სუს-ი - ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით 86, ხოლო აფხაზეთის მიმართულებით 27 უკანონო დაკავების ფაქტია რეგისტრირებული

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 86, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 27 უკანონო დაკავების ფაქტი იქნა რეგისტრირებული. აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშში ცალკეა მოხსენიებულია ვაჟა გაფრინდაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას დაკავების ფაქტები. ანგარიშის თანახმად, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების პროვოკაციული მოქმედებების უპრეცედენტო მაგალითს წარმოადგენდა ხაშურის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მონიტორების გარკვეული დროის განმავლობაში უკანონო დაკავება, მით უფრო, რომ EUMM-ს არა მხოლოდ საოკუპაციო ხაზთან, არამედ აგრეთვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოპერირების მანდატი აქვს.

ანგარიშში საუბარია არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის გაუკევეველ ვითარებაში გარდაცვალების საქმეებთან დაკავშირებითაც და აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააგრძელებს ყველა არსებული მექანიზმის და სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებას, რათა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე. საქართველოსა და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების კუთხით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად IPRM-ის შეხვედრებს განიხილავს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც აღნიშნული ფორმატისა და მისი ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ იქნება მიმართული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ აღიქმება მიზანმიმართულ პროვოკაციად.

„2019 წელს რუსეთის საოკუპაციო ძალების და დე ფაქტო რეჟიმების მიერ მიზანმიმართულად გადადგმული დესტრუქციული ნაბიჯების შედეგად სოფელ ერგნეთში შეწყდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრები. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა და მათ მიერ მართულმა დე ფაქტო რეჟიმმა, ჩორჩანაში განვითარებული მოვლენების ირგვლივ ინსპირირებული პროპაგანდისტული კამპანიის ფონზე, უსაფრთხოების გარემოსთან ერთად, კიდევ ერთხელ დააზიანეს IPRM-ის ფორმატი. იმ პირობებში, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე სადამკვირვებლო მისიების მოქმედება შეწყვეტილია, აღნიშნული ფორმატი მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის უსაფრთხოების მინიმალური გარანტიების უზრუნველსაყოფად. ასევე ნიშანდობლივია, რომ სოფელ ერგნეთში ჩატარებული IPRM-ის შეხვედრების შეწყვეტამდე შემაშფოთებელი ხასიათი შეიძინა მათი რაოდენობის შემცირებამ, რასაც ყოველთვიური შეხვედრების ხასიათი აღარ ჰქონდა. რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებას, ცენტრალური ხელისუფლება ყველა არსებული ფორმატის გამოყენებით განაგრძობდა ძალისხმევას გალში IPRM-ის შეხვედრების აღდგენის მიმართულებით, თუმცა საოკუპაციო ძალების მხრიდან, სამწუხაროდ, არ მოხდა ანალოგიური მიდგომის დაფიქსირება“, - აღნიშნულია ანგარიშში.

მასში ასევე ნათქვამია, რომ გალსა და ერგნეთში IPRM-ის შეხვედრების შეწყვეტის პირობებში „ცხელი ხაზის“ ეფექტური ფუნქციონირების მნიშვნელობამ განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა. 2019 წელს ცხელი ხაზის ინსტრუმენტი 2362-ჯერ იქნა გამოყენებული. აქედან ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით „ცხელი ხაზი“ გააქტიურდა 673-ჯერ, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებაზე „ცხელი ხაზის“ გააქტიურების რიცხვმა შეადგინა 1689.

„სამწუხაროდ, საოკუპაციო ძალების და დე ფაქტო რეჟიმების მხრიდან ამ მიმართულებითაც დაფიქსირდა ნეგატიური ტენდენციები. კერძოდ, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უკანონო დაკავებების შესახებ დროულად არ ზიარდებოდა ინფორმაცია და გვიანდებოდა პასუხი სამედიცინო ევაკუაციების დროს. ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით დაფიქსირდა „ცხელი ხაზით“ პოლიტიკური შინაარსის განცხადებების გაზიარების შემთხვევები,“- აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირების მიზნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, თავისი მანდატის ფარგლებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ ვითარებას აცნობდა პარტნიორი ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირებს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს. 2019 წელს სამსახურმა საოკუპაციო ხაზზე მაღალი რანგის სხვადასხვა ოფიციალური პირებისა და მედიის წარმომადგენელთა 50 ვიზიტს გაუწია ორგანიზება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა