ტექნიკური უნივერსიტეტი აბიტურიენტებს „მოდის დიზაინის ტექნოლოგიის“ ახალ საბაკალავრო პროგრამას სთავაზობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურაბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე ახალი საბაკალავრო პროგრამა „მოდის დიზაინის ტექნოლოგია" დაინერგა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიდან აცნობეს, პროგრამამ აკრედიტაცია უკვე გაიარა და ახალ სასწავლო წელს სტუდენტებს ელის. ახალი სასწავლო პროგრამა ახალგაზრდებს მოდის დიზაინის კონსტრუქციას საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ქართველი დამსაქმებლების რჩევებითა და განსხვავებული იერსახით სთავაზობს. აღმოჩნდა, რომ კურსდამთავრებულები, რომლებიც სამოსის დიზაინს ეუფლებოდნენ, კარგად ხატავდნენ, მაგრამ დამსაქმებელთან ამა თუ იმ მოდელის კონსტრუქციას ვერ ქმნიდნენ. აღნიშნულ პრობლემას ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ დანერგილი ახლი სასწავლო პროგრამა გადაჭრის.

ახალი პროგრამის შემუშავების აუცილებლობა განპირობებულია მოდის დიზაინის ტექნოლოგიების სპეციალისტებზე მოთხოვნის ზრდით. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, ამჟამად, საქართველოში ფუნქციონირებს მცირე და საშუალო სიმძლავრის მსუბუქი მრეწველობისა და სერვისის საწარმოები (თბილისი, ბათუმი, ხელვაჩაური, ქუთაისი, ოზურგეთი და სხვ.), ასეულობით ინდივიდუალური და დიზაინერული სახელოსნოები, სადაც დიდი მოთხოვნაა ისეთ სპეციალისტზე, რომელიც ფლობს თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევებისა და პრაქტიკული ჩვევების ფართო არსენალს. შესაბამისად, აუცილებელი გახდა, ისეთი პროფესიული უნარ-ჩვევების მქონე კადრების მომზადება, რომელთაც შეეძლებათ სამოსის მხატვრულ-ტექნიკური დაგეგმარების, კონსტრუირებისა და ტექნოლოგიური პროცესების სრულ ციკლში მონაწილეობა და წარმართვა.

„ახალ საბაკალავრო პროგრამაში კონსტრუირების მხარე გაძლიერებულია. როგორც დამსაქმებლები აცხადებენ, მათთან მიდიან კურსდამთავრებულები, რომლებმაც კარგად იციან ხატვა, მაგრამ არ იციან კონსტრუირება, რის გამოც მათი გადამზადება უწევთ. პროგრამის დაუფლების შემდეგ, ჩვენი კურსდამთავრებული შეძლებს შექმნას ნებისმიერი სირთულის ესკიზი და შეადგინოს შესაბამისი თარგი. მას ეცოდინება, როგორ იმუშაოს დანადგართან და როგორ მიიღოს საუკეთესო საბოლოო პროდუქტი. რატომ უნდა იყოს ჩვენი პროგრამა მოთხოვნადი? - ერთი, რომ ეს ბაზარზე მოთხოვნადი სპეციალობაა, გვაქვს საფუძვლიანი პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა, ხელშეკრულებები გავაფორმეთ ორ წამყვან საწარმოსთან - „უნისტილთან“ და „სტიმულთან“. გარდა ამისა, მემორანდუმი გავაფორმეთ „პიეიჩარ საქართველოსთან“, რომელიც ამავე მემორანდუმის ფარგლებში, ჩვენს სტუდენტებს უცხოეთში, ზაფხულის პერიოდში, ანაზღაურებად სტაჟირებას სთავაზობს. „პიეიჩარ საქართველო“ სტუდენტებს უზრუნველჰყოფს საცხოვრებლით, დაზღვევით და ავიაბილეთებით. ყველაფერი მზად გვაქვს იმისათვის, რომ სტუდენტები მივიღოთ", - აცხადებს სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო ხაბეიშვილი.

ნინო ხაბეიშვილის ინფორმაციით, საბაკალავრო პროგრამას - „მოდის დიზაინის ტექნოლოგია“ წინ უსწრებდა პროგრამა „სამოსის დიზაინი“. 2015 წელს ამ პროგრამაზე გამოცხადებულ მიღებაზე 15 ადგილიდან 15-ვე შეივსო და პროგრამის 15 კურსდამთავრებულიდან დღეს ყველა დასაქმებულია თავისი პროფილით. მაგრამ ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა სახელწოდების და შესაბამისად, პროგრამის ახალი ამოცანებითა და ნიუანსებით შევსება. ნინო ხაბეიშვილის განცხადებით, „მოდის დიზაინის ტექნოლოგიების“ პროგრამა სწორედ ახალი მოთხოვნებით განსხვავდება სხვა უნივერსიტეტებში არსებული პროგრამებისგან.

ბაკალავრიატის საგანმანთლებლო პროგრამა ,,მოდის დიზაინის ტექნოლოგიები“ შემუშავებულია, როგორც მსუბუქი მრეწველობის დარგში აღიარებული თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე, ასევე, უცხოური საგანმანათლებლო პროგრამების ანალოგების შესწავლით, ანალიზითა და შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით.

„პროგრამის შემუშავების პროცესში გავითვალისწინეთ ისეთი წამყვანი ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილება, როგორიცაა ლისაბონის, კაუნასის ვიტაუტას მაგნუს, ნიდერლანდების საქსიონის გამოყენებითი ხელოვნების, გერმანიის ნეიდერჰაინის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტები. ახალი პროგრამა მოიცავს ძირითადი სპეციალობის (220 კრედიტის) და თავისუფალი კომპონენტების სახით (20 კრედიტის) სასწავლო კურსებს. თითოეული სემესტრის მოცულობა არის - 30 ECTS კრედიტი. პროგრამის ხანგრძლივობა 4 წელია. პროგრამის ათვისების შემდეგ კი სტუდენტს მიენიჭება დიზაინის ბაკალავრის კვალიფიკაცია“, - აცხადებს ნინო ხაბეიშვილი.

პროგრამა მიზნად ისახავს ისეთი კადრის მომზადებას, რომელიც მზად იქნება: მოდური ტენდენციების, კონსტრუქტორული და ტექნოლოგიური მიღწევების, კულტურული მემკვიდრეობის ტრადიციული მიმდინარეობების გამოყენებით თანამედროვე ნაწარმის მხატვრულ-ტექნიკური დაგეგმარებისათვის; შემოქმედებითი პროექტისთვის პორტფოლიოს შედგენისა და კოლექციის შექმნისათვის; მხატვრული და ტექნიკური სფეროების ინტეგრირების გზით, მასიური და სერვისის საწარმოებში, წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად, კონსტრუქტორული და ტექნოლოგიური სამუშაოების წარმართვისათვის; შემოქმედებითი, დიზაინერული და ტექნოლოგიური ამოცანების გადაჭრა-განხორციელების მიზნით, მიღებული ცოდნის განვითარებისათვის; პროფესიული სტანდარტების შესაბამისად, მოდის დიზაინისა და ტექნოლოგიის სფეროს ეთიკური პრინციპების, ფასეულობების, ღირებულებებისა და ტრადიციების დაცვისათვის.

„მოდის დიზაინის ტექნოლოგიის“ საბაკალავრო პროგრამის შეთავაზების მიზანია სახელმწიფო და კერძო სექტორის განვითარების თანამედროვე გამოწვევები. ტექნიკური უნივერსიტეტის ახალი საბაკალავრო პროგრამა ყოველმხრივ შეუწყობს ხელს დიზაინის სფეროში თანამედროვე, ევროპული დონის განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების ჩამოყალიბებას, რომლებიც თავის მხრივ, კულტურულ ტრადიციათა და სამრეწველო ტექნოლოგიების სინთეზის გზით, კონკურენტუნარიანი საწარმოო პოტენციალის აღორძინებასა და შექმნას უზრუნველყოფენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა