ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2020

როგორ იქმნებოდა ლუგარის ლაბორატორია, რომელიც ახლა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

რუსეთმა შეიძლება პროდუქტის ექსპორტი შეწყვიტოს - რა ელის საქართველოს

ნავთობის მსოფლიო ბაზარი ყოველდღე ვარდნას განიცდის - საქართველოში საწვავი 30 თეთრით უნდა გაიაფდეს

რუსეთი ევროპაში პანიკას თესავს - როგორ იყენებს კრემლი პანდემიას დეზინფორმაციის გასავრცელებლად

* * *

როგორ იქმნებოდა ლუგარის ლაბორატორია, რომელიც ახლა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

“საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული საქართველოში სხვადასხვა პროფილის ლაბორატორია არსებობდა მათ შორის თბილისში, ასათიანის ქუჩაზე გახსნილი იყო “შავი ჭირის საწინაღმდეგო სადგური”, სადაც 70 წლის განმავლობაში შავი ჭირის, ჯილეხის, ბრუცელოზის პათოგენებზე მუშაობდა. 2004 წელს აშშ-ს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე დაიწყო რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევის ცენტრის მშენებლობა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბაზაზე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით როგორ იქმნებოდა ლუგარის ლაბორატორია, რომელიც ახლა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

“ლაბორატორია 2011 წელს გაიხსნა, თუმცა 2013 წლის აგვისტოში სრულ ექსპლუატაციაში შევიდა. 2018 წლიდან ლუგარის კვლევითი ცენტრის და ლაბორატორიის ქსელის სრულ დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობა. კვლევითი ცენტრი მთელი თავისი აღჭურვილობით სრულად გადაცემულია საქართველოს მთავრობის საკუთრებაში. როგორც “რეზონანსთან” მთავრობის კანცელარიის ყოფილმა ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ განაცხადა, აშშ-ს ადმინისტრაციამ ასობით მილიონი დოლარი დახარჯა იმისთვის, რომ რუსეთში მოგვარებულიყო რადიაქტიული თუ სხვა ნარჩენების მოწესრიგება, გასუფთავება. აშშ-ს ადმინისტრაცია ასევე მზად იყო დაეარსებინა და აეშენებინა თანამედროვე ეპიდემიოლოგიური ლაბორატორიები ყოფილ საბჭოთა რესპულიკებში. საბოლოოდ რუსეთმა უარი თქვა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რაც სააკაშვილმა თქვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გადაწყდა საქართველოში ე.წ. ლუგარის ლაბორატორიის დაარსება, არის სრული ტყუილი, რაც მისთვის ესოდენ დამახასიათებელია. ტყუილია ისიც, რომ შემთხვევით აღმოჩნდა ერთ-ერთ სადილზე ლუგართან. სააკაშვილი რიჩარდ ლუგარს გააცნო თედო ჯაფარიძემ, რომელიც მაშინ საქართველოს ელჩი იყო აშშ-ში, სააკაშვილი კი მაშინ პრეზიდენტი არ იყო. ტყუილი თქვა, თითქოს საქართველოში ბილოგიური იარაღის წარმოება არსებობდა. ლუგარის კომისია მუშაობდა რუსეთის ფედერაციაში. აშშ-ს ადმინისტრაციამ ასობით მილიონი დოლარი დახარჯა იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციაში მოეგვარებულიყო რადიაქტიული თუ სხვა ნარჩენების მოწესრიგება-გასუფთავება. ჩვენ გვახსოვს ფოტოები, სადაც სენატორები ლუგარი და ობამა რუს გენერლებთან ერთად იმყოფებიან რუსეთის ყველაზე საიდუმლო ობიექტებზე,- ასეთი დროც იყო. ასევე კომისიამ შესთავაზა ყოფილ საბჭოთა რესპულიკებს, რომ აშშ-ს მთავრობა მზად იყო დაეარსებინა და აეშენებინა თანამედროვე ეპიდემიოლოგიური ლაბორატორიები, საბოლოოდ რუსეთმა უარი თქვა, რადგან იმ დროს პუტინს და მის გუნდს დასჭირდათ აშშ-სგან მტრის ხატის შექმნა”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.

“როდესაც უკვე საქართველოში შეიქმნა ეს ლაბორატორია და მიშამ ლუგარის სახელი დაარქვა, გადის დროს და პუტინის რეჟიმიდან წამოვიდა აბსურდული ბრალდებები. რის საპასუხოდ საქართველოს მთავრობამ და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ არაერთხელ შესთავაზეს რუსეთის ფედერაციის მთავრობას და სპეციალისტებს ჩამოსულიყვნენ საქართველოში, შესულიყვნენ ამ ლაბორატორიაში და თავის თვალით ენახათ ყოველივე, მაგრამ ყოველთვის უარი მიიღეს, რადგან პუტინის რეჟიმი დღემდე ლუგარის ლაბორიტორიისგან მტრის ხატს ქმნის”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“წარმომიდგენია, დღეს რომ სააკაშვილი და მისი თანამზრახველები იყვნენ ხელისუფლებაში, რა პიარკამპანია ექნებოდათ გაჩაღებული ამ მძიმე ვითარების ფონზე, რომ სხვა ქვეყანაში ხალხი იხოცება, მაგრამ საქართველოში, მათ მიერ გატარებული რეფორმების შედეგად ყველაფერი უმაღლეს დონეზეა - განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც დღეს უხმოდ, მშვიდად, ყოველგვარი პიარის გარეშე, თავდაუზოგავად იბრძვიან ამ მძიმე სენის დასამარცხებლად. მხედველობაში მყავს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელობა, ჩვენი სასიქადულო ექიმები, პროფესიონალი ეპიდემიოლოგები. მიუხედავად იმისა, რომ მე “ოცნების” მთავრობას" მუდამ ვაკრიტიკებ, ამ კონრეტულ შემთხვევაში უნდა ავღნიშნო, რომ მთავრობა კარგად მუშაობს”, - დასძენს პეტრე მამრაძე.

რუსეთმა შეიძლება პროდუქტის ექსპორტი შეწყვიტოს - რა ელის საქართველოს

“იმ შემთხვევაში თუ რუსეთის მოსახლეობისთვის პროდუქტი საკმარისი არ იქნება, რუსეთის ხელისუფლება მზადაა საქონლის საზღვარგარეთ ექსპორტი შეზღუდოს, ამის შესახებ რუსეთის პრეიერ-მინისტრის პირველმა მოადგილემ ანდრეი ბელოუსოვმა განაცხადა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ამჟამად ამის საჭიროება არაა. მანამდე კი პრეზიდენტმა პუტინმა აღნიშნა, რომ ქვეყნაში საკვები პროდუქტებისა და აუცილებელი საქონლის უწყვეტი მიწოდების მიზნით გათვილი ნაბიჯებია საჭირო. ახალმა პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა პრეზიდენტი პუტინი დაარწმუნა, რომ ქვეყანაში პროდუქტებთან დაკავშირებით პრობლემები არ არსებობს, თუმცა რუსეთის მოსხლეობა კორონავირუსის გავრცელების შიშით, ბევრ პროდუქტს ყიდულობენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რუსეთმა შეიძლება პროდუქტის ექსპორტი შეწყვიტოს - რა ელის საქართველოს.

“კორონავირუსის პანდემიის გამო, რუსეთში ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, ზოგიერთ სამედიცინო პროდუქტზე და აუცილებელ საქონელზე მოთხოვნა გაიზარდა, მარტის დასაწყისში კი რუსეთის ხელისუფლებამ ამის გამო სამედიცინო ნიღბების, სადეზინფექციო საშუალებების, ქირურგიული ხელთათმანების ექსპორტი დროებით აკრძალა. ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე ამბობს, რომ თუ რუსეთი ექსპორტს დროებით შეწყვეტს, ეს საქართველოსთვის ცალსახად ცუდია. “რაც შეეხება პროდუქტების მარაგს, ეს ხელისუფლებამ უნდა დათვალოს. რუსეთის ცალკე საკითხის განხილვა არ შეიძლება, ჩვენთან უამრავი საქონელი შემოდის, ქვეყანა სხვა ქვეყნებზეა ჩამოკიდებული - რუსეთზე, თურქეთზე, ირანზე და ჩინეთზე ერთნირად ვართ ჩამოკიდებული, ამ შემთხვევში რუსეთში საკმაოდ ბევრი ექსპორტი გადის და საკმაოდ ბევრი რამ შემოდის, თუ დიხურება ცალსახად რა თქმა უნდა ცუდია”, - განაცხადა გიორხელიძემ. ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ თუ რუსეთმა ექსპორტი აკრძალა, ამით საქართველო არ დაზარალდება, რადგან ჩვენ ცალსახად რუსეთზე არ ვართ დამოკიდებულები”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ზუსტად ვერ გეტყვით, რადგან ზუსტი მონაცემები არ მაქვს, მაგრამ გამომდინრე იქიდან, რომ ჩვენ საკმაოდ მცირე ბაზარი გვქვს და რუსეთი ჩვენთვის უალტერნატივო მომწოდებელი არაა, შეგვიძლია ალტერნატიული გზა აზერბაიჯანიდან, ცენტრლური აზიიდან, ასევე თურქეთიდან განვიხილოთ, ასე, რომ ამას ამ ვითარებაში ასე დრამატულად არ აღვიქვამ. რუსეთისთვის ჩვენ 001% ვრთ, ჩვენ მოგვაწვდიან თუ არა, ამას რუსული ბაზარი ვერც იგრძნობს, იყო ჩვენს ცხოვრებაში პერიოდი, როდესაც რუსეთიდან ყველაფერი საერთოდ ჩაკეტილი იყო, მაგრამ დეფიციტი პრაქტიკულად არაფერზე არ შექმნილა, აქედან გამომდინარე, ჩვენ ცალსახად რუსეთზე არ ვართ დამოკიდებული და ალტერნატიული ბაზრები გვაქვს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

ნავთობის მსოფლიო ბაზარი ყოველდღე ვარდნას განიცდის - საქართველოში საწვავი 30 თეთრით უნდა გაიაფდეს

“ნავთობის ბაზარი ჩამოშლის პირასაა. ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ღირებულება გუშინ მთელი დღის განმავლობაში 11.54%-ით დაეცა და 23.85 დოლარი შეადგინა. ეს კი 2003 წლის შემდეგ, ბარელი ნავთობის მინიმალური ღირებულებაა. ასეთი არანორმალური ვარდნა ეკონომიკური საქმიანობის შეჩერებას მოყვა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით მასზე მოთხოვნამ საგრძნობლად იკლო, რამაც ფასის ვარდა გამოიწვია. წლის დასაწყისში, მსოფლიო ბაზარზე ერთი ბარელი ნავთობის ფასი 67 დოლარი იყო, გუშინდელი მონაცემებით კი - თითქმის 24. გლობალური ეკონომიკური ზრდის დამუხრუჭებას თან ემატება საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის მოპოვების დონის შესახებ შეთანხმების მიუღწევლობა. ჩაშლილი გარიგების გამო, საუდის არაბეთი 2020 წლის პირველი აპრილიდან მის ყოველდღიურ მოპოვებას რეკორდულ მაჩვენებლამდე - 13 მილიონ ბარელამდე გაზრდის”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ნავთობის მსოფლიო ბაზარი ყოველდღე ვარდნას განიცდის / საქართველოში საწვავი 30 თეთრით უნდა გაიაფდეს.

“მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის კლება საქართველოზეც აისახა. თუმცა, დიდად - არა. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალიშვილი ამბობს, საქართველოსი ნავთობზე ფასმა 15-20 თეთრით დაიკლო და რომ არა ეროვნული ვალუტის მკვეთრად გაუფასურება, კიდევ უფრო დაბალი ფასი გვექნებოდა. “შეიძლება ითქვას, რომ 2003 წლის იანვრის შემდგომ, მსოფლიოში ასეთი დაბალი ფასი არ ყოფილა. ამ ვითარებას განაპირობებს კორონავირუსის გავრცელება, რის გამოც მნიშვნელოვნად არის შემცირებული ნავთობზე მოთხოვნა. მსოფლიოში ყოველდღიური მოთხოვნა 5 მილიონი ბარელით არის შემცირებული. რეალურად არსებობს იმის ალბათობა, რომ ნავთობზე ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად შემცირდეს. გარდა ამისა, ოპეკის წევრ და არაწევრ ქვეყნებს შორის შეთახმება ვერ შედგა. რუსეთის პოზიცია იყო რადიკალურად განსხვავებული. იგი არ დაეთანხმა ოპეკის შეთავაზებას ყოველდღიური ნავთობის მოპოვების კვოტების შემცირებას”, - ამბობს ვანო მთვარალაშვილი, რომლის განმარტებით, “შესაბამისად, ამ შეუთანხმებლობამ გამოიწვია ის, რომ ფაქტობრივად დაიწყო სანავთობო ომი, ერთი მხრივ საუდის არაბეთსა და მეორე მხრივ რუსეთს შორის”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ამ პროცესმაც განაპირობა, რაც ბაზარზე ხდება. ნავთობის ფასი არის მნიშვნელოვნად დაცემული. დღეს ყველა თანხმდება იმას, რომ მსოფლიოში ნავთობის ძირითადი საცავები ფაქტობრივად გადავსებულია, მოთხოვნა კი მინიმუმზეა დასული. ამ ვითარებით კი ვინც სარგებლობს, ფაქტია. აშშ-ს პრეზიდენტი ამ პროცესს მიესალმება. ტრამპმა პირდაპირ განაცხადა, რომ ეს ამერიკისთვის და ნავთობის მომხმარებელი ქვეყნებისთვის არის მისაღები ფასი. მეორე მხრივ კი, ის ქვეყნები, რომლებიც ნავთობის ექსპორტზე იყვნენ დამოკიდებულნი, მნიშვნელოვან ზიანს იღებენ, მათ შორის რუსეთი, ყაზახეთი, ირანი, ვენესუელა, ერაყი და აზერბაიჯანი. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან 15-20 თეთრით ფასი შემცირდა და ალბათ, მომავალშიც შემცირდება. ეს დაკავშირებული იქნება იმასთან თუ ლარი დოლართან მიმათებით როგორ იქნება. რომ არა ასეთი გაუსაფურება, თავისთავად დაიწყებოდა ფასის კლება, იმ მასშტაბებით, რასაც საერთაშორისო ტენდენცია განსაზღვრავს. ლარი დოლართან ყოველდღე უფასურდება. ეს კი იმ დოზით და მოცულობით ფასის შემცირების საშუალებას არ იძლევა, თუმცა ჩემი პროგნოზით მაინც დაიკლებს. რა დოზით ეს კომპანიების გადასაწყვეტია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვანო მთვრალაშვილი.

“ნავთობის ღირებულება კიდევ უფრო დაეცემა, რადგან მსოფლიოში კორონავირუსის შემდგომ გამოწვეული პრობლემები ჯერ არ გადაჭრილა. ანალიტიკოს ბექა კემულარიას აზრით, მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარება საქართველოზეც აისახება და დაახლოებით ერთ თვეში ნევთობის ფასი თითქმის 30 თეთრით დაიკლებს. “მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ღირებულება დაახლოებით 25 დოლარამდეა და ვფიქრობ კიდევ უფრო დაეცემა, შესაძლოა, 20 დოლარამდე დავიდეს. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან ერთი ლიტრი ბენზინის ფასი 2 ლარს ჩამოსცდა და 1.95 ლარის ფარგლებშია. ოღონდ არაბრენდირებულ სადგურებზე. ისინი საცალო ბაზრის ნახევარს აკონტროლებენ. ნავთობის ამ ნიშნულის გათვალისწინებით, წესით ფასი კიდევ უფრო უნდა შემცირდეს, დაახლოებით 30 თეთრით. ოღონდ, რა თქმა უნდა, ეს დღეს და ხვალ არ მოხდება”, - მიიჩნევს ბექა კემულარია, რომლის აზრით საწვავი დაახლოებით “სამ კვირაში ან ერთ თვეში თანდათან გაიაფდება”, - დასძენს გამოცემა.

რუსეთი ევროპაში პანიკას თესავს - როგორ იყენებს კრემლი პანდემიას დეზინფორმაციის გასავრცელებლად

“ახლა უკვე ევროკავშირმა, შეერთებული შტატების შემდეგ, რუსეთი დასავლეთის ქვეყნებში კორონავირუსთნ დაკავშირებით ყალბი ინფორმაციის გვრცელებაში დაადანაშაულა - ამის შესახებ “ფაინენშლ ტაიმზი” 16 მარტის ევროკავშირის დახურულ მოხსენებაზე დაყრდნობით წერს. დოკუმეტში ნათქვამია, რომ სავარაუდოდ, პრო-რუსულმა მედიამ ევროპულ საზოგადოებაში პანიკის და შიშის გასავრცელებლად დეზინფორმაციული კამპანია დაიწყო, ხოლო დეზინფორმაციის ყველაზე აქტიური გამავრცელებლები იმ სოციალური ქსელების ანგარიშებია, რომლებმაც ადრე სფრანგეთში “ყვითელჟილეტიანების” პროტესტის შესახებ დაწერეს, ახლა კი კორონავირუსზე დეზინფორმაციებს ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე აქვეყნებენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რუსეთი ევროპაში პანიკას თესავს - ევროკავშირის მოხსენებაში საუბარია, როგორ იყენებს კრემლი პანდემიას დეზინფორმაციის გასავრცელებლად.

“ამ ანგარიშებიდან ისინი მასიურად წერენ დეზინფორმციას იმის შესახებ, რომ კორონავირუსი იარაღად გამოიყენეს და ხელოვნურად გაავრცელეს და აპოკალიფსს წინასწარმეტყველებენ. დეზინფორმციულ ცნობებში ასევე ნათქვამია, რომ კორონავირუსის გავრცელებით კაპიტალისტები სარგებლობენ. ამავე დროს, ეს ანგარიშები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბრძოლას კოროვირუსის წინააღმდეგ წარმატებულად აფასებენ. ბრიუსელი შიშობს, რომ რუსული მხარის მიერ გავრცელებულმა ყალბმა მოქმედებებმა შესაძლოა ევროპაში მიმდინარე პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას ხელი შეუშალოს. ინფიცირების კუთხით ევროპული ქვეყნების ხუთეული ასე გამოიყურება: იტალია (30 ათასზე მეტი), ესპანეთი (11 ათასზე მეტი), გერმანია (9 ათასზე მეტი), საფრანგეთი (თითქმის 8 ათასი) და შვეიცარია (თითქმის 3 ათასი)”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რაც შეეხება ამერიკას, თებერვლის ბოლოს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთში კორნავივირუსის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ეჭვი შეიტანა. აშშ-ს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რუსეთთან დაკავშირებული ათასობით ანგარიში ინფექციის შესახებ სოციალურ მედიაში კოორდინირებული ფორმით ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, რაც გლობალურ მცდელობებს ეპიდემიის დაძლევის მიზნით ძირს უთხრის. გარდა ამისა, აშშ აღნიშნავს, რომ ასეთი მომხმარებლები ხელს უწყობენ იმ აზრის გავრცელებას, რომ ამერიკის მთავრობა კორონავირუსის გავრცელების უკენ დგას, რითაც ქვეყნის რეპუტაციას ზიანს აყენებს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა მარია ზახაროვამ კი აშშ-ს უპასუხა, რომ ამგვარი ბრალდებები მიზანმიმართულ ქმედებას გავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო