ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები - მოვუწოდებთ პოლიტიკურ მოთამაშეებს, მოხდეს იმ საკითხებზეც შეთანხმება, რაზეც შეთანხმება ვერ ხერხდება

პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც მმართველ უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის იქნა მიღწეული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ მივესალმებით, წარმოადგენს შესაძლებლობების ფანჯარას საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციისთვის, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლების ტიტუს კორლატეანის და კლოდ კერნის განცხადებაშია ნათქვამი.

„როგორც გასულ კვირას განვაცხადეთ, ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს დაძაბულობებისა და პოლარიზაციის შემცირებას, რაც საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესზე გავლენას ახდენდა. მოვუწოდებთ პოლიტიკურ მოთამაშეებს შეინარჩუნონ მოვლენების მსგავსი განვითარება და წარმოაჩინონ პოლიტიკური სურვილი, რომ მოხდეს იმ სხვა საკითხებზეც შეთანხმება, რაზეც შეთანხმება ვერ ხერხდება“,-აღნიშნულია თანამომხსენებლების განცხადებაში.

ამ კონტექსტში თანამომხსენებლები აღნიშნავენ, რომ დაპირების შესრულება საარჩევნო პროცესის და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზირებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით უფრო რთული და სენსიტიური აღმოჩნდა, შესაბამისად, ისინი მოუწოდებენ პარტნიორებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი მოქმედებისგან, რომელმაც შეიძლება გაართულოს ან ეჭვქვეშ დააყენოს ამ დაპირების შესრულება.

ამასთან, მომხსენებლებმა მოუწოდეს ყველა დაინტერესებულ მხარეს, უზრუნველყონ ქალი კანდიდატების სათანადო წარმოდგენა მომავალი არჩევნების პროპორციულ და მაჟორიტარულ კომპონენტებში. სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით მომხსენებლები მიესალმებიან სასამართლო რეფორმების მეოთხე ტალღის მიღებას და იმედს გამოთქვამენ, რომ მათი განხორციელება დაუყოვნებლივ და თანმიმდევრულად მოხდება.

მომხსენებლები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გააგრძელონ მოსამართლეების დამოუკიდებლობის შემდგომი გაძლიერების გზები, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებით.

თანამომხსენებლები ასევე მიესალმებიან მმართველი უმრავლესობის გადაწყვეტილებას არ დაინიშნოს დამატებითი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში მიმდინარე საპარლამენტო სესიის დროს. ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, დანიშნოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები მხოლოდ მას შემდეგ, რაც დანიშვნის პროცედურების შესახებ არსებულ კანონში შევა ცვლილებები წინა დანიშვნის დროს მომხდარი ხარვეზების გამოსწორების მიზნით.

გარდა ამისა, თანამომხსენებლები ასევე მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის სხვა რეკომენდაციებიც, მათ შორის ფარული კენჭისყრის გაუქმებასთან, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებასთან და შერჩევის ერთიანი და გამჭვირვალე კრიტერიუმების შემოღებასთან დაკავშირებით.

თანამომხსენებლები მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეამციროს წინასწარი დაკავების გამოყენება, რაც ჯერ კიდევ ხშირად ხდება და წინააღმდეგობაში მოდის ევროპულ სტანდარტებთან და აჩენს ეჭვს, რომ ისინი შეიძლება პოლიტიკური მოტივებით იყოს გამოყენებული.

ისინი მიესალმებიან ხელისუფლებისა და მმართველი უმრავლესობის მზაობას შემუშავდეს ადმინისტრაციული კანონდარღვევების შესახებ ახალი კანონი, რადგან მოქმედი კანონი ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაშია შექმნილი და ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს და საქართველოს კონსტიტუციის დებულებებს – იძლევა რა მისი ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას.

”კიდევ ერთხელ გვსურს განვაცხადოთ, არსებობს შესაძლებლობა, რომ შეიქმნას ახალი პოლიტიკური გარემო საქართველოს პოლიტიკურ ველზე, რაც ხელს შეუწყობს ამ რეფორმების განხორციელებას და რამაც შეიძლება ახალი იმპულსი მისცეს საქართველოს დემოკრატიულ კონსოლიდაციას, როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობრები, ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ ყველა დაინტერესებულ მხარეს ამ პროცესში“, - აცხადებენ თანამომხსენებლები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა