სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე მსჯავრდებულს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება რამდენიმე წლით ჩამოერთმევა

სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე მსჯავრდებულ პირს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება რამდენიმე წლით ჩამოერთმევა.

პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა ( 80 ხმით) „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს ენიჭება დისკრეციული უფლებამოსილება, სქესობრივი ხასიათის დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამოართვას ერთი ან რამდენიმე უფლება.

უფრო კონკრეტულად, პირი, რომელიც სქესობრივი ხასიათის დანაშაულებზეა მსჯავრდებული, ვეღარ შეძლებს ჩამოთვლილთაგან ერთი ან რამდენიმე ქმედების განხორციელებას: საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობას; არასრულწლოვნებისთვის ნებისმიერი სახის საგანმანათლებლო/სასწავლო/სააღმზრდელო მომსახურების გაწევას; არასრულწლოვანთათვის განკუთვნილ ბიბლიოთეკაში, ბავშვთა გასართობ ცენტრში, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებაში ყოფნას; სოციალურ მუშაკად მუშაობას, საექიმო საქმიანობას; ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანას.

გარდა ამისა, იმ დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირს, რომელიც დაკავშირებულია ტრეფიკინგთან, სქესობრივი ხასიათის დანაშაულებთან, პროსტიტუციაში არასრულწლოვნის ჩაბმასთან, ასევე არასრულწლოვნის პორნოგრაფიული მასალების დამზადება/გასაღებაში ჩართვასთან, შესაძლოა ჩამოერთვას არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრების უფლება.

ასევე, ჩამოთვლილი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირს შესაძლოა ჩამოერთვას პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებაც.

პროექტის მიხედვით, მოსამართლეს ენიჭება დისკრეცია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მსჯავრდებულს ჩამოართვას ერთი ან რამდენიმე უფლება.

ამასთან, უფლებების ჩამორთმევის მინიმალური და მაქსიმალური ვადები განისაზღვრება კანონით. კერძოდ, პირს უფლებები ჩამოერთმევა: ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - ხუთ წლამდე ვადით, მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - ხუთიდან ათ წლამდე ვადით, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში - ათიდან 15 წლამდე ვადით.

პროექტის თანახმად, მსჯავრდებულისათვის ჩამორთმეული უფლებების აღდგენა დასაშვებია: ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის მსჯავრდების შემთხვევაში - უფლებების შეზღუდვის ვადის არანაკლებ ერთი მესამედის გასვლის შემდეგ, მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის მსჯავრდების შემთხვევაში - უფლებების შეზღუდვის ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის მსჯავრდების შემთხვევაში - უფლებების შეზღუდვის ვადის არანაკლებ ორი მესამედის გასვლის შემდეგ. უფლებების ვადამდე აღდგენის საკითხს განიხილავს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია.

ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებული იქნება შსს-ს ელექტრონულად მიაწოდოს დაწესებულებაში დასაქმებული პირის პერსონალური მონაცემები. კერძოდ, მისი სახელი, გვარი და პირადი ნომერი, დასაქმების ადგილი და თანამდებობა. შინაგან საქმეთა სამინისტრო 3 თვის ვადაში ამოწმებს ამ პირთა ნასამართლობის შესახებ ინფორმაციას. თუ გამოვლინდა, რომ დაწესებულებაში დასაქმებული პირი ნასამართლევია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულის თაობაზე აცნობებს დაწესებულებას, რომელიც ვალდებული იქნება, დასაქმებულ პირთან შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ამოქმედდება 2020 წლის 1 მაისიდან.

ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.05.2021
ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!