ლაშა კილაძე - პანდემიის პირობებში ფსიქოლოგს და ფსიქიატრს პაციენტის მხარდაჭერაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია

ქვეყანაში ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული ინფექციის შესაძლო შემთხვევების გავრცელების აღკვეთის მიზნით და საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით შპს ,,ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“ საგანგებო რეჟიმზე გადავიდა და შეიმუშავა სტრატეგია, რომლის მიხედვითაც ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის კრიზისის დასაძლევად მიმართულ ღონისძიებებში ჩართვაა. ამ მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებსა და საგანგებო რეჟიმის პირობებში ცენტრის სამოქმედო გეგმაზე ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალურ დირექტორს ლაშა კილაძეს ვესაუბრეთ.

- თანამშრომელთა და ბენეფიციართა უსაფრთხოება ჩვენი სტრატეგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, სწორედ ამიტომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე დაწესებულებაში შეიქმნა საორგანიზაციო ჯგუფი, რომელსაც დაევალა ცენტრის პერსონალს შორის მაღალი რისკ-ჯგუფების გამოყოფა და მათი დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადაყვანა. ხოლო იმ პერსონალისთვის, ვისი დაწესებულებაში ყოფნაც შეუფერხებელი მუშაობისათვის აუცილებელია, შედგა სპეციალური სამუშაო გრაფიკი და მათ ემსახურება ორგანიზაციის მიერ გამოყოფილი ტრანსპორტი. შედეგად, ყველა სამედიცინო სერვისი, რომელსაც ცენტრი ახორციელებდა საგანგებო მდგომარეობამდე, მათ შორის, ფსიქიატრიული სტაციონარული და სათემო ამბულატორული მომსახურება, აგრძელებს მუშაობას უსაფრთხოების წესების დაცვით. ცენტრი ხელმძღვანელობს ინფექციური დაავადების მართვის კუთხით არსებული სტანდარტებით, ასევე პანდემიის საფრთხის პერიოდში ქვეყანაში აღიარებული გაიდლაინებით, ინსტრუქციებითა და რეკომენდაციებით.

პერსონალსა და პაციენტებს გარკვეული პერიოდულობით უტარდებათ ინსტრუქტაჟი ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით; პერსონალი აღჭურვილია ერთჯერადი ხალათებით, ჩაჩებით, პირბადეებით, ბახილებით, დამცავი ფარით, ხელთათმანით; განყოფილებები უზრუნველყოფილია ხელისა და ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებებით, განისაზღვრა სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების სიხშირე, დასუფთავების წესი; სადეზინფექციო ხსნარით მუშავდება გზავნილების გარე ზედაპირი; სადეზინფექციო სამსახური ატარებს დაწესებულების გეგმიურ დეზინფექციას.

- პანდემიის დროს საგანგებო რეჟიმზე გადადის სტაციონარული მომსახურებაც, ხშირად დაწესებულება აცხადებს კარანტინს, რა მიდგომა აქვს ცენტრს ამ მიმართულებით?

- ჩვენი დაწესებულების ფსიქიატრიულ და ნარკოლოგიურ სტაციონარებში შეიცვალა გასვლის, გადაადგილებისა და შეხვედრების წესი. დამატებით გამოიყო პაციენტის ოჯახის წევრის/მხარდამჭერის და ექიმის შეხვედრების ოთახი.

ახლობელთან ონლაინკომუნიკაციის მიზნით, პაციენტები შეუზღუდავად სარგებლობენ კომპიუტერით; სატელეფონო მობილური კავშირით უზრუნველყოფილია ყველა პაციენტი; პაციენტებს მათთვის გასაგები ენით და ვიზუალიზაციით მიეწოდებათ ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციის თაობაზე; ასევე, ინფორმაცია ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობისა და შეზღუდვების შესახებ; განყოფილებებში ხდება პაციენტების ფიზიკური აქტივობების წახალისება; მეტი ყურადღება ექცევა პაციენტების მიერ პირადი ჰიგიენის დაცვის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, განსაკუთრებით ხანდაზმულებში. გაძლიერებული ინტენსივობით სრულდება სადეზინფექციო სამუშაოები; ახალი პაციენტის განთავსება დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებული შემოწმების საფუძველზე. მიმღებ განყოფილებაში პირის მომართვის შემთხვევაში ივსება ეპიდემიოლოგიური ანამნეზის კითხვარი, უტარდება თერმოსკრინინგი, საჭიროებისას, სხვადასხვა სპეციალისტების ჩართულობით ხდება მდგომარეობის და ინფექციის გავრცელების რისკის შეფასება.

- არის თუ არა ცვლილებები ამბულატორიული მიმართულებით?

- ისეთი ინფექციური დაავადებების, როგორიცაა ახალი კორონავირუსი COVID-19 აფეთქებები, მოსახლეობაში იწვევს შიშსა და გაურკვევლობას. ფსიქოლოგს, ფსიქიატრს შეუძლიათ, მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ პაციენტებისა და მათი ოჯახების, ჯანდაცვის პერსონალის და ფართო საზოგადოების კეთილდღეობის მხარდასაჭერად.

ამბულატორიული სამსახური აგრძელებს მუშაობას როგორც მორიგე პერსონალის ადგილზე მომსახურების მიმართულებით, ასევე ონლაინ და სატელეფონო კონსულტაციების გზით. ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური თვალსაზისით გადაადგილების შეზღუდვის პირობებში, ამბულატორიული სერვისებით მოსარგებლეთათვის გაიცემა მედიკამენტების 2 თვის მარაგი. თუმცა, ბენეფიციარებს აქვთ აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია მედპერსონალთან.

ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილებებში რიგების თავიდან აცილების მიზნით და ყოველდღიური გადაადგილების შესამცირებლად, პროგრამით მოსარგებლეებს, ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 5 დღის მედიკამენტის ერთჯერადად გატანის უფლება მიეცათ. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე ბენეფიციარებს დაეგზავნათ სპეციალური საშვები საათების მითითებით, რათა შეფერხების გარეშე მომხდარიყო მათი გამოცხადება განყოფილებაში და მედიკამენტის მიღება. საკარანტინე რეგიონებში მცხოვრებ ბენეფიციარებს კი ცენტრი უწყვეტად უზრუნველყოფს მათთვის საჭირო მედიკამენტებით ადგილზე მიწოდებით.

- გარდა ონლაინ სერვისებისა, ცენტრი სხვა სახის მომსახურებასაც უწევს მოსახლეობას კარანტინის პირობებში, ამის შესახებ გვიამბეთ.

- ,,ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“ აქტიურადაა ჩართული ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პირობებში კარანტინში მყოფთათვის ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური სერვისების მიწოდების კუთხით. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისათვის გადაცემულია პროფესორ დავით ზურაბაშვილის საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, გამოძახებისთანავე ფსიქიატრი ადგილზე ვიზიტის სახით უწევს კონსულტაციას პაციენტს. ასევე ჩანაცვლებითი თერაპიის სერვისიით მოსარგებლე ბენეფიციარებს კარანტინსა და დახურულ ზონებში უწყვეტად მიეწოდებათ მათთვის განკუთვნილი მედიკამენტი. გარდა ამისა, კარანტინში მოთავსებულ პირს, რომელიც მიმართავს სამედიცინო წარმომადგენელს ნარკოლოგის დახმარების თხოვნით, ჩვენი ცენტრის ნარკოლოგის მიერ ადგილზე უტარდება კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში ადგილზევე მოხდება მისი პროგრამაში ჩართვა და უწყვეტად მიეწოდება ექიმი ნარკოლოგის მიერ განსაზღვრული ჩამანაცვლებელი პრეპარატის დოზა.

- საგანგებო რეჟიმის პირობებში განსაკუთრებული პრობლემები ექმნება ინსტიტუციების მოსამსახურე პერსონალს, რომელთაც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში (1 კვირა და მეტი) უწევთ ცვლაში ყოფნა და ბენეფიციარებთან ყოველდღიური ურთიერთობა, რა დროსაც დისტანცირებულნი არიან ოჯახებისგან.

საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ პანდემიის დროს მსგავსი ინსტიტუციებისთვის რეკომენდებულია ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებში მეტი მხარდაჭერა, ვინაიდან იზრდება დეპრესიის, შფოთვის მაჩვენებლები და იმატებს მათი გაუცხოება საზოგადოებისგან.

გლობალური პანდემიის და საქართველოში არსებული საკარანტინო შეზღუდვების პერიოდში „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი“ დისტანციურ დახმარებას უწევს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ორი ტერიტორიული ერთეულის, კერძოდ, მარტყოფისა და დუშეთის შშმ პირთა პანსიონატებში მყოფ ბენეფიციარებსა და და მათზე ზრუნვაში ჩართულ პერსონალს ფსიქოლოგთა და ფსიქიატრთა სატელეფონო და ონლაინკონსულტაციის გზით.

ზოგადად, პანდემიის დროს, მოქალაქეები გარკვეული სტრესის ქვეშ იმყოფებიან, უჭირთ დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ ვირუსულად გადამდებ პანიკას, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ყველა ადამიანებს სჭირდება, სწორედ ამიტომ, ჩვენი ცენტრის ფსიქოლოგები ყოველდღე, საღამოს საათებში უფასო კონსულტაციას სთავაზობენ მოსახლეობას. ცენტრის ინიციატივით ამოქმედდა ონლაინპლატფორმა, სადაც ფსიქოლოგის და ფსიქიატრის უფასო ონლაინკონსულტაციის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს საღამოს 7 საათიდან 10 საათამდე (www.addiction.ge)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა