რეკომენდაციები გულ-სისძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებისთვის

SARS-CoV-2 ვირუსის სახით კაცობრიობას ახალი და დაუნდობელი „დამპყრობელი“ მოევლინა. რეალურად, დღეს ჩვენ მსოფლიო ომის მდგომარეობაში ვიმყოფებით ვერაგი მტრის წინააღმდეგ, რომლის თაობაზეც, ჯერჯერობით, ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს.

სამწუხარო ფაქტია, მაგრამ მარსის კოლონიზაციის პროექტით შეპყრობილი ყოვლისშემძლე ცივილიზაცია, დღეს ხელის დაბანით და სოციალური იზოლაციით „ებრძვის“ 120 ნანომეტრიან (1 ნანომეტრი = 10-9მ) „მონსტრს“.

„ესპანური გრიპის“ (1918 წლის იანვარი - 1920 წლის დეკემბერი) პანდემიის გამოცდილების (500 მილიონამდე ინფიცირებული და 50 მილიონზე მეტი სიკვდილი) ფონზე, ახალი კორონავირუსის გავრცელების „მოკრძალებული“ მასშტაბები შეშფოთებას არც უნდა იწვევდეს, რომ არა ერთი გარემოება - განსხვავება H1N1-ის პირველი პანდემიის დროინდელ და XXI საუკუნის მედიცინას შორის. ახალმა კორონავირუსმა მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ფანტასტიკური მიღწევების მიუხედავად, თანამედროვე ცივილიზაცია არც თუ ისე თავდაჯერებულად გამოიყურება გლობალური საფრთხის წინაშე; რომ ამ საფრთხესთან ბრძოლა მხოლოდ მედიცინის საქმე არ არის და მოითხოვს საყოველთაო სახელმწიფოებრივ/ საზოგადოებრივ ჩართულობას.

დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ძალისხმევით, ახლო მომავალში შევძლებთ ამ უდიდესი გამოწვევის გამკლავებას. მაგრამ დღეს ჩვენ ომში ვართ ჩართულები და ჩვენი მოვალეობა არა მოლოდ პანდემიაზე ფოკუსირება, არამედ მისი თანმდევი პრობლემების გადაჭრა და პრევენციაა, რომელთაგან უმთავრესი ყალბი ან დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელება და არაადეკვატური ინტერპრეტაცია გახლავთ.

არაჯანსაღ აჟიოტაჟს, რომელზედაც მინდა ჩვენი მკითხველის ყურადღება გავამახვილო, სათავე დაუდო ავტორიტეტული სამედიცინო ჟურნალის “The Lancet Respiratory Medicine” 11 მარტის სტატიამ სენსაციური სათაურით: „არიან თუ არა ჰიპერტენზიით და შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტები COVID-19-ით ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ?“ („Are patients with hypertension and diabetes mellitus at increased risk for COVID-19 infection?“). სტატიის ავტორთა ჰიპოთეზა ეფუძნება ახალი კორონავირუსის მიერ ადამიანის უჯრედების დაზიანების მექანიზმზე დაკვირვებას, რომლის მიხედვითაც SARS-CoV-2 ვირუსი ადამიანის უჯრედში შეღწევისთვის იყენებს სპეციფიკურ ენზიმურ (ფერმენტულ) ცილას -ანგიოტენზინ-გარდამქმნელ ფერმენტ 2-ს (ACE 2).

აღნიშნული მექანიზმის გათვალისწინებით, Lei Fang-მა და თანაავტორებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ გულ-სისხლძარღვთა და მეტაბოლური დაავადებების მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედ მედიკამენტებს (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები ან ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკერები) და რომლებშიც აღნიშნული პრეპარატების მიღება განაპირობებს ზემოთ ხსენებული ცილის - ანგიოტენზინ-გარდამქმნელ ფერმენტი 2-ის (ACE 2) დონის მატებას, შეიძლება მაღალი იყოს ახალი კორონავირუსით ინფიცირების რისკი.

საუბედუროდ, ინფორმაცია მყისიერად ატაცებულ და ტირაჟირებულ იქნა სოციალური მედიის მიერ, შესაბამისი ფატალური რისკის შემცველი რეაქციით - პაციენტებმა გლობალურად შეწყვიტეს ან შეაჩერეს აგფ ინჰიბიტორების/არ ბლოკერების მიღება!

ინფორმაციის წყაროს მაღალი ავტორიტეტის გამო, სკეფსისი, სამწუხაროდ, გაჩნდა პროფესიულ სამედიცინო წრეებშიც.

კატასტროფული რისკის შემცველ სიტუაციაზე, თავისი პოზიცია დროულად დააფიქსირა ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების ჰიპერტენზიის საბჭომ. აღნიშნული დანაყოფის თავმჯდომარემ, პროფესორმა ჯოვანი დე სიმონემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ Lei Fang-სა და თანაავტორების სპეკულაციებს COVID-19-თან მიმართებაში აგფ ინჰიბიტორებით/არ ბლოკერებით მკურნალობის უსაფრთხოების შესახებ, არ გააჩნია სამეცნიერო, მტკიცებითი საფუძველი. ჰიპერტენზიის საბჭოს კონტრარგუმენტად მოჰყავს ცხოველური ექსპერიმენტების შედეგები COVID-19 ინფექციის დროს აღნიშნული მედიკამენტების პროტექტორული (დაცვითი) ეფექტების შესახებ, თუმცა იქვე დასძენს, შემდგომი კვლევების აუცილებლობის თაობაზე.

ევროპის კარდიოლოთა საზოგადოების ჰიპერტენზიის საბჭო მკაცრად მიუთითებს ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორებით ან ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკერებით მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობაზე!!!

ამდაგვარად, კორონავირუსით ინფიცირების პრევენციის ზოგად ჰიგიენურ რეკომენდაციებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირთათვის, დაემატა კიდევ ერთი მანდატორული მითითება:

გააგრძელეთ კარდიოლოგის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღება!!!

პროფესორი კახაბერ ჭელიძე

თსსუ შინაგან დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი

თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიის მიმართულების ხელმძღვანელი

საქართველოს შინაგან დაავადებათა კოლეგიის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს გულ–სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტი

საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების წევრი

ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების პროფესიული წევრი

საქართველოს რესპირაციული ასოციაციის წევრი

(R)

გია ხუხაშვილი - თუ პროპორციულ არჩევნებში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა 40%-იანი ბარიერის გადალახვა, ხელისუფლებას მეორე ტურში შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2020
ზვიად კირტავა -  ახლა, როცა ვირუსს უკეთ ვიცნობთ, შეიძლება უფრო წერტილოვანი, ხანმოკლე და ლოკალური შეზღუდვების იმედად ვიყოთ
რან გიდორი - სწრაფვა მშვიდობისკენ კორონავირუსის დასამარცხებლად
"მემარცხენე ალიანსის" ლიდერი კახა ძაგანია - "ვხსნით ჩვენს პარტიას რეგისტრაციიდან და ვუერთდებით "პატრიოტთა ალიანსს"
ირმა ინაშვილი - ჩვენთან მიმართებაში გამოცხადებულია საინფორმაციო ბლოკადა
წინანდლის მამული რიგით მეორე მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს
წინანდლის მუზეუმს შარლ დე გოლის წერილები გადაეცა