„თიბისიმ” ვაჭრობის დაფინანსებისთვის „სითი ბანკისგან” 67 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა

„თიბისიმ“ ვაჭრობის დაფინანსებისთვის „სითი ბანკისგან“ 67 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ეს ვაჭრობის ფინანსირების სფეროში თიბისისა და სითი ბანკს შორის დაფინანსების მოზიდვის შესახებ გაფორმებული პირველი შეთანხმებაა.

„საქართველოს ეკონომიკა განსაკუთრებით დიდი გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანაში და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე. სითი ბანკისგან მოზიდული ფინანსური რესურსი ხელს შეუწყობს ჩვენი კლიენტების ექსპორტისა და იმპორტის ტრანზაქციების უფრო აქტიურ დაფინანსებას და გააძლიერებს ბანკის პოზიციებს სავაჭრო ოპერაციების მხარდაჭერის თვალსაზრისით. ქვეყანაში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, თიბისის ბაზრის წილი 50%-ია. წლების განმავლობაში, თიბისი ამ სფეროში, მსოფლიოს მასშტაბით, ყველა ძირითად საერთაშორისო ბანკთან და ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობს და აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში, მომხმარებელს უკვე არაერთი პროდუქტი და მომსახურება შევთავაზეთ. გასულ წელს თიბისიმ ვაჭრობის დაფინანსების კუთხით მსოფლიოს ავტორიტეტული გამოცემებისგან რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოც მოიპოვა და ამ მიმართულებით ქვეყანაში #1 ბანკად დასახელდა”, - აცხადებს “თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.

„თიბისისთვის” ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით გამოყოფილი პირველი ფინანსური რესურსით „სითი ბანკი“ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის მისწრაფებას - ხელი შეუწყოს მნიშვნელოვანი, განვითარებადი ბაზრების ზრდას. ჩვენ გვეამაყება ხანგრძლივი თანამშრომლობა როგორც თიბისისთან, ისე მთელ ქართულ საბანკო სექტორთან”, – აღნიშნავს შაფიქ ჰადადი, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის (EMEA) ფინანსური ინსტიტუტებისა და კორესპონდენციური საბანკო ბიზნესის, ხაზინისა და ვაჭრობის გადაწყვეტილებების ხელმძღვანელი, „სითი ბანკი”.

„სითი ბანკი” წამყვანი გლობალური ბანკია, რომელსაც დაახლოებით 200 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და 160-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. სითი ბანკი მომხმარებლებს, ორგანიზაციებს, მთავრობებსა და უწყებებს ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს, მათ შორის ეწევა ფიზიკური პირების საბანკო და საკრედიტო მომსახურებას, კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას, საბროკერო ოპერაციებს ფასიანი ქაღალდებით, ტრანზაქციების სერვისებსა და ქონების მართვას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა