ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2020

სანდრო თვალჭრელიძე - “თვეში 200 ლარი, რა თქმა უნდა, ცოტაა, მაგრამ...”

კორონავირუსის “ორმაგი ნახტომი” - შაბათს 25 და კვირას 29 ახალი შემთხვევა

მამუკა ხაზარაძე - “მე ამ გეგმას დავარქვი მარტივი ბუღალტერია”

რუსეთში ეკლესიის კედლებზე პუტინის გამოსახვა დაიწყეს

„დღემდე ასეულობით დაჯარიმებულ მოქალაქეზე გამოტანილი ყველა გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციურია“

როგორი იქნება „კორონაკრიზისის“ შემდეგ მსოფლიო და საქართველო - ხათუნა ლაგაზიძე

* * *

სანდრო თვალჭრელიძე - “თვეში 200 ლარი, რა თქმა უნდა, ცოტაა, მაგრამ...”

“ვერ გავიზიარებ მოსაზრებას, გიორგი გახარიას გეგმა არის მხოლოდ სოციალური მიმართულების პროექტი და მასში ეკონომიკური სტიმულირების ნიშნები არ ჩანს. გეგმაში არის ძალიან ბევრი ინიციატივა, რომლებიც აკუმულირებული თანხების სოფლის მეურნეობასა და სტარტაპების დაფინანსებაზე დახარჯვას ითვალისწინებს, რაც ასევე გულისხმობს წარმოების დაფინანსებასა და ადგილობრივი კომპანიების ხელშეწყობას. ვფიქრობ, თუ გათვლები სწორად არის გაკეთებული და თუ მენეჯმენტიც შესაბამისი იქნება, აუცილებლად შეიქმნება გარემო ადგილობრივი წარმოების გასავითარებლად”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში. სათაურით “თვეში 200 ლარი, რა თქმა უნდა, ცოტაა, მაგრამ...” / “თუ სააკაშვილი მართლაც დანიშნეს, ვფიქრობ, ასეთი სილის გაწვნა ჩვენმა სახელმწიფომ აღარ უნდა მოითმინოს. ზელენსკიმ უნდა იცოდეს, რომ თუ მართლა დანიშნავს სააკაშვილს, იგივე ელის, რაც დაემართა პოროშენკოს - სააკაშვილი სულ რაღაც 6 თვეში პოროშენკოს მტრად იქცა”.

“ეკონომიკისა და ბიზნესის სტიმულირებაზე უფრო მეტად ორიენტირებული, ვფიქრობ, პოსტკრიზისული გეგმა იქნება, რაზეც ასევე ილაპარაკა გახარიამ. უკვე 26 წელია ლამის ვყვირი და არავინ მიგდებს ყურს, რომ შეუძლებელია ქვეყანა არსებობდეს მხოლოდ იმპორტის იმედად. საყოფაცხოვრებო, სამრეწველო პროდუქციის, სულ მცირე, 60% მაინც ქვეყანაში უნდა იქმნებოდეს. კორონავირუსულმა პანდემიამ მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ ყველა ქვეყანა თავის მარაგებს უფრთხილდება და დადგა დრო, როდესაც ყველა უნდა დაფიქრდეს საკუთარი წარმოების განვითარებაზე. სასაცილოა, რომ საქართველოში, სადაც მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის თიხა გვაქვს, არ არსებობს კერამიკული წარმოება, ჯამ-ჭურჭელიც კი იმპორტირებული გვაქვს. არ შეიძლება არ იწარმოებოდეს კაფელი ქვეყანაში, სადაც ასეთი ნედლეული არსებობს. ახლა მაინც უნდა გავაკეთოთ ის, რაც თურქეთმა გააკეთა. ამ ქვეყანაში 1993 წელს ვიყავი და ბევრი არაფერი ჰქონდათ, საქართველოდან გაჰქონდათ უამრავი პროდუქტი, ახლა კი ყველაფერი თურქეთიდან შემოგვაქვს. ხარისხიანია თუ არა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია, თურქეთში ადგილობრივი წარმოება მუშაობს. ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენც”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.

“იმ მოქალაქეებს, რომლებმაც სამუშაო დაკარგეს, სახელმწიფო 1200 ლარს გადაუხდის 6 თვის განმავლობაში, ანუ 200 ლარს თვეში. ცოტაა 200 ლარი? - რა თქმა უნდა, ცოტაა, მაგრამ სულ არაფერს სჯობია. აქვე ვიტყვი, რომ მხოლოდ თანხების გამოყოფა არ არის საკმარისი - ამ ყველაფერს კარგი მენეჯმენტი უნდა. გადაცდომები, რა თქმა უნდა, იქნება - ვიღაც-ვიღაცები შეეცდებიან ამ თანხებში ცუდად აფათურონ ხელი, მაგრამ მთავარია, შესაბამისი ორგანოები იყვნენ ფხიზლად და მკაცრად დაისაჯოს ყველა, ვინც ამ კრიზისში ხელის მოთბობას შეეცდება. ახლა ყველაფერი დამოკიდებული იქნება გეგმის სწორად, დეტალურად გაწერასა და მის სწორ მენეჯმენტზე. ჯერჯერობით რასაც ვუყურებთ, ჩემი და ბევრის გასაკვირად, ამ ხელისუფლებამ კრიზისის მართვის კარგი უნარები გამოავლინა. რეგიონებშიც კი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საკმაოდ კარგად მუშაობენ. რაც მთავარია, მონდომება ჩანს და აშკარად არ არის მოჩვენებითი მათი მოქმედებები”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“დახმარებისთვის 3 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ფინანსური რესურსის მოზიდვა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: პირველი - თავიდანვე ცხადი იყო, რომ დასავლელი პარტნიორები საქართველოს არ მიატოვებდნენ, რადგან ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ, ეს არის მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც მეტ-ნაკლებად დემოკრატიულად ვითარდება; მეორე - საქართველოში კორუფციის დონე საშუალოევროპულ მაჩვენებელზე დაბალია; მესამე და უმნიშვნელოვანესი - ეპიდემიის წინააღმდეგ გატარებული ქმედითი ღონისძიებები. მეტიც, საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში სამაგალითო ქვეყანა გახდა. როგორც უნდა იყვირონ ჩვენი ხელისუფლებისა და სამედიცინო სისტემის კრიტიკოსებმა, მათ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელება ეფექტიანად შეაკავეს. ნუ დაგავიწყდებათ ასევე, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენი ქვეყანა, ბევრი მიზეზის გამო, მისი ერთადერთი დასაყრდენია ამ ურთულეს და უმნიშვნელოვანეს რეგიონში. მოკლედ, ყველაფერს აქვს თავისი ფასი. აუცილებლად უნდა ვახსენო საერთაშორისო სამხედრო მისიებში საქართველოს მონაწილეობაც, რასაც ასევე არ ივიწყებენ ჩვენი პარტნიორები ”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“რაც შეეხება შეზღუდვებს, ჩემი აზრითაც, ზოგიერთ შემთხვევაში ხელისუფლებამ ცოტა გადაამეტა, მაგრამ მისი სიფრთხილე აიხსნება იმითაც, რომ ეს ყველაფერი დაემთხვა მნიშვნელოვან პერიოდს - სააღდგომო დღესასწაულს, რომელიც ტრადიციულად დიდ მისვლა-მოსვლასა და მჭიდრო ურთიერთობებს გულისხმობს. ვფიქრობ, სწორედ ამან განაპირობა ავტომანქანებით მიმოსვლის აკრძალვა, რაც, ალბათ, კიდევ ერთი კვირით იმიტომ გააგრძელეს, რომ ხალხის სასაფლაოებზე გასვლისგან მაქსიმალურად დაეზღვიათ თავი. ჩემი აზრით, მიუხედავად ჩვენი სამხრეთული, ტემპერამენტიანი ხასიათისა, იმისა, რომ ჩვენში ადამიანური ურთიერთობები უპირველესია, მაინც მგონია, რომ საზოგადოებამ მაღალი სამოქალაქო კულტურა გამოიჩინა, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ემორჩილება დაწესებულ შეზღუდვებს. გახარიამ ასევ წარმოადგინა კარანტინის მოხსნის 6-ეტაპიანი გეგმაც. ჩემი აზრითაც, სწორედ ასე, ეტაპობრივად უნდა გაუქმდეს შეზღუდვები. ვფიქრობ, შეიძლება ამ პროცესის შედარებით სწრაფად წარმართვა, თუმცა ვნახოთ, ეპიდვითარება რის საშუალებას მოგვცემს. იმედია, რამდენიმე თავყრილობა, რომლებიც კანონის დარღვევით წარიმართა, ეპიდაფეთქების მიზეზი არ გახდება და პიკს შემთხვევების კონტროლირებადი მატებით გადავივლით”, - ამბობს სანდრო თვალჭრელიძე.

“არ ვიცი, რას წარმოადგენს ეს კომპანია “ჯიბე”, მე ერთი რამ ვიცი დაზუსტებით - როდესაც ერთი კომპანიაა ნებისმიერ ბაზარზე წარმოდგენილი, ეს ყოველთვის ცუდია. ბუნებრივად ტოვებს მონოპოლისტის შთაბეჭდილებას და აჩენს კითხვებს. მით უფრო, ფაქტია, საქმესაც ვერ ართმევს თავს, თორემ არ მოხდებოდა ის, რაც მარნეულში მოხდა... ვფიქრობ, სხვა სადისტრიბუციო კომპანიებსაც უნდა მისცენ რეგიონებიდან პროდუქტის ჩამოტანის უფლება. მთავარია, შეცდომა დროულად გამოსწორდეს, თუ არ გამოსწორდა და ისევ ერთი კომპანია დარჩა ამ ბაზარზე, მაშინ უკვე სერიოზულად უნდა მოვითხოვოთ კითხვებზე პასუხები. სხვა პრობლემაა, რომ ოპოზიციამ ვერა და ვერ ისწავლა, რით შეიძლება ქულები დაიწეროს. მარნეულელთა პროტესტის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით შეცდომა იყო”, - დასძენს სანდრო თვალჭრელიძე და შეკითხვაზე - “ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივა წარედგინა ვიცე-პრემიერად მიხეილ სააკაშვილი...” - პასუხობს:

“არ მესმის, საქართველოს ერთი ყოფილი მოქალაქე უკრაინას ერთადერთი სტრატეგიული მეგობრის დაკარგვად უღირს? საერთაშორისო სარბიელს გადახედონ - ერთადერთი სახელმწიფო ვართ, რომელიც მუდმივად მხარს ვუჭერდით და ვუჭერთ. თუ ჰგონიათ უკრაინაში, რომ გახარია ვერ გაბედავს იმას, რაც ვერ გაბედეს მისმა წინამორბედებმა, როცა ოდესის გუბერნატორად დაინიშნა სააკაშვილი, ძალიან ცდებიან. თავის დროზე საქართველოდან დიდი ფული გადიოდა ლობისტებისთვის. ვეჭვობ, ახლაც იმ ფულის წყალობით ლობირებს ზოგიერთი ძალა სააკაშვილს და უკრაინაზე ზეწოლას ახდენენ. თუ სააკაშვილი მართლაც დანიშნეს, ვფიქრობ, ასეთი სილის გაწვნა ჩვენმა სახელმწიფომ აღარ უნდა მოითმინოს. ზელენსკიმ უნდა იცოდეს, რომ თუ მართლა დანიშნავს სააკაშვილს, იგივე ელის, რაც დაემართა პოროშენკოს - სააკაშვილი სულ რაღაც 6 თვეში პოროშენკოს მტრად იქცა. მალე ზელენსკიც იძულებული გახდება სააკაშვილი სამსახურიდან გაუშვას. მეტიც, შეიძლება ქვეყნიდან მისი გაძევებაც დასჭირდეს”.

კორონავირუსის “ორმაგი ნახტომი” - შაბათს 25 და კვირას 29 ახალი შემთხვევა

“ვიცით თუ არა რეალურად რამდენი ადამიანია ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებული და სტატისტიკის გაუარესების შიშით ხელისუფლება ხომ არ ცდილობს, რომ აგრესიული ტესტირები არ ჩაატაროს? “რეზონანსთან” საუბრისას ჯანდაცვის ესპერტები ამბობენ, რომ ჩატარებული ტესტირებების სიმცირე გარკვეული სპეკულაციების საბაბს იძლევა და ჩნდება კითხვები, ხომ არ არის ეს იმისთვის განპირობებული, რომ ქვეყანაში ზუსტი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ ვიცოდეთ. თუმცა რატომ ამას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, რომელსაც სტატიაში ექსპერტები ხსნიან. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში 9 699 PCR ტესტია ჩატარებული, რაც საშუალოდ ერთ მილიონ მოსახლეზე 2 431-ია. შედარებისთვის, სომხეთში ეს რაოდენობა ერთ მილიონ მოსახლეზე 5 852-ს შეადგენს და ამ დროისთვის სომხეთში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 1 766 შემთხვევა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით კორონავირუსის “ორმაგი ნახტომი” - შაბათს 25 და კვირას 29 ახალი შემთხვევა / არის თუ არა პირდაპირი კავშირი აგრესიული ტესტირებასა და ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრ მატებას შორის.

“შაბათს ბოლნისში აგრესიული ტესტირების შედეგად 24 საათში, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. ამაზე კი ორაზროვანი განცხადება ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს, მარინა ეზუგბაიას ჰქონდა. მისი ინფორმაციით, 24 აპრილს ქვეყანაში დიდი რაოდენობით აგრესიული კვლევა ჩატარდა, მომდევნო დღეების განმავლობაში აგრესიული კვლევის გარეშე ჩატარდება კვლევები და იმედს გამოთქვამს, რომ ასეთი შედეგი არ იქნება. “გუშინდელი დღე იყო დღე, როცა ქვეყნის მასშტაბით ძალიან დიდი რაოდენობით კვლევა ჩატარდა. ეს იყო აგრესიული კვლევის შედეგები და პლუს ბოლნისის ყველა კონტაქტის კვლევა. ერთდროულად ჩატარდა მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობის კვლევა წინა დღეებთან შედარებით და ეს 25 ახალი დადასტურებული შემთხვევა - ასეთი ჯამური მონაცემის შედეგია. ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში ასეთი აგრესიული ტესტის გარეშე ჩატარდება ალბათ უკვე კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება”, - აღნიშნა ეზუგბაიამ. აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებიდან მომდევნო დღეს ინფიცირებულთა რაოდენობა ისევ ნახტომისებურად - 29 ადამიანით გაიზარდა. ეზუგბაიას განცხადებას კი პოლიტიკური სპეკულაციები მოჰყვა”, - აღნიშნავს გამოცემა.

“არ იქნება ტესტირება - არ გვეყოლება ინფიცირებული. უფრო სწორად, არ გვექნება ინფორმაცია მათ შესახებ - ეს არის “ოცნების“ მთავრობის სტრატეგია”, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი წერს. მისივე თქმით, ერთ სულ მოსახლეზე ჩატარებული ტესტების რაოდენობით საქართველო ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსა და მეზობელ ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. მარინა ეზუგბაიას განცხადების ახსნას ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე შეეცადა. მისი თქმით, დიდი ალბათობით, ეზუგბაიამ იგულისხმა, რომ საქართველო მოახერხებს ეპიდემიის შეჩერებას და მისი დაღმავალი გზით გაშვებას. ხოლო თუ ეპიდემია დაღმავალი გზით წავიდა, აგრესიული ტესტირების საჭიროება აღარ იქნება. თუმცა, თავად ცერცვაძის გამარტებით, ნაკლებ სავარაუდოა ეს ასე მარტივად მოხერხდეს. ჯანდაცვის ექსპერტი სერგი ჩიხლაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ მარინა ეზუგბაიას განცხადება საკმაოდ უცნაური იყო და წამოსცდა, თუ ეს განზრახ თქვა - ეს უკვე სხვა საკითხია”, - დასძენს გამოცემა.

“ჯერ თქვეს, რომ ტესტები ქვეყანაში ჯერ არ არისო, მერე ვიყიდეთ და უხარისხობის გამო ხელშეკრულება გავაუქმეთო. მერე ამბობდნენ, რომ ტესტირების ხარისხიანობას დიდი მნიშვნელობა აქვს და ისეთი უნდა შევიძინოთ, რომ მაღალი მგრძნობელობის იყოსო. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, მართალია, ტესტირებების რიცხვი გაიზარდა, მაგრამ მოდი ვთქვათ, რომ ეს ზღვაში წვეთია. ეს არც რეალურ სურათს გვაძლევს და სპეკულაციების საშუალებას ტოვებს, რომ ამას ხელისუფლება კონკრეტული პირადი მიზნებისთვის აკეთებს. არ ვიცი, ასე ხელაღებით რამის დაბრალება რთულია. არის თუ არა ეს იმისთვის გაკეთებული, რომ რეალური სტატისტიკა დაიმალოს, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია, რომ მიზანმიმართულად კეთდება. არასტანდარტული ტესტირება ხელისუფლებას მანიპულაციების საშუალებას აძლევს. როცა ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების რეალური სურათი არ ვიცით, ბრმად რატომ უნდა ვენდოთ? თავად მთავრობის მიერ მიღებული ალგორითმით, უკვე 10 ათასამდე ტესტი უნდა გვქონდეს ჩატარებული. ეს პროტოკოლი პირველ აპრილს დამტკიცდა. ამის მიუხედავად ტესტირება არ ხდება და ეჭვები ჩნდება - რატომ “, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სერგი ჩიხლაძე.

“ამიტომ ვერ “გაარტყეს” როდის არის პიკური პერიოდი. არ გვაქვს ზუსტი სტატისტიკა. არ ვიცი ქვეყანაში დაინფიცირებული რამდენი ადამიანი გვყავს. ამისთვის არის ზუსტად ეს ტესტირება. თუ ეს არ გვეცოდინება და ხან 5 გვაქვს, ხან 10 და ხანაც 20, ვერ ვიგებთ ზუსტ სურათს და ვერც გავრცელების დინამიკას ვადგენთ. ამიტომ არის, რომ სულ გაიძახიან “2-3 კვირა...” და აღარ მოვიდა ეს დრო. მაშინ, ასეთი ტემპით თუ წავედით, ივლისის თვეშიც ვიტყვით, რომ პიკური პერიოდამდე 2-3 კვირა დაგვრჩა. შესაძლოა ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას ეს უსიმპტომოდ გადააქვს და ამაშია ზუსტად ყველაზე დიდი ბომბი ჩადებული. მაშინ ეჭვი ჩნდება, რომ ასე ოქტომბრადე მივალთ და ეს საგანგებო მდგომარეობა ხელისუფლებას არჩევნებისთვის პირადი მიზნებისთვის სჭირდება”, - მიიჩნევს სერგი ჩიხლაძე.

“ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ აგრესიული ტესტების ჩატარების შედეგად სტატისტიკა შეგვეცვლება. ინფექციონისტის თქმით, ცნობილია, რომ ნებისმიერ და განსაკუთრებით კი ინფექციურ დაავადებებს, უსიპტომო ფორმები აქვს და ის ადამიანში ისე მიმდინარეობს, რომ მხოლოდ ძალიან გამწვავების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს. კორონავირუსის პირველი ვერაგულობა კი იმაშია, რომ ხშირ შემთხვევაში უსიპტომო ფორმები გააჩნია”, - წერს სტატიის ავტორი.

„ხალხი, რომელიც უსიპტომოა, ყველაზე საშიშია. როცა ადამიანს ახველებს და ცუდად არის, მას ყველა მოერიდება. თუმცა, როცა დაავადებულმაც არ იცის, რომ ვირუსის მატარებელია, ეს რისკებს ბევრად ზრდის. ამიტომ პირველ რიგში უსიპტომოების გამოვლენა უნდა მოხდეს, ამისთვის კი ტესტირებაა საჭირო. რა თქმა უნდა, ტესტირების შედეგად ვირუსის მატარებელთა რიცხვი მოიმატებს. რაც უფრო ცოტა ტესტირებას ჩავატარებთ, მით უფრო ცოტა დაავადებული გვეყოლება - ეს ელემენტარული ლოგიკაა. თუ მოხდება იზოლაციის დაცვა და ყველა რეკომენდაციებს სწორად დავიცავთ, მაშინ ეს უსიპტომოებიც ნაკლები საფრთხის მატარებლები არიან. თუმცაღა, რა თქმა უნდა, სწრაფი ტესტების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია. პირადად მე, ვფიქრობ, რომ აუცილებელია. მაგრამ საბანი ისე უნდა დავიფაროთ, როგორც გაგვწვდება. ეს ყველაფერი ასეთი იაფი და ადვილად ხელმისაწვდომი არ არის. მერე ნუ დაგვავიწყდება, რომ ზოგი ტესტის ეფექტურობა დაბალია და ხშირ შემთხვევაში სწორ პასუხს არ იძლევა“, - განმარტავს გამოცემასთან საუბრისას ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე.

მამუკა ხაზარაძე - “მე ამ გეგმას დავარქვი მარტივი ბუღალტერია”

“მთავრობის გეგმაში ანტიკრიზისული ვერაფერი დავინახე. ეს ბუღალტერიას, თანხის უსამართლო გადანაწილებასა და სხვადასხვა სოციალური პაკეტის ჩამონათვალს უფრო ჰგავდა. ამიტომაც დავარქვი მარტივი ბუღალტერია. ძალიან სერიოზული კომპონენტები აკლია. ჯერ ერთი, როდესაც ხელისუფლება გვეუბნება, რომ მილიარდ-ნახევარი დოლარი შემოვა ქვეყნის ბიუჯეტში, თან ისიც უნდა გვითხრას, რომ ეს ვალია. გახარიამ ათი დღის წინ გვითხრა, ბიუჯეტში 2 მილიარდი ლარი მოვიძიეთო. ხომ უნდა თქვა, რა წარმოშობის არის ეს ფული? რის საფასურად აბალანსებ არსებულ პრობლემას?! ჩვენი გათვლებით, ბიუჯეტში 2 მილიარდი ლარი არ იყო. ამასთან, როდესაც ხელისუფალი გვეუბნება, რომ მილიარდ-ნახევარი დოლარი ბიზნესის დასახმარებლად შემოვა, უკვე ცხადია, რომ ჰაერზე ლაპარაკობს. რატომ? იმიტომ, რომ თუ საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ ბანკებისთვის მიცემულ ფულს გულისხმობენ, ეს აქამდეც ასე ხდებოდა”, - აცხადებს “ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით მამუკა ხაზარაძე: “მე ამ გეგმას დავარქვი მარტივი ბუღალტერია”.

“ეს ორგანიზაციები ბანკებს ფულს ყოველთვის აძლევდნენ, ფულის პრობლემა არც დღეს აქვთ ბანკებს. თუ სხვა რაიმე ბიზნესს გულისხმობდნენ, არავინ დაიჯეროს, რომ საერთაშორისო ინსტიტუტი საქართველოში რომელიმე დაუხვეწავ, შემოსავლების უქონელ ბიზნესს ფულს მისცემს, ეს გამორიცხულია. შარშან, როდესაც არც პანდემია იყო და არც არაფერი, 34%-ზე იყო დავარდნილი უცხოური ინვესტიცია... ახლა რაც შეეხება თანხის უსამართლო გადანაწილებას. როდესაც ხელისუფლება ანტიკრიზისულ გეგმაზე ლაპარაკობს, იგულისხმება, რომ ეკონომიკა უნდა აამუშაოს. ვერ მოვისმინე პრემიერისგან, რა ღონისძიების გატარებას გეგმავს ისეთს, რომელიც აამუშავებს ეკონომიკას და დაასაქმებს მოქალაქეებს. პრემიერის პროგრამაში ძალიან ბევრი უზუსტობაა. მაგალითად, ხელისუფლება აცხადებს, რომ 300 მილიონი ლარის საგარანტიო ფონდის მეშვეობით 2 მილიარდი ლარის სასესხო პორტფელის შექმნას აპირებს, თან სახელმწიფო უზრუნველყოფს გაცემული სესხების 90%-ის გარანტირებას. არანაირად არ გამოდის. 300 მილიონი ლარი არასაკმარისია ამგვარი საგარანტიო ფონდისთვის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა ხაზარაძე.

“ჩვენს მოდელში ამ ყველაფერს შიდა რესურსებით ვაკეთებდით. ვამბობდით, რომ 6-მილიარდიან პაკეტში 3 მილიარდი მთავრობის მიერ გამოყოფილი საგარანტიო ინსტრუმენტი უნდა ყოფილიყო, რომელიც ბანკების საშუალებით მიეცემოდა ყველა იმ ბიზნესს, რომელთაც დასჭირდებოდათ ახალი ფული. დღეს ქართულ ეკონომიკას ახალი ფული სჭირდება, რათა სწრაფად დაიწყოს მუშაობა. ახალი ფული უნდა მიეცათ იმ კომპანიებისთვის, რომლებიც თანამშრომლების 80%-ს შეინარჩუნებდნენ. მე გახარიას ანტიკრიზისულ გეგმაში ვერ მოვისმინე ვერაფერი, რაც ქმედითად აამუშავებს ეკონომიკას. გვეუბნებიან, რომ ორ კვირაში ერთხელ სხვადასხვა ბიზნესი თანამიმდევრულად გაიხსნება. თუ ასე მოხდება, ორ თვეში ყველა ბიზნესი გაიხსნება და ეკონომიკაც ამუშავდება. მაშინ რა საჭიროა 6 თვის განმავლობაში 200-200 ლარის გადახდა. ჩვენი მოდელით, მილიონი ადამიანის დაფინანსებას ვახერხებდით 1000 ლარით სამი თვის განმავლობაში. ამას ექნებოდა ეფექტი”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რჩება შთაბეჭდილება, რომ სურთ პანდემიისგან შექმნილი ვითარება პოლიტიკურ და საარჩევნო მიზნებს მიაბან. 6 თვე საეჭვოდ გადანაწილდა არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდზე. ესე იგი “ქართულ ოცნებას” უნდა 200 ლარით არჩევნებამდე შეიქციოს ხალხი. იმას არაფრად დაგიდევთ, 200 ლარი ძალიან მალე იმ მსყიდველობით უნარსაც რომ დაკარგავს, რაც დღეს აქვს. საშემოსავლოს გადაუხდელობაა 750 ლარზე კომპანიას ძალზე უმნიშვნელო შეღავათს აძლევს. თუ სახელმწიფოს ეს ინვესტიცია 250 მილიონი ლარი უჯდება, ჯობია ეს თანხა ისევ ბიზნესს მისცეს საბრუნავ კაპიტალად. ის გადაიხდის საშემოსავლოს, შეამცირებს თანამშრომლებს 20%-ით, სამაგიეროდ, 80%-ს გარანტირებულად შეინარჩუნებს. ასე რომ, მე ვერც ამ გადაწყვეტილებაში ვხედავ რაიმე ეფექტს. როგორც უკვე გითხარით, ეს არის სოციალური დახმარების პაკეტი, ჩვენი, გადასახადების გადამხდელების, ფულის უყაირათოდ ხარჯვა. ეფექტი იქნებოდა მაშინ, თუ კაცს სამი თვის განმავლობაში ისეთ თანხას მისცემდი, რომ ოჯახის გამოკვების შიში არ ექნებოდა. თუ, რა თქმა უნდა, არ იტყუები და ეკონომიკას მართლა სამ თვეში ხსნი. ამათ არც პოსტკრიზისული პერიოდის გეგმა და ხედვა არა აქვთ. ასე რომ არ იყოს, დღესვე გაკეთებდნენ განცხადებას. ის შესაძლებლობა, რომელსაც ჩინეთში გახსნილი ფანჯარა იძლევა, დღესვე უნდა გამოიყენო, სანამ გვიან არ არის - იაპონიამ, შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა, სამხრეთ კორეამ განაცხადეს, რომ თავად დააფინანსებენ მათი კომპანიების სხვა ქვეყნებში გადატანას. ჩვენ 6 თვე არავინ დაგველოდება”, - მიიჩნევს მამუკა ხაზარაძე.

“8 წელია ამბობენ, რომ მზად არიან, მაგრამ ქვეყანაში ინვესტიცია არ შემოდის. რატომ გვგონია, რომ ჩვენ წარმატებულ მთავრობასთან გვაქვს საქმე. “ქართული ოცნება” საერთოდ ვერ ახერხებს ინვესტიციების მოზიდვას. ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებულად მძიმედ არის საქმე, 54%-ით შემცირდა ინვესტიციების შემოსვლა. ახლა ამას ისიც დაემატება, რომ ემიგრანტები ფულს ვეღარ გადმორიცხავენ თავიანთ ოჯახებში. მათი გადმორიცხული თანხა მილიარდს აჭარბებდა. ტურისტი ვეღარ ჩამოვა ქვეყანაში, სულ ცოტა, ერთი წლის განმავლობაში. ასე რომ, ამათ ხელში ძალიან მძიმე დღეში აღმოვჩნდებით”, - დაასკვნის “ლელოს” ლიდერი.

“თუ გახსოვთ, ჩვენს 6 პაკეტში სოფლის მეურნეობის დახმარებაც გვქონდა გათვალისწინებული. ვამბობდით, რომ თუ სადმე რამე დასახნავი და დასამუშავებელი იყო, ყველაფრისთვის მიგვეხედა, სოფელს თესლით, სასუქითა და ტექნიკით დავხმარებოდით. ამათ კი ავტომობილებით მიმოსვლა შეზღუდეს და გლეხი მინდორში ვეღარ გადის. 50 მილიონი ლარი გამოყვეს სოფლის მეურნეობის დასახმარებლად და თქვეს, სამი წლის განმავლობაში მიწებს აღვრიცხავთო. ეს რა მასხრობაა?! რომელიც აღრიცხულია და რომელსაც პატრონი ჰყავს, იმას მაინც მიხედე, დაეხმარე. ხელისუფლებამ ახლა, მერვე წლისთავზე აღმოაჩინა, რომ მიწები აღრიცხული არ არის? ვერ ხვდება, რომ გლეხებს ათას დაბრკოლებას უქმნის გადაადგილებასა და ნაკვეთების დამუშავებაში? იცით, ეს ყველაფერი რას ნიშნავს? - ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი დარგი, სასურსათო უსაფრთხოება, ყველაზე ბოლო პრიორიტეტად დაასახელეს. ეს ძალიან მძიმე მოსასმენია”, - ამბობს რესპონდენტი.

“ყველა ქვეყანამ დაიწყო უკვე იმპორტის მიმართ პროტექციონისტული მიდგომა და აკრძალა სასურსათო პროდუქტების ექსპორტი. ამ დროს ჩვენ რას ვაკეთებთ? 50 მილიონ ლარზე მეტს ვერ გამოვყოფთ იმისთვის, რომ მოსახლეობას სურსათით უზრუნველყოფის საშუალება მივცეთ. ამ ყველაფერს რომ გავაანალიზებთ, მივხვდებით, ხელისუფლებას არა აქვს ანტიკრიზისული გეგმა. უბრალოდ ციფრებს აბრახუნებენ, გაჭირვებულ ხალხს რაღაც ლუკმებს უგდებენ და პიარს იკეთებენ, და რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ჩვენს ხარჯზე - ის მილიარდ-ნახევარი ისევ ჩვენი გასასტუმრებელია. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ “ოცნებამ” 9-მილიარდიანი სახელმწიფო ვალი 22 მილიარდამდე გაზარდა. ახლა ამ 22 მილიარდს 5 მილიარდი დაემატება და გვექნება 27 მილიარდი. რატომ არ გვეუბნებიან, როგორ აპირებენ ამ ვალის გასტუმრებას, ეკონომიკის განვითარებას, რა ტიპის ინვესტიციების შემოიტანენ? რა ტიპის ბიზნესებს შეუწყობენ ხელს? სამწუხაროდ, ამ კითხვებზე პასუხები არა აქვთ”, - დასძენს ხაზარაძე და შეკითხვაზე - “ფიქრობთ, რომ შესაძლოა როგორც სოციალურ, ისე პოლიტიკურ კრიზისში აღმოვჩნდეთ?” - პასუხობს:

“ძალიან მძიმე წლები გველის. ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ. კრიზისი ყველას შეგვეხება. ახლა ყველა ერთ ნავში ვსხედვართ. მე ამ ხელისუფლების ასეთი გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ. მართლა ძალიან მინდა ამ გამოწვევას გავუძლოთ, რადგან ყველაფრის თავიდან შეკოწიწება უბრალოდ შეუძლებელია. ამიტომ ყველაფრის მიუხედავად, დღესაც მზად ვართ დავსხდეთ მთავრობასთან, ოპოზიციურ ძალებთან ერთად და გავუზიაროთ ჩვენი ხედვა, ერთობლივად ვიმსჯელოთ კრიზისიდან გამოსვლის გზაზე, რადგან არჩევნებსაც და გამარჯვებასაც მაშინ აქვს ფასი, როცა რთულ სიტუაციაში ხალხს გამოსავალს შესთავაზებ და ქვეყანას პერსპექტივას შეუნარჩუნებ”.

რუსეთში ეკლესიის კედლებზე პუტინის გამოსახვა დაიწყეს

“რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარ ეკლესიაში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და სსრკ-ს ყოფილი ლიდერის, იოსებ სტალინის მოზაიკური გამოსახულებები განთავსდება. ამის შესახებ ინფორმაცია ეკლესიის წინამძღვარმა, კლინის ეპისკოპოსმა მეუფე სტეფანემ დაადასტურა და აღნიშნა, რომ ეკლესიის კედლებზე ისტორიული მოვლენებისა და პიროვნებების გამოსახვა ძველი რუსული ტრადიციაა. აღსანიშნავია, რომ პუტინისა და შოიგუს გარდა ეკლესიის კედელზე გამოსახული იქნებიან რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი ვალენტინა მატვიენკო, სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი, უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი, “ფე-ეს-ბე”-ს დირექტორი ალექსადრე ბორტნიკოვი და რუსეთის არმიის გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ვალერი გერასიმოვი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით რუსეთში ახალ “სახელმწიფო რელიგიას” ქმნიან - ეკლესიის კედლებზე პუტინის გამოსახვა დაიწყეს.

“ეკლესიაში ორი მოზაიკა იქნება. ერთ-ერთს “2014 წლის ყირიმის უსისხლოდ შემოერთება” ჰქვია და მასზე გამოსახულები იქნებიან ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ. რაც შეეხება სტალინს, მისი პორტრეტი გამოისახება მოზაიკაზე, რომელსაც “გამარჯვების აღლუმი” ჰქვია და მასზე 1945 წლის 9 მაისს მოსკოვში, წითელ მოედანზე მე-2 მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავად ჩატარებული აღლუმია გამოსახული. ამის შესახებ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო ხელოვნების, არქიტექტურისა და რესტავრაციის საექსპერტო საბჭოს თავმჯდომარემ, დეკანოზმა ლეონიდ კალინინმა განაცხადა. მეუფე სტეფანემ კი განმარტა, რომ იმ ეკლესიაში, რომელიც დიდ გამარჯვებას ეძღვნება, შეუძლებელია აღლუმის მოზაიკა არ იყოს. მისივე ცნობით, ეკლესიის კედლებზე ასევე გამოსახული იქნებიან მე-2 მსოფლიო ომის მონაწილე საბჭოთა პარტიზანები. ასევე 1812 წლის ბოროდინოს ბრძოლაც აისახება და იმ პირების სახეების, რომლებიც რუსეთის ისტორიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ და მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული სხვადასხვა ბრძოლაში”, - აღნიშნავს გამოცემა.

“დეკანოზმა ლეონიდ კალინინმა აღნიშნა, რომ მათი გეგმები თავად პუტინთან და შოიგუსთან შეთანხმებული არ ყოფილა და პრეზიდენტსა და მის რჩეულ მინისტრს არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მათი პორტრეტები გამოისახებოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი ეკლესიის კედლებზე. პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრემლისთვის ამის შესახებ არაფერია ცნობილი... ეკლესიის მშენებლობის შესახებ თავდაცვის სამიანისტრომ 2018 წელს განაცხადა. აღსანიშნავია, რომ სიმაღლით შეიარაღებული ძალების მთავარი ეკლესია რუსეთის მართლმადიდებელ ტაძრებს შორის მესამე ადგილს დაიკავებს. მისი გახსნა 2020 წლის 9 მაისს იგეგმება და სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავს მიეძღვნება”, - დასძენს გამოცემა.

„დღემდე ასეულობით დაჯარიმებულ მოქალაქეზე გამოტანილი ყველა გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციურია“

“იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე და მესამე მოსმენისთვის დაჩქარებული წესით განიხილა კანონპროექტი “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”, რომელსაც საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძის განცხადებით, ადმინისტრაციული სახდელდადებული პირი საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის რეჟიმის დარღვევისთვის 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” იურისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ პარლამენტმა აქამდე ანტიკონსტიტუციური კანონპროექტებით იხელმძღვანელა”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში სათაურით „დღემდე ასეულობით დაჯარიმებულ მოქალაქეზე გამოტანილი ყველა გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციურია“.

“საგანგებო ან საომარი მდგომარეობა არის განსაკუთრებული რეჟიმი და ის ჩვეულებრივი რიტმისგან განსხვავებულ მკაცრ რეგულაციებს მოითხოვს. თუკი ახალი შეზღუდვა წესდება, ის კონსტიტუციით უფლებამოსილმა ორგანომ უნდა დააწესოს, კერძოდ, კანონის მიღების უფლებამოსილების მქონე ორგანომ - პარლამენტმა. 21 მარტს პრეზიდენტის #1 დეკრეტი ჯერ კიდევ პროექტი იყო, როცა საჯაროდ ვთქვი, მასში 3.000 და 15.000-ლარიანი ჯარიმის ჩაწერა არაკონსტიტუციურია-მეთქი. დღემდე დეკრეტით ასეულობით დაჯარიმებულ მოქალაქეზე გამოტანილი ყველა გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციურია. დავუშვათ რაღაცები გამორჩათ და შემდეგ შეისმინეს საჯარო თუ პროფესიონალთა რჩევები. ახლა კანონში ჩაწერეს და ძალაში შევა 2 მაისიდან, ანუ კანონიერი იქნება, მაგრამ ეს დეკრეტი პრეზიდენტს შეაწმინდეს და მანამდე ამის საფუძველზე გამოწერილი ათასობით ჯარიმა ანტიკონსტიტუციურია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.

“თუ ვინმემ პრეზიდენტის დეკრეტის ეს ნაწილი ჯარიმასთან ერთად სასამართლოში ან საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ორგანო იტყვის, რომ ეს არის ანტიკონსტიტუციური, რაც ნიშნავს დეკრეტის ამ ნაწილის ძალადაკარგულ აქტად ან არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოცემულ აქტად ცნობას. თუ ჯარიმა გადახდილია, მაშინ თანხა ბიუჯეტიდან ბოლო კაპიკებამდე უნდა დაბრუნდეს. ვინაიდან დეკრეტის ეს ნაწილი ანტიკონსტიტუციურია და ვინაიდან პრეზიდენტის დეკრეტი მთავრობის ინიციატივით გამოიცემა, უკვე არსებობს პრეზიდენტისა და პრემიერის მიმართ საგამოძიებო კომისიის შექმნისა და იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების ფორმალური საფუძველი. უბრალოდ, საგანგებო მდგომარეობის დროს იმპიჩმენტის პროცედურები არ იწყება”, - განმარტავს იურისტი და შეკითხვაზე - “კონსტიტუციურობის თვალსაზრისით, რამდენად ადეკვატურად მიგაჩნიათ 6-წლიანი სასჯელი საგანგებო მდგომარეობის წესის ხელმეორედ დარღვევის გამო?” - პასუხობს:

“სასჯელი უნდა იყოს ქმედების, დარღვევის ადეკვატური და პროპორციული. თუ ეს არ არის დაცული, ანტიკონსტიტუციურია. კოდექსებში არსებობს რაღაც, რაც სასამართლოს მისცემს საშუალებას ამ სანქციებისგან განსხვავებული გადაწყვეტილებები მიიღოს. მესმის, რომ სასჯელის ერთ-ერთი მიზანია ე.წ. მსუსხავი ეფექტის მოხდენა, რომ ეშინოდეს, ძრწოდეს ადამიანი, მაგრამ საგანგებო მდგომარეობის დროს შიში არ არის ყველაზე კარგი დამხმარე ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის. ხომ ვნახეთ, მარნეულში გამოსვლები? არადა, ყველაზე მკაცრ კარანტინში დღეს მარნეულია, მაგრამ ამან ვერ იმუშავა, თბილისში კი იმუშავა, სადაც უფრო ნაკლები სიმკაცრეა. დემოკრატია მხოლოდ კანონით მმართველობას არ ნიშნავს, ის პასუხისმგებლიანი მოქალაქეების მმართველობას ნიშნავს”.

როგორი იქნება „კორონაკრიზისის“ შემდეგ მსოფლიო და საქართველო - ხათუნა ლაგაზიძე

“ამერიკული და ევროპული უდიდესი კორპორაციები ერთმანეთის მიყოლებით ხურავენ საწარმოებს ჩინეთში. მასშტაბები რომ წარმოიდგინოთ, მაგალითად, მხოლოდ ერთი ასეთი საწარმოს დახურვამ 60 000 ჩინელი დატოვა უსამსახუროდ... ჩინეთ-ამერიკის სავაჭრო ომთან ერთად, ეს ტენდენცია იმანაც განაპირობა, რომ დასავლეთის განვითარებულმა სახელმწიფოებმა აღმოაჩინეს, რომ თურმე პირბადეების წარმოება-მომარაგებით დაწყებული, ტესტებისა თუ აპარატურის ჩათვლით, ყველაფრით ჩინეთზე ყოფილან დამოკიდებული, რამაც განაპირობა ვირუსის გავრცელების პირველ კვირებში ევროპასა და ამერიკაში პირბადეებისა თუ სხვა სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტი”, - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით როგორი იქნება „კორონაკრიზისის“ შემდეგ მსოფლიო და საქართველო.

“რაც შეეხება ნავთობის ფასის ისტორიაში არნახულ შემცირებას, ჩვენთვის საინტერესო ამ მოვლენის რუსეთზე გავლენაა. ნავთობის დაბალი ფასი რუსეთის ეკონომიკას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეარყევს, თუ ის დიდხანს შენარჩუნდება, მანამდე კი ვირუსთან ბრძოლაში გართულებს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთის მიზნები კვლავ უცვლელია. ამას მოწმობს 23 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით. რუსები წერენ, სერიოზულ კითხვებს აჩენს პენტაგონის სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობა რუსეთის საზღვრებთან, განსაკუთრებით - საქართველოში, ლუგარის კვლევით ცენტრში, სადაც ამერიკელები ორმაგი დანიშნულების სამხედრო კვლევებს ატარებენ და რის შესახებაც ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის კონცეფციით აღებული ვალდებულებების შესაბამისად ინფორმაციას არ გვაწვდიანო. კორონავირუსის საფრთხემ გადაფარა საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის აქამდე “შევრონის” კუთვნილი 9%-იანი წილის ყიდვაც უნგრულ-რუსული კომპანიის მიერ, რომელიც ამ გარიგების შემდეგ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის აქციების მესამე ყველაზე მსხვილი მფლობელი გახდა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.

“სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად არჩევა გავლენას მოახდენს საქართველოს როგორც საგარეო პოზიციაზე, ასევე შიდა პოლიტიკაზე. ეს, რა თქმა უნდა, ვერ მოხდება აშშ-ის თანხმობის გარეშე, რაც ნიშნავს, რომ არც უკრაინამ და არც აშშ-მა ჩვენი ხელისუფლების პოზიცია არ გაითვალისწინეს... ვნახოთ, შეძლებს თუ არა სააკაშვილი, გახდეს უკრაინის მთავარი რეფორმატორი მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლება ამის კატეგორიული წინააღმდეგია და როცა ეს დიდ ვნებათაღელვას იწვევს უკრაინის საპარლამენტო უმრავლესობაშიც. თუ სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერად არ აირჩიეს, ეს “ქართული ოცნების” პოზიციებს გააძლიერებს და "ნაციონალური მოძრაობის" ფსიქოლოგიურ განწყობასაც მძიმე დაღს დაასვამს; ამ პოსტზე არჩევა კი, გარდა იმისა, რომ მას ხელ-ფეხს გაუხსნის, საერთაშორისო არენაზე შეავიწროოს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოზიციები, “ოცნებას” წინასაარჩევნოდ გამოაცლის საფუძველს, რომ სააკაშვილისგან, ტრადიციულად, საფრთხობელა შექმნას”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ხელისუფლებამ ერთდროულად ორი მიმართულებით უნდა იმუშაოს - შეიმუშაოს ეკონომიკის განსაკუთრებით დაზიანებული სექტორების გადარჩენის გეგმა და აქტიურად დაიწყოს მუშაობა პოსტკრიზისული ეკონომიკის მოდერნიზებაზე. სახელმწიფომ უნდა შესთავაზოს ბიზნესს თვალსაზრისი - ეკონომიკის რომელი სფეროები იქნება უფრო პერსპექტიული, რა შემცირდება და რის მოთხოვნა მოიმატებს, რომელ ახალ სფეროებში ჩადოს ფული... უნდა შემუშავდეს უახლოეს რამდენიმე წელზე გათვლილი რეალისტური პროგნოზი ისეთი სფეროებისთვის, როგორიც არის, მაგალითად, ტურიზმი და მასთან დაკავშირებული დარგები, რათა მათ არ გაუჩნდეთ ფუჭი მოლოდინი, არ აიღონ იმდენი კრედიტი, რამდენსაც ვერ გადაიხდიან და უფრო ღრმა კრიზისში არ ჩაეფლონ... ამ ეტაპზე გარდაუვალი ჩანს ის, რომ შემცირდება ტურისტული ნაკადი, ასევე უძრავი ქონების მოთხოვნა და ფასი, განსაკუთრებით, დიდ ქალაქებში”, - თვლის ექსპერტი.

“ეკონომიკის არაერთ დარგში გაიზრდება დისტანციურად, სახლებში მომუშავე ადამიანთა წილი, რაც თავისთავად გამოიწვევს საოფისე ფართებზე მოთხოვნის შემცირებას და მათ გაიაფებას. ამას ლოგიკურად უნდა მოჰყვეს ფასების კლება, რადგან პროდუქციის ხარჯს გამოაკლდება მასზე დასახარჯი და არდახარჯული საოფისე ფართის, კომუნალური და კომუნიკაციის ხარჯების ნაწილი, თუმცა ფართებზე მოთხოვნის შემცირება დააზარალებს სამშენებლო სექტორს... გაიზრდება დისტანციური ტრეინინგ-კონფერენციების წილი, რასაც მოჰყვება მივლინებათა რაოდენობის შემცირება მსოფლიოს მასშტაბით, ეს კი, ტურისტების რაოდენობის შემცირებასთან ერთად, გამოიწვევს ავი­აკომპანიების მოგების შემცირებას... შეიცვლება საერთაშორისო ვაჭრობისა და დისტრიბუციის ტრაექტორია და მასშტაბი - ელექტრონული ვაჭრობა და მიწოდების სერვისი სულ უფრო ხშირად ჩაანაცვლებს ამ სფეროს ტრადიციულ ფორმებს... გლობალური მომარაგების ქსელების პარალელურად მეტი ყურადღება მიექცევა ლოკალური, რეგიონული წარმოებისა და ბაზრების განვითარებას, შესაბამისად, ფართო გასაქანი მიეცემა პროტექციონისტულ პოლიტიკას, ადგილობრივი წარმოების განვითარებას, სასურსათო და პირველადი მოხმარების საგნების უსაფრთხოების ქსელის შექმნას, რაც გამოიწვევს ყურადღების გადატანას სოფლის მეურნეობაზე... მოიმატებს მიწის ფასი, რასაც განაპირობებს ქალაქებთან ახლო მდებარე დასახლებებში საცხოვრებელი ფართებისა და მიწის ნაკვეთების შეძენის გაზრდილი მოთხოვნაც. და, რა თქმა უნდა, დაიწყება ტექნოლოგიების მეფობის ხანა ყველა სფეროში, რასაც საქართველომაც უნდა აუწყოს ფეხი”, - დაასკვნის ხათუნა ლაგაზიძე.

“ზემოხსენებული ტენდენციების გათვალისწინებამდე ხელისუფლებას უახლოეს დღეებში ერთდროულად აქვს გადასაწყვეტი ორი ამოცანა - როგორ აამუშაოს ეკონომიკა ისე, რომ შეინარჩუნოს კორონავირუსის გავრცელების ბრტყელი მრუდი და ლეტალობის მინიმალური მაჩვენებელი. ევროპის ქვეყნებმა უკვე გამოაქვეყნეს ეკონომიკის ეტაპობრივად ამუშავების გეგმები და სულ უფრო ხშირად გამოითქმის ეჭვი ვირუსის გამო სრულად ჩაკეტვის მიზანშეწონილობის შესახებ. სხვადასხვა ქვეყანაში ვირუსზე რეაგირების განსხვავებული ტაქტიკისა და მონაცემების შედარებითი ანალიზის კვლევის ავტორები გვირჩევენ, რომ დროა, ეკონომიკა ამუშავდეს მასობრივი ტესტირების, სოციალური დისტანცირების, ჰიგიენის ნორმების მკაცრად დაცვისა და მასობრივი შეკრებების აკრძალვის ხარჯზე. კარგია, რომ საქართველოც ამ მიმართულებით იწყებს სვლას. ჩვენი მთავრობის წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმის მეორე პაკეტი სწორედ ეკონომიკის ეტაპობრივად გახსნას ითვალისწინებს, სოციალური დახმარების პროგრამებისა და ბიზნესისთვის ვირუსით გამოწვეული კრიზისის დამანგრეველი შედეგების შესამსუბუქებელი ზომების ჩათვლით. თუ საქართველოს ვირუსამდელ ეკონომიკასა და ბიუჯეტს გავითვალისწინებთ, უნდა ითქვას, რომ ეს მაქსიმუმი იყო, რის შემოთავაზებაც ხელისუფლებას შეეძლო”, - დასძენს რესპონდენტი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა