რამაზ საყვარელიძე - თუ ადამიანებში გაძლიერდება თავდაჯერება, ვირუსზე გამარჯვების რწმენა, მაშინ საზოგადოებაში პანიკაც და შიშიც  დაიკლებს

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფსიქოლოგსა და პოლიტოლოგს რამაზ საყარელიძეს ესაუბრა.

- ბატონო რამაზ, კორონავირუსის გამო დღევანდელი მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლის რეჟიმში ცხოვრობს. ვხედავთ, რომ არც საქართველოა ამ თვალსაზრისით გამონაკლისი.

ფაქტია, რომ ხელისუფლება და სამედიცინო სამსახურები უმკლავდებიან პანდემიასთან ბრძოლას. უნდა ითქვას, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად ჩვენს ქვეყანაში რეალურად არსებობს პანდემიაზე კონტროლის მექანიზმები.

მეტიც, ვხედავთ, რომ მწირი რესურსების მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო კორონავირუსთან მებრძოლ ქვეყნებს შორის აშკარად წარმატებულ ქვეყნად გამოიყურება.

ვითარებაში, რომელშიც კორონავირუსის გავრცელების გამო ლამის მთელი მსოფლიო და შესაბამისად საქართველოც საკმაოდ რთულ ვითარებაშია, თქვენ როგორ შეაფასებდით საქართველოს ხელისუფლებისა და ჩვენი სამედიცინო პერსონალის საქმიანობას?

- გეთანხმებით, საქართველოში ხელისუფლებამაც და სამედიცინო კორპუსმაც კორონავირუსთან ბრძოლაში ის შედეგი აჩვენა, რომელიც ბევრმა კარგად მოწყობილმა ქვეყანამ ვერ შესძლო.

ხელისუფლებამაც და სამედიცინო კორპუსმაც კორონავირუსთან ბრძოლაში ის შედეგი აჩვენა, რომელიც ბევრმა კარგად მოწყობილმა ქვეყანამ ვერ შესძლო

გამყრელიძე, იმნაძე, ცინცაძე, ეზუგბაია - გეამაყება მათი ხსენება. პროფესიონალიზმი, პრინციპულობა და გონიერი ოპტიმიზმი მოაქვთ საზოგადოებაში. ამ ღირებულებების განმტკიცებისთვისაც უნდა ვიყოთ მათი მადლიერი.

ამასთან ერთად, მადლობის ღირსია ყოველი ის მოქალაქე, რომელმაც სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა გამოავლინა. რაც უფრო ხშირად შევუქებთ ადამიანებს კარგ საქმეს, მით მეტი მიმბაძველი გაუჩნდება მათ. ვირუსის გავრცელებას პასუხისმგებლობის გავრცელება დავუპირისპიროთ, ახლა საშურია.

მადლობის ღირსია ყოველი ის მოქალაქე, რომელმაც სოციალური პასუხისმგებლობის გრძნობა გამოავლინა

- ჯერჯერობით გაურკვეველია თუ როგორ განვითარდება ვირუსის გავრცელების ტენდენცია. ზოგი უცხოური წყაროს პროგნოზით ეს პროცესი შესაძლოა 2021 წლამდეც კი გაგრძელდეს.

დამკვირვებელთა ნაწილი არ გამორიცხავს იმას, რომ საქართველო მზად უნდა იყოს საჭიროების შემთხვევაში უფრო მკაცრი აკრძალვები მიიღოს. მათივე თქმით, საქართველოს მოუწევს საგანგებო მდგომარეობის მოდიფიცირებულ რეჟიმებზე გადასვლა.

მაგრამ, ისინი ყურადღებას იმაზეც ამახვილებენ, რომ საგანგებო რეჟიმზე გადასული ქვეყანისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მთლად კარგი არ იქნება. რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებამდე საქართველო საგანგებო რეჟიმზე გადავიდეს?

- საერთოდ, საგანგებო რეჟიმში ხელისუფლების გავლენა გაზრდილია და ამის გამო დემოკრატიული პროცესები იზღუდება. მაგრამ თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს ოპოზიციაც მხარს დაუჭერს, საგანგებო რეჟიმზე რომც გადავიდეთ, არ გადაიქცევა ბარიერად.

თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს ოპოზიციაც მხარს დაუჭერს, საგანგებო რეჟიმზე რომც გადავიდეთ, არ გადაიქცევა ბარიერად

თუმცა, ცხადია ისიც, რომ ხელისუფლება ყოველნაირად ცდილობს თავი აარიდოს საგანგებო რეჟიმის გამოცხადებას და ისე გაატაროს საგანგებო ღონისძიებები. მე მგონია, რომ ასევე გაგრძელდება.

- ფაქტია, რომ შექმნილ ვითარებაში ყველაზე მეტ აქტუალობას იძენს თითოეული მოქალაქის სოციალური პასუხიმგებლობა და დროებით მაინც მოქალაქეების სოციალური დისტანცირების თემები.

ეს ის თემებია, რაც საზოგადოების თითოეული წევრის პასუხიმგებლიან ქცევას უკავშირდება. არადა, ფაქტია, რომ გარკვეულ შიშსა და პანიკის მდგომარეობაში ჩავარდნილი ხალხი იმაზე არაადეკვატურადაც რეაგირებს, ვიდრე პროგნოზირება შეიძლებოდა.

გაუგებარია თუ რატომ უნდა სჭირდებოდეს მოქალაქეებს პოლიციელების ზედამხედველობა იმაზე, რომ კორონავირუსისაგან დასაცავად უმჯობესია დროებით იყვნენ კარანტინში და იზოლირებული. ვხედავთ, რომ ხელისუფლებამ და ჩვენმა სამედიცინო სამსახურებმა საკმაოდ ქმედითი ნაბიჯები გადადგეს, ახლა ჯერი საზოგადოებაზეა.

თქვენ როგორც ფსიქოლოგი, რომელიც ჩვენი საზოგადოების ფსიქოლოგიასა და კრიტიკულ ვითარებებში ქცევის თავისებურებებს გარგად იცნობთ, სადღეისოდ ჩამოყალიბებულ რეალობაში რას ურჩევდით ჩვენს მოქალაქეებს?

- სერიოზულობის დეფიციტის ამ პრობლემას მარტო ჩვენ არ ვაწყდებით. იმისთვის, რომ ადამიანებს თავისთვის და თავისი ახლობლებისთვის ვირუსი არ მიეტანათ, ბევრ ქვეყანაში გახდა ძალოვანების ჩარევა საჭირო.

იტალიაში ეპიდემიის მასშტაბებს ბევრი სწორედ იტალიელების ლაღი ხასიათით ხსნის, რაზეც ახლა ბევრი იწერება. მოწესრიგებული გერმანელებიც კი უწესრიგოები აღმოჩნდნენ დღეს.

დამაიმედებელი არაა, რომ ეს ბავშვური ეგოცენტრულობა მარტო ჩვენ არ გვახასიათებს, მაგრამ არც გასაკვირია. სიმართლე გითხრათ, მე ვვარაუდობდი, რომ შემოღებულ წესებს ქართველების უფრო დიდი ნაწილი არ დაემორჩილებოდა, მოგეხსენებათ, ვგავართ იტალიელებს. საბედნიეროდ, ვარაუდი არ გამიმართლდა, ინფანტილური ხასიათი ქართველების შედარებით მცირე ნაწილს აღმოაჩნდა.

ვვარაუდობდი, რომ შემოღებულ წესებს ქართველების უფრო დიდი ნაწილი არ დაემორჩილებოდა. საბედნიეროდ, ვარაუდი არ გამიმართლდა, ინფანტილური ხასიათი ქართველების შედარებით მცირე ნაწილს აღმოაჩნდა

ამაზე შედეგიც მეტყველებს - ხელისუფლების და ექიმების ძალისხმევის მიუხედავად ინფექციის გავრცელების ასეთი მცირე პროცენტი არ იქნებოდა, მოსახლეობის უმრავლესობას რომ არ გამოეჩინა სერიოზულობა საკუთარ თავსა და ახლობლებზე ზრუნვაში.

- ვხედავთ, რომ პანდემიამ უარყოფითად იმოქმედა ეკონომიკის სფეროებზე. პარალიზებულია მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ეკონომიკები. ამ თემაზე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში პროფესორმა ლადო პაპავამ მოკლედ, მაგრამ ლაკონურად და ხატოვნად შენიშნა - „დღეს ეკონომიკა მედიცინის „მძევალია“.

მიუხედავად იმისა, რომ მრავალგზის ითქვა - ქვეყანაში პროდუქტების დეფიციტი არაა, მოქალაქეები მაინც აგრძელებენ მარკეტებისა და მაღაზიების დახლების დაცარიელებას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი ნებსით თუ უნებლიეთ, თავად ქმნიან ამა თუ იმ პროდუქტებზე დეფიციტის გაჩენის საფრთხეს.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რატომ იქცევიან ასე ჩვენი თანამოქალაქეები? მათი ქმედება საბჭოური გამოცდილების გამოვლინება უფროა, თუ იმის, რომ როგორც სსრკ-ს დროს, საზოგადოებას ახლაც არ აქვს ხელისუფლების მიმართ ნდობა?

- იგივე პრობლემა დგას იმ ქვეყნების მოსახლეობაშიც, რომლებიც სსრკ-ს არც გაჰკარებიან, ჯერ ერთი, და მეორეც - ენდობიან ხელისუფლებას. ახლახანს დიდმა ბრიტანეთმა ეპიდემიასთან ბრძოლაში ჩართო ფსიქოლოგები, რომ შეემცირებინა მოსახლეობის შეტევა სუპერმარკეტებზე. ფსიქოლოგებმა ინგლისელების ეს შეტევა ახსნეს მოსახლეობის პანიკური შიშით.

პანიკის დროს ადამიანის ქცევა ლოგიკას აღარ ემორჩილება, იგი სტერეოტიპებით მოქმედებს. ერთერთი სტერეოტიპი კი ადამიანს ჰკარნახობს, რომ მან აუცილებლად რაიმე განსხვავებული უნდა მოიმოქმედოს საფრთხის გაჩენისას.

გვახსოვს, პანიკის გამო ცეცხლმოდებული ცათამბჯენიდან ხტებოდნენ ადამიანები. ასეთი ტრაგიკული მოვლენები ახლა არაა, მაგრამ მექანიზმი იგივეა. დღეს ბევრი ადამიანი ბრმად აკეთებს იმას, რაც შეუძლია - იმარაგებს ყველაფერს და ამით ამცირებს საკუთარ შიშს.

მეორე მხრივ, გვეშინია მაშინ, როცა გვეუფლება უმწეობის განცდა. თუ ადამიანებში გაძლიერდება თავდაჯერება, ვირუსზე გამარჯვების რწმენა, მაშინ პანიკაც დაიკლებს. აღნიშვნის ღირსია, რომ ვირუსზე გამარჯვების რწმენას რეგულარულად ნერგავს ჩვენი ხელისუფლებაც და ექიმთა კორპუსიც.

თუ ადამიანებში გაძლიერდება თავდაჯერება, ვირუსზე გამარჯვების რწმენა, მაშინ პანიკაც დაიკლებს

ეს სწორი სტრატეგიაა განსხვავებით დასავლეთის ბევრი პოლიტიკოსისგან, რომლებსაც ზედმეტად პესიმისტური განცხადებები გააკეთეს. მათ შორის, იმავე ინგლისის პრემიერ-მინისტრმა. იმედია, სწორი სტრატეგია ამ მიმართულებითაც დადებით შედეგს გამოიღებს და ჩვენთან პანიკის ხარისხი საგრძნობლად შემცირდება.

- პანდემიის მასშტაბებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ სულ უფრო ცხადად ჩანს, რომ თანამდროვე მსოფლიოს პანდემიასთან ბრძოლის რეჟიმში ცხოვრება კარგა ხანს მოუწევს.

კაცობრიობას არა ერთი პანდემია გადაუტანია, მაგრამ მსოფლიო ისე გლობალიზებული არასდროს ყოფილა როგორც ახლა, 21-ე საუკუნეში. გლობალიზაციამ ბევრ სიკეთეებთან ერთად ისიც ცხადი გახადა, თუ როგორი მოწყვლადი და არც ისე უსაფრთხოა თანამდეროვე მსოფლიო.

რჩება შთაბეჭდილება, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო დღევანდელი მსოფლიო ერთბაშად შეიცვალა. ის ისეთი ვეღარ იქნება, როგორ თუნდაც 2-3 თვის წინ იყო. ეს კი იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენი საზოგადოებაც უნდა შეეგუოს რეალობას და ცხოვრების ახალი წესიც რაც შეიძლება მალე აითვისოს და გაითავისოს.

თქვენი დაკვირვებით ჩვენი ცხოვრების რა სფეროებს შეეხება ის ცვლილებები, რაც კორონავირუსმა შეიძლება გლობალიზებულ მსოფლიოს დაუტოვოს და რისი სწავლა მოუწევს ჩვენ საზოგადოებას?

- პანდემია ხშირად ყოფილა, ცხოვრების კარდინალური შეცვლა კი იშვიათად. ბუნებრივია, ახლაც იქნება ცვლილებები, ალბათ, ზომიერი. სავარაუდოა, რომ მედიცინაშიც და ეკონომიკაშიც გაჩნდება რესურსების მომარაგების ფორმები, რაც ქვეყნებს მდგრადს გახდის მოულოდნელი დაავადების მიმართ.

ერთი სიახლე, რაც ჩინურმა ვირუსმა მოიტანა, უკვე ცხადია. ურთიერთობის ელექტრონული საშუალებები უფრო მყარად მკვიდრდება ვაჭრობაში, ოფისების მუშაობასა და სასწავლო პროცესში. ეს ყველა ქვეყანაში გაზრდის კომპიუტერიზაციის მასშტაბს.

ერთი სიახლე, რაც ჩინურმა ვირუსმა მოიტანა, უკვე ცხადია. ურთიერთობის ელექტრონული საშუალებები უფრო მყარად მკვიდრდება ვაჭრობაში, ოფისების მუშაობასა და სასწავლო პროცესში. ეს ყველა ქვეყანაში გაზრდის კომპიუტერიზაციის მასშტაბს

ქართველებთანაც ბევრი რამ იცვლება. გადაკოცნა და ხალხმრავლიანი დარდი თუ ზეიმი შეიძლება გავიდეს მოდიდან. შეიძლება იმასაც მოვესწროთ, რომ ონ- ლაინ ქეიფების ტრადიცია დამკვიდრდეს საქართველოში.

- მიუხედავად ყველაფრისა, ცხოვრება გრძელდება, რაც იმასაც ნიშნავს, რომ ვერც შიდა პოლიტიკური ცხოვრება დარჩება იმ რეჟიმში, როგორშიც ის თუნდაც სულ ცოტა ხნის წინ იყო.

შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ პანდემია გარკვეულ კორექტივებს შეიტანს ჩვენი პოლიტიკური კლასისა თუ ელიტის ქცევასა და ქმედებებში.

ცხადია, პანდემია პოლიტიკურ ძალებს შორის კონკურენციას წერტილს ვერ დაუსვამს, ეს არც კარგი და არც მართებული არ იქნებოდა, მაგრამ არ იქნებოდა ურიგო, თუ ამ საკმაოდ რთულ ვითარებაში ხელისუფლებასთან და ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფი ძალები კონსტრუქციულ თანამშრომლობის რეჟიმში გადასვლას ამჯობინებდნენ.

თქვენ დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ პანდემიამ ჩვენს შიდა პოლიტიკაში კორექტივები შეიტანოს?

- მე მგონი, პანდემიამ შიდა პოლიტიკაში კორექტივები უკვე შეიტანა. პოლიტიკაში ასეთი კონსტრუქციული კლიმატი არც მახსენდება. მისი შექმნა განაპირობა პანდემიის საფრთხემ, ერთის მხრივ, და მეორე მხრივ - ხელისუფლების და მთელი საზოგადოების წარმატებამ პანდემიასთან ომში, იმის რწმენამ, რომ ეს ბრძოლა სწორი სტრატეგიით მიმდინარეობს. გამარჯვება დაპირისპირებებს ამცირებს.

პანდემიამ შიდა პოლიტიკაში კორექტივები უკვე შეიტანა. პოლიტიკაში ასეთი კონსტრუქციული კლიმატი არც მახსენდება

რაც მთავარია, ყველამ იგრძნო, რომ ქვეყნის ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი მოვლენებიც არსებობს, ვიდრე პოლიტიკაა. უპირველეს ყოვლისა, ესაა ადამიანის სიცოცხლე და პროფესიონალიზმი მის დაცვაში. იმედია, ადამიანთა გაფრთხილებას ვისწავლით ყველა, მათ შორის, პოლიტიკოსებიც.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო