„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებას აკრიტიკებს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილების პროცესის დახურულად, დაინტერესებული პირების ჩართულობის გარეშე წარმართვას აკრიტიკებს.

როგორც საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების ნაწილი ბუნდოვანია, ხოლო ნაწილი არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ და განმტკიცებულ ადამიანის უფლებების სტანდარტებს. არასამთავრობო ორგანიზაცია იმ კანონპროექტებს აკრიტიკებს, რომელიც პარლამენტმა 23 აპრილს დაამტკიცა და კარანტინის ან/და წესების, ასევე საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს მოქმედი რეგულაციების დარღვევაზე გარკვეული სანქციის დაწესებას გულისხმობს.

„23 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის“ შესახებ კანონში. საკანონმდებლო ცვლილებით განისაზღვრა იზოლაციისა და კარანტინის წესების, ასევე, საგანგებო მდგომარების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებით, ამ ქმედებათა განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, დადგინდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით ინფორმაცია 2020 წლის 17 მარტს გავრცელდა და ამავე დღეს დარეგისტრირდა პარლამენტში, თუმცა ის არ იყო საჯაროდ ხელმისაწვდომი 2020 წლის 13 აპრილამდე, სანამ პარლამენტის ბიურომ არ გადასცა განსახილველად შესაბამის კომიტეტს. ამ პერიოდში არ იყო უზრუნველყოფილი კანონპროექტის გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის და მასთან დაკავშირებით შესაბამისი შენიშვნების წარმოდგენის შესაძლებლობა. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ კანონპროექტი განიხილა მხოლოდ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა და მის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, რომლის მონაწილეობა ამ პროცესში მნიშვნელოვანი იყო. შესაბამისად, საკანონმდებლო პროცესი წარიმართა დახურულად და არ ყოფილა მასში რაიმე ფორმით მონაწილეობის შესაძლებლობა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილება ადგენს, რომ, როგორც იზოლაციის ან/და კარანტინის წესის, ისე საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავენ, ოქმს ადგენენ და სახდელს შეუფარდებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ასევე პრეზიდენტის დეკრეტითა და მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ორგანოები. ვფიქრობთ, რომ ამ ტიპის სამართალდარღვევებზე, რომლებიც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოყენებისთვის პრეიუდიციული მნიშვნელობისაა და შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი შინაარსი გააჩნია, პასუხისმგებლობის დაკისრებაზე გადაწყვეტილებას უნდა იღებდნენ არა შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროს ორგანოები, არამედ სასამართლო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 208-ე მუხლის მიხედვით.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებით ასევე განისაზღვრა, რომ იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს პრევენციული ღონისძიების გასატარებლად გადაიყვანოს პირი შესაბამის სივრცეში მოსათავსებლად, რაც არ ჩაითვლება დაკავებად. მართალია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი უშვებს შესაძლებლობას კანონით დადგენილი პროცედურების დაუცველად მოხდეს პირისთვის თავისუფლების აღკვეთა გადამდებ დაავადებათა გავრცელებისგან თავის ასარიდებლად, ხოლო „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი უშვებს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობას, თუმცა ამ წესით შესაბამის სივრცეში გადაყვანის პირს სრულად არ განემარტება მისი უფლებები, არ აქვს იურიდიული დახმარების მიღებისა და საჩივრის ან სარჩელის წარდგენის ეფექტური შესაძლებლობა, რაც მას ხელს უშლის უფლების დაცვის რეალიზებაში“,-ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

ასევე, ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, ხარვეზიანია სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებაც, რომლის თანახმად, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის, ისე საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის განმეორებით დარღვევისთვის დგინდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

„განხორციელებული ცვლილებიდან არ ირკვევა და შესაბამისად, ბუნდოვანია, როგორ დაიწყება პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა იმ პირობებში, როდესაც პირის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მაგრამ ის არ შესულა ძალაში, რადგან სახდელდადებულ პირს არ გამოუყენებია გასაჩივრების შესაძლებლობა იმის გამო, რომ საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N181 დადგენილების მე-13 მუხლის პირველი პუნქტით, შეჩერებულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები. ამდენად, ამ შემთხვევაში ცვლილებები საჭიროებდა მეტ სიცხადეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებით დადგინდა პასუხისმგებლობა საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის, ხოლო სასჯელად განისაზღვრა ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა, თუ პრეზიდენტის დეკრეტით სხვა რამ არ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის N1 დეკრეტის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასჯელად განსაზღვრულია თავისუფლების აღკვეთა სამ წლამდე ვადით და შესაბამისად, ამ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სწორედ ეს სასჯელი იქნება გამოყენებული.

რაც შეეხება ამ ცვლილებით სისხლის სამართლის კოდექსში ასახულ სასჯელს, ის არაპროპორციულია იმ შემთხვევებისთვის, როდესაც რეჟიმის დარღვევას მნიშვნელოვანი ზიანი არ გამოუწვევია. შესაბამისად, აუცილებელი იყო საგანგებო ან საომარი მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის მეტად პროპორციული სასჯელის დაწესება, ხოლო თუ რეჟიმის დარღვევას მოჰყვა მნიშვნელოვანი ზიანი, ამ შემთხვევაში, მკაცრი პასუხიმგებლობის გამოყენება.

ყურადღებიდან არ უნდა გამოგვრჩეს ისიც, რომ ამ ქმედებაზე სასჯელის სახით ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, მას მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში აქცევს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში ის არ უნდა ჩაითვალოს მძიმე კატეგორიის დანაშაულად, რადგან პრეზიდენტის დეკრეტით მხოლოდ სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთაა სასჯელის სახით გათვალისწინებული. შესაბამისად, არ შეიძლება გამოყენებულ იქნას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული საპროცესო მოქმედებები, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე (მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედებები)“,-ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კარლ ჰარცელი - მჯერა, რომ 19 აპრილის შეთანხმებით, სულ მცირე, კრიზისის ეს თავი დაიხურა - საბოლოო ჯამში, ეს ახალი ეპოქის დასაწყისია
თენგიზ ფხალაძე - ბაიდენის ადმინისტრაცია „იალტისთვის“ არ ემზადება, ვაშინგტონში კარგად იციან რას მოასწავებს მსოფლიოსთვის რუსეთთან გავლენის სფეროებზე დათანხმება და პოსტსაბჭოთა სივრცეში მისთვის კარტ-ბლანშის მიცემა
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2021
ვაჟა ბერიძე - პრობლემა გახარია არაა, პრობლემა ქართველი ხალხია, რომელსაც არც „ოცნება“ უნდა ხელისუფლებაში, მითუმეტეს, ივანიშვილის გარეშე  და არც პრონაციონალური კოალიცია, სააკაშვილით, ან მის გარეშე
მამუკა გონგაძე -  საერთაშორისო  ჩართულობა სიმბოლოების რეფორმას გვიადვილებს
“საერთაშორისო სავალუტო ფონდის" მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩეკირი - საპენსიო სისტემას ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ხელფასი გათამაშდა