ეკატერინე დგებუაძე - შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არცერთი მოსწავლე არ დარჩება სასწავლო განათლების მიღმა

კორონავირუსის გამო საქართველოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს, დაუბრუნდება თუ არა მიმდინარე სემესტრში სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები სწავლების ჩვეულ რეჟიმს. უწყებაში განმარტავენ, რომ ეს ეპიდსიტუაციაზე და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებზე იქნება დამოკიდებული. სასწავლო პროცესის ჩვეულ ფორმატში დაბრუნებამდე კი, ისინი მოსწავლეებს სწავლების განსხვავებულ ფორმებს სთავაზობენ.

ჩავარდება თუ არა სკოლებში მეორე სემესტრი, რჩებიან თუ არა მოსწავლეები განათლების მიღმა, რა ფორმატით და როდის ჩაუტარდებათ ეროვნული გამოცდები უფროსკლასელებს, ამ საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ესაუბრა.

- კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო, განათლების სამინისტრომ სასკოლო არდადეგები 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტს დაიწყო და დღემდე ვერ მოხერხდა სრულყოფილად სასწავლო პროცესის აღდგენა. განათლების უწყებამ სკოლებს სასწავლო პროცესის აღსადგენად, რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა. ერთ-ერთიატელესკოლა“. რამდენად არის სავალდებულო ტელეგაკვეთილების ყურება, რომელიც უკვე დაიწყო? რამდენად არის საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი ხელმისაწვდომი ყველა მუნიციპალიტეტში და რა ხდება ამ შემთხვევაში, თუ ეს სავალდებულოდ სანახავია?

- დღეს საქართველოში ყველა ოჯახში არის შესაძლებელი იმ არხის ნახვა, რასაც ადრე „მეორე არხი“, დღეს კი „პირველი არხი განათლება“ ჰქვია. დაინტერესებულმა პირებმა მოსწავლეებმა და მშობლებმა შესაძლებელია ნახონ „ტელესკოლა“. რეკლამაც გადის „პირველი არხის“ ეთერში, რომელ სიხშირეზე არის შესაძლებელი ამ არხის დაჭერა. შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ყველა მოქალაქეს, ვისაც სახლში აქვს ტელევიზორი, აქვს ასევე შესაძლებლობა, რომ ეს არხი დაიჭიროს.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა ნიშნავს იმას, რომ მოგვეძებნა გზა, რათა გარკვეულ ფორმატში საგაკვეთილო პროცესი ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ხელმისაწვდომობის ჭრილში ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ. სამინისტროს ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში მუშაობს და მსგავსი კითხვები, რომ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს არ აქვს წვდომა ამ არხზე, ჩვენამდე არ შემოსულა. სამინისტროს ცხელი ხაზის ნომერია - 2 200 220. დარეკოს მშობელმა, გვითხრას რა ტერიტორიაზე, რომელ მუნიციპალიტეტში არის პრობლემა და „პირველი არხის“ ტექნიკურ მხარესთან ვიმუშავებთ ამის მოგვარებაზე.

- როგორ ხდება უკუკავშირი „ტელესკოლის“ შემთხვევაში? როგორ ვაფასებთ, რა გაიგო მოსწავლემ „ტელესკოლის“ გაკვეთილით?

- სამინისტრო აძლიერებს სატელევიზიო და ელექტრონულ ფორმატებს, როგორც სწავლა-სწავლების პროცესის წარმართვის ეფექტიან დისტანციურ საშუალებებს.

„ტელესკოლის“ საეთერო ბადე (გაკვეთილების ცხრილი) ყველა კლასის საგანს მოიცავს. ეროვნული სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ატარებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორიდან და მოსწავლეებს „ტელესკოლის“ ფორმატს მორგებულ სასწავლო პროგრამას სთავაზობენ. „ტელესკოლის“ გაკვეთილების დაგეგმვისას სპეციალური პედაგოგებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესიც არის გათვალისწინებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა გაკვეთილის თარგმნას ჟესტური ენის თარჯიმანი უზრუნველყოფს. პროექტის პირველ ეტაპზე ეთნიკური უმცირესობებისათვის ჩატარდება ქართულის, როგორც მეორე ენის, აზერბაიჯანული და სომხური ენების ტელეგაკვეთილები, ეტაპობრივად კი აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე სხვა საგნების გაკვეთილებიც დაემატება. პროექტი აბიტურიენტის საათის ჩატარებასაც ითვალისწინებს, სადაც შესაბამისი დარგის სპეციალისტები აბიტურიენტებს ეროვნული გამოცდებისთვის უწევენ კონსულტაციას. გაკვეთილები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ტარდება და ყოველ დღე, დილით, 09:00 საათზე იწყება. პროექტს შაბათსა და კვირას სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი პროგრამებიც დაემატება. სამინისტრომ მოსწავლეებისა და მშობლებისათვის „ტელესკოლის“ გაკვეთილებში ეფექტიანი ჩართულობისთვის სპეციალური რჩევებიც შეიმუშავა, რაც სამინისტროს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

თუმცა, „ტელესკოლა“ არ არის ერთადერთი შეთავაზება ჩვენი მოსწავლეებისთვის. დისტანციური სწავლება გულისხმობს სხვადასხვა ფორმით სწავლის შეთავაზებას. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლების ადმინისტრაციას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს დისტანციური სწავლების ხელშეწყობისთვის Microsoft-ის 15-ზე მეტი პროდუქტის გამოყენების შესაძლებლობას სთავაზობს, რომლებიც მათ ონლაინ ინტერაქტიული გაკვეთილების წარმართვაში დაეხმარება. დისტანციურ სასწავლო პროცესს მორგებული პროგრამები, მათ შორის, Teams, ვიდეო გაკვეთილების, მათი ჩანაწერების, დავალებების მომზადების, თემების ჯგუფურად განხილვისა და სამუშაო ფაილების გაზიარების შესაძლებლობას იძლევა. პროგრამა ვირტუალური საკლასო ოთახების მოწყობასა და ციფრული დაფის გამოყენებასაც გულისხმობს, სადაც რამდენიმე ადამიანი ნახაზებისა და ნახატების ერთად აწყობას, აზრების გაცვლასა და დავალებებზე მუშაობას შეძლებს.

ასევე განათლების სამინისტრო საჯარო სკოლებს ონლაინ სწავლებისთვის ერთ-ერთ ალტერნატიულ საკომუნიკაციო საშუალებად პირველ ქართულ აპლიკაციას, Feedc Edu-ს სთავაზობს, რომელიც ახლა შეიქმნა. აღნიშნული პლატფორმა სრულიად უფასოა, სრულყოფილად მუშაობს ნებისმიერ სმარტფონზე და არ სჭირდება მაღალი სიჩქარის ინტერნეტი. მასზე შესაძლებელია დავალებების გაზიარება, ფაილების ატვირთვა-ჩამოტვირთვა და ჯგუფური მეცადინეობის წარმართვა. მისი გამოყენება მარტივია, როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლისა და მშობლისთვის. ასევე, მარტივია რეგისტრაციის გავლა, რაც მობილური ტელეფონის ნომრით არის შესაძლებელი. ჩვენი მიზანია, რომ ყველა მოსწავლემდე მივიდეს გარკვეული ფორმით საგაკვეთილო პროცესი და ეს უწყვეტობა იყოს შენარჩულებული.

რაც შეეხება მოსწავლის შეფასების ნაწილს, ჩვენც მივყვებით უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. ამ რეკომენდაციების საფუძველზე ვმუშაობთ შეფასების სისტემის ყველა შესაძლო ვარიანტზე. დავბრუნდებით საკლასო ოთახში სასწავლო წლის ბოლომდე? - გვაქვს შეფასების ფორმა. გაგრძელდება და გადავადდება სასწავლო პროცესი? - ამის შეთავაზებაც არსებობს, რასაც ექსპერტებთან ვამუშავებთ. გადაწყვეტილება იქნება მიღებული ისევ და ისევ მოსწავლის ინტერესებიდან გამომდინარე.

- რჩება ძალაში შეფასების ის ფორმა, რაზეც ჩვენთან ინტერვიუში ისაუბრეთ, რომ მოსწავლე შესაძლოა, არ შეფასდეს ქულით და მას საბოლოოდ თემის დაწერა მოსთხოვონ?

- ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, დავბრუნდებით თუ არა საკლასო ოთახებში სასწავლო წლის ბოლომდე. ჩვენ მზად ვართ ყველა სცენარისთვის.

- თუ გაქვთ სტატისტიკური მონაცემები - რამდენმა სკოლამ აირჩია ონლაინ სწავლების მეთოდი, აქედან რამდენი სკოლაა საჯარო და რამდენი კერძო? რამდენმა სკოლამ აირჩია სატელეფონო კომუნიკაციის ფორმა? თბილისსა და რეგიონებში რამდენად განსხვავებულ სწავლების ფორმას ირჩევენ?

- დღევანდელი მონაცემებით ონლაინ სწავლების მეთოდის გამოყენებით, ყველა საჯარო და კერძო სკოლა ინდივიდუალური შესაძლებლობების ფარგლებში იყენებს დისტანციური სწავლების მეთოდებს. მაიკროსოფტის პროგრამებში ჩართულია 308 000 მომხმარებელი - პედაგოგი, მოსწავლე, სკოლის ადმინისტრაცია. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო თვალყურს ადევნებს ონლაინ სწავლებაში ჩართული პირების დინამიკას და ეს ციფრი ყოველდღიურად მზარდია. ქართულენოვანი პლათფორმა - Feedc Edu კიდევ უფრო გაზრდის მომხმარებელთა რაოდენობას.

- ხომ არ დარჩება მოსწავლეთა ნაწილი საერთოდ სასწავლო პროცესს მიღმა? იმ შემთხვევაში თუ ეს მოხდება, რა გეგმა გაქვთ?

- შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არცერთი მოსწავლე არ დარჩება სასწავლო განათლების მიღმა. სამინისტროს მიერ შეთავაზებული დისტანციური სწავლების სხვადასხვა ფორმატი საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ 2019-20 სასწავლო წლის მეორე სემესტრი არ ჩავარდება. მოსწავლეები 2019-2020 სასწავლო წელს დაასრულებენ; მათ ექნებათ შესაძლებლობა სწავლა გააგრძელონ მომდევნო კლასებში და უმაღლეს სასწავლებელში. მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარების გათვალისწინებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მიყვება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. შესაბამისად, ჩვენ ვმუშაობთ მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო სცენარზე.

- მე-12 კლასელებთან დაკავშირებით რა გეგმა აქვს სამინისტროს? „ტელესკოლისაბიტურიენტის საათი“ რამდენად აძლევს საშუალებას მათ მიღონ ის ცოდნა, რაც სჭირდებათ? მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ისინი ვეღარ ახერხებენ რეპეტიტორებთან სიარულს?

- როგორც იცით „ტელესკოლაში“ გათვალისწინებულია „აბიტურიენტის საათი“, ასევე ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტები ჩართულები არიან მათთან კომუნიკაციაში. მომზადებულია გარკვეული ვიდეოები და რჩევები, რომელიც ეთერში გავა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდლლობთ, ხელი შევუწყოთ აბიტურიენტებს, რომ არ მოწყდნენ პროცესებს და იყვნენ ინფორმირებული, რა ღონისძიებები ტარდება და რა უნდა იცოდნენ ეროვნული გამოცდების მიმართულებით. ასევე საგნობრივ ჭრილში მოისმენენ იმ ლექციებს, რასაც აბიტურიენტებს ვთავაზობთ.

- როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, „ეს ვარიანტიც შეიძლება იყოს განხილული, მხოლოდ იმ ჭრილში, რომ ყველამ, ვინც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდება, შეძლოს ონლაინ გამოცდის ჩაბარება. თუმცა ეს არ არის ერთ-ერთი შეთავაზება“. ონლაინ გამოცდის ჩაბარების გარდა, სხვა რა ვარიანტებს განიხილავს განათლების სამინისტრო? რა დაშვებას აკეთებს უწყება ამ შემთხვევაში?

- ამ ეტაპზე ეროვნული გამოცდების ფორმატი რჩება იგივე, რაც იყო. ჩვენ მივყვებით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. ყველა გადაწყვეტილება იქნება მოსწავლის და აბიტურიენტის ინტერესების გათვალისწინებით და ამას წინასწარ ვაცნობებთ საზოგადოებას.

- ადასტურებთ თუ უარყოფთ იმას, რომ უწყება განიხილავს ეროვნული გამოცდების ჩატარების სხვა ვარინტებსაც?

- ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატის და ვადების ცვლილება ამ ეტაპზე არ განიხილება.

- იქედან გამომდინარე, რომ აბიტურიენტების ნაწილს აქვთ განცდა, რომ მათ სრულყოფილად ვერ შეძლეს პროგრამის გავლა, სემესტრი ფაქტობრივად მათთვის ჩავარდნილია. გამორიცხავთ თუ არა, რომ ტესტებში ცვლილებები შევიდეს, რათა აბიტურიენტებს გაუადვილდეთ ეროვნული გამოცდების ჩაბარება?

- განათლების სამინისტრო არის ორიენტირებული ამ სიტუაციიდან გამომდინარე არ დაირღვეს ბავშვის უფლება და არცერთ საფეხურზე მოსწავლეს არ შეუქმნის პრობლემებს. მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა მოსწავლის უფლება იყოს დაცული. შესაბამისად, ჩვენ დავიცავთ აბიტურიენტის უფლებებს, რაც დაცული იქნება გამოცდების დროსაც. გამოცდების ჩატარებისას გათვალისწინებული იქნება ყველა ის გარემოება, რაც ამ წუთში ქვეყანაში არსებობს.

- ყველაზე ცუდი სცენარით მოვლენების განვითარების შემთხვევაში, შეექმნება თუ არა საფრთხე ეროვნულ გამოცდებს? რა შემთხვევაში ვერ შედგება ერთიანი ეროვნული გამოცდები?

- ამ წუთში ეროვნულ გამოცდებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მივდივართ დაგეგმილი ფორმატის მიხედვით, რაც არსებობს. თუმცა, ვიმოქმედებთ ქვეყანაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, როგორც იქნება საჭირო. სამინისტრო და სისტემა ერგება პროცესებს. ეროვნული გამოცდები დაგეგმილია და პროცესების განვითარების შესაბამისად ყველა გადაწყვეტილებას ვაცნობებთ საზოგადოებას. იმის გამო, რომ ქვეყანაში მიმდინარე სიტუაცია არ არის აბიტურიენტების ბრალეულობა, ისინი არ უნდა დაზარალდნენ და არ უნდა ჰქონდეთ რაიმე შეფერხება ეროვნულ გამოცდებზე. დღეს რაც არ არის გადაწყვეტილი, ამაზე ვერ ვისაუბრებ. ჩვენ ყველა მიმართულებით ვმუშაობთ.

- როგორც ვიცით, ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის ვადები ერთი თვით გახანგრძლივდა. ხომ არ შეეხება ცვლილება ეროვნული გამოცდების ჩატარების ვადებს?

- რეგისტრაციის ვადის გადაწევის მიუხედავად, თვითონ გამოცდების ვადები არ გადაიწევს და ის ივლისში ჩატარდება.

- პირველკლასელთა რეგისტრაციაზეც უნდა გკითხოთ, ხომ არ იცვლება ვადები?

- რეგისტრაციის პირველი ეტაპი დასრულებულია, რომელიც ეხებოდა საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს. სკოლებში ჩარიცხული იქნება ყველა რეგისტრირებული ბავშვი აპრილის ბოლოს და ჩვეულებრივ გამოცხადებული ვადებით გავაგრძელებთ პირველკლასელთა რეგისტრაციას.

- სამტრედიის მე-15 სკოლაში, სადაც ანტისოციალური ქცევის მქონე არასრულწლოვნები სწავლობენ, დისტანციური სწავლებაზე გადავიდნენ. რამდენი მოსწავლე სწავლობს ამ ეტაპზე და სად იმყოფებიან ახლა ეს მოსწავლეები, რჩებიან სკოლაში თუ დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში?

- მათთანაც მიმდინარეობს დისტანციური სწავლების მეთოდი, რაც შეეხება საცხოვრებელ პირობებს, ყველა დაცვით მიმდინარეობს. სულ იქ არის 9 მოსწავლე. ისინი იმყოფებიან ისევ სკოლის ტერიტორიაზე, სადაც საცხოვრისია.

- რაც შეეხება პენიტენციურ დაწესებულებებს, აქ როგორ მიმდინარეობს სწავლების პროცესი არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის?

- სწავლების პროცესი და კომუნიკაცია არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან პენიტენციურ დაწესებულებებთან შეთანხმებით გრძელდება.

თამთა კაკაურიძე

„ინტერპრესნიუსი“

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა