არასამთავრობოები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების თაობაზე განცხადებას ავრცელებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების თაობაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მოდელი სრულად პროპორციულ სისტემას არ წარმოადგენს, მიღწეული შეთანხმება მისასალმებელია.

„8 მარტს, ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გამართული მორიგი შეხვედრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია. საარჩევნო სისტემის კომპრომისული ვერსიის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 120 მანდატი გადანაწილდება პროპორციული სისტემით, 1% ბარიერის პირობებში, ხოლო 30 მანდატი მაჟორიტარული სისტემით. ამასთან, მიუხედავად მოპოვებული მაჟორიტარული მანდატებისა, ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ ჩამოაყალიბებს მთავრობას, თუ არ მიიღებს 40%-ზე მეტ მხარდაჭერას პროპორციულ არჩევნებში.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მოდელი არ წარმოადგენს სრულად პროპორციულ სისტემას, რაც სამოქალაქო საზოგადოების ხანგრძლივ მოთხოვნას წარმოადგენდა, მიღწეული შეთანხმება ცალსახად მისასალმებელია, ვინაიდან იგი უზრუნველყოფს უფრო მეტად პროპორციული შედეგის დადგომას, ვიდრე დღეს არსებული საარჩევნო სისტემა.

ქვეყანაში არსებული რამდენიმეთვიანი დაძაბული პოლიტიკური ვითარების შემდეგ, საარჩევნო სისტემის ამ სახით გაუმჯობესება, მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს მშვიდობიანი და სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს შესაქმნელად. ვიმედოვნებთ, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, განსაკუთრებით კი, პარლამეტში წარმოდგენილი პარტიები გონივრულ ზომებს მიიღებენ და ძალისხმევას არ დაიშურებენ შეთანხმებული მოდელის კანონმდებლობაში ასახვისთვის მაქსიმალურად მოკლე ვადებში. ეს ხელს შეუწყობს სტაბილური და კონკურენტული პოლიტიკური გარემოს შექმნას და შესაძლებლობას მისცემს ყველა პოლიტიკურ პარტიას დროულად დაგეგმოს და განახორციელოს წინასაარჩევნო კამპანია ჯანსაღ საარჩევნო გარემოში.

ასევე გვსურს, მადლიერება გამოვხატოთ და კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ შეთანხმების მიღწევაში საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების დიდი წვლილი რომლებიც მხარეებს შორის მოლაპარაკებებს ფასილიტაციას უწევდნენ და რომელთა ძალისხმევისა და მცდელობების გარეშე საქართველოს მოსახლეობისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის ამ მნიშვნელოვან ცვლილებაზე მხარეთა შეთანხმება შეუძლებელი იქნებოდა.

ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია, საკანონმდებლო ცვლილებების პროცესი წარიმართოს შეთანხმების შესაბამისად და როგორც საარჩევნო სისტემა, ისე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები განისაზღვროს სამართლიანად. შეთანხმებაში არ არის ნახსენები საარჩევნო ბლოკები, შესაბამისად, აუცილებელია უახლოეს პერიოდში გაირკვეს ეს საკითხიც.

აქვე, იმედს გამოვთქვამთ, რომ საარჩევნო სისტემაზე საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირების შემდეგ, ხელისუფლება უმოკლეს ვადებში განაახლებს საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე მუშაობას საარჩევნო რეფორმის სამუშაო ჯგუფის ფორმატში, რაც საარჩევნო სისტემაზე მიმდინარე მოლაპარაკებების გამო შეჩერებული იყო. არჩევნებზე დარღვევების პრევენციისა და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად აუცილებელია გაგრძელდეს ეუთოსა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეკომენდაციებზე მსჯელობა და განხორციელდეს შესაბამისი ცვლილებები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის“,- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI), „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“ (OSGF), „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI) და „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) .

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა