ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2020

ვახტანგ ძაბირაძე - “შეიცვლება თუ არა მსოფლიო წესრიგი პანდემიის შემდეგ?!”

მთავრობა “ოქროს შუალედს” ეძებს - საგანგებო მდგომარეობა ორი კვირით გაგრძელდება

“2003 წლიდან ვამბობდით, რომ ღამურების საკვებად მოხმარება არის ბომბი კორონაინფექციების ასაფეთქებლად” - ექსპერტი

როგორ დასრულდება სკოლებში სასწავლო წელი - სამი სავარაუდო სცენარი

გია ხუხაშვილი - “ახალი ეკონომიკის აშენება არ იქნება მოკლევადიანი პროექტი, მტკივნეული წლების გავლა მოგვიწევს”

* * *

ვახტანგ ძაბირაძე - “შეიცვლება თუ არა მსოფლიო წესრიგი პანდემიის შემდეგ?!”

“საქართველოში სხვისი სიტყვა უფრო დამაჯერებლად გვეჩვენება, ვიდრე საკუთარი გამოცდილება და დაკვირვება - არ ვენდობით არც ციფრებს, არც საკუთარ თავს... სამაგიეროდ, როდესაც ჩვენი დასავლელი სტრატეგიული პარტნიორები რაღაცაზე მიგვანიშნებენ ან ჩვენს მოქმედებას შეაფასებენ, ეს უფრო სარწმუნო გვგონია. ჰოდა, დღეს დასავლეთს იმდენად პოზიტიური შეფასებები აქვს, ის დროა, დავიჯეროთ, რომ ამ გლობალურ პრობლემას აქამდე მეტ-ნაკლებად კარგად გავართვით თავი. მხოლოდ ხელისუფლება ვერაფერს იზამდა, რომ არა საზოგადოების სწორი პასუხი მთავრობის პოლიტიკაზე, რომელიც პროფესიონალთა რჩევებს ემყარება”, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “შეიცვლება თუ არა მსოფლიო წესრიგი პანდემიის შემდეგ?!” / „ადამიანს მოსთხოვო 100 კი არა, 300 მილიონი უნდა ჩაგერიცხაო, უმადურობაა და მეტი არაფერი“ / “არ დაგვავიწყდეს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა და პროდუქტები. ვფიქრობ, საკოლმეურნეო ბაზრები დროულად უნდა მოწესრიგდეს და ბაზრები გაიხსნას”.

“ჩვენმა ეპიდემიოლოგებმა, ექიმებმა, ყველა მედიცინის მუშაკმა, გმირობის ტოლფასი საქმე ჩაიდინეს ამ თვე-ნახევრის განმავლობაში. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო მედიასთან ასეთი ინტენსიური კონტაქტი, ეთერიდან ეთერში სიარული, ახსნა-განმარტებების მიცემა ყოველ წვრილმანზე უაღრესად დამღლელია. თუმცა ამან ნაყოფი გამოიღო - ჩვენი საზოგადოება ინფორმირებულია და სიფრთხილის ზომებს პანიკის გარეშე იღებს, რაც დიდწილად სწორედ ამ პროფესიონალთა დასაბუთებული ახსნა-განმარტებების დამსახურებაა. მოკლედ, საზოგადოება ვითარების ადეკვატურად იქცევა, მშვიდად შეხვდა დაწესებულ შეზღუდვებს. ყველა ვხედავთ, რომ გასაჭირია ქვეყანაში, რომელიც არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს გასაჭირია და არ მესმის იმ ხალხის, ვინც კომენდანტის საათს არღვევს.თუმცა ისიც სათქმელია, კარანტინის რეჟიმის ზოგიერთი დეტალი ბოლომდე დაზუსტებული არც ხელისუფლებას აქვს. მთელი ქვეყანა თითქმის შინაპატიმრობაში ვცხოვრობთ, ამიტომ ამას დაძაბულობაც ახლავს და მომავალზე შფოთიც”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთა საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ისიც სწორია, როგორც კი 3-4 ფაქტი გამოჩნდება რომელიმე მუნიციპალიტეტში, მკაცრ კარანტინში რომ აქცევენ. როგორც ვიცი, ამან გაამართლა მარნეულსა და ბოლნისში და ბოლო დღეებში იქ ახალი შემთხვევები აღარ ყოფილა. ვაღიაროთ, რომ დღემდე მიღებული ზომები საჭირო და ქმედითი იყო, რა იქნება შემდეგ, ამის თქმა ძნელია, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ კორონავირუსულ პანდემიას დავამარცხებთ... პოლიტიკური თემები ასპარეზიდან გაქრა - იქნება ეს მომავალი საპარლამენტო არჩევნები თუ სხვა რამ. ახლა საზოგადოების ყურადღება მხოლოდ პანდემიაზეა კონცენტრირებული. სამწუხაროდ, ოპოზიციამ შეცვლილ რეალობას ვერ აუღო ალღო. ოპოზიციურ ძალებს სურთ ამ პროცესში მონაწილეობა, მაგრამ ადგილს ვერ პოულობენ და არც ხელისუფლება აძლევს ამის საშუალებას...”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“შორს ვარ იმ აზრისგან, რომ პოლიტიკური საბჭოს შექმნით მნიშვნელოვან შედეგს მივაღწევდით კორონავირუსთან ბრძოლაში, რისი იდეაც, როგორც მახსოვს, “ლელოს” ჰქონდა, მაგრამ ზოგად პოლიტიკურ ვითარებას, ვფიქრობ, დაალაგებდა და ეგებ ოპოზიციაც კმაყოფილი დარჩენილიყო. სხვათა შორის, ეს გააკეთეს კიდეც ზოგიერთ ქვეყანაში. ვფიქრობ, ეს იქნებოდა ერთიანობის გამომხატველი ჟესტიც. ჩვენმა ხელისუფლებამ ეს არ მოინდომა, მაგრამ ეს არ აძლევს უფლებას ოპოზიციას ახალი თემების ძებნა დაიწყოს და ამით ობსტრუქცია მოაწყოს. გავიგეთ, რომ სწრაფი ტესტების შემოტანა აუცილებლად მიგაჩნია და ამას სთავაზობ ხელისუფლებას, წინადადება კარგია, მაგრამ გააჩნია, როგორი კილოთი სთავაზობ. დიახ, ხელისუფლების გაკრიტიკება აუცილებელია, მაგრამ გააჩნია, ამ დროს წინა პლანზე რა გამოდის - საქმის გაკეთების სურვილი თუ ვიღაცის პარტიული ინტერესი. როდესაც ჩვენც ვხედავთ და ჩვენი მთელი მედპერსონალიც ამბობს, რომ პროცესის ისე წარმართვამ, როგორც მიდის, გაამართლა და სწრაფი ტესტები ჯერჯერობით არსებითად ვერაფერს შეცვლის, მათი ხარისხის თუ სხვა მიზეზების გამო, ყოველდღე აღარ უნდა ილაპარაკო ამაზე.... ავიღოთ პირბადეების თემა, - როცა იცი, რომ ევროპაში თუ აშშ-ში პირბადეების დეფიციტია, ისიც იცი, ეკონომიკა და მრეწველობა რა დონეზე გვაქვს განვითარებული და ამ დროს მოხერხდა და შეიქმნა ეროვნული წარმოება, რომლის პროდუქტზეც პროფესიონალები ამბობენ, რომ თავის დანიშნულებას ასრულებს, შენ კი ამ დროს აკრიტიკებ დიზაინის გამო, სასაცილო მდგომარეობაში იგდებ თავს”, - თვლის ექსპერტი.

“ბოლო 30 წელიწადი ჩვენთვის ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა, მაგრამ დღევანდელი ვითარება სრულიად არაორდინარული და რთულია. ამას განაპირობებს მხოლოდ ის კი არა, რომ ჩვენ სუსტი ეკონომიკა გვაქვს, არამედ ისიც, რომ მთელ მსოფლიოში ეკონომიკა, ფაქტობრივად, გაჩერდა, მთელი მსოფლიო იზოლაციაშია, კრიზისი არის ყველგან - ყველას უჭირს და ყველა ცდილობს საკუთარი პრობლემების მოგვარებას. თურმე თურქეთმა ქვეყნიდან ლიმონის გატანა აკრძალა... მოკლედ, ყველა უფრთხილდება თავის მარაგებს... მიუხედავად იმისა, რომ ანტიკრიზისული გეგმა ქვეყანას დროულად სჭირდება, მაინც ვფიქრობ, რომ ჯერ ყველაფერი კარგად ასაწონ-დასაწონია, არ შეიძლება ნაჩქარევად გადაწყვეტილების მიღება. ჩვენ ჯერ კიდევ კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის პროცესში ვართ, ჯერ არ ვიცით, რა იქნება. ყველა ვხვდებით, ხვალაც რომ დასრულდეს ინფიცირების გავრცელება, წელს ჩვენს ბიუჯეტში ტურიზმიდან შემოსავალი თითქმის ნულის ტოლი იქნება. მოკლედ, ხელისუფლებამ დანამდვილებით არ იცის, რა შემოსავლები ექნება ბიუჯეტში, ამიტომაც ძალიან ფრთხილი მიდგომაა საჭირო”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

“ვფიქრობ, საწარმოები, რაც ან გაჩერდა, ან შეზღუდვით მუშაობს, ნელ-ნელა უნდა ამოქმედდეს, იმის გათვალისწინებით, რის საშუალებასაც მოგვცემს ვირუსის გავრცელება. არ დაგვავიწყდეს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა და პროდუქტები. ვფიქრობ, საკოლმეურნეო ბაზრები დროულად უნდა მოწესრიგდეს და ბაზრები გაიხსნას. ვფიქრობ, ერთი ქსელი სასოფლო-სამეურნეო საქონლით მთელ ქვეყანას ვერ მოამარაგებს, ანუ ის, რასაც “ჯიბის” შემთხვევაში გვიხატავენ. ყველაზე მეტად კი მაშფოთებს ეკლესიის დამოკიდებულება და ის სადღესასწაულო დღეები, რაც წინ გვიძევს. ამან შეიძლება კონტროლი დაგვაკარგვინოს შიდა გავრცელებაზე. მიკვირს, რომ ჩვენი სამღვდელოება არ ითვალისწინებს მსოფლიოში არსებული სხვა რელიგიური ორგანიზაციების გამოცდილებას, არც იმას, თუ რა გადაწყვეტილებებს იღებენ ისეთი სახელმწიფოებიც კი, სადაც სახელმწიფო იდეოლოგიას რელიგია წარმოადგენს. ეს პრობლემა უნდა როგორმე მოგვარდეს, მას საღი გონებით უნდა მივუდგეთ”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“პირველი, რაც სჭირდებოდა მოსახლეობას, იყო კომუნალური გადასახადებისგან გათავისუფლება, რაც გაკეთდა და მისასალმებელია. არც ეკონომისტობაა საჭირო და არც პოლიტიკოსობა იმის მისახვედრად, რომ მთავრობამ, ერთი მხრივ, დონორები უნდა ეძებოს, იფიქროს წარმოების განვითარებაზე, ყველაფერი გააკეთოს კაპიტალის ქვეყანაში დასატოვებლად და ა.შ., მეორე მხრივ კი არსებული თუ მოძიებული რესურსები სწორად გაანაწილოს. ხელისუფლებამ პროცესების განვითარების რამდენიმე ვერსიაზე უნდა იმუშაოს და საჯაროდ გამოიტანოს მხოლოდ კარგად აწონილ-დაწონილი ანტიკრიზისული გეგმა და ამისთვის უნდა “იჩქაროს ნელა”... უკვე ითქვა 2-მილიარდიან ინვესტიციაზე, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორ გადანაწილდება ეს თანხა. ჯერჯერობით თუნდაც ის, რომ მაღაზიათა ერთ-ერთ ქსელს მიანდეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შემოტანა და რეალიზება, უკვე აჩენს კითხვის ნიშნებს ამ პროცესისადმი. ისე არ მოხდეს, ეს რესურსები მსხვილ ბიზნესზე განაწილდეს და წვრილი და საშუალო ბიზნესები თამაშგარე მდგომარეობაში დარჩნენ, რაც მოგვიტანს იმას, რომ მდიდრები უფრო გამდიდრდებიან და ღარიბები კი გაღარიბდებიან”, - განმარტავს ექსპერტი.

“რაც შეეხება სოფლის მეურნეობასა და პროდუქტს, ბევრი ლაპარაკი იყო იმაზე, რომ საქართველოში კვერცხის წარმოება შეიძლებოდა, მაგრამ უცხოეთიდან შემოტანილი პროდუქციის დემპინგური ფასების გამო ეს ვერ ხერხდებოდა. დღეს ხომ დავრწმუნდით, რამხელა მნიშვნელობა აქვს სასურსათო უსაფრთხოების საკითხს. როცა ამაზე ბიზნესი ლაპარაკობდა, მაშინ ხელისუფლებას არ ესმოდა, მაგრამ იმედია ახლა გაითვალისწინებს. იგივე ითქმის ქათმის ხორცის წარმოებაზეც. აი, ამას უნდა მოვუაროთ დროულად, ახლავე, ოღონდ უნდა დაიწყოს არა იმით, რომ მსხვილი მოთამაშეები გაჩნდნენ, არამედ იმით, რომ მსხვილ მოთამაშეებთან ერთად გაჩნდნენ წვრილი და საშუალო მწარმოებლები. თუ გვინდა ქვეყანაში შევქმნათ რეალური საშუალო ფენა, სწორედ ამ ჭრილში უნდა იფიქროს ხელისუფლებამ ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებისას”, - აღნიშნავს ძაბირაძე და შეკითხვაზე - “დიდი რეზონანსი მოჰყვა ფონდში ბიძინა ივანიშვილის მიერ 100 მილიონი ლარის გადარიცხვას...” - პასუხობს:

“ჯერ დავიწყოთ იმით, რომ ეს 100 მილიონი ქვეყანას ჰაერივით სჭირდება და ამაზე ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს. ადამიანს მოსთხოვო 100 კი არა, 300 მილიონი უნდა ჩაგერიცხაო, უმადურობაა და მეტი არაფერი. ივანიშვილი რომ დღეს პოლიტიკის გარეთ იყოს, ბუნებრივია, ეს ქველმოქმედება იქნებოდა და ამაზე არავინ იდავებდა, მაგრამ ის დღეს ხელისუფლებასთან ასოცირდება, მეტიც, მას ხელისუფლების ხელისუფლად მიიჩნევენ. ამიტომ მისი ეს ნაბიჯი პოლიტიკური აქციაა, თუმცა სხვა საქმეა, რამდენად იმუშავებს ეს ამომრჩეველზე. მას შეეძლო 100 მილიონი ნაწილ-ნაწილ და გადაერიცხა ინკოგნიტოდ დარჩენილიყო როგორც ადრე, მაგრამ ასე არ გააკეთა, რაც ნიშნავს, რომ პოლიტიკურ დივიდენდებს ელის”.

“ბევრი ვარაუდი გამოითქმის, რომ ამ კრიზისის შემდეგ მსოფლიოში დიდი პოლიტიკური ძვრები იქნება, მაგრამ არ მჯერა, ჩემი აზრით, ეს მოსალოდნელი არ არის. ვფიქრობ, დაიწყება შეცდომების გააზრება და შემდგომი საფრთხეების პრევენციაზე მეტად ზრუნვა. ის, რომ აშშ-ში, ამხელა ეკონომიკის მქონე ქვეყანაში, პირბადეების დეფიციტია, ეს ბევრ რამეზე მეტყველებს და ვფიქრობ, ამას უპირველესად მოუვლის ამერიკა, მით უფრო, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ პანდემიამდე კარგა ხნით ადრე ლაპარაკობდა ეროვნული წარმოების მეტად განვითარებასა და ჩინეთიდან ამერიკული ქარხნების დაბრუნებაზე. ასეთ დასკვნებს კიდევ ბევრი ქვეყანა გამოიტანს. ამ პანდემიამ გვაჩვენა, რომ უსაფრთხოება არ ნიშნავს მხოლოდ სხვა სახელმწიფოს სამხედრო აგრესიისგან თავის დაცვას, ამიტომაც ბევრ სახელმწიფოში თავდაცვაში დახარჯული თანხების განსაზღვრული პროცენტი, ვფიქრობ, მედიცინისკენ იქნება მიმართული, ველი დიდ ეკონომიკურ ძვრებსაც, მაგრამ ეს მსოფლიო წესრიგს ვერ შეცვლის”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

მთავრობა “ოქროს შუალედს” ეძებს - საგანგებო მდგომარეობა ორი კვირით გაგრძელდება

“ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა 21 აპრილს იწურება და უკვე გავრცელდა ცნობები, რომ უკვე მომავალ კვირას მთავრობა ამ მდგომარეობის გაგრძელება-არგაგრძელების საკითხს განიხილავს. სპეციალისტთა უმრავლესობა ვარაუდობს, რომ საგანგებო მდგომარეობის 2 კვირაზე მეტი ხნით გაგრძელება არ იქნება საჭირო და აცხადებენ, რომ ეს ორ მთავარ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული - როგორი იქნება კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა კვირის ბოლოს და როგორ ჩაივლის აღდგომის დღესასწაული. ორშაბათს პარლამენტის ბიუროს სხდომაა დანიშნული, რომელზეც პარლამენტის მომავალი პლენარული სხდომის თარიღი და დღის წესრიგი გაირკვევა. “რეზონანსი” შეეცადა საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით ხელისუფლების გეგმებზე მმართველი პარტიის წარმომადგენლებისაგან მიეღო დამატებითი ინფორმაცია, თუმცა კვირას მათ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის განმავლობაში ჟურნალისტებთან საუბარში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება არ გამორიცხა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მთავრობა “ოქროს შუალედს” ეძებს - საგანგებო მდგომარეობა ორი კვირით გაგრძელდება.

“პრემიერ-მინისტრი ასევე არ გამორიცხავს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებასთან ერთად, მისი ზომებიც გამკაცრდეს. ამასთან, გახარიას განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის კიდევ უფრო გამკაცრება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე იქნება. “ქვეყანაში რეგიონალური კლასტერების რაოდენობა იზრდება. შეიძლება მივიღოთ გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით წესების გამკაცრების თაობაზე და არა ცალკეული რეგიონების ნაწილში. რადგან ქობულეთშია საკმაოდ სერიოზული კლასტერი, მარნეული-ბოლნისში არსებული ვითარება მოგეხსენაბათ, ახლა ლენტეხი გაჩნდა… სამეგრელოშია რამდენიმე შემთხვევა, ბათუმში… ვნახოთ, რა შედეგები გვექნება”, -ამბობს გახარია. ექსპერტები და ინფეციონისტები “რეზონანსთან” ამბობენ, რომ თუკი ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის ზრდის დაბალი ტემპი შენარჩუნდება, მაშინ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება 2 კვირაზე მეტი ხნით არ უნდა დაგვჭირდეს. მათი თქმით, ახლა ყველაფერი აღდგომის დღესასწაულზე იქნება დამოკიდებული და იმაზე, თუ ჩვენი მოქალაქეები ფიზიკურ დისტანციას როგორ დაიცავენ. მათი თქმით, თუ ყველა რეკომენდაციის დაცვა მოხდება და 21 აპრილისთვის სიტუაცია გაუარესებული არ იქნება, ნელ-ნელა ქვეყანა გეგმაზომიერად ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს უნდა დაუბრუნდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“სპეციალისტები ამბობენ, რომ ზომების გამკაცრება ან პირიქით შერბილება, მხოლოდ და მხოლოდ მომავალი კვირის სტატისტიკასა და ეპიდდინამიკაზე იქნება დამოკიდებული. იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ შიდა გავრცელების სტარტი ჩვენთვის მარტის ბოლო იყო, ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ მაისის შუა რიცხვებამდე სრული სურათის გამოხატვა მოხდება. იმუნოლოგი ამბობს, რომ თუ საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდა, მაშინ ძალიან დიდ სიფრთხილეა საჭირო, რათა მოსალოდნელი ეკონომიკური ზიანით ჩვენს მოსახელობას უფრო მეტი პრობლემა არ შევუქმნათ, ვიდრე ეს შეიძლება კორონავირუსმა შექმნას. ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ ყველაფერი ვირუსის გარცელების სიჩქარეზე და ინფიცირებულთა რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული. მისი თქმით, ჯერჯერობით მოვლენები საკმაოდ პოზიტიური სცენარით ვითარდება, თუმცა წინასწარ საუბარი იმაზე, თუ მომდევნო კვირებში რა იქნება, რთულია. ჯანდაცვის ექსპერტი სერგი ჩიხლაძე კი “რეზონანსთან” ამბობს, რომ ის საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაში აზრს ვერ ხედავს. მისი თქმით, აქამდეც სრულიად გაუგებარი იყო კომენდატის საათის გამოცხადება რაში გვადგება, რადგანაც “ვირუსი ღამე არ დადის და დღისით ამ კარანტინის პირობებში საზოგადოება მაინც აქტიურად მოძრაობს.”, - განაგრძობს გამოცემა.

“ფაქტია, რომ ჩვენთან თვენახევარზე მეტს საგანგებო მდგომარეობით ვერ გავძლებთ. მართალია, ჩინელებმა რა შედეგიც მიიღეს, ის 3-თვიანი კარანტინის შედეგია, მაგრამ საქართველოში არც იმ დონის მასშტაბური გავრცელებაა, რაც იქ იყო და არც ისეთი შესაძლებლობის ეკონომიკის ქვეყანა ვართ, როგორიც ჩინეთია. ამიტომაც საქართველო უფრო სწრაფად მოახერხებს კორონავირუსის დამარცხებას, ვიდრე ეს ჩინელებმა და სხვა ქვეყნებმა შეძლეს. ამ დგომარეობიდან გეგმაზომიერი გამოსვლა მოხდება. საგანგებო მდგომარეობის მოხსნიდანვე ყველა სტადიონზე ვერ შევიკრიბებით. ეს იქნება გეგმაზომიერი ეკონომიკური ცხოვრების დაწყება იმ ჯგუფების მიერ, რომლებიც ვირუსის გავრცელებას ხელს ნაკლებად შეუწყობს. თუ ასეთ შეკავებას შევძლებთ, მაშინ საქმე ძალიან კარგად იქნება. პირდაპირ გეუბნებით, რომ ყველაფერი მაინც აღდგომის დღესასწაულზე იქნება დამოკიდებული. იმ დღეს როგორ მოვიქცევით, ძალიან გადამწყვეტი იქნება - დაგვჭირდება კიდევ უფრო ზომების გამკაცრება და საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება, თუ პირიქით, არ დაგვჭირდება. პრინციპში, 2 კვირის დამატება თუ დაგვჭირდება, მეტის არა. კიდევ ერთხელ ვამბობ - ეს ჩვენზე იქნება ახლა დამოკიდებული“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.

“არ მიმაჩნია, რომ აქამდეც საგანგებო მდგომარეობა სწორად იყო გამოცხადებული. ზოგადად, ასეთ მდგომარეობას იმიტომ აცხადებენ, რომ ჰქონდეთ იურდიულად ბერკეტი, რათა რაღაც ღონისძიებები უფრო ეფექტურად განახორციელონ. ამ პერიოდის განმავლობაში, რასაც თვალს ვადევნებ, განსაკუთრებულს არაფერს აკეთებენ. ვირუსი კიდევ მაინც და მაინც ღამე არ მძვინვარებს. ამიტომაც კომენდატის საათის შემოღების აზრი ხომ ასერთოდ ვერ გავიგე. ხალხი ღამე სიარულისგან ისედაც თავს იკავებდა. კომენდატის საათი დღესვე რომ გაუქმდეს, მომხრე ვარ. თუ საგანგებო მდგომარეობა გაგრძელდება, მაშინ უფრო მკაცრი ნაბიჯები უნდა გადავდგათ მოკლე დროში და უფრო მეტ ეფექტს მივიღებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დროში გაწელილი ეს მდგომარეობა ჩვენს ეკონომიკას პირდაპირ დაარტყამს და მერე სანერვიულო მარტო კორონა ვირუსი აღარ გვექნება. მეტი სწრაფი ტესტების გაკეთებაა საჭირო, ხოლო აკრძალვებმა ყველასთვის უნდა იმუშაოს. მაშინ ამდენი ხნით საგანგებო მდგომარეობა აღარ დაგვჭირდება. ტრანსპორტის აღდგენა და ნელ-ნელა ეკონომიკური აქტივობების დაწყებასაც შევძლებთ. სხვაგვარად საკმაოდ ცუდ სურათს მივიღებთ“, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სერგი ჩიხლაძე.

“2003 წლიდან ვამბობდით, რომ ღამურების საკვებად მოხმარება არის ბომბი კორონაინფექციების ასაფეთქებლად” - ექსპერტი

“ინფექციური დაავადებების, მოლეკულური ეპიდემიოლოგიისა და მოლეკულური გენეტიკის ექსპერტი მამუკა კოტეტიშვილი დიდი ხნის განმავლობაში აშშ-ში მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ეპიდემიოლოგიისა და პრევენციული მედიცინის კათედრის ასისტენტ-პროფესორი იყო. ასევე მეცნიერ-ექსპერტად მუშაობდა მსოფლიოში ბიოლოგიური სტანდარტების ლიდერ ორგანიზაცია ATCC-ში. ახლა ის ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეა სამეცნიერო სფეროში... 2007 წელს ცნობილ ამერიკულ ჟურნალში “კლინიკური მიკრობიოლოგია”, რომლის სარედაქციო ბორდის წევრი და რეცენზენტი მამუკა კოტეტიშვილი იყო, გამოქვეყნდა სტატია, რომ ჩინეთში ღამურებისა და ეგზოტიკური ცხოველების საკვებად მოხმარება კორონავირუსის ინფექციების აღმოცენების საფრთხეა...”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით “2003 წლიდან ვამბობდით, რომ ღამურების საკვებად მოხმარება არის ბომბი კორონაინფექციების ასაფეთქებლად”.

“ეს გახლდათ მწვავე რესპირატორული სინდრომის გამომწვევი კორონავირუსების შესახებ სამეცნიერო ცოდნის მიმოხილვა... ამ სტატიაში განსაკუთრებით აღნიშნული იყო ბიოუსაფრთხოების ზომების სიმწირე ჩინეთის ე.წ. სველ ბაზრებში, საიდანაც, ფაქტობრივად, გავრცელდა კორონავირუსი 2003 წელს. ამ ბაზრებში დღესაც ვაჭრობენ ცოცხალი ცხოველებით, მათ შორის - ეგზოტიკურითაც. 2003 წელს ჩინეთიდან გავრცელებული კორონავირუსული ინფექციები უკავშირდებოდა ღამურასთან კონტაქტს, რამაც შემდგომ (2019 წელს), ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის შედეგად, 26 ქვეყანაში 8000-ზე მეტი ადამიანი დააინფიცირა... მაშინდელი პუბლიკაციის მთავარი სათქმელი იყო ის, რომ sars-cov-ის მსგავსი ვირუსების ფართო რეზერვუარი ღამურებში და ეგზოტიკური ცხოველების საკვებად მოხმარების კულტურა ერთად არის ბომბი მომავალში კორონაინფექციების ასაფეთქებლად. ჩინეთში ეს გაფრთხილება უყურადღებოდ დარჩა, რაც დღეს ძალიან ძვირად უჯდება მთელ მსოფლიოს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა კოტეტიშვილი.

“დღეს განსაზღვრულია მისი 3000-ზე მეტი გენოტიპი. დადგენილია სხვადასხვა ზედაპირზე კორონავირუსის შტამების სიცოცხლისუნარიანობის ხანგრძლივობაც. თუ გავითვალისწინებთ გარემო ფაქტორების მიმართ კორონავირუსის სიცოცხლისუნარიანობას, ვფიქრობ, აეროზოლების დალექვის შემდეგ ის მტვერთან ერთად შეიძლება გავრცელდეს, თუმცა, ძნელი სათქმელია, როგორია ამ გზით ინფიცირების რისკი. ამის შესახებ ცნობები ჯერ არ მოიპოვება, მაგრამ ამ რისკს აშშ-ის ზოგიერთი ცნობილი მეცნიერიც არ გამორიცხავს... მიუხედავად იმისა, რომ ეს ვირუსი არ არის სურსათისმიერი პათოგენი, ამ აგენტით დაბინძურებული სურსათის მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს დაინფიცირება. სურსათისმიერ გავრცელებაზე ინფორმაცია არ მოგვეპოვება, თუმცა, ვფიქრობ, ამ გზით ინფიცირების რისკი (შეიძლება დაბალი) მაინც არსებობს. რაც შეეხება პროდუქტის გარეცხვას საპნითა და ჭურჭლის სარეცხი საშუალებებით, ასე შეიძლება გაირეცხოს მხოლოდ სქელკანიანი ხილი ან ბოსტნეული, რომელთაც შემდეგ გავთლით. სხვაგვარად, შეიძლება ქიმიური ნაერთი აკუმულირდეს პროდუქტის ზედაპირზე და მისმა მოხმარებამ კორონაინფექციაზე მეტი ზიანი მოგვაყენოს...”, - განაგრძობს რესპონდენტი. “ინფიცირებული ადამიანი შეიძლება იყოს კორონავირუსის მატარებელი, მაგრამ არ ავლენდეს კლინიკურ სიმპტომებს ან დაავადების მანიფესტაციას. ასეთ შემთხვევაშიც (თუმცა არა ყოველთვის) ის შეიძლება იყოს ინფექციის გავრცელების წყარო. რთულია იმის ინფიცირებულს რამდენი ადამიანის დაავადება შეუძლია თუ პროგნოზირება, რადგან გასათვალისწინებელია არამარტო ადამიანთა სიმჭიდროვე იმ გარემოში, სადაც ინფიცირებული ადამიანი ტრიალებს, არამედ შტამის სპეციფიკურობა, ინჰალირებული ვირუსების რაოდენობა, მასპინძლის იმუნური სტატუსი და ბევრი სხვა რამ”, - ამბობს ექსპერტი და შეკითხვაზე - “მუდმივად იცვლება ინფორმაცია პრეპარატთან თუ ვაქცინასთან დაკავშირებით” - პასუხობს:

“კორონავირუსული ინფექციების მკურნალობის ეფექტიანი საშუალება დღემდე არ არსებობს, არ არსებობს არც ვაქცინა და რომც შემუშავდეს, ის ხელმისაწვდომი, ალბათ, 2021 წლამდე ვერ იქნება, რადგან ვაქცინის გამოცდას დიდი დრო სჭირდება. ამასთან, დღეს კორონაინფექციებთან ბრძოლის ბევრი სხვადასხვა მეთოდის შემუშავებას ცდილობენ. მაგალითად, ავსტრალიაში მიმდინარეობს კვლევები BCG ვაქცინის გამოცდაზე, რაც ორიენტირებულია ადამიანში ზოგადი იმუნური პოტენციალის ბუსტინგზე, თუმცა მე ამას ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ... ასევე ჰოპკინსის უნივერსიტეტის ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ იმ პაციენტების სისხლიდან მიღებული პლაზმა, რომლებიც კორონავირუსისგან განიკურნენ, შეიძლება ამ ინფექციებთან ბრძოლის ალტერნატივა იყოს”.

“მაღალ შეფასებას ვაძლევ საქართველოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სექტორისა და მთავრობის გატარებულ ღონისძიებებს. პირველ ეტაპზე მათ ძალიან სწრაფად შეზღუდეს ინფექციების გარედან შემოდინება, გამოავლინეს კონტაქტები და საკარანტინო ღონისძიებები გაატარეს. მეორე ეტაპი უფრო რთულია, რადგან იწყება შიდა გავრცელება (რაც მოსალოდნელი იყო) და ხშირად ძნელი ან შეუძლებელია ყველა კონტაქტის დადგენა. ამის მიუხედავად, პირველ ეტაპზე განხორციელებული ეფექტიანი ღონისძიებების წყალობით, ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, ჩვენთან შემთხვევების რიცხვი გაცილებით ნაკლებია. პრევენციისთვის უმნიშვნელოვანესია დროული თვითიზოლაცია. მხოლოდ ერთი რამ მინდა შევნიშნო - დღეს ვირუსთან ბრძოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან იარაღად რჩება იმუნიტეტის გაძლიერება, ამიტომ გულდასაწყვეტია, რომ არც საინფორმაციო საშუალებების და არც შესაბამისი სამსახურების ყურადღება არ ექცევა პროცესში ნუტრიციოლოგების ჩართვას, მოსახლეობაში ვიტამინებისა და კვების რეჟიმის პოპულარიზაციას. ეს აამაღლებდა მოსახლეობის იმუნურ სტატუსს და ხელს შეუწყობდა ამ ვირუსთან უფრო ეფექტიან ბრძოლას”, - დასძენს მამუკა კოტეტიშვილი.

როგორ დასრულდება სკოლებში სასწავლო წელი - სამი სავარაუდო სცენარი

“აღდგება თუ არა სასწავლო პროცესი სკოლებსა და უმაღლესებში და რა გეგმა აქვს განათლების სმინისტრის მიმდინარე სასწავლო წელთად დაკავშირებით? სპეციალისტები აცხადებენ, რომ ონლაინ-რეჟიმში სწავლების მეთოდმა საქართველოში არა მხოლოდ გაამართლა, არამედ ახალი შესაძლებლობებიც გააჩინა, რომელთა გამოყენებაც მომავალში ეფექტურად იქნება შესაძლებელი. ამ და სხვა ფაქტორების გათვალისიწნებით, ისინი წლევანდელი სასწავლო წლის დასრულების სამ შესაძლო სცენარს განიხილავენ.ყველაზე უკიდურესი და სპეციალისტთა შეფასებით, ყველაზე გაუმართლებელი გადაწყვეტილება ამ წლის აკადემიურ წლად გამოცხადება იქნება. მათივე თქმით, სკოლებში სასწავლო პროცესის შეწყვეტამდე მოსწავლეებს პროგრამის დაახლოებით 80% უკვე ისედაც გავლილი ჰქონდათ. ამას გარდა, ონლაინ სწავლების რეჟიმიც, საწყის ეტაპზე დაფიქსირებულ ტექნიკურ ხარვეზებს თუ არ ჩავთვლით, ეფექტური გამოდგა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით როგორ დასრულდება სკოლებში სასწავლო წელი - სამი სავარაუდო სცენარი.

“მეორე სცენარის მიხედვით, თუკი კორონავირუსის გავრცელების საფრთხე მნიშვნელოვნად შემცირდა, მაისიდან სასწავლო პროცესის განახლება მოხდება და სასწავლო წელიც ჩვეულებრივ დასრულდება, თუმცა, შესაძლოა რამდენიმე კვირის დაგვიანებით. მესამე სცენარის მიხედვით, თუკი ეპიდემიის მასშტაბები სასწავლო პროცესი განახლების საშუალებას არ მოგვცემს, მოსწავლეებს ონლაინ-სწავლების კურსი გავლილად ჩაეთვლებათ და ასეთ შემთხვევაში სასწავლო წელი დასრულდება ისე, რომ უშუალოდ სკოლებში სასწავლო პროცესის განახლება არ მოხდება. “რეზონანსი” შეეცადა უშუალოდ განათლების სამინისტროსგან მიეღო დამატებითი ინფორმაცია მათ გეგმებზე, თუმცა, სტატიაზე მუშაობის პერიოდში მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ არავითარ შემთხვევაში ეს წელი აკადემიურ წლად არ უნდა გამოაცხადოს. მისი თქმით, რეალური სწავლება დისტანციურად მიმდინარეობს, ამიტომაც ეს წელი ჩათვლილად უნდა გამოცხადდეს. ამბობს, რომ ორი თვის განმავლობაში შემაჯამებელი სამუშაოები უკვე ჩატარებულია როგორც სკოლებში, ასევე უნივერსიტეტებში და შეფასებების გაკეთება დისტანციურადაც შეიძლება. ამიტომ პრობლემა არ არის, რომ ეს წელი ჩათვლილად გამოცხადდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ძალიან დიდი შრომაა დისტანციური სწავლება. ვიტყოდი, რომ საკმაოდ მძიმეა. საქართველოში ეს ინტერნეტი ასე გამართული, მართალია, ყველგან არ არის, მაგრამ ყველა შეძლებისდაგვარად მაინც ახერხებს სწავლას. გაკვეთილის ჩასატარებლად 3-ნაირ პროგრამაზე უნდა გადახვიდე. არცერთი გამართულად არ მუშაობს და ამიტომაც ონლაინ სწავლება ძალიან შრომატევადია. ასე თუ ისე, მაინც მასზე გადაწყობა მოვახერხეთ. მაშინ ამ ხალხს რისთვის აწვალებენ, არ ვიცი. მასწავლებლებს და ბავშვებსაც ამ ყველაფრისთვის ძალიან დიდი შრომა სჭირდებათ. სწავლა რეალურად მიდის. ვისაც ეს ინტერნეტი არ აქვს, ისინი ტელესკოლის მეშვეობით მეცადინეობენ. პროგრამის 80% ისედაც გავლილი იყო. ბოლო თვეები უკვე მასალის გამეორებაა. ფაქტიურად, სწავლის პროგრამა დასრულებულია და იმეორებენ. ხელისუფლებას ინფორმაციას არასწორად ვაი-ექსპერტები აწვდიან. არანაირი საჭიროებას ახლა აკადემიური წლის გამოცხადება არ წარმოადგენს. ეს წელი ჩვეულებრივად დასრულებლად უნდა გამოცხადდეს“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მანანა ნიკოლეიშვილი.

“მისივე თქმით, დისტანციური სწავლებისთვის სკოლებშიც და უნივერსიტეტებშიც ახალი სასწავლო ცხრილებია შექმნილი. ნიკოლეიშვილი აბობს, რომ ცხრილების შედგენა საკმაოდ შრომატევადი საქმე იყო და ამ ყველაფერში ენერგიას როგორც მასწავლებლები, ასევე ბავშვები და მისი მშობლებიც დებენ. ამგვარად, ყოვლად დაუშვებელია, რომ ეს წელი ჩათვლილად არ გამოცხადდეს. განათლების ექსპერტი და პედაგოგი ლადო აფხაზავაც მომხრეა, რომ ეს წელი როგორც სტუდენტებს, ასევე სკოლის მოსწავლეებს ჩაეთვალოთ. “რეზონანსთან” აფხაზავაც აცხადებს, რომ ერთი სემესტრი სრულად არის გავლილი, ხოლო მეორე სემესტრის დარჩენილ პროგრამას მოსწავლეები ონალინ გადიან”, - დასძენს გამოცემა.

„სწავლა ჩვეულებრივად მიმდინარეობს და ყველამ პირიქით, უფრო მეტი კომპეტენცია შევიძინეთ. სწავლება საკმაოდ კარგად და წარმატებულად მიდის. მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც რა კომპეტენციებიც აკლდათ ციფრული განთლების კუთხით, ბევრი რაღაცის სწავლა მოგვიწია. ონლაინ სწავლება არის ძალიან რთული და შრომატევადი საქმე, ამიტომაც მისი ასე ერთი ხელით აღება და გაუქმება ძალიან რთული იქნება, რაც ასევე ცუდ შედეგებს გამოიწვევს. იმდენი პლათფორმა ვისწავლეთ, რომ ჯერ მარტო ამის ათვისება საკმაოდ დიდი ენერგიის და დროის ფასად დაგვიჯდა. ადრე თუ სკოლაში მიდიოდი და ხუთი საათისთვის უკვე სახლში იყავი. ახლა კი მთელი დღე კომპიუტერთან უნდა იჯდე იმისთვის, რომ ყველა ბავშვს მოუსმინო, მათი გადმოგზავნილი ნაწერები შეამოწმო. ამიტომაც ყველა სცენარს, რაც არ უნდა ხელისუფლებამ განიხილოს, მხოლოდ ერთი გამოსავალი აქვს - რომ წელი ჩათვლილად გამოაცხადოს“, - დაასკვნის გამოცემასთან საუბრისას ლადო აფხაზავა.

გია ხუხაშვილი - “ახალი ეკონომიკის აშენება არ იქნება მოკლევადიანი პროექტი, მტკივნეული წლების გავლა მოგვიწევს”

“ამ პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ უპირველესად უნდა მივაღწიოთ ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას - საჭიროების შემთხვევაში ჩვენ ქვეყნის თვითკმარობის გარანტიები უნდა გვქონდეს. ამაში ვგულისხმობ სასურსათო უსაფრთხოებასა და პირველადი მოხმარების საგნებით უზრუნველყოფას. სასურსათო უსაფრთხოება, ანუ ეკონომიკური ნომენკლატურის არსებობა 365 დღის განმავლობაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნისთვის. ასეთი თვითკმარი სისტემის შესაქმნელად ჩვენ ყველა რესურსი გვაქვს”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ეკონომიკის ტრასფორმაცია პანდემიის გაკვეთილებით / “ახალი ეკონომიკის აშენება არ იქნება მოკლევადიანი პროექტი, მტკივნეული წლების გავლა მოგვიწევს”.

“პირველი ნაბიჯი არის კრიზისული სამომხმარებლო კალათის განსაზღვრა - უნდა განისაზღვროს სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები. პირობითად, კალათა შეიძლება შევადგინოთ 40 დასახელების პროდუქტისგან, რაც სავსებით საკმარისი იქნება ადამიანის სრულფასოვანი არსებობისთვის; მეორე ნაბიჯი გულისხმობს ინფორმაციის მიღებას საბაჟო სამსახურებიდან - კალათში შეტანილი პროდუქტების ნომენკლატურით რა, რამდენი და საიდან შემოდის იმპორტით. ამის შემდეგ, როცა უკვე განსაზღვრული გვაქვს, რა მოცულობის და რომელი პროდუქტების წარმოება უნდა დავიწყოთ საქართველოში, უნდა დავიწყოთ პროტექციონისტული, წამახალისებელი პოლიტიკის გატარება, რათა ბიზნესს საჭირო მოცულობისა და რაოდენობის პროდუქციის წარმოების ინტერესი გავუჩინოთ. ჩვენ გახსნილი ეკონომიკის ქვეყანა ვართ, მაგრამ უნდა შევძლოთ და ადგილობრივ ბაზარზე ჩვენს ქვეყანაში წარმოებული პროდუქციით კონკურენცია გავუწიოთ იმპორტირებულს. ამ ამოცანის შესასრულებლად დაახლოებით 3-5-წლიანი სახელმწიფო პროგრამა დაგვჭირდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“სახელმწიფო პროგრამა კრიზისულ სასურსათო კალათაში შემავალი პროდუქტების ადგილობრივად წარმოების სამივე ეტაპს უნდა გულისხმობდეს: უნდა ვაწარმოოთ ნედლეული, ანუ პირველადი პროდუქტი; მეორე ეტაპია ლოგისტიკა, რაც გულისხმობს ნედლეულის ტრანსპორტირებას, დაფასოებას, შეფუთვას და შენახვას. სოფლის მეურნეობაში ბევრი პროდუქტი სეზონურია და შესანახავად სიმძლავრეები დაგვჭირდება. წარმოების ჯაჭვის მესამე რგოლი გადამმუშავებელი მრეწველობაა. ამ ინდუსტრიული ჯაჭვის ფეხზე დაყენება შეუძლებელი იქნება პროტექციონისტული პოლიტიკის გარეშე. ამიტომ ყველა ძალისხმევა სწორედ აქეთ უნდა იყოს მიმართული. ეკონომიკური პოლიტიკა სწორედ ისე უნდა წარვმართოთ, რომ ადგილობრივად წარმოებული სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტებით ქვეყნის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება შევძლოთ. მაგალითად, აგრარულ სექტორში აუცილებელია მიზანმიმართული, სწორი პოლიტიკის წარმართვა, რათა ადგილობრივი წარმოებისთვის საკმარისი ან უფრო მეტი ნედლეულის მოყვანა შევძლოთ. ამისთვის კი მიწის პრივატიზაციის საკითხი მიბმული უნდა იყოს არა იმდენად მის ფასზე, არამედ კონკრეტულ, მიზნობრივ საინვესტიციო გეგმაზე საკმაოდ მკაცრი რეგულაციებით”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ძალზე დიდია უკვე პრივატიზებული მიწის ფონდიც, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ არის გამოყენებული. სასოფლო-სამეურნეო მიწის მფლობელებს უნდა გაუმკაცრდეს მოთხოვნები, მიეცეს გონივრული ვადა დასამუშავებლად, რათა დისბალანსი არ მივიღოთ. მოგეხსენებათ, როგორ ხდება საქართველოში - როცა ერთ წელს ღვინის წარმოებაა პოპულარული და ყველა ვენახს დასტრიალებს თავზე, მეორე წელს კი ვაზის ნაცვლად ნიორს თესავენ... საჭიროა მიწის ფონდის სახელმწიფო მონიტორინგი. მხოლოდ ფინანსურ სანქციებს არ ვგულისხმობ, უფრო შორსაც წავიდოდი. მიწის მფლობელებს უნდა დაუწესდეს გონივრული ვადა, რათა მიწა დაამუშაონ და კონკრეტული პროდუქტი მოიყვანონ. ცხადია, სახელმწიფოსგან საჭიროა ფინანსური სტიმულირება, შესაძლოა ეს სულაც 0%-იანი კრედიტები იყოს - არა ვარ მომხრე მხოლოდ მათრახით ვაკეთოთ საქმე, მაგრამ მათრახისა და თაფლაკვერის პრინციპით კი უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა. ერთი მხრივ უნდა დავეხმაროთ, მივცეთ საქმის კეთების სტიმული ადგილობრივ მეწარმეებს, ხოლო მეორე მხრივ საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები დავუწესოთ. მივცეთ გონივრული ვადა, რომ ეს გააკეთონ და თუ მაინც არ ან ვერ გააკეთებენ, მაშინ ეს მიწები იმავე ფასად გამოვისყიდოთ, რა ფასადაც თავის დროზე გაუკეთდა პრივატიზება. შემდეგ კი უნდა მოხდეს ამ მიწების რეპრივატიზაცია კონკრეტულ ინვესტორებზე”, - განმარტავს ექსპერტი.

“სოფლის მეურნეობას ვერ დავაყენებთ ფეხზე, თუ გადამმუშავებელი მრეწველობა არ გვექნება. დღემდე რაც კეთდებოდა, არასისტემური ხედვის შედეგი იყო, კონტექსტიდან ამოგლეჯილი კონკრეტული კამპანიური პროექტები ხორციელდებოდა მაღალი კორუფციული რისკებით. ამიტომ ეს ყველაფერი წყალში გადაყრილია. სასურსათო უსაფრთხოებაზე საუბრისას მთლიან სისტემას ვგულისხმობ. რაზეც ვისაუბრეთ, აქედან ერთი მცირე კომპონენტიც რომ ამოაგდოთ, სისტემა არ იმუშავებს. ეს უნდა იყოს საათივით აწყობილი მექანიზმი, დაწყებული ნედლეულის მოპოვებით და საბოლოო პროდუქტით დასრულებული. ეს არ საჭიროებს კოლოსალურ ინვესტიციებს. ამის გაკეთება სავსებით შესაძლებელია, ოღონდ იმ პირობებში, თუ სახელმწიფოს აგრესიული პროტექციონისტული პოლიტიკა ექნება, მათ შორის ეკონომიკური საზღვრის დაცვის იმ ტიპის მექანიზმების ამუშავებით, რომლებიც შესაძლოა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის საკამათო გახდეს. დღეს უნდა გვესმოდეს, რომ არა გვაქვს საბაზრო ეკონომიკის უპირატესობებზე ლექციის მოსმენის ფუფუნება. ჩვენ ყველას უნდა ავუხსნათ, რომ ეს არის ზეამოცანა, შეიძლება ითქვას, სასიცოცხლო ამოცანაც ჩვენი ქვეყნისთვის”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.

“დღეს საქართველოში, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ეკონომიკის რესტარტი შეუძლებელია - იმ გაგებით, რაც დასავლეთშია, ჩვენ ეკონომიკა არა გვაქვს. როცა დასავლეთში ლაპარაკობენ ეკონომიკის ხელახლა გაშვებაზე, ძირითადად, იგულისხმება ინდუსტრიული სექტორის ამუშავება, რაც ჩვენთან, ფაქტობრივად, არ არსებობს. როცა ჩვენ ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, ძირითადად, ვგულისხმობთ მომსახურების სფეროს - ტურისტულ ბიზნესს, სასტუმროებს, რესტორნებს და ა.შ. დღეს საქართველოს ეკონომიკის მოქოქვაზე საუბარი არარეალურია, ქარხნები და ფაბრიკები ისედაც, ფაქტობრივად, არა გვაქვს და რაც გვაქვს, არც გაჩერებულა. მეტსაც გეტყვით - ეკონომიკის რესტარტს იმ სახით, რაც კრიზისამდე გვქონდა, აზრი არა აქვს. ჩვენ დაგვჭირდება ეკონომიკის რესტარტი უფრო ინდუსტრიული, ეკონომიკის რეალური სექტორის განვითარების მიმართულებით, რითაც გადაწყდება, მათ შორის, დასაქმების საკითხებიც. აქამდე სამყაროს ჰქონდა ილუზია, რომ ფული იყო დომინანტი და ბოლო 50 წლის განმავლობაში მაქსიმალურად იბერებოდა მომსახურების სფეროს ბუშტი, ეს ყველაფერი დამთავრდა! ახლა ინდუსტრიული ცენტრების დომინირების ეპოქაში შევდივართ. შესაბამისად, ჩვენ დაგვჭირდება სრულიად ახალი ეკონომიკური ხედვით სრულიად ახალი ეკონომიკის აშენება. ეს არ იქნება მოკლევადიანი პროექტი, ჩვენ მტკივნეული წლების გავლა მოგვიწევს, მაგრამ ეს არის ობიექტური აუცილებლობა და ჩვენ ნაცვლად ამას არავინ არ გააკეთებს”, - დასძენს ხუხაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა