30 აპრილს, ჟურნალ „გზასთან“ ერთად, თათული ღვინიანიძის რომანი „აღიარება ხელისგულზე“ გამოვა

30 აპრილიდან მკითხველი ჟურნალ "გზასთან" ერთად სპეციალურ ფასად მიიღებს პროექტში "გახდი ბესტსელერის ავტორი" გამარჯვებულების წიგნებს. მათგან პირველი იქნება თათული ღვინიანიძის რომანი "აღიარება ხელისგულზე".

გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ მარკეტინგისა და პიარის ხელმძღვანელის, ანანო თავხელიძის თქმით, საგანგებო ვითარების გამოცხადების შემდეგ, როდესაც საქართველოშო წიგნის შეძენა შეუძლებელი გახდა, მკითხველი კი წიგნებს ითხოვდა; გამომცემლობამ გადაწყვიტა, რომ წიგნი ხელმისაწვდომი გაეხადა.

ამისთვის გამომცემლობა "პალიტრა L"-მა და საქართველოში ყველაზე პრესტიჟული კონკურსის, "გახდი ბესტსელერის ავტორი" გამარჯვებული მწერლები შეიკრიბენ და მკითხველისთვის ჟურნალ "გზასთან" ერთად, კონკურსის გამრჯვებული ბეტსელერების მიწოდება გადაწყვიტეს. გთავაზობთ ინტერვიუს თათული ღვინიანიძესთან, რომლის წიგნმა "აღიარება ხელისგულზე" გაყიდვების ყველა რეკორდი მოხსნა და არასოდეს ტოვებს ყველაზე კითხვადი წიგნების ტოპათეულის რიგებს. მწერალმა, როგორც ყოველთვის, საინტერესოდ ისაუბრა:

- ახალმა რეალობამ, რომელიც პანდემიის გავრცელებას მოჰყვა, დაგვაყენა იმ გამოწვევის წინაშე, რომ უარი გვეთქვა ჩვეული ცხოვრების წესზე და ვირტუალურ სივრცეში დაგვეწყო არსებობა (მუშაობა, სწავლა, დასვენება, კომუნიკაცია და ა.შ.). მაგრამ აღმოჩნდა, რომ "ზოგი ჭირი მარგებელია", - როგორც იქნა 21–ე საუკუნის გიჟური რბოლა შენელდა იმისთვის, რომ ჭეშმარიტებებს მივუბრუნდეთ; საკუთარ თავსა და საყვარელ ადამიანებს ჩვენი ცხოვრების მეტი ეპიზოდი დავუკავშიროთ. დადგა დრო, ეგზისტენციალურ საკითხებზე დასაფიქრებლად და განვლილი გზის გასაანალიზებლად. რაც მთავარია, ეს არის შანსი იმისთვის, რომ წიგნები ვიკითხოთ. სწორედ ამიტომ, კონკურსში "გახდი ბესტსელერის ავტორი" გამარჯვებული მწერლები და გამომცემლობა "პალიტრა L" გაერთიანდნენ იმ მნიშვნელოვანი ფასეულობის ირგვლივ, რასაც კრიზისულ სიტუაციებში წიგნიერებისა და ლიტერატურის გავრცელება ჰქვია. სრულად ვაცნობიერებთ ამ წამოწყების დიდ მნიშვნელობას, ქართველი ავტორები და მზად ვართ, მკითხველებს კარანტინის დღეები გავუფერადოთ, ჩვენი რომანებით ალტერნატიული ცხოვრება შევთავაზოთ. ძალიან მახარებს, რომ "აღიარება ხელისგულზე" ჟურნალ „გზასთან“ ერთად იმოგზაურებს საქართველოს ყველა კუთხეში. ეს მარწმუნებს, რომ რომისა არ იყოს, ყველა გზა მკითხველამდე მიდის.

- საინტერესო იქნება, მკითხველს შევახსენოთ როგორ იწერებოდა თქვენი წიგნი, როგორ იქცა იგი საოცრად პოპულარულ ბეტსელერად, რომელმაც გაყიდვების ყველა რეკორდი მოხსნა... გზა, რომლითაც მიხვედით საქართველოში მართლაც ყველაზე მასშტაბურ, ლიტერატურული საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს კონკურსამდე: "გახდი ბეტსელერის ავტორი".

- „აღიარება ხელისგულზე“ საქართველოს თითქმის ყველა გამომცემლობაში გავაგზავნე, მაგრამ არავის გამოუვლენია მისადმი ინტერესი, მეტიც, უარის შემცველი პასუხიც კი არ მომსვლია. დარწმუნებული ვარ, არ შეუწუხებიათ თავი მისი წაკითხვით. საბოლოოდ, ნაწარმოებმა თავისი გზა მაინც იპოვა და არა მარტო წიგნის მაღაზიებში, არამედ ადამიანთა გულებში დაიკავა ღირსეული ადგილი. ამ ამბავს ხაზს ვუსვამ მხოლოდ იმიტომ, რომ მინდა ყველა მწერალმა იცოდეს, რამდენი წარუმატებლობა ელოდება წარმატებამდე, თუმცა წინააღმდეგობებმა ხელი არ უნდა ჩააქნევინოს. ჩემთვის წარმატების შანსი კონკურსი "გახდი ბესტსელერის ავტორი 2017" აღმოჩნდა. კონკურსის შესახებ, სრულიად შემთხვევით გავიგე, ინტერნეტში წავაწყდი ინფორმაციას. ბევრი არ მიფიქრია, გავაგზავნე ჩემი რომანი. რადგანაც მჯეროდა და მჯერა, ადამიანმა ყველა ის შანსი უნდა გამოიყენოს, რომელიც მიეცემა (ღვთისგან, ცხოვრებისგან თუ ბედისწერისგან – ვის როგორ სჯერა). ამან გაამართლა. რთულია წინასწარვე თქვა, რომ რომელიმე კონკურსში გაიმარჯვებ, მაგრამ მონაწილეობა უნდა მიიღო და მაქსიმუმი გააკეთო. კონკურსის ფარგლებში, გამოჩნდა დაახლოებით 29 000 ადამიანი, მკითხველი, რომელმაც გადაწყვიტა ჩემთვის ოცნება აეხდინა და თავისი ხელით ჩაეწერა ჩემი ცხოვრების წარმოსახვით წიგნში – „მწერალი“, რისთვისაც უზომოდ მადლიერი ვარ. ეს კონკურსი, მისი ორგანიზატორები, მონაწილეები და ის ადამიანები, რომლებიც ჩემს წიგნს კონკურსის პირობებში კითხულობდნენ, ბოლომდე ჩემთან იდგნენ. ძალიან მიყვარს ჩემი მკითხველები და დიდ სიამოვნებას მანიჭებს მათთან ურთიერთობა... ეს სიყვარული განსხვავდება ნებისმიერი სხვა სახის სიყვარულისგან, ვინაიდან იდუმალი, ჯადოსნური, ლიტერატურული ძაფებითაა მოქსოვილი.

- რა არის "აღიარება ხელისგულზე"?

- „აღიარება ხელისგულზე" არის ჩემეული პროტესტი 21-ე საუკუნის მიმართ და იმ მანკიერებათა მიუღებლობა, რომელიც საზოგადოებაში სენივით გავრცელდა. მორალისა და პროფესიის ჭიდილი... კითხვებზე პასუხი: სად გადის ზღვარი პროფესიონალიზმსა და ამორალურობას შორის, როდის ვემსახურებით ჩვენს საქმეს და როდის ვიყენებთ საქმიანობას პირადი ინტერესებისთვის; თანამედროვე ურთიერთობების ზედაპირულობა – ისეთი ფასეულობები, როგორიცააა სიყვარული, ერთგულება და გულწრფელობა, სამწუხაროდ, ჩაანაცვლა ეგოიზმმა, ღალატმა და ტყუილმა, ამას ბონუსად გულგრილობაც ემატება; შინაგანი ბრძოლები – როდესაც ადამიანი მთელი ცხოვრება ებრძვის საკუთარ თავს და გარესამყაროს; ცდილობს ჰარმონიასა და ბალანსს მიაღწიოს, მაგრამ ბედნიერება და სიმშვიდე როგორღაც მუდმივად ხელიდან უსხლტება. რომანში ასევე განხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა: პიროვნებისა და საზოგადოების დაპირისპირება, თვითმკვლელობის პრობლემა, მორალური პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის წინაშე და პატრიოტიზმის საკითხი, რუსეთ–საქართველოს ურთიერთობები და დაკარგული ტერიტორიები; ნარკოტიკის ლეგალიზაციის საკითხი, კლუბური ცხოვრების თავისებურებები, სტუდენტობის სირთულეები, ემიგრაცია და ემიგრანტთა გამოწვევები, ონკოლოგიურ პაციენტთა ბრძოლები, რელიგია და ღმერთის ძიება, აბორტი, გლობალიზაცია. ამასთან ერთად, მსოფლიო ისტორიის მომენტები ცოცხლდება ადამიანებში და მათ ურთიერთობებზე აისახება. აქვე უნდა ითქვას, რომ რომანის სპეციფიკურმა ენობრივმა ქსოვილმა საზოგადოების ნაწილში აჟიოტაჟი გამოიწვია. ჩემი პასუხი მათ კითხვაზე, თუ რატომ ვხვდებით წიგნის დასაწყისში ჟარგონსა და უხეშ მიმართვებს, ასეთია: „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების" - ადამიანი მეტყველებს მისი შინაგანი მდგომარეობის შესაფერისად, რაც უფრო სუფთაა მისი სამყარო, მით უფრო დახვეწილი და სუფთაა საუბრის მანერაც. გარდა ამისა, ადამიანები, რომლებიც უბედურად გრძნობებ თავს, ანთხევენ ღვარძლს, ბოღმას, ეს კი, პირველ რიგში, სწორედ სიტყვების შერჩევაზე აისახება. როცა ადამიანი დაბნეულია, გაურკვევლობაშია, წუხს, იტანჯება შინაგანი ბრძოლებით, ცარიელია, ინტელექტი არ ჰყოფნის ან კულტურა აკლია, სწორედ ასე ლაპარაკობს, როგორც ამ წიგნის პერსონაჟები, კომუნიკაციაში ავლენს შინაგან დუღილს ან შინაგან ჭაობს. როგორი გულდასაწყვეტიც უნდა იყოს, დღევანდელი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ ლექსიკას იყენებს და ეს საიდუმლო დიდი ხანია არ არის. ჩემი ნაწარმოების ირგვლივ აქტუალურია კითხვა, - რაში დასჭირდა მწერალს ბარბარიზმებისა და კალკების გამოყენება? მსურდა, მეჩვენებინა საბჭოთა კავშირის კულტურული გავლენა საქართველოზე, რაც, უპირველესად, ენაზე აისახება, იმიტომ რომ ენა ცოცხალ ორგანიზმს ჰგავს, იგი შეითვისებს და იბეჭდავს ისტორიას.

ბოლოს კი შევეხები ჩემი მკითხველების უსაყვარლეს ნაწილს, რომელიც ნაწარმოებს ლაიტმოტივად გასდევს - ახალგაზრდების ურთიერთობა, რომლებმაც უნდა დააგემოვნონ სიყვარული, შეიცნონ იგი და თავისი წილი ტკივილიც იწვნიონ, ვინაიდან "ყველა ბედნიერებისთვის საზღაურს ვიხდით და ყველა განსაცდელისთვის ჯილდოს ვიღებთ... (ამონარიდი რომანიდან „აღიარება ხელისგულზე“).

- კიდევ გაახარებთ მკითხველს ასეთი პოპულარული წიგნებით?

- როცა ,,აღიარება ხელისგულზე“ დავასრულე, შემეშინდა, ვაი თუ ეს ჩემი მაქსიმუმია და უკეთესი ვეღარაფერი დავწერო-მეთქი. ახლა რომ ვიხსენებ, მეღიმება ჩემს შიშზე. მცირეხნიანი პაუზის შემდეგ დავიწყე მუშაობა რომანზე ,,გამოღვიძება ღრმა ძილის წინ“, რომელიც იმდენად ემოციური აღმოჩნდა ჩემი მკითხველისთვის, კვლავ შევშინდი, იქნებ ყველაფერი მეორე რომანში ჩავდე-მეთქი. ხდება ხოლმე, რამდენიმე თვე ისე გაივლის, შეიძლება ნაწარმოებს ერთი აბზაციც არ მივამატო. მერე კი უეცრად ფურცელს ისე დავაცხრები, ვეღარ ვწყდები, თითქოს თვეების განმავლობაში დატუსაღებულ ფიქრებს ბორკილები მოხსნეს და თავისუფლება დაუბრუნეს. ჩემი მუზა ფერადია! აქვე გაგიმხელთ, რომ დიდი ჯიუტი, ანცი და თავნება „ვინმეა“! ერთ ამბავს მოგიყვებით: რომანი ,,აღიარება ხელისგულზე“ გამოცემამდე, ლამის მილიონჯერ დავარედაქტირე და მესამე ნაწილი ამოვიღე წიგნიდან. შესაბამისად, მეორე ნაწილის ბოლოს, რაღაც-რაღაცების შეცვლა გახდა საჭირო. „დედლაინამდე“, რომელიც გამომცემლობას მანამდე ორჯერ გადავაწევინე, რამდენიმე საათი იყო დარჩენილი, მაგრამ მუზა არ გამოჩენილა. პანიკამ ამიტანა, ვინერვიულე, ძალიან ვბრაზობდი საკუთარ თავზე. დაახლოებით დილის 5 საათზე მივხვდი, რომ ბოლთის ცემას აზრი არ ჰქონდა და გადავწყვიტე დავწოლილიყავი. და სწორედ ამ დროს მოხდა საოცრება, - შინაგანმა ხმამ თუ ძალამ წამომახტუნა და 9 საათამდე ვწერდი. ბოლო წინადადებას წერტილი დავუსვი, მშვიდად გადავაგზავნე ელექტრონული წერილი და ერთხანს გარინდული მივჩერებოდი ეკრანს. არ მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი მართლა ჩემს თავს ხდებოდა: სულ მალე საკუთარ წიგნს ჩავიკრავდი გულში! კიდევ კარგი, მუზამ არ მიმტყუნა და ბოლო მომენტში მეწვია, თორემ, ხომ შევრცხვებოდით? ერთი უცნაურობა მჭირს, ტექსტებზე წლობით ვმუშაობ. "აღიარება ხელისგულზე" ჩემს ხელში 6 წლის განმავლობაში იცვლებოდა და ჩემს ახალ წიგნზე, რომელიც მალე გამოვა, ისევ იმავეს ვაკეთებ. და კიდევ: "აღიარება ხელისგულზე" თანამედროვე ეპოქის პულსია. მისი გმირები: "პროტესტანტები, რევოლუციონერები, თავისუფლების მოტრფიალენი, ცნობისმოყვარეები, მაძიებლები (ზოგჯერ თავადაც ვერ იგებენ რას ეძებენ, თუმცა ძებნას მაინც არ წყვეტენ), ტექნოლოგიაზე მიჯაჭვულები, სკეპტიკურები, ცოტათი მშიშრები (პასუხისმგებლობის ეშინიათ), საკმაოდ დეპრესიულები, დიდი პოტენციალის მატარებლები, სიახლეების მისაღებად ხელგაშლილები, ხშირად კომპლექსებით, ან შურისძიების წყურვილით შეპყრობილები თანამედროვე ეპოქის შვილები არიან. სწორედ ამიტომაც ბევრმა მკითხველმა ამოიცნო მათში საკუთარი თავი. ის ამბები, რომელიც მოთხრობილია რომანში, ამჟამადაც კი ვითარდება ჩვენ გარშემო, ამ რომანის კითხვა ჰგავს თანამედროვე მოვლენების პულსზე ხელის დადებას, ჩვენი ნაცნობების, მეგობრების, ოჯახის წევრების ან ნათესავების სრულიად შიშველი სულის დანახვას.

შეგახსენებთ, რომ რომანი ჟურნალ „გზასთან“ ერთად, 30 აპრილიდან გამოვა. მისი სპეციალური ფასი იქნება 8.50 ლარი, ჟურნალთან ერთად - 10,00 ლარი.

ელვამარკეტების ჩამონათვალი, სადაც შეგიძლიათ, შეიძინოთ წიგნი

მარკეტების მისამართები, სადაც პრესასთან ერთად, წიგნის შეძენას შეძლებთ

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო