„ერთიანი საქართველო“ ხელისუფლებას ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე ხელისუფლებას ანტიკრიზისულ გეგმას სთავაზობს.

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, დღეს ბევრი საუბარია ანტიკრიზისულ გეგმებზე, მაგრამ, წარმოდგენილი ვარიანტები აღემატება ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებს.

„ჩვენ, „ერთიან საქართველოს“, გვინდა წარმოგიდგინოთ, შედარებით მოკრძალებული და რეალისტური გეგმა სწორედ ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

პირველი - ჩვენ შედარებით ეფექტურად ვებრძვით COVID19-ს, თუმცა ლარის კურსმა კატასტროფული ვარდნა განიცადა, რაც უმძიმესად აისახება ჩვენ მოსახლეობაზე. ამის ობიექტური მიზეზებია: ტურიზმის შეჩერება, უცხოეთიდან გზავნილების მკვეთრი ვარდნა, ექსპორტის შემცირება, მაგრამ ლარის ვარდნას აქვს სუბიექტური მიზეზიც - გაურკვევლობა. ეროვნული ბანკის ინტერვენციები მნიშვნელოვანია, მაგრამ არ არის საკმარისი ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილიზაციისათვის. ის ხორციელდება არათანმიმდევრულად და არაეფექტიანად. ლარის კურსი უნდა გახდეს პროგნოზირებადი. ამისათვის ვთვლით, რომ საჭიროა კონკრეტული გეგმა, თუ როგორ და რა სიხშირით გამოიყენებს ეროვნული ბანკი ჩვენს 3 მილიარდიან სავალუტო რეზერვებს. ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის სხდომის რიგგარეშე მოწვევა და მსჯელობა ექსპანსიურ მონეტარულ პოლიტიკაზე. ეროვნულმა ბანკმა, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებთან ერთად, სასწრაფოდ შესთავაზონ სავალუტო ფონდს, მსოფლიო ბანკს და აზიის განვითარების ბანკს სამოქმედო გეგმა. უნდა დადგინდეს, რა ოდენობით მივიღებთ მყარ ვალუტას საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან.

მეორე - მივესალმებით საბანკო სექტორის მიერ კრედიტებზე გამოცხადებულ 3- თვიან მორატორიუმს. თუმცა ეს საკმარისი არ არის. მოსახლეობა მხოლოდ კერძო სექტორის კეთილ ნებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, საკრედიტო მორატორიუმი სახელმწიფო დონეზე უნდა დარეგულირდეს. ეროვნული ბანკის რეგულაციები უკვე ვრცელდება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზეც, აუცილებელია ზემოაღნიშნული მორატორიუმი მათაც შეეხოთ. შეღავათი ეკუთვნის ყველას, ვისაც კრედიტი აქვს, განურჩევლად კრედიტორისა.

მესამე - ქვეყანას სასწრაფოდ ესაჭიროება საშუალო და გრძელვადიანი მაკროეკონომიკური პროგნოზი და მასზე დაყრდნობილი სტრატეგია, ამისთვის ვთვლით, რომ აუცილებელია, საჯარო გახდეს მთავარი ინდიკატორები, მოგვაწოდოს შესაბამისმა სააგენტოებმა ოპტიმისტური, პესიმისტური და შუალედური სცენარები, თუ კრიზისი გაგრძელდა ივნისამდე, წლის ბოლომდე და ა.შ. უნდა მოხდეს იმ დარგების იდენტიფიცირება, სადაც გვაქვს წარმოების პერსპექტივა და მოხდეს ამ დარგებში მწარმოებლების სტრატეგიული მხარდაჭერა როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზარზე. ასევე, აუცილებელია, სოფლის მეურნეობის დამატებითი სუბსიდირება, რათა გავზარდოთ ადგილობრივი წარმოების სასურსათო პროდუქციის რაოდენობა. ეს დაგვეხმარება პროდუქტებზე ფასების შემცირებაში. უნდა შემუშავდეს ახალი ეკონომიკური მოდელი, რომელიც მოერგება რეგიონის და მსოფლიო ეკონომიკის სტრუქტურულ ცვლილებებს.

მეოთხე - უმძიმესი დარტყმა მიიღეს თვითდასაქმებულებმა, მცირე და საშუალო მეწარმეებმა. აღნიშნულ კრიზისში, გადახდისუუნარობა გახდება ჩვეულებრივი მოვლენა. იქნებიან კომპანიები, რომლებიც ამ კრიზისს ვერ გაუძლებენ. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად ვთვლით, რომ საჭიროა გამოიყოს თვითდასაქმებულთათვის ყოველთვიური გრანტი მინიმუმ 3 თვის განმავლობაში. თანხა უნდა მოიცავდეს მათ მიერ წარდგენილი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მიღებული საშუალო შემოსავლის მინიმუმ 70%-ს. მცირე და საშუალო მეწარმეებს, სასწრაფოდ მოეხსნათ ყველა ფორმის გადასახადი, დღგ-ს გარდა, მინიმუმ 3 თვით. გამოცხადდეს მორატორიუმი გაკოტრების პროცედურებზე და შეჩერდეს კანონი გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ, მინიმუმ 3 თვით. მორატორიუმები გადაიხედოს 3 თვის მანძილზე და საჭირო შემთხვევაში გაგრძელდეს წლის ბოლომდე. მედიასაშუალებები გათავისუფლდნენ გადასახადებისგან. მათი თანამშრომლები დღეს ფრონტის ხაზზე მუშაობენ.

მეხუთე - საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, მოქალაქეები ვერ დარჩებიან სახლში თუ შევუჩერებთ კომუნალურ მომსახურებას. სემეკი და ხელისუფლება უნდა შეთანხმდეს: ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის „ჩაჭრაზე“ მინიმუმ სამთვიან მორატორიუმზე; დაზარალებული ოჯახების იდენტიფიცირებაზე და მათთვის კომუნალური დავალიანების ჩამოწერაზე ან გადავადებაზე; კომუნალური გადასახადების შემცირებაზე, სუბსიდირებით ან მოგების მიჯნის განულების ხარჯზე.

მეექვსე - ზემოაღნიშნულ ინიციატივებს სჭირდება სახელმწიფო ხარჯების შემცირება. ვთვლით, რომ პარლამენტმა სასწრაფოდ უნდა მიიღოს ანტიკრიზისული ბიუჯეტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება: მინიმუმ მილიარდ ლარიანი საგანგებო ფონდი, რომელიც პირველ რიგში გადასცემს 3 თვიან 1000 ლარიან ვაუჩერებს შიმშილის ზღვარზე მყოფ ოჯახებს ე.წ. „ფული ვერტმფრენიდან“ პრინციპით: მრავალშვილიან ოჯახებს; მარტოხელა დედებს ; ოჯახებს, სადაც არიან მოხუცები; ოჯახებს, სადაც მარჩენალმა დაკარგა სამსახური (გარემოვაჭრეები, სამარშრუტო ტაქსის მძღოლები და ა.შ).

საპენსიო შენატანები უნდა შემცირდეს 1 წლით, რაც დასაქმებულებს 400 მილიონ ლარს, ხოლო ცენტრალურ ბიუჯეტს 200 მილიონ ლარს დაუზოგავს.

პრემიები, სამივლინებო და წარმომადგენლობითი ხარჯები მინიმამუმდე უნდა იქნეს დაყვანილი, რაც გამოათავისუფლებს ათობით მილიონ ლარს. ინდივიდუალური მიდგომა სხვა ხარჯების შემცირებასთან, მაგალითად: იმპორტული შესყიდვების შეჩერება (სამედიცინო სფეროს გამოკლებით), ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება, იმპორტულ საქონელზე ტენდერების ოპტიმიზირება და ა.შ. ძვირფასო თანამოქალაქენო, ეს არის რეალისტური გეგმა, რომლის გათვალისწინებასაც ვთავაზობთ მთავრობას”, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო