ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2020

სანდრო თვალჭრელიძე - “ადამიანობის ყოველგვარ ზღვარს სცდება, როცა ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს უსაფრდები”

რა შემთხვევაში ცხადდება კარანტინი და იწყება მოსახლეობის იძულებითი იზოლაცია

გია ხუხაშვილი - “120/30 მოდელს მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდი და “გამიშვი და გამაკავე“ არ სჭირდება”

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “ადამიანობის ყოველგვარ ზღვარს სცდება, როცა ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს უსაფრდები”

“ერთი წლის წინ მომეცა საშუალება, დამეთვალიერებინა ლუგარის ლაბორატორია და აღფრთოვანებული დავრჩი ამ დაწესებულებით. კიდევ კარგი, რომ ეს ლაბორატორია გვაქვს. სხვა შემთხვევაში გაცილებით უარეს დღეში აღმოვჩნდებოდით... ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო მომზადებული დავხვდით ამ ინფექციას, ვიდრე თუნდაც იტალია ან საფრანგეთი... არ ვამბობ, რომ ზოგიერთი რამ არ შეიძლებოდა უკეთესად გაკეთებულიყო, მაგრამ კარგის და ცუდის შეფასებისთვის მეტი დრო გვექნება, როგორც კი ვირუსის გავრცელების საფრთხე გადაივლის. ჩემი აზრით, სრულიად არასახელმწიფოებრივია, საზიანოა და ეთიკის, მორალის, ადამიანობის ყოველგვარ ზღვარს სცდება, როცა ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს, როგორც პოლიტიკურ ოპონენტს, უსაფრდები. ვგულისხმობ ზოგიერთ პოლიტიკოსს, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ მათგან არაერთი სწორად იქცევა და მსოფლიო საფრთხედ გამოცხადებულ ინფექციას ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის არ იყენებს”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ადამიანობის ყოველგვარ ზღვარს სცდება, როცა ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს უსაფრდები” / “მსოფლიო ბანკის შეფასებით და დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსის ეპიდემიის შემდეგ მსოფლიოს დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის ზარალი მიადგება”.

“არ მჩვევია კონკრეტული ადამიანების დასახელება, მაგრამ ახლა უნდა ვთქვა - რასაც ნიკა გვარამია აკეთებს, არის ყოვლად არასახელმწიფოებრივი საქციელი. მისი პოზიცია არა მხოლოდ უზნეო იყო, არამედ ამაზრზენიც. უკაცრავად გამოთქმისთვის. საქართველო აკეთებს იმას, რაც შეუძლია და, ჩემი აზრით, აკეთებს ეფექტიანად. ვიმეორებ, მადლობა ღმერთს, რომ გვაქვს ლუგარის ლაბორატორია და დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რომელსაც ასეთი პროფესიონალები ხელმძღვანელობენ - ვგულისხმობ ამირან გამყრელიძესა და პაატა იმნაძეს. ჩვენზე დიდი და ძლიერი ქვეყნები ჩვენზე მეტად დაზარალდნენ. ძალიან ბევრგან ვერ ახერხებენ საზღვრის სათანადოდ კონტროლს. ამერიკა რომ ამერიკაა, იქაც კი აშკარად მოუმზადებლად მოქმედებენ. ხშირად ვამბობ, ჭკვიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენ, სულელები - თავისაზე, ქართველებს კი სწავლა საერთოდ არ გვიყვარს-მეთქი. ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როცა პროფესიონალები სხვის გამოცდილებასაც სწავლობენ და შეცდომებსაც ითვალისწინებენ. ჯერ პროგნოზების კეთება რთულია, მაგრამ იმედი მაქვს, მოვახერხებთ და თავიდან ავიცილებთ ეპიდემიას, თუკი გამოვიჩენთ სამოქალაქო თვითშეგნებას...”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“მსოფლიო ბანკის შეფასებით და დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსის ეპიდემიის შემდეგ მსოფლიოს დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის ზარალი მიადგება. თუ გავიხსენებთ, რომ მსოფლიოს შიდა პროდუქტი შეადგენს 90 ტრილიონ დოლარს, ზარალის მაჩვენებელი იქნება 1%-ზე ნაკლები, რაც არ არის იმხელა ზარალი, რისი აღმოფხვრაც დროულად ვერ მოხერხდება, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, კიდევ რამდენ ხანს მოუწევს მსოფლიოს ამ რეჟიმით ცხოვრება. იმედია, მარტის ბოლოდან ვითარება გაუმჯობესდება. რაც შეეხება საქართველოს, სავარაუდოდ, ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება. იმედი ვიქონიოთ, რომ აპრილიდან ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება და გვიან გაზაფხულსა და ზაფხულში ტურისტების რაოდენობაც ისევ მოიმატებს... ვხედავთ, ლარი მყარდება, რაც იმით აიხსნება, რომ ადამიანები უცხოურ ვალუტას აღარ ყიდულობენ, რადგან მკვეთრად მცირდება საზღვარგარეთ წამსვლელთა რიცხვი. დღეს ჩვენს მოქალაქეებს ლარი უფრო სჭირდებათ”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ვიცით, რომ გაქვთ კავშირი ირანთან. ხომ ვერ გვეტყვით, რა ხდება ამ ქვეყანაში?” - პასუხობს:

“სიმართლე გითხრათ, ჩემს ირანელ კოლეგებთან ნებისმიერი გზით კონტაქტს ვერიდები, რადგან იქ უშიშროება ხისტ ზომებს იღებს, ყველაფერი უკიდურესად მკაცრად კონტროლდება და მეშინია, მათ საფრთხე არ შევუქმნა. ვიცი, რთული ვითარებაა, ინფიცირებული არიან ხელისუფლების წარმომადგენლები. ინფექციის ასეთ გავრცელებაში ბრალი მიუძღვის “რევოლუციურ გუშაგთა კორპუსს” და სულიერ ლიდერს, რომელმაც ხალხს მოუწოდა, წასულიყვნენ და ელოცათ ყუმში, სადაც ინფიცირების ყველაზე დიდი კერა იყო. დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი უფრო დიდია, ვიდრე აქვეყნებენ, მით უფრო, რომ ირანში ძალიან მკვეთრი განსხვავებაა ქალაქსა და სოფელს შორის; არსებობს სოფლები, სადაც ადამიანებს სიცოცხლეში ექიმი თვალით არ უნახავთ - თუ ვინმე მაღალი სიცხით გარდაიცვალა, იტყვიან, ალაჰმა ისურვა ასეო... ყველაზე მეტი მსხვერპლი ჩინეთის მერე, ალბათ, ირანში იქნება”...

“კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებამ შესაძლოა მეტი დრო და ძალისხმევა მოითხოვოს ან შესაძლოა, არც გამოვიდეს და ხელახალი არჩევნების ჩატარება გახდეს საჭირო, მაგრამ ეს იქნება დემოკრატიული განვითარების გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯი. კოალიციური მთავრობა არის ევროპული პარლამენტარიზმის ტრადიცია. არ მესმის, ჩვენში ამის ასე რატომ ეშინიათ. სწორედ კოალიციური მთავრობის შემთხვევაში გვექნება შანსი, ბოლოს და ბოლოს, მივიღოთ ნამდვილად პროფესიული მინისტრთა კაბინეტი. ვფიქრობ, შანსი, რომ მხოლოდ ერთი პარტიის დასაკომპლექტებელი არ გახდეს მთავრობა, პროპორციულ-მაჟორიტარული მანდატების 120/30 ფარდობის შემთხვევაში უფრო შესაძლებელი იქნება. იმედია, მოახერხებენ კომპრომისის მიღწევას... ვფიქრობ, ნებისმიერ შემთხვევაში კომპრომისის მიღწევა ნამდვილად პროგრესი იქნება, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოპოზიციის გავლენიან ნაწილს - ვგულისხმობ “ნაციონალურ მოძრაობას” - არ სურს შეთანხმება: ნიშნის მოგებით ლაპარაკი იმაზე, რომ თურმე მთავრობას შეეშინდა, უკან დაიხია, მხდალია და ა.შ. მხოლოდ იმას ემსახურება, რომ მოლაპარაკებები ჩაშალონ, არადა, კონსენსუსი შესაძლებელია, თუ ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ვიწროპარტიული ამბიციებით კი არა, ქვეყნის ინტერესებით იხელმძღვანელებენ”, - დაასკვნის ექსპერტი.

“რაც შეეხება ერდოღანის პუტინთან ვიზიტს, ვითარება ძალიან რთულია და პრობლემა ერთბაშად ნამდვილად ვერ მოგვარდება. ძალიან საგულისხმო იყო ბაშარ ასადის გამოსვლა - ბოლო წლების განმავლობაში მან პირველად თქვა, რომ თურქეთს თურმე მეგობარ ქვეყნად მიიჩნევს, რაც აშკარად მოსკოვის ზეწოლის შედეგია. რუსეთს ნამდვილად არ აძლევს ხელს ფართომასშტაბიანი ომი თურქეთთან არაერთი გეოპოლიტიკური მიზეზის გამო. არც ერდოღანისთვის იქნება ადვილად გადასატანი რუსეთთან ომი. ვფიქრობ, ორივე მხარეს მოუწევს დათმობა. ჩემი აზრით, გარდა ხმამაღალი განცხადებებისა, ალბათ, იყო თემები, რომლებიც ჯერჯერობით საიდუმლოდ დარჩა, თუმცა მალე გამჟღავნდება. აქვე ვიტყვი, რომ ერდოღანმა მიგრანტების თემით ევროპასთან ურთიერთობა გაირთულა. ვხედავთ, ყოველდღიურად რაც ხდება. ეს კორონავირუსი რომც არ ქცეულიყო გამოწვევად, ევროპას ისედაც აღარ აქვს რესურსი ლტოლვილთა ამხელა ტალღის მისაღებად, განსაკუთრებით - ლამის დეფოლტის საფრთხის წინაშე მდგომ საბერძნეთს, რომელსაც მიაწყდნენ მიგრანტები, რომელთაც თურქეთმა გაუღო კარი. არ ვიცი, რა ჰგონია ერდოღანს, რის მიღწევას ცდილობს?! მისი პოზიციები უფრო შესუსტდება, თუ ასე მოქცევა გააგრძელა”, - დასძენს სანდრო თვალჭრელიძე.

რა შემთხვევაში ცხადდება კარანტინი და იწყება მოსახლეობის იძულებითი იზოლაცია

“საქართველოში კორონა ვირუსის უკვე 13 შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ დაინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება. დაინფიცირებულთა შორის ამირან გამყრელიძის ვაჟი ნიკა გამყრელიძეა. მას შეხება იმ ექიმთან ჰქონდა, რომელიც იტალიიდან მოგზაურობის შემდეგ დაბრუნდა. რა ბერკეტი აქვს ახლა ხელისუფლებას ვირუსის გავრცელების შესაჩაერებლად და რის საშუალებას აძლევს მას კანონი, თუკი ადამიანები სამედიცინო შემოწმებას თავს არიდებენ, ან კარანტინიდან გაქცევას მოინდომებენ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჯერ უცნობია, თუ რა დაემართება კორონავირუსს განსხვავებულ კლიმატურ პირობებში. ორგანიზაციაში არ გამორიცხავენ, რომ ვირუსი მაღალ ტემპერატურის პირობებში გავრცელების უნარი შეუნარჩუნდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რა შემთხვევაში ცხადდება კარანტინი და იწყება მოსახლეობის იძულებითი იზოლაცია.

“ცრუ იმედია იმის თქმა, რომ ის უბრალოდ გაქრება ზაფხულში გრიპის ვირუსის მსგავსად. ახლა არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ ეს ასე მოხდება. ჯერ არ ვიცით, რა აქტივობას და ქცევას ავლენს ვირუსი სხვადასხვა კლიმატურ პირობებში. ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ ვირუსს ექნება გავრცელების შესაძლებლობა”, - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი მაიკ რაიანი. საეჭვო კონტაქტების შემთხვევაში კი ჯანდაცვის სამინისტრო ამ ეტაპზე მხოლოდ მოქალაქეების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. მოქალაქეებს დროული რეაგირებისკენ ჯანდაცვის მინისტრმა მოუწოდა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა ითანამშრომლებს ჯანდაცვის სამინისტროსთან, ვირუსთან გამკლავება შედარებით მარტივი იქნება. “მაქვს ძალიან დიდი თხოვნა ჩვენი მოქალაქეების მიმართ - იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ ეჭვი, რომ ჰქონდათ ინფიცირებულ პერსონასთან ურთიერთობა, თავი შეიკავონ სახლიდან გასვლისგან, დარეკონ იმ ცხელ ხაზზე, რომელიც მოწოდებულია. ჩვენი სპეციალისტები მივლენ ადგილზე, შეავსებენ კითხვარს, რის შედეგადაც ჩვენ გვექნება ინფორმაცია სარისკო ფაქტის შესახებ და გარდა სარისკო ფაქტისა, ჩვენ შეიძლება დავგეგმოთ შემდგომი პრევენციული ღონისძიებები”, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოში თვითიზოლაციაში ყოფნა საკმაოდ რთულია, რადგანაც ისევ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებამდე მივდივართ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მოსახლეობის უმეტესობას ბანკის ვალები აქვს გადასახდელი, ასევე ყოველდღიურად ლუკმა-პურის შოვნისთვის იბრძვიან. ამიტომაც 4 დღით თვითიზოლაცია მათ შესაძლოა შიმშილის და კიდევ უფრო დიდი პრობლემების ფასად დაუჯდეთ. უმრავლესობას არ აქვს შესაბამისი საცხოვრებელი პირობები, სადაც ოჯახის წევრებისგან თავს იზოლაციაში მოიქცევენ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში წერია, რომ საშიში დაავადების შესახებ ინფორმაციის დამალვა ან დაავადების გავრცელება, ანდა ეპიდემიოლოგიური წესების დარღვევა დასჯადი ქმედებაა და ზოგიერთ შემთხვევაში ორწლამდე პატიმრობასაც კი ითვალისწინებს. თუმცა, იურისტებმა “რეზონანსთან” განმარტეს, რომ ეს ეხება არა გრიპს არამედ, კონკრეტულად აივ/შიდსით დაავადებულ ადამიანებს, რომლებიც დაავადების დადგენის შემდეგ ხელს აწერენ შესაბამის ხელწერილს და მათ ამ ინფორმაციის დამალვა ეკრძალებათ. ასევე დაავადების განზრახ გავრცელების შემთხვევაში კანონით დაისჯებიან. თუმცა, არსებობს ერთი საკანონმდებლო ბერკეტი - როდესაც ქვეყანაში კარანტინი ცხადდება, კონკრეტულ ქალაქში თუ რეგიონში ფაქტობრივად მოსახლეობის იძულებით წესით თვითიზოლაცია ხდება, ან სპეციალურ დაწესებულებებში გადაჰყავთ. ხოლო ამის გამოცხადება კი იმ შემთხვევაში ხდება, თუკი ქვეყანაში დაინფიცირებულთა რიცხვა კონკრეტულ ზღვარს მიაღწევს და სიტუაცია საგანგაში და უკონტროლო გახდა”, - განაგრძობს გამოცემა.

“იურისტი ლია მუხაშავრია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ მოსახლეობის იძულების წესით სახლში დარჩენა ან კარანტინში გადაყვანა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი საქართველოში ეპიდემიის გავრცელების რისკი გაიზრდება და საყოველთაო კარანტინი გამოცხადდება, როგორც ეს, მაგალითად, ჩინეთში მოხდა. ამ დროს კი საქმეში სამხედროები და თავდაცვის სამინისტრო ერთვება. „როდესაც ქვეყანაში კარანტინი ცხადდება, სამედიცინო შემოწმებისგან თავის არიდება უკვე კანონის ძალით ისჯება. თუკი ახლა ვინმე სამედიცინო შემოწმებას თავს აარიდებს ან კარანტინიდან გაიქცევა, ვერ დასჯიან, რადგანაც კარანტინი გამოცხადებული არ არის. კარანტინის დროს გამოიცემა სპეციალური განკარგულება, რომელსაც მედიკოსები ან სხვა პირები გასცემენ. ხოლო მისი დაუმორჩილებლობა უკვე დასჯადი ხდება. ფაქტობრივად, რომელ ქალაქში ან რეგიონშიც კარანტინი გამოცხადდება, იქ მოსახლეობას კეტავენ და გარეთ გამოსვლას უკრძალავენ. დაახლოებით ისე, როგორც ახლა ჩინეთში ხდება, სადაც 70 მილიონი ადამიანი სახლიდან ვერ გამოდის. ცხადდება საგანგებო ღონისძიებები და ეს როგორც სამხედრო ღონისძიება ისე ტარდება”, - განმარტავს ლია მუხაშავრია, რომლის თქმით, “ახლა სისხლის სამართლის კოდექსში დასჯად ქმედება შიდსის შეყრა ითვლება. ეს გრიპზე არ ვცრელდება, ამის შესახებ არაფერია ნათქვამი”, - დასძენს გამოცემა.

“ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ვერც ერთი მთავრობა ვერ მოერევა ამ პრობლემას, თუ თვითონ მოქალაქეების უდიდესი პასუხისმგებლობით არ იქცევიან. მისი თქმით, აუცილებელია, რომ სამოქალაქო თვითშეგნება გამოვიჩინოთ და მათაც კი, ვინც საზღვარგარეთ არ ვყოფილვართ, გარეთ გასვლა შეძლებისდაგვარად შევზღუდოთ. “ახლა უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ გარედან ვირუსისი შემოსვლას, თუმცა ნაკლებ ყურადღებას იმას, თუკი ვირუსის ქვეყანაში გავრცელება მოხდება, რა გეგმა გვაქვს. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ამისთვის მზად არის? ჯერ არ ვიცით, ამინდი მოგვეხმარება თუ არა და ეს დადგენილი არ არის. ამიტომაც მარტო ხალხის თვითიზოლაციის იმედად არ უნდა ვიყოთ. ღმერთმა დაგვიფაროს და თუკი სიტუაცია გართულდება, ჰოსპიტალურად ამის მზაობა გვაქვს? თუკი ადამიანებს ვერ ვაიძულებთ თვითიზოლაციას, ამას კანონით ვერც შევძლებთ და მათ სამსახურებში იარეს, მაშინ საზღვრები სულ რომ ჩავკეტოთ, ქვეყანაში ისეთი მასობრივი გადადება გვექნება, არაფერი გვიშველის”, - აცხადებს ჭიაბერაშვილი, რომლის აზრით, “მთავრობა გადაწყვეტილებას ემოციურად კი არ უნდა იღებდეს, კალკულაციას უნდა აკეთებდეს, ჯანდაცვის რისკი რამდენია და ეკონომიკური ზარალი რამხელაა. ეკონომიკური ზიანი ასე თვითიზოლაციით უფრო დიდი იქნება”, - წერს სტატიის ავტორი.

გია ხუხაშვილი - “120/30 მოდელს მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდი და “გამიშვი და გამაკავე“ არ სჭირდება”

“ვითარებას ფრთხილი ოპტიმიზმით შევაფასებდი. საყურადღებო იყო კალაძის განცხადებაც, რომ ის საარჩევნო სისტემის 120/30 მოდელის მომხრეა. არ ვიცი, ეს პოლიტიკური მანევრია თუ დაანონსება იმისა, რომ ხელისუფლება ამ მოდელს დათანხმდება, თუმცა ეს შეთანხმებისთვის საუკეთესო ვარიანტია, რადგან 110/40 ვერ უზრუნველყოფს 40%-იან თამასას მთავრობის დაკომპლექტებისთვის. ასეთ შემთხვევაში შეიძლება კარი ჩაკეტო, მაგრამ ფანჯრიდან გადაძრომის საშუალებას იტოვებ, რასაც ხელისუფლება აუცილებლად გამოიყენებს...”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გია ხუხაშვილი: “120/30 მოდელს მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდი და “გამიშვი და გამაკავე“ არ სჭირდება...” / “უგულავასა და რურუას წერილებმა ოპოზიციას საშუალება მისცა, სახე შეენარჩუნებინა და ისე წასულიყო კომპრომისზე”.

“გვახსოვს, “ოცნებამ” პროპორციული არჩევნების დაპირების შემდეგ როგორ გადაგვაგდო და ახლა რა გარანტია გვაქვს, რომ ისევ ჰაერზე არ ლაპარაკობს?! თუ “ოცნება” ნამდვილად მზად არის 120/30 მოდელისთვის, ეს კანონის სახით უნდა შესთავაზოს საზოგადოებას. ამას მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდი და “გამიშვი და გამაკავე” არ სჭირდება. 120/30-ზე ნამდვილად არის მოდელი, რომელზეც შეიძლება კონსენსუსის მიღწევა. სხვათა შორის, სულაც აღარ არის საჭირო მოლაპარაკების გაგრძელება. თუ ხელისუფლებას მართლა აქვს ნება, რომ 120/30 მოდელით ჩატარდეს არჩევნები, შეუძლია ინიციატივას კანონპროექტის სახე მისცეს და კენჭისყრაზე გაიტანოს. ამის შემდეგ ოპოზიციას გაუჭირდება დასაბუთება, რატომ არ უნდა დაუჭიროს მხარი... შესაძლოა, 120/30 არ არის `ოცნების" ნება - ნახეთ, ხელისუფლებას როგორი ურთიერთწინააღმდეგობრივი რიტორიკა აქვს - ერთი მხრივ, ამბობს, რომ აქვს საზოგადოების მაღალი მხარდაჭერა და არჩევნებში 40%-ს კი არა, 60%-ს აიღებს; მეორე მხრივ, თითოეულ მაჟორიტარ დეპუტატზე ვაჭრობს და აპოკალიფსურ სურათს ხატავს. შე კაი კაცო, თუ ასე დარწმუნებული ხარ, რომ 60%-იანი მხარდაჭერა გექნება, მაშინ პროპორციული სისტემის ჩაგდების საშინელი ისტორია რატომ შეკერე და რისთვის მიიღე ამხელა რეპუტაციული დარტყმა?!” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან გია ხუხაშვილი.

“რაც შეეხება კომპრომისს, ივანიშვილს ახლა ყველაზე მეტად იმის ეშინია, რომ მის პირად კეთილდღეობას არ შეექმნას დასავლეთიდან საფრთხე - იცის, რომ დასავლეთის ამ კრიტიკულ რიტორიკას მალე კონკრეტული შედეგებიც მოჰყვება. ამიტომ ათამაშებს ხელისუფლებას კონსტრუქციობანას. ოპოზიციას კი უგულავასა და რურუას წერილებმა საშუალება მისცა, სახე შეენარჩუნებინა და ისე წასულიყო კომპრომისზე. ოპოზიცია პოლიტპატიმრების თემით აპელირებდა, ხელისუფლება კი დათმობაზე ვერ წავიდოდა - მათი გათავისუფლებით იძულებული იქნებოდა ეღიარებინა, რომ პოლიტპატიმრები ჰყავს. ეს იყო ჩიხი, რომლის გახსნის შესაძლებლობა შექმნეს რურუამ და უგულავამ. პოლიტიკაში დაუწერელი კანონია - საარჩევნო წელს ოპოზიციური ლიდერების სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა დაიწყო მაშინაც კი, როცა რეალური საფუძველი გაქვს, ვინაიდან ეს საარჩევნო პროცესის დელეგიტიმაციის რისკს ქმნის”, - მიიჩნევს ექსპერტი და შეკითხვაზე - “დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, “ოცნებასა” და “ნაცმოძრაობას” შორის სასწორის პინა ვის მხარეს უფრო იხრება?” - პასუხობს:

“ისევ `ოცნების". იმიტომ არა, რომ ხალხს უყვარს. ხალხს ორივე ეზიზღება. მაგრამ “ოცნების” უპირატესობა ის არის, რომ მის ხელში მეტი რესურსია. ახლა ამ ორ ძალას შორის რესურსების ჭიდილია, თუმცა ხელისუფლებაში ვერც ერთი ვერ მოვა. მომავალი ხელისუფლება ალტერნატიული პოლიტცენტრების ხელშია”

“რაც შეეხება “ლელოს" პერსპექტივას, ის მართლაც ბუნდოვანია. ერთი მხრივ, არის დიდი ელექტორალური ბაზა, რომელსაც არც “ნაციონალები” უნდა და არც “ოცნება”. ეს არის სეგმენტი, რომელზე გასვლაც “ლელოს” შეუძლია, თუმცა ის ვერ პასუხობს ამ საპროტესტო ელექტორატის მოთხოვნებს, უჭირს მისი დარწმუნება, რომ “ლელოს” უნდა მისცეს ხმა. მე ვერც სხვა, უფრო პერსპექტიულ ცენტრებს ვხედავ, მაგრამ თუ პროპორციულთან მიახლოებული სისტემა გვექნება, მივიღებთ მულტიპარტიულ დემოკრატიებს. ე.ი. ვერც “ნაცები” იქნებიან და ვერც “ქოცები” - ხელისუფლების ჩამოსაყალიბებლად ორივეს დასჭირდება შედარებით სუსტი პარტნიორები და იქმნება შესაძლებლობა, რომ სწორედ მათ ხელში აღმოჩნდეს ის ოქროს გასაღები, რომელიც ამ ქვეყანაში რეალურ ცვლილებას მოიტანს. მულტიპარტიული დემოკრატია შექმნის იმის საფუძველს, რომ დასრულდეს ძალაუფლების უზურპაცია - ამ 30-წლიანი ციკლის მთავარი მანკიერება”, - დასძენს გია ხუხაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა