ზაალ ანჯაფარიძე - ახლა მთავარია საკარანტინო ღონისძიებები ჩატარდეს სრულმასშტაბიანად, თანაც ისე, რომ დამატებითი ვნებათაღელვები და გართულებები არ გამოიწვიოს

საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

- ბატონო ზაალ, კორონავირუსის გავრცელების გამო მსოფლიო და საქართველო პანდემიას ებრძვის. რამოდენიმე დღის წინ გვქონდა იმის განცდა, რომ ჩვენი ხელისუფლება და სამედიცინო პერსონალი მეტ-ნაკლები წარმატებით უმკლავდებოდა პანდემიას.

მაგრამ, მარნეულის შემთხვევამ აშკარად გაართულა სიტუაცია. ამ რთულ ვითარებაშიც ხელისუფლების ქმედებები საკმაოდ ადეკვატურად კი გამოიყურება, მაგრამ ცხადია, ისიც, რომ ამ შემთხვევის შემდეგ ქვეყანა იმ პრეკრიტიკულ ფაზაში შევიდა, რაზეც ბატონი ამირან გამყრელიძე ბრძანებდა - უნდა ავიცილოთ ერთდროულად ვირუსის გავრცელების რამოდენიმე ასეული შემთხვევა.

თქვენ როგორ შეაფასებდით, ხელისუფლების მიერ მარნეულსა და ბოლნისში გადადმულ ნაბიჯებს და რამდენად შეიძლება გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ ქვეყანა წარმატებით გაუმკლავდება სწორედ მარნეულიდან და ბოლნისიდან პანდემიის გავრცელების შესაძლებლობას?

- უპირველეს ყოვლისა საჭიროა მოქალაქეთა დროული და ყოვლისმომცველი ინფორმირება, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების. ამისათვის კი აუცილებელია ყველა ის საინფორმაციო მასალა კორონავირუსზე რაც ვრცელდება, მათ ენაზე ითარგმნოს.

მარნეულსა და ბოლნისში არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კარგად იცნობენ ადგილობრივ პირობებს და რეალობებს და მათ შეუძლიათ გარკვეულწილად იკისრონ ინფორმატორების და განმანათლებლების ფუნქცია.

საჭიროა მოქალაქეთა დროული და ყოვლისმომცველი ინფორმირება, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების. ამისათვის კი აუცილებელია ყველა ის საინფორმაციო მასალა კორონავირუსზე რაც ვრცელდება, მათ ენაზე ითარგმნოს

რამდენადაც ვიცი, აშშ-ს საელჩომ და USAID-მა საგრანტო პროგრამები გამოაცხადეს კორონავირუსთან საბრძოლველად და ჩემი აზრით ამ გრანტების ნაწილი მიზნობრივად უნდა იყოს მიმართული სწორედ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებზე.

არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მიუხედავად კორონავირუსისა, ხშირად იქ მცხოვრები ხალხი, მაინც აგრძელებს ტრადიციული წესებით ცხოვრებას. ისინი არ იცავენ თვითიზოლაციის წესებს, რაც ქმნის ვირუსის გავრცობის რეალურ საფრთხეს. ამიტომაც ხელისუფლების მიერ ამ რაიონებში კარანტინის დაწესება აბსოლუტურად დროული და ადექვატური ზომა იყო, ისევე როგორც ყველა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობის, მათ შორის მატარებლებით გადაზიდვების დროებით შეზღუდვა.

ახლა მთავარია რომ საკარანტინო ღონისძიებები ჩატარდეს სრულმასშტაბიანად და არა სანახევროდ, თანაც ისე რომ დამატებითი ვნებათაღელვები და გართულებები არ გამოიწვიოს და ამაში ადგილობრივი საზოგადოების და ავტორიტეტული ადამიანის ჩართულობა აუცილებელია.

ახლა მთავარია რომ საკარანტინო ღონისძიებები ჩატარდეს სრულმასშტაბიანად და არა სანახევროდ, თანაც ისე რომ დამატებითი ვნებათაღელვები და გართულებები არ გამოიწვიოს და ამაში ადგილობრივი საზოგადოების და ავტორიტეტული ადამიანის ჩართულობა აუცილებელია

გასათვალისწინებელია რომ მასობრივი თავშეყრის რიტუალური ღონისძიებების აკრძალვა ან შეზღუდვა გარკვეულ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული. საჭიროა სიტუაციის ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განსაკუთრებული მონიტორინგი და კორონავირუსზე მასობრივი ტესტირება შეიძლება სწორედ ამ მაღალი რისკის რეგიონებიდან დაიწყოს.

არ დაგვავიწყდეს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, ჩვენ ეხლა შევდივართ ვირუსის პიკურ სეზონში და შესაძლოა დაინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატოს.

- ფაქტია, რომ მარნეულის შემთხვევამ ლამის წყალში ჩაუყარა ხელისუფლებას და ჩვენს მედიკოსებს ის ძალისხმევა, რაც აქამდე მთელმა ქვეყანამ გასწია.

ერთმა უპასუხისმგებლო ავადმყოფმა აშკარად გაართულა ვითარება. ამ შემთხვევამ ისიც ცხადი გახადა, თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოქალაქეების მხრიდან ერთი მხრივ ერთმანეთისგან სოციალურ დისტანცირებას, ხოლო მეორე მხრივ ხელისუფლებისა და მედიკოსების რეკომენდაციების შესრულებას.

ახლა როცა სიტუაცია აშკარად გართულებულია, თქვენ როგორც პასუხიმგებლიანი მოქალაქე რას ურჩევდით ჩვენს თანამოქალაქეებს?

- ჩვენი მრავალსაუკუნოვანი კულტურა, ადათ-წესები და ჩვენი რწმენა გვეუბნება და შექმნილი სიტუაცია გვკარნახობს, რომ ასეთ მდგომარეობაში მთავარია ურთიერთთანადგომა, მაღალი პასუხისმგებლობა, პირადი, ვიწროპარტიული თუ ეგოისტური ამბიციების და ვნებების გვერდზე გადადება დროებით მაინც.

მესმის, რომ სათქმელად ადვილია და გასაკეთებლად კი ძნელი, მაგრამ როგორმე უნდა შევძლოთ.

არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ პანიკურ მოლოდინებს, როგორიც არ უნდა იყოს ამის ცდუნება, ზედმიწევნით შევასრულოთ სპეციალისტთა ინსტრუქციები და ფსიქოლოგიური წონასწორობა შევინარჩუნოთ.

არავითარ შემთხვევაში არ უნდა ავყვეთ პანიკურ მოლოდინებს, როგორიც არ უნდა იყოს ამის ცდუნება, ზედმიწევნით შევასრულოთ სპეციალისტთა ინსტრუქციები და ფსიქოლოგიური წონასწორობა შევინარჩუნოთ

სწორედ ეს თვისებები ეხმარებოდა სხვადასხვა ერებს დროულად გამკლავებოდნენ პანდემიას თუ სხვა სტიქიურ უბედურებებს. ამის მაგალითები სახეზე გვაქვს იაპონიის, ჩინეთის და სამხრეთ კორეის სახით.

არ გამოვრიცხავ, რომ საინფორმაციო ომის სამიზნე გავხდეთ არაკეთილმოსურნეების მხრიდან. ამიტომაც ვურჩევდი ჩვენს თანამოქალაქეებს შეძლებისდაგვარად გადაამოწმონ სხვადასხვა ტიპის ინფორმაციები, ვიდრე მათი ზეგავლენით რამეს მოიმოქმედებენ.

- ვიდრე თქვენ დაგიკავშირდებოდით, „ინტერპრესნიუსშიქალბატონმა დარეკა, რომელიც ჩვენგან კი არ ითხოვდა, არამედ მოითხოვდა ბულგარეთში მყოფი მისი მეუღლის საქართველოში დაბრუნებას.

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა არაერთხელ განაცხადა, რომ ჩვენი საელჩოები და საკონსულოები ყველაფერს აკეთებენ, რათა საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუენება შესაძლებელი გახდეს.

ამ თემაზე საუბრისას პრემიერ გიორგი გახარიასაგან მოვისმინეთ კომპანიააირზენასმიმართ გამოთქმული საკმაოდ მრავლისმეტყველი კომენტარი - „ვფიქრობ, „აირზენასდირექტორი ელოდება, რაც უფრო მეტ ფულს გადაუხდიან.“

მეტიც, პრემიერმააირზენასხელმძღვანელობას შეახსენა, რომ ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში ხელისუფლებას შეუძლია მათ ჩამოართვას კუთვნილი თვითმფინავები და თავად უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების ჩამოყვანა.

თქვენი აზრით, რას შეიძლება ნიშნავდესაირზენაზეპრემიერის განცხადება და სავარაუდოდ, როგორი გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ამ ისტორიას?

- „აირზენას“ დირექტორს, ყველა სხვა დაინტერესებულ ბიზნეს-ოპერატორს, ვინც მსგავს მდგომარეობაშია, ასევე ჩვენს მოქალაქეებს, ვისაც გახარიას სიტყვები გაუკვირდა, ვურჩევდი ზედმიწევნით კარგად წაიკითხონ კანონი საგანგებო მდგომარეობის შესახებ.

ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ საგანგებო მდგომარეობა არის სიტუაცია, როდესაც მთავრობა უფლებამოსილია შეასრულოს ისეთი ქმედებები ან განახორციელოს ისეთი პოლიტიკა, რის უფლებასაც ჩვეულებრივ სიტუაციაში თავს არ მისცემდა.

ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ საგანგებო მდგომარეობა არის სიტუაცია, როდესაც მთავრობა უფლებამოსილია შეასრულოს ისეთი ქმედებები ან განახორციელოს ისეთი პოლიტიკა, რის უფლებასაც ჩვეულებრივ სიტუაციაში თავს არ მისცემდა

ჩვენ უკვე შევძელით 3000-მდე ჩვენი თანამოქალაქის ოპერატიულად ჩამოყვანა უცხოეთიდან, რაც ჩვენი მწირი რესურსების გათვალისწინებით დიდი მიღწევაა, სხვა ჩვენზე ძლიერი და მდიდარი ქვეყნების ფონზე.

ხელისუფლებას ვურჩევდი სასწრაფოდ გამოყოს სტრუქტურა, რომელიც მუდმივ უკუკავშირზე იქნება უცხოეთში დარჩენილ ჩვენს მოქალაქეებთან რომ მათ თავი მიტოვებულად არ იგრძნონ.

წესით, წარმოების მფლობელებსაც უნდა ჰქონდეთ კრიზისის პირობებში მენეჯმენტის გაწერილი გეგმა და თუ არა აქვთ, მით უარესი, ეხლა მაინც მოუწევთ შემუშავება

- გასაგებია, რომ შექმნილი ვითარება ეკონომიკას დიდ ზიანს აყენებს, ცუდ დღეში არიან კერძო საწარმოების მფლობელები და იქ დასაქმებული ადამიანები. ხელისუფლებამ ამ ვითარებაში ეკონომიკის მხარდასაჭერად შემუშავებული გეგმა კი წარმოადგინა, მაგრამ ისიც ცხადია, რომ მისი რეალიზება მარტივად განსახორციელებელი ვერ იქნება.

გასაკვირი არაა, რომ ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის გამო გაჩერებული საწარმოები და მათში დასაქმებული ადამიანები რომ ხელისუფლებისგან ითხოვენ მხარდაჭერას, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ ბევრს ავიწყდება, რომ საქართველო არც ისე მდიდარი ქვეყანაა და ვერც სახელმწიფო ვერ იქნება მეწველი ძროხა.

როცა დღევანდელ და სამომავლო ეკონომიკურ პრობლემებზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ახლა უდიდესი მნიშვნელობა აქვს თუ რამდენად სწორად შეძლებს ხელისუფლება მის ხელთ არსებული რესურსების ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებზე სწორად და ეფექტურად გადანაწილებას. მაგრამ, ახლა ის დროა, მხოლოდ ხელისუფლების იმედად არც კერძო წარმოებები არ იყვნენ.

რა შეიძლება იყოს ის, რაც შექმნილ ვითარებაში ყველამ უნდა გაითვალისწინოს? მხედველობაში მყვანან წარმოებების მფლობელები და ამ წარმობებეში დასაქმებული ადამიანები...

- ამ კითხვის ადრესატი ალბათ უფრო ფინანსიტები და ეკონომისტები არიან. მათ უნდა შეიმუშავონ კრიზისულ სიტუაციაში ეკონომიკის და ფინანსების მართვის რეკომენდაციები.

წესით, წარმოების მფლობელებსაც უნდა ჰქონდეთ კრიზისის პირობებში მენეჯმენტის გაწერილი გეგმა და თუ არა აქვთ, მით უარესი, ეხლა მაინც მოუწევთ შემუშავება.

მთავრობასა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის მიდის აქტიური კომუნიკაცია და იმედს ვიტოვებ, რომ გამონახული იქნება კომპრომისული გადაწყვეტილება. ეს თავად ეკლესიის ინტერესებშია, რადგანაც როგორც აღვნიშნე, კორონავირუსის პიკი ჯერ კიდევ წინ არის

თუმცა, არ არის აუცილებელი იყო ეკონომისტი, რომ მიხვდე იმას, რომ მსგავს სიტუაციაში „ქამრების შემოჭერა“ უბრალოდ გარდუვალი აუცილებლობაა და მაღალი ალბათობით მთავრობას მოუწევს ამ კუთხით ბიუჯეტის კორექტირება.

თითოეულ ჩვენგანსაც მოუწევს ალბათ ქამრების კიდევ უფრო შემოჭერა გარკვეული პერიოდით.

- ამ ფონზე აქტუალობას არ კარგავს ჩვენს ეკლესიებში არსებული ვითარება და ამ თემაზე საპატრიარქოს, ცალკეული მღვდელმთავრების, ანაც ცალკეული მორწმუნეების მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები.

ამ თემაზე რუსეთის პატრიარქის განცხადება, როგორც მინიმუმ, პრაგმატული გახლდათ. აღარაფერს ვამბობ ირანის უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის განცხადებაზე, რომელმაც ყველა რელიგიური შეკრება გააუქმა. იტალიაში ვირუსის მატარებლები მღვდლები აღმოჩდნენ, რომლებსაც ეკლესიების დახურვის მიუხედავად უამრავ ხალხთან აქვთ კონტაქტი.

რა თქმა უნდა, ეკლესიასთან თეოლოგიურ თემებზე კამათს არავინ აპირებს, მაგრამ იმის ფონზე, რაც სხვა ქვეყნებში ხდება, რამდენად შეიძლება გვქონდეს იმის იმედი, რომ ჩვენი ეკლესიაც უფრო მეტად გაითვალისწინებს ხელისუფლებისა და ჩვენი მედიკოსების რეკომენდაციებს?

- ჩემი დაკვირვებით მთავრობასა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის მიდის აქტიური კომუნიკაცია და იმედს ვიტოვებ, რომ გამონახული იქნება კომპრომისული გადაწყვეტილება. ეს თავად ეკლესიის ინტერესებშია, რადგანაც როგორც აღვნიშნე, კორონავირუსის პიკი ჯერ კიდევ წინ არის.

ოპოზიციური სპექტრი იძულებულია დროებით თავი შეიკავოს ხელისუფლების კრიტიკაზე. თუმცა, სადამდე გასტანს ეს პოლიტკორექტულობა, რთული სათქმელია

რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, მართალია ჯერჯერობით არ გააუქმა ზიარება და საეკლესიო რიტუალები, მაგრამ მზადყოფნა გამოაცხადა გაითვალისწინოს ხელისუფლების და სამედიცინო უწყებების რეკომენდაციები და ინსტრუქციები.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ პანდემიის გავრცელების შემდეგ პოლიტიკური ძალების ლიდერების რიტორიკა ნაკლებად კონფრონტაციული და მეტად კონსტრუქციულია. მეტიც, ხელისუფლებასთან უკიდურესად დაპირისპირებული ოპოზიცია ცდილობს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას.

თქვენი დაკვირვებით, რა კორექტივები შეიძლება შეიტანოს პანდემიის საფრთხემ შიდა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებში?

- ყველა ოპოზიციონერზე ნამდვილად ვერ ვიტყვი ამას. სრულიად აშკარაა ზოგი მათგანის მცდელობები ამ კრიზისულ პერიოდში შექმნილ სირთულეებზე ითამაშოს და ვითომდა კეთილშობილური მოტივებით შეფუთული გზავნილებით პოლიტიკური ქულები დაიწეროს.

თუმცა, გვაქვს შედარებით პასუხისმგებლიანი ქცევის მაგალითებიც. თუნდაც ხელისუფლების ისეთი დაუძინებელი ოპონენტის მხრიდან როგორიც არის მაგალითად ნიკა გვარამია.

ძირითადი ოპოზიციური პარტიები და მათი მოკავშირეები მიხვდნენ, რომ შექმნილ სიტუაციაში ცეცხლზე ნავთის დასხმა და მათი ჩვეული სცენარებით მოქმედება, თავად უფრო დააზიანებდათ ვიდრე ხელისუფლებას. ოპოზიციური სპექტრი იძულებულია დროებით თავი შეიკავოს ხელისუფლების კრიტიკაზე. თუმცა, სადამდე გასტანს ეს პოლიტკორექტულობა, რთული სათქმელია.

ამავე დროს, დღის წესრიგიდან არ მოხსნილა მთავარი საკითხი - არჩევნებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჯერჯერობით ეს შესაძლებელია, კონსტიტუციით დადგენილი ვადების გათვალისწინებით.

თუმცა, თუ კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობა განსაკუთრებით გართულდა და საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების აუცილებლობა დადგა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაც და არჩევნების ჩატარების დროც.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო