ყველა გააფრთხილა, რომ თუ სირიაში თურქეთის ძალებს საფრთხე შეექმნება, თურქეთის არმია მათ მთელი ძალით უპასუხებს.

ერდოღანმა ყველა გააფრთხილა, რომ თუ სირიაში თურქეთის ძალებს საფრთხე შეექმნება, თურქეთის არმია მათ მთელი ძალით უპასუხებს

- რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ არაფერი არ თქმულა იმაზე, რომ მოსკოვში გამართულ შეხვედრამდე ანკარა სირიისგან ითხოვდა იმ პოზიციებიდან უკან დახევას, რომელიც მათ მოსკოვის შეხვედრამდე დაიკავეს?

- არც ეს ნიშნავს არაფერს, რადგან, თუ ერდოღან-პუტინის ბოლო შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებებით ვიმსჯელებთ, ანკარას ამ მოთხოვნაზე უარი არ უთქვამს. როგორც ჩანს, თურქეთი მაინც ეცდება ასადის არმიას დაათმობინოს ის პოზიციები, რომელიც მათ მოსკოვის შეხვედრამდე თურქული სადამკვირვებლო საგუშაგოების ირგვლივ დაიკავეს.

იმისთვის, რომ ერდოღანმა იდლიბში სირიულ-ირანული ქვედანაყოფების განადგურება შეძლოს, მას იდლიბის პროვინციაში არანაკლებ 5 დივიზიის შეყვანა დასჭირდება. შეძლებს კი ერდოღანი ამის გაკეთებას, ან ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას, არ ვიცი

- ერდოღანმა კრემლში დააფიქსირა თავისი პოზიცია იმაზე, რომ რუსეთის მოწოდებების მიუხედავად თურქეთი არ აპირებს სირიიდან გასვლას.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ რამდენ ხანს გაგრძელდება სირიაში რუსულ-თურქული დაპირისპირება?

- პირადად მე, სკეპტიკურად ვარ განწყობილი. არ ვფიქრობ, რომ სირიაში რუსულ-თურქული დაპირისპირება დიდხანს გაგრძელდება. საქმე ისაა, რომ იმისთვის რომ ერდოღანმა იდლიბში დაპირისპირება მოიგოს, ამისთვის დასჭირდება სირიაში დამატებითი ძალების შეყვანა.

ახლა ერდოღანს იდლიბში ერთი დივიზია ჰყავს. იმისთვის კი, რომ ერდოღანმა იდლიბში სირიულ-ირანული ქვედანაყოფების განადგურება შეძლოს, მას იდლიბის პროვინციაში არანაკლებ 5 დივიზიის შეყვანა დასჭირდება. შეძლებს კი ეროღანი ამის გაკეთებას, ან ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას, არ ვიცი.

რაც მეტ ტერიტორიაზე ამყარებს კონტროლს ბაშარ ასადი, მით უფრო იზრდება სირიაში რუსეთის ხარჯები

ამას თავისი პლიუსები აქვს, მაგრამ აქვს თავისი მინუსებიც. მინუსებში იგულისხმება ის, რომ სირიაში დამატებითი ძალების შემთხვევაში თურქეთს სერიოზულ კონფრონტაციაში შესვლა მოუწევს რუსეთთან. ეს კი თურქეთისთვის ეკონომიკურად არაა მომგებიანი.

- თუ მოსკოვში დასრულებული მოლაპარაკებებს ასე შევხედავთ - ვინ მოიგო და ვინ წააგო? თქვენი დაკვირვებით, ამ თვალსაზრისით, რისი თქმა შეიძლება?

- ჩემი აზრით, რუსეთი მით მეტად აგებს სირიაში, რაც უფრო მეტ ტერიტორიაზე ამყარებს კონტროლებს ასადის ხელისუფლება. ასეა იმის გამო, რომ ასადის მთავრობაც და ასადის არმიაც და დიდწილად სირიის მოსახლეობა, რომელიც ასადის კონტროლის ქვეშაა, რუსეთი აფინანსებს. რაც მეტ ტერიტორიაზე ამყარებს კონტროლს ბაშარ ასადი, მით უფრო იზრდება სირიაში რუსეთის ხარჯები.

რუსეთს მოგება შეიძლება მოუტანოს არა იდლიბის პროვინციამ, არამედ ქურთებით დასახლებულ რაიონებში არსებულმა ნავთობისა და გაზის საბადოებმა. იდლიბში წარმატების მიუხედავად ასადის სირიაში ეკონომიკური და სოციალური ვითარება არ უმჯობესდება.

თუ სამხედრო ძლიერებაზე ვსაუბროთ, ახლა სირიაში თურქულთან შედარებით რუსული ძალა ისე ძლიერად არ გამოიყურება. თუ ადრე ასადის წინააღმდეგ ასადის ოპოზიცია იბრძოდა, ახლა ასადის წინააღმდეგ თურქული ძალები იბრძვიან. ისინი კი რუსეთითვის ანგარიშგასაწევია ძალაა

თუ ვისაუბრებთ იმაზე, სამხედრო თვალსაზრისით ვინ მოიგო, რა თქმა უნდა, თურქები უფრო მოგებული არიან. თურქეთის სამხედროები სირიულ-ირანულ ძალებთან შედარებით გაცილებით ძლიერები არიან იმ რუსულ სამხედრო დაჯგუფებაზე, რომელიც ახლა სირიაში იმყოფება. ასეა თუნდაც იმიტომ, რომ რუსულ არმიას ახლა სირიაში რუსული სამხედრო დანაყოფი საკმაოდ მცირერიცხოვანია.

იდლიბის პროვინციაში ახლა საჰაერო სივრცე დე-ფაქტოდ გამოცხადებულია არასაფრენ ზონად. ესეა მას შემდეგ, რაც თურქებმა ოდლიბის პროვინციაში სამი სირიული თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

- ასეთ ფონზე, როცა მხარეები პრაქტიკულად არ საუბრობენ იმაზე, რომ სირიაში თურქეთსა და რუსეთს შორის ომია, გამოდის ახლა სირიაში რუსეთის პოზიციები შესუსტებულია?

- დიახ, არც ერთ მხარეს, არც რუსულს და არც თურქულს არ უთქვამს, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ იბრძვიან, მაგრამ ფაქტია, რომ თუნდაც არაპირდაპირ სირიაში ერთმანეთის წინააღმდეგ რუსეთი და თურქეთი იბრძვიან.

თუ სამხედრო ძლიერებაზე ვსაუბროთ, ახლა სირიაში თურქულთან შედარებით რუსული ძალა ისე ძლიერად არ გამოიყურება. თუ ადრე ასადის წინააღმდეგ ასადის ოპოზიცია იბრძოდა, ახლა ასადის წინააღმდეგ თურქული ძალები იბრძვიან. ისინი კი რუსეთითვის ანგარიშგასაწევია ძალაა.

ამერიკა სირიის ომში არ ჩაერთვება, მაგრამ თურქეთის მხრეს იქნება

მაგრამ, უნდა ითქვას ისიც, რომ თურქული და რუსული ძალები ცდილობენ არ შევიდნენ ერთმანეთთან კონფრონტაციაში. თუმცა, რეალობაში ერთმანეთის პოზიციების მისამართით სროლები ხორციელდება.

- კი ბრძანეთ, რომ ეკონომიკური ინტერესების გამო ანკარას რუსეთთან ღია ომი არ აწყობს, მაგრამ თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ სირიაში რეალურად გაჩაღდეს რუსულ-თურქულოი ომი?

- ვფიქრობ, რომ სირაიში რუსეთსა და თურქეთს შორის ისეთი ომი, რომელსაც ორივე მხარე ომად აღიარებს, ამ დონის სამხედრო დაპირისპირებას არ ექნება ადგილი.

ჩემი დაკვირვებით, ანკარაცა და მოსკოვიც ცდილობს ჩააქროს მათ შორის არსებული უთანხმოება. მაგრამ, მეორე მხრივ მხარეები ვერ პოულობენ ერთმანეთის მიმართ კომპრომისის შესაძლებლობას. ამის მიზეზი კი ისაა, რომ თურქეთი არ აღიარებს ასადის რეჟიმს, ხოლო რუსეთი აღიარებს.

არა მგონია სირიაში მიმდინარე პროცესები საქართველოზე პირდაპირ რამენაირად აისახოს

- თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ სირიაში რუსულ-თურქული დაპირისპირების დასასრული და ანკარა-მოსკოვის ურთიერთობების პერსპექტივა?

- უახლოეს მომავალში ვერ ვხედავ ისეთ სცენარებს, რომ სირიაში დასრულდება თურქულ-რუსული კონფლიქტი. ცხადია, რომ დაპირისპირების ზოლზე, რომელიც როგორც ვთქვი მუდმივად იცვლება, სხვადასხვა ინტენსივობით ორივე მხრიდან ექნება ადგილი შეტაკებებს.

მანამდე, ვიდრე რუსეთი თავად არ იტყვის უარს იბრძოლოს სირიაში, სირიაში რუსულ-თურქული დაპირისპირება მანამდე გაგრძელდება.

- სირიაში მიმდინარე პროცესების ფონზე თქვენ როგორ შეაფასებდით ვაშინგტონის პოლიტიკას იმასთან მიმართებაში, რაც ახლა იდლიბის პროვინციასა და საერთოდ სირიაში ხდება?

- რამდენადაც მე მესმის, ვაშინგტონი მხარს უჭერს თურქეთს. ამერიკას არაფერი აქვს საწინააღმდეგო იმაში, თუ თურქი სამხედროები გააგრძელებენ ირანელი ჯარისკაცების კვლას, რომლებიც ახლა ასადის მხარეს იბრძვიან.

ამერიკა სირიის ომში არ ჩაერთვება, მაგრამ როგორც ვთქვი თურქეთის მხრეს იქნება. ასე იქნება მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ვაშინგტონს ანკარისთვის არ გაუგზავნია „პატრიოტის“ კომპლექსები, რომელიც ამას წინათ ერდოღანმა ამერიკისგან მოითხოვა.

- თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ როგორ შეიძლება აისახოს ის, რაც ახლა სირიაში რუსეთსა და თურქეთრს შორის ხდება, თურქეთისა და რუსეთის მეზობელ საქართველოზე?

- მე ვერ წარმომიდგენია სირიაში რუსულ-თურქული დაპირისპირება როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეს საქართველოზე. არა მგონია სირიაში მიმდინარე პროცესები საქართველოზე პირდაპირ რამენაირად აისახოს.

ასე იქნება მიუხედავად იმისა, რომ სირიაში რუსულ-თურქულ დაპირისპირებას ბოლო არ უჩანს. ბოლო კი იმის გამო არ უჩანს, რომ ჯერ მე ვერ ვხედავ იმგვარი მოდუს-ვივენდის შესაძლებლობას, რომლის პირობებში შესაძლებელი გახდეს თურქეთსა და რუსეთს შორის სირიის საკითხზე კომპრომისული გადაწყვეტილების მიღწევა.

ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ იდლიბის პროვინციასთან დაკავშირებით 2018 წელს დადებული იყო შეთანხმება, მაგრამ იგი ახლა პრაქტიკულად დარღვეულია. კარგად იმის წარმოდგენაც ჭირს, იდლიბის თემაზე შესაძლებელი იქნება თუ არა ახალი შეთანხმების გაფორმება.

- სირიაზე როცა ვსაუბრობთ, აქტუალობას არ კარგავს ქურთული თემა...

- ვიდრე თურქები ასადის წინააღმდეგ იბრძვიან ქურთული საკითხში ჯერჯერობით არანაირი სიახლე არ იქნება. ამ დაპირისპირების დასრულების შემდეგ ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი სირიის ქურთულ ნაწილში ვითარების გამწვავება.

ახლა სირიელ ქურთებზე მნიშვნელოვანი გავლენა ამერიკელებს აქვთ. ადრე თუ გვიან ქურთული საკითხი აქტუალური იქნება, მაგრამ როდის, ამის პროგნოზირება რთულია.

"ინტერპრესნიუსი"

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო