საქართველოში ჩინეთის ელჩი - ეპიდემიასთან ბრძოლაში ჩინეთმა შუალედური გამარჯვება მოიპოვა, რამაც სხვა ქვეყნებს ძვირფასი დრო მოაგებინა, ხალხებს იმედი მოუტანა, რწმენა ჩაუნერგა და გზა უჩვენა

საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი, ლი იენი „ინტერპრესნიუსთან“ კორონავირუსის გამო ჩინეთში შექმნილ ვითარებაზე, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებსა და პანდემიის შედეგებზე საუბრობს...

- როგორც ვნახეთ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ უკვე მოახერხა ახალი კორონავირუსის გავრცელების შეჩერება. 8 აპრილს გაიხსნა მანამდე ყველაზე კრიტიკულ კერად აღიარებული ქალაქი უხანი ხუპეის პროვინციაში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეპიდემიის კონტროლისა და პრევენციის მიმართულებით ჩინეთის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა შედეგი გამოიღო. შეგიძლიათ გაგვაცნოთ, როგორი მდგომარეობაა ამჟამად ჩინეთში?

- პრეზიდენტ სი ძინფინგის პირადი ხელმძღვანელობით მიღებული ღონისძიებების შედეგად, ჩინეთის მთავრობამ, როგორც ყოველთვის, ხალხის სიცოცხლე და უსაფრთხოება პირველ ადგილზე დააყენა და დროული და გადამწყვეტი ზომები გაატარა ადრეული აღმოჩენის, ადრეული შეტყობინების, დროული იზოლაციისა და დროული მკურნალობის მიმართულებით. ორთვიანი ცხარე ბრძოლის შედეგად, ჩინეთი ქვეყნის შიგნით ეპიდემიის გავრცელების შეჩერების მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. შიდა გავრცელება თითქმის აღმოფხვრილია, უკვე ერთი თვეა, რაც ახალი შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა. 76-დღიანი იზოლაციის შემდეგ, უხანი, სადაც 10 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, უდიდესი მსხვერპლის ფასად ისევ გაიხსნა და ეპიდემიასთან ბრძოლაში ჩინეთმა შუალედური გამარჯვება მოიპოვა. ამას არა მხოლოდ ჩინელი ხალხისთვის აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ამან სხვა ქვეყნებს ეპიდემიასთან საბრძოლველად ძვირფასი დრო მოაგებინა, მსოფლიოს ხალხებს იმედი მოუტანა, რწმენა ჩაუნერგა და გზა უჩვენა. ჩინეთის მთავრობა კვლავ დაუღალავად აგრძელებს მუშაობას, დიდ ყურადღებას აქცევს ეპიდსიტუაციის განვითარებასა და ცვლილებებს, მკაცრად აკონტროლებს იმპორტირებულ შემთხვევებს და ხელს უშლის შიდა შემთხვევების მატებას.

ამჟამად, ქვეყნის უმეტეს რეგიონში თითქმის ბოლომდე განახლდა წარმოება და მუშაობა, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის აღდგენის დროც ძირითადად განისაზღვრა, მთელ ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური წესრიგის თანმიმდევრული აღდგენის პროცესი მიმდინარეობს. ეპიდემიამ გარკვეული გავლენა იქონია ჩინეთის ეკონომიკაზე, მაგრამ ეს შედეგები დროებითია და ჩინეთის ეკონომიკის პირვანდელ სახეს ვერ შეცვლის. ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მიერ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, პირველ კვარტალში ჩინეთის მშპ 6.8%-ით შემცირდა თუმცა ჩინეთის ეკონომიკას დიდი შიდამასტიმულირებელი ძალა, გამძლეობა და საკმარისი პოტენციალი გააჩნია, რათა შემდეგ ეტაპზე კვლავ მიაღწიოს ზრდას და შეინარჩუნოს გაუმჯობესების ტენდენცია. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ბოლო დროს მნიშვნელოვნად შეამცირა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. მოსალოდნელია, რომ წელს გლობალური ეკონომიკა 3% -ით შემცირდება, მაგრამ ჩინეთის ეკონომიკა 1,2% -ით გაიზრდება. ჩინეთი ერთ-ერთია იმ რამდენიმე წამყვან ეკონომიკას შორის, სადაც პოზიტიური ზრდა არის მოსალოდნელი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 2021 წელს ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 9,2% იქნება. ჩინეთი, როგორც "მსოფლიო ქარხანა", სათავეში ჩაუდგა მუშაობისა და წარმოებისა განახლებას, რამაც არა მხოლოდ მნიშვნელოვნად შეამსუბუქა მსოფლიოში სამედიცინო საქონელზე არსებული დეფიციტი, არამედ ხელი შეუწყო გლობალური ეკონომიკის ნორმალური განვითარების რელსებზე რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნებას.

- ამჟამად, კორონავირუსი მთელი მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევაა. ჩინეთი, როგორც დიდი სახელმწიფო, რომელმაც ყველაზე ადრე შეძლო ეპიდემიის დამარცხება, როგორ ეხმარება სხვა ქვეყნებს ამ ბრძოლაში?

- ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გაჩენამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საერთაშორისო საზოგადოება საერთო მომავლის მქონე საზოგადოებაა, სადაც „შენ ჩემში ხარ და მე - შენში“. ეპიდემიის დაწყების მომენტიდან, ჩინეთი მუდამ ინარჩუნებს ღია, გამჭვირვალე და პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას, ეპიდსიტუაციის შესახებ დაუფარავად აწვდის ინფორმაციას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასა და საერთაშორისო საზოგადოებას, „კაცობრიობის ერთობლივი განვითარებისთვის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების“ კონცეფციაზე დაყრდნობით, აქტიურად არის ჩართული ეპიდემიის საწინააღმდეგო საერთაშორისო თანამშრომლობაში, შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას უწევს ქვეყნებს, მათთან ერთად იცავს რეგიონულ და გლობალურ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოებას.

ჩინეთი შეუზღუდავად უზიარებს ქვეყნებს პრევენციის, კონტროლის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კუთხით დაგროვილ გამოცდილებას. ჩინეთმა ყველა ქვეყნისთვის გახსნა ახალი კორონავირუსის ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის ცოდნის ონლაინ ცენტრი. დღეისათვის საჯაროდ გამოქვეყნებული გვაქვს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროტოკოლის 7 გამოცემა და პრევენციისა და კონტროლის პროტოკოლის 6 გამოცემა. დღემდე ჩინეთმა 150-ზე მეტ ქვეყანასთან 80-ზე მეტი ჯანდაცვის სპეციალისტთა ვიდეოკონფერენცია გამართა, სადაც სრულყოფილად წარმოადგინა ჩინეთში ეპიდემიის განვითარების სიტუაცია და პრევენციის, კონტროლის, მკურნალობის და სხვ. მიმართულებით დაგროვილი გამოცდილება; მხარეებმა ასევე განიხილეს პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებები, დიაგნოსტიკური სკრინინგის, ლაბორატორიული ტესტირებისა და სხვა საკითხები. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის წინაშე ეპიდემიის პრევენციის კუთხით ჯერ კიდევ ბევრი რთული ამოცანა დგას, ის შესაძლებლობების ფარგლებში მაინც აქტიურად ახორციელებს საგარეო დახმარებას და თანამშრომლობას. მან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას 20 მილიონი აშშ დოლარი შესწირა. ჩინეთის მთავრობა და საზოგადოებრივი ორგანიზაციები 140-ზე მეტ ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციას სამედიცინო ნივთებით ეხმარება, ხოლო მძიმე ეპიდსიტუაციის მქონე ქვეყნებში სამედიცინო ექსპერტების ჯგუფებს გზავნის. ჩინეთი ასევე აქტიურად იყენებს თავისი წარმოების შესაძლებლობებს. მან დროულად გახსნა სამედიცინო აღჭურვილობის ბაზარი და საექსპორტო არხები. დღეს 60-ზე მეტმა ქვეყანამ, რეგიონმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ ჩინელ ექსპორტიორებთან უკვე გააფორმა ეპიდემიის საწინააღმდეგო ნივთების კომერციული შესყიდვების ხელშეკრულებები. შეიძლება ითქვას, რომ "ჩინური გამოცდილება" და "ჩინური გეგმა" მსოფლიოს ქვეყნებისთვის უკვე იქცა ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის ერთგვარ ცნობარად. "ჩინური დახმარება" და "დამზადებულია ჩინეთში" მსოფლიოში ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის უშრეტ იმპულსად იქცა. შემდეგ ეტაპზე ჩინეთი საერთაშორისო საზოგადოებასთან მჭიდრო კომუნიკაციასა და თანამშრომლობას შეინარჩუნებს და მსოფლიოს ხალხებთან ერთად უპასუხებს ეპიდემიას, შეაჩერებს მას და ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს.

- კორონავირუსის პრევენციის მიმართულებით რა ეტაპზეა საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობა? როგორ დაეხმარა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა საქართველოს?

- როდესაც ჩინეთში ეპიდსიტუაცია საკმაოდ სერიოზული იყო, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანაგრძნობისა და მხარდაჭერის წერილები გაუგზავნეს პრეზიდენტ სი ძინფინგსა და პრემიერ მინისტრ ლი ქეციანგს. საქართველოს საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრებმა და სხვა მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა ჩინეთს ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარდაჭერა გამოუცხადეს. ქართველმა ხალხმა სხვადასხვა ფორმით აგრეთვე გამოხატა თავისი თანაგრძნობა, თანადგომა და გამხნევება, რამაც ჩვენზე ძლიერ იმოქმედა და ყოველივე ეს სამუდამოდ დაგვამახსოვრდა.

ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ყურადღებით აკვირდება საქართველოში ეპიდსიტუაციის განვითარებას. ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის საკითხებში უწყვეტად ახორციელებს საქართველოსთან კომუნიკაციასა და თანამშრომლობას. საქართველოში ვირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა, რის შემდეგაც ჩინეთმა ქართულ მხარეს დაუყოვნებლივ მიაწოდა ეპიდემიის პრევენციასა და კონტროლთან, დიაგნოსტიკასა და მკურნალობასთან დაკავშირებული პროტოკოლები. ჩინური მხარის ორგანიზებით საქართველოს ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის სპეციალისტებისთვის უკვე სამჯერ ჩატარდა ვიდეო კონფერენცია, სადაც ჩინელმა ექსპერტებმა ქართულ მხარეს სიღრმისეულად გააცნეს ეპიდემიასთან ბრძოლის ჩინური გამოცდილება და სრულყოფილად და დეტალურად უპასუხეს მათ მიერ დასმულ შეკითხვებს, რასაც ქართველი ექსპერტების მხრიდან მაღალი შეფასება მოჰყვა.

გარდა ამისა, ჩინეთი თავისი შესაძლებლობების ფარგლებში სამედიცინო მატერიალურ დახმარებას უწევს საქართველოს. ჩინეთის მთავრობის მიერ დახმარების სახით გადმოცემული ნუკლეინის მჟავის გამოყოფისა და კორონავირუსის დასადგენი რეაქტივების ნაკრებები ისევე, როგორც სიჩუანის პროვინციის მიერ საჩუქრის სახით გადმოცემული 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების სწრაფი ტესტები და რეაქტივების ნაკრებები უკვე საქართველოშია და დანიშნულებისამებრ გამოიყენება. ქართულმა მხარემ დაადასტურა რეაქტივების ნაკრებების მაღალი ხარისხი. ჩინური მხარის საჩუქრების კიდევ ერთი პარტია, რომელშიც ნიღბები, დამცავი ტანსაცმელი და სხვა სამედიცინო მასალები შედის, უკვე გაეგზავნა ჩინეთში საქართველოს საელჩოს და იმედი გვაქვს, რომ მათი საქართველოში ტრანსპორტირება მალე მოხდება. გარდა ამისა, საქართველოში წარმოდგენილი ჩინური კომპანიებიც აქტიურად ახორციელებენ მათზე დაკისრებულ სოციალურ პასუხისმგებლობას. მათ ქართულ მხარეს საჩუქრად გადასცეს ნიღბები, დამცავი ტანსაცმელი და სხვა საჭირო ნივთები. გარდა ამისა, ჩინეთის საელჩო საქართველოში მჭიდრო კომუნიკაციას ინარჩუნებს ქართულ მხარესთან და კოორდინაციას უწევს, რათა ჩინეთის შესაბამის უწყებებსა და კომპანიებს გაუადვილოს ქართული მხარისათვის სამედიცინო აღჭურვილობისა და მასალების შეძენა.

ჩინეთმა და საქართველომ, როგორც ტრადიციულად მეგობარმა სახელმწიფოებმა, ეპიდემიის დასამარცხებლად თანამშრომლობის პროცესში ურთიერთდახმარებისა და ურთიერთმხარდაჭერის, სირთულეების დროს ძალების გაერთიანების სულისკვეთება გამოიჩინეს. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველო მალე შეძლებს ეპიდემიის შეჩერებას. ჩინეთი გააგრძელებს საქართველოსთან მჭდრო კომუნიკაციასა და თანამშრომლობას და მზად არის ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ უფრო მეტი დახმარების გასაწევად.

- თქვენი აზრით, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ეპიდემიამ ჩინეთ-საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობასა და სხვადასხვა დარგში თანამშრომლობაზე?

- ჩინეთსა და საქართველოს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს. დიპლომატიური ურთიერთობების 28 წლის მანძილზე, ორმხრივი ურთიერთობები სტაბილურად და ჯანსაღად ვითარდება. განსაკუთრებით ბოლო წლებში, „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ პროექტის ფარგლებში, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეკონომიკაში, ვაჭრობაში, ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, სოფლის მეურნეობაში, ინვესტიციებში, ენერგეტიკაში, კულტურაში, განათლებაში, ტურიზმსა და სხვა სფეროებში ორმხრივმა თანამშრომლობამ ნაყოფიერი შედეგები გამოიღო. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებამ კიდევ უფრო დიდი სტიმული მისცა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. ჩინეთი მზადაა საქართველოსთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებისთვის.

დღეს ეპიდემიის გამო მსოფლიოში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ჩინეთ-საქართველოს შორის ხალხის და ჯგუფების მიმოსვლა შემცირდა, თუმცა ორმხრივი საქმიანი თანამშრომოლობა არ შეჩერებულა, საქონლით ვაჭრობა ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება. საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკის სტაბილურობისა და დასაქმების უზრუნველსაყოფად აღებული კურსის ხელშესაწყობად, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სამშენებლო პროექტებში ჩართული ჩინური კომპანიები უწყვეტად აგრძელებენ მუშაობას. სანიტარიის დაცვის გაძლიერების პარალელურად, ხელს უწყობენ სამშენებლო პროექტების დაჩქარებას და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საქართველოს ნაციონალური ეკონომიკის განვითარებაში. ჩინეთ-საქართველოს საქმიანი თანამშრომლობის სტაბილური წინსვლა და საერთო ვითარება ეპიდემიის გამო არ შეცვლილა.

ეპიდემია ერთი დიდი გამოცდაა. იგი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების „სასინჯი ქვაა“. ცნობილი ქართველი პოეტი, შოთა რუსთაველი წერდა: „ოდეს კაცსა დაეჭირვოს, მაშინ უნდა ძმა და თვისი“. ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, ჩინეთ-საქართველოს შორის ურთიერთნდობა და ურთიერთმხარდაჭერა გაძლიერდა, ორი ქვეყნის ხალხებს შორის მეგობრობა კი კიდევ უფრო განმტკიცდა, რაც მომავალში ორმხრივი ურთიერთობებისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გამყარების ქვაკუთხედად იქცევა. დარწმუნებული ვარ, ეპიდემიით შექმნილი მდგომარეობა რომ ჩაივლის, ჩინეთ-საქართველოს მეგობრული ურთიერთობების დიდი პოტენციალი კიდევ უფრო დიდი ძალით გამოთავისუფლდება და სხვადასხვა სფეროში ურთიერთობები და თანამშრომლობა კიდევ უფრო ნაყოფიერ შედეგებს გამოიღებს.

- როგორ შეაფასებთ კორონავირუსის გავრცელების კონტროლისა და პრევენციის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ ზომებს?

- ჩვენ დავინახეთ, რომ ეპიდემიის დაწყების მომენტიდან, საქართველოს მთავრობამ ქვეყნის ზოგადი ვითარების, სოციალური რეალობისა და ხალხის მდგომარეობის მიხედვითა და ეპიდემიის კონტროლის კუთხით სხვა ქვეყნების, მათ შორის ჩინეთის გამოცდილების გათვალისწინებით, მთელი რიგი მძლავრი ზომები გაატარა, ეპიდემიის გავრცელების, კონტროლის, დაავადებულთათვის სამედიცინო დახმარებისა და სხვა მიმართულებით დიდი პროგრესს მიაღწია. მეზობელ ქვეყნებთან შედარებით საქართველოში ყველაზე ადრე დადასტურდა შემთხვევა, მაგრამ ამჟამად დადასტურებული შემთხვევვების რაოდენობა ყველაზე ნაკლებია, განკურნების პროცენტული მაჩვენებელი ყველაზე მაღალია, სიკვდილიანობის კი - ყველაზე დაბალი. შეიძლება ითქვას, რომ ეპიდემიის პრევენციისა და კონტროლის საქმეში დიდი წინსვლაა, რასაც ჩვენ დადებითად ვაფასებთ. საქართველოს სამთავრობო უწყებები და სამედიცინო პერსონალი ძალ-ღონეს არ იშურებს და დაუღალავად მუშაობს, რისთვისაც ჩვენ მათ ძალიან დიდ პატივს ვცემთ.

ჩინეთის გამოცდილებამ დაამტკიცა, რომ მხოლოდ ხალხის ერთად დგომითა და ერთობლივი ძალისხმევით, ყოვლისმომცველი, უმკაცრესი და რადიკალური ზომებით, ხალხის შეკრების რაოდენობის შეზღუდვითა და ვირუსის გავრცელებისთვის ყველანაირი საშულების აღმოფხვრით არის შესაძლებელი ეპიდემიის სწრაფად შეჩერება და სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების აღდგენა. ჩინეთის საელჩო შეგნებულად იცავს და საქართველოში მყოფ ჩინეთის მოქალაქეებსაც აფრთხილებს, პატივი სცენ და დაიცვან საქართველოს მთავრობის ღონისძიებები და რჩევები, საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან ერთად მხარდამხარ დადგნენ ამ ბრძოლაში. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა გააგრძელებს სირთულეებთან გამკლავებას, აქტიურად და შეგნებულად უპასუხებს და მკაცრად დაიცავს საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებულ ღონისძიებებს, რათა რაც შეიძლება მალე გავიმარჯვოთ ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა