ახალგაზრდობის სააგენტოს ინიციატივით, „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო“ იქმნება

ახალგაზრდობის ჩართულობის უზრუნველსაყოფად ახალგაზრდობის სააგენტოს ინიციატივით, „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო“ იქმნება.

როგორც „ინტეპრესნიუსს“ ახალგაზრდობის სააგენტოდან აცნობეს, სააგენტო ახალგაზრდული სფეროს ეკოსიტემას ქმნის და სამწლიანი რეფორმის ერთ–ერთ საკვანძო საკითხად „მონაწილეობრივ ახალგაზრდულ პოლიტიკას“ (Meaningful Youth Participation) გამოყოფს.

სააგენტოს ცნობით, ახალგაზრდობის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია ახალგაზრდული ეკოსისტემის შექმნა. სწორედ ამისთვის სააგენტოს ინიციატივით იქმნება „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო“, რომელიც ახალგაზრდობას საშუალებას მისცემს უშუალოდ ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ეს ამ მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯია.

„ახალგაზრდობის მონაწილეობრივი პოლიტიკა გულისხმობს ახალგაზრდების ჩართვას, როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე, იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომლებიც მათ ეხებათ. ნამდვილი მონაწილეობა (meaningful) ნიშნავს, რომ ახალგაზრდები ჩართულები არიან ისეთი ფორმით, რომ გავლენა მოახდინონ ამ გადაწყვეტილებებზე. „ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო“, ევროპაში აპრობირებული ის ეფექტური მექანიზმია, რომელიც უზრუნვლყოფს, რომ სააგენტოს საქმიანობაში ახალგაზრდების ხმა უფრო მკაფიოდ გაჟღერდეს და მნიშვნელობა შეიძინოს.

„ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს“ კონცეფციაზე მუშაობა რამდენიმე თვე მიმდინარეობდა და მოწვეული ექსპერტების ჩართულობით, ევროპული ქვეყნების წარმატებულ მოდელზე დაყრდნობით შეიქმნა. საბჭოს დანიშნულებაა კონსულტაცია გაუწიოს ახალგაზრდობის სააგენტოს ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, დაამყაროს თანამშრომლობა და კოორდინაცია ახალგაზრდულ სექტორში სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს შორის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, საბჭო 35 წევრისგან დაკომლექტდება და გააერთიანებს ახალგაზრდული სფეროს თითოეულ საკვანძო რგოლს, მათ შორის: ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს რეგიონებიდან და თბილისიდან, საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ნაციონალური საბჭოს წარმომადგენელ, საქართველოს სახელმწიფო რწუნებულების აპარატის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, სპორტის და კულტურის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის თითო წარმომადგენელს.

„საბჭოს 22 წევრი, ახალგაზრდული ორგანიზაციებიდან აირჩევა ღია კონკურსის წესით, ხოლო დანარჩენ მონაწილეებს საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების ნაციონალური საბჭო და შესაბამისი სათავრობო უწყებები წარადგენენ. საბჭოს დაკომპლექტების შემდეგ, მისი შემადგენლობიდან შეიქმნება 6-წევრიანი ბიურო, რომელიც საბჭოს საქმნიანობას გაუწევს კოორდინაციას.

საბჭოს წევრები გაერთიანდებიან თემატურ სამუშაო ჯგუფებში, რომლებიც ახალგაზრდობის სააგენტოს პრიორიტეტებისა და მოსალოდნელი შედეგების დადგენისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სტანდარტების შემუშავების მიზნით იმუშავებენ.

„ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოსთვის“ წევრების შესარჩევად ღია კონკურსი მიმდინარე წლის მაისის პირველ ნახევარში, ახალგაზრდობის სააგენტოს ოფიციალურ facebook გვერდზე (https://www.facebook.com/youthagency2019) და ახალგაზრდობის პლატფორმაზე (https://youthplatform.gov.ge/ka/event/8) გამოცხადდება:

მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელებს (18-29 წელი) საქართველოს რეგიონებიდან და თბილისიდან ,“- აღნიშნულია ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო