ლევან დავითაშვილის განცხადებით, მიმდინარე კვირაში სახელმწიფოს მიერ 9 ძირითადი პროდუქტის სუბსიდირების პროგრამაში, ბოლო მონაცემებით, 16-ზე მეტი კომპანიაა ჩართული

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მიმდინარე კვირაში სახელმწიფოს მიერ 9 ძირითადი პროდუქტის სუბსიდირების პროგრამაში ბოლო მონაცემებით 16-ზე მეტი კომპანიაა ჩართული.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ეს კომპანიები მიიღებენ უპირატესობას, თუმცა სანაცვლოდ ვალდებულები არის პროდუქტებზე ფასები არ გაზარდონ.

"უნდა გავითვალისწინოთ, რომ სახელმწიფოს რესურსები არის შეზღუდული და ოპტიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ჩვენც გვაქვს ძალიან ბევრი საჭიროება, განსაკუთრებით, ამ პირობებში. შეზღუდული ეკონომიკური საქმიანობის პირობებში, შემოსავალი მაღალი პასუხისმგებლობით უნდა გადანაწილდეს. დღეს პირველადი საჭიროების და მნიშვნელობის სასურსათო პროდუქტების გარკვეული კომპენსირება გადაწყდა მთავრობის მიერ. რაც შეეხება ამ გადაწყვეტილების აღსრულებას, ჩვენ გვაქვს დეტალური მონიტორინგი ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურებთან ერთად. ჩვენ ვიქნებით კატეგორიულები და მომთხოვნები ბიზნესთან. ამის უფლებაც გვაქვს, ეს არის საგანგებო მდგომარეობა და საგანგებო მდოგმარეობაში ყველამ საგანგებოდ უნდა ვიმუშავოთ. თუმცა, ჩემი სურვილი არ არის რომ მოგვიწიოს გარკვეული საგანგებო ნაბიჯების გადადგმა. ბევრი ბიზნესი პასუხისმგებლობით უდგება, მე მაქვს მუდმივი კომუნიკაცია მათთან და ვხედავ მათ განწყობებსაც. ხშირ შემთხვევაში, ისინი ძალიან სოლიდარულები არიან და ხვდებიან რა მდგომარეობაშია ჩვენი საზოგადოება. ერთობა და ერთიანობა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია", - განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, თუ იქნება დარღვევა, სახელმწიფოს მხრიდანაც იქნება შესაბამისი რეაგირება.

"მკაცრად არის გაწერილი მთავრობის დადგენილებაში მათ შორის სანქციები და ეს არის ძალიან დიდი ჯარიმები კომპანიებისთვის. თუმცა, ამ პროგრამაში მონაწილეობაც, გარკვეული უპირატესობაა და ჩვენ ერთის მხრივ ვქმნით გარემოს, როცა ბიზნესი თავისი ინტერესების დაზიანების გარეშე საზოგადოებრივ ინტერესებს დაიცავს და ეს არის მნიშვნელოვანი. ამიტომ, მოვუწოდებ, კომპანიებს ჩაერთონ პროგრამაში. გარკვეული დრო დაჭირდა განცხადებიდან დღემდე პროგრამაში კომპანიების ჩართვას. ბევრი პროცედურის გავლა დასჭირდათ. ბოლო მონაცემით 16-ზე მეტი კომპანია, რომელიც ჩვენს სააგენტოსთან აფორმებს ხელშეკრულებას იმისთვის რომ მიიღოს ის უპირატესობა და კომპენსაცია, რაც მთავრობის დადგენილებითაა განსაზღვრული, მაგრამ ეს უპირატესობები გულისხმობს ასევე ვალდებულებებს, რომ მათ ფასი არ გაზარდონ. ამ კვირის განმავლობაში უკვე ბევრი იმპორტიორი ერთვება, ზეთის, მაკარონის, ფქვილის და ა.შ პროგრამაში და შესაბამისად, თუ იყო გარკვეული რყევები ფასების და ვიცი, რომ მოსახლეობას ჰქონდა მგრძნობიარე რეაქცია, ეს ყველაფერი დარეგულირდება," - განაცხადა დავითაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა სურსათის 9 ძირითად პროდუქტზე ფასს აზღვევს. ესენია: ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს