ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, საგანგებო მდგომარეობის პირველმა წარმატებულმა ეტაპმა ხელისუფლებაში შექმნა იმის ილუზია, რომ მას ყველაფერი კარგად გამოსდის და არავინ სჭირდება

პანდემიის ფონზე ხელისუფლების მოქმედებებზე, საგანგებო მდგომარეობის შემდეგ გაჩენილ პრობლემებზე, ასევე კრიტიკულ ვითარებაში ხელისუფლებისა და ოპოზიციას შორის არშემდგარი თანამშრომლობის სავარაუდო მიზეზებსა და საშინაო პოლიტიკის სხვა აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს, ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

- ბატონო ვახტანგ, მეორე თვეა პანდემიის გამო საქართველო საგანგებო რეჟიმში ცხოვრობს. საქართველოს ხელისუფლება, სამედიცინო პერსონალი და საზოგადოება მეტ-ნაკლები წარმატებით ართმევენ თავს კორონავირუსს.

ამ თემაზე განსხვავებული მოსაზრებები გამოითქმება, მაგრამ თქვენ როგორ შეაფასებდით საგანგებო ვითარებაში ხელისუფლების მოქმედებას?

- საგანგებო ვითარებაში ხელისუფლების მოქმედება უნდა გავყოთ ორ ნაწილად - ანტიკრიზისული გეგმის გამოქვეყნებამდე ერთი პერიოდია, ხოლო ამ გეგმის გამოქვეყნების შემდეგ, მეორე პერიოდი. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საგანგებო მდგომარეობას ორი ეტაპი ჰქონდა. ახლა მეორეში ვართ.

ჩემი შეფასებით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ განპირობებულ პირველ და მეორე ეტაპებს შორის სრულიად განსხვავებულ მდგომარეობებზე შეიძლება საუბარი. პირველ ეტაპზე, როდესაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და კორანავირუსის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა დაიწყო, ჩვენი საზოგადოება და მოსახლეობა, გარდა იმისა, რომ ამას გაგებითა და გარკვეული ცნობისმოყვარეობითაც კი შეხვდა, ბევრმა მომხდარი დაუგეგმავ შვებულებადაც კი აღიქვა.

უნდა ითქვას, ხელისუფლებამ გაითვალისწინა მედიკოსების რჩევები და პანდემიასთან ბრძოლა წარმატებით მიმდინარეობს. ამ საქმეში რომ უდიდესი დამსახურება მედიკოსებისაა, რომლებმაც ფაქტიურად წარმართეს ეს პროცესი, არავისთვის სადავო თემას არ წარმოადგენს.

პანდემიის ვითარებაში საქმიანობის გამოცდილება არც ხელისუფლებას ჰქონდა და არც საზოგადოებას, ამიტომ ამ პროცესში რომ გარკვეული ლაფსუსები იქნებოდა, დიდი ტრაგედია არაა. მაგრამ, ამ ვითარებას თუ სხვა მხრიდანაც შევხედავთ, გარკვეული გაუგებარი გადაწყვეტილებები თვალშისაცემია. ეს ეხება ერთი ოჯახის წევრების ერთი მანქანით გადაადგილების აკრძალვას, აღარაფერს ვამბობ მანქანით გადაადგილების შესაძლებლობის საერთოდ აკრძალვაზე.

შეიძლება ითქვას, რომ საგანგებო მდგომარეობის პირველი ეტაპი ხელისუფლებამ საკმაოდ წარმატებით გაიარა

ერთი ოჯახის წევრების ერთი მანქანით გადაადგილებაზე აკრძალვაზე საზოგადოებას ჰქონდა მკვეთრად ნეგატიური რეაქცია. ხელისუფლებამ ეს რეაქცია რეაგირების გარეშე დატოვა. ზოგმა ეს ხელისუფლების პრინციპულობად შეაფასა.

ჩემი აზრით კი, ეს გახლდათ გარკვეული სიჯიუტე, რაც ასეთ ვითარებაში ძალიან ცუდია. თუ დღეს ხელისუფლებას რამე სჭირდება, ესაა საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაცია და მისი მხარდაჭერა.

გარდა ამისა, ვფიქრობ, მეტი გულწრფელობა იყო საჭირო ხელისუფლების მხრიდან. ყველამ კარგად იცის, რომ მანქანებით გადაადგილების აკრძალვა დაკავშირებული იყო მაშინ მოახლოებულ აღდგომის დღესასწაულთან, მაგრამ ეს უნდა თქმულიყო. ზოგადად, საკმაოდ რთული პროცესია რაც ხდებოდა საზოგადოებასა და ეკლესიას შორის, მაგრამ რაღაცნაირად ამან გადაიარა და ეს გადავლახეთ.

შეიძლება ითქვას, რომ საგანგებო მდგომარეობის პირველი ეტაპი ხელისუფლებამ საკმაოდ წარმატებით გაიარა.

- სწორად გავიგე - თქვენთვის მეორე ეტაპი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებიდან იწყება?

- დიახ. საგანგებო მდგომარეობის მეორე ეტაპი სწორედ მას შემდეგ დაიწყო, რაც ხელისუფლებამ ჯერ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება და მერე ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა.

ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება რომ მიიღო და ანტიკრიზისული გეგმაც წარმოდგინა, საზოგადოებაში განწყობა აშკარად შეცვლილი იყო. ხალხი მიხვდა, რომ საგანგებო მდგომარეობა და დაწესებული აკრძალვები დაუგეგმავი შვებულება არ იყო. საზოგადოების ძირითადმა ნაწილმა გააცნობიერა, რომ პანდემიური პროცესის ფონზე მათ მეტი პრობლემები ექნებოდათ.

ჩვენ არა ვართ მდიდარი ქვეყანა და როცა მოქალაქეების შემოსავლებს არაფერი მოემატა, მხოლოდ მოაკლდა, ის დანაზოგები, რომელიც ხალხს ჰქონოდა, შესაძლოა ძალიან სწრაფად დამთავრდა კიდეც, ხელისუფლებისადმი დამოკიდებულებამ თანდათანობით ცვლილება დაიწყო.

შემიძლია ვთქვა, რომ საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულებაში ურთულესი პერიოდი მთავრობისთვის სწორედ მას შემდეგ დაიწყო, როცა პრემიერმა ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. ახლა ხელისუფლებას გაცილებით მეტი დაკვირვება და სიფრთხილე სჭირდება, ვიდრე ეს იყო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირველ ეტაპზე.

საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების მიმართ დაკიდებულებაში ურთულესი პერიოდი მთავრობისთვის სწორედ მას შემდეგ დაიწყო, როცა პრემიერმა ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა. ახლა ხელისუფლებას გაცილებით მეტი დაკვირვება და სიფრთხილე სჭირდება, ვიდრე ეს იყო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირველ ეტაპზე

ფაქტია, რომ ადამიანებსაც მობეზრდათ სახლში ყოფნა, გაჩნდა უკმაყოფილება სხვადასხვა მიზეზთა გამო, არა მარტო სოციალურ-ეკონომიკური, არამედ ადამიანური. ამიტომ, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შემდეგ ხელისუფლებას სჭირდება უფრო მეტად გონიერი მოქმედება.

მე არა ვარ ეკონომიკურ საკითხებში კომპეტენტური, მაგრამ მე არასდროს მითქვამს, რომ ხელისუფლებას სასწრაფოდ უნდა წარმოედგინა პანდემიის პირობებში ეკონომიკის განვითარების ანტიკრიზისული გეგმა.

ჩვენ არა ვართ ის ქვეყანა, რომელსაც ბიუჯეტი აქვს გადავსებული და არ იცის ფული რაში დახარჯოს. ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენა გაცილებით იოლი იყო, მაგრამ გაცილებით რთული იქნება მისი რეალიზება. გასაგებია ისიც, რომ ვიდრე ხელისუფლებამ რესურსები არ მოიძია, მას მოსახლეობისთვის რამეს შეთავაზება გაუჭირდებოდა.

ჩვენ არა ვართ ის ქვეყანა, რომელსაც ბიუჯეტი აქვს გადავსებული და არ იცის ფული რაში დახარჯოს. ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენა გაცილებით იოლი იყო, მაგრამ გაცილებით რთული იქნება მისი რეალიზება

ხელისუფლების პირველი ნაბიჯები, რომელიც კომუნალური ხარჯების დაფარვასთან იქნა მიღებული, სწორი და დროული იყო. ჩემი აზრით, ამ ნაწილში ხელისუფლებამ სწრაფად და ეფექტურად იმოქმედა. ეს მდგომარეობა როგორც მინიმუმ საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე უნდა გაგრძელდეს.

მაგრამ, საჭირო იყო ხელისუფლების მხრიდან ფინანსური გარანტიების მოსმენა. ხელისუფლებას უნდა ემუშავა ორი მიმართულებით - უნდა მოეძია ფინანსები და სულაც არ იყო საჭირო სამსჯელო გამხდარიყო თუ რომელი ჯგუფი მიიღებდა სოციალურ შეღავათებს. თუ რამ უნდა წარმოედგინა ხელისუფლებას, ეს თუნდაც სოციალური დახმარების გაცემის კონკრეტული გეგმა უნდა ყოფილიყო.

თუ რამ უნდა წარმოედგინა ხელისუფლებას, ეს თუნდაც სოციალური დახმარების გაცემის კონკრეტული გეგმა უნდა ყოფილიყო

- ახლა აქტიურად განიხილება სოციალური დახმარების პაკეტი. თქვენზე რა შთაბეჭდილება დატროვა ხელისუფლების სოციალური დახმარების პაკეტმა?

- როცა ვსაუბრობთ, რომ სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებზე დახმარების სქემა წინასწარ უნდა ყოფილიყო გაწერილი ვგულისხმობ იმას, რომ მას შემდეგ, რაც პრემიერმა სოციალური დახმარების პაკეტის შესახებ ვრცლად ისაუბრა, ამის შემდეგ სხვადასხვა სფეროების მინისტრებმა დაიწყეს იმის დაზუსტება, რაც ანტიკრიზისულ გეგმაზე საუბრისას ითქვა. თუ ბოლომდე გულწრფელი ვიქნებით, დღემდე გაუგებარია რა იქნება. მხედველობაში მაქვს ვინ და რამდენს მიიღებს სოციალური დახმარების სახით.

თუ ბოლომდე გულწრფელი ვიქნებით, დღემდე გაუგებარია რა იქნება. მხედველობაში მაქვს ვინ და რამდენს მიიღებს სოციალური დახმარების სახით

ვფიქრობ, ამ პრობლემაში უფრო ღმად იყო ჩახედვა საჭირო. იგივე ყველაზე თვითდასაქმებულ კატეგორიას ვგულისხმობ. თვითდასაქმებულების ძალიან დიდი არმია არსებობს.

როცა ამ კატეგორიის ადამიანებზეა საუბარი, რატომღაც საუბრობენ მხოლოდ იმ ადამიანებზე, ვინც ქალაქებშია თვითდასაქმებული. სოფელში მცხოვრებლები ისევ ყურადაღების მიღმა დარჩნენ. საქმე არც ისე მარტივადაა, როგორც ამას ხელისუფლება ამბობს. ხალხს სოფლებში სამუშაო კი აქვს, მაგრამ შემოსავალი არ აქვს.

საქმე არც ისე მარტივადაა, როგორც ამას ხელისუფლება ამბობს. ხალხს სოფლებში სამუშაო კი აქვს, მაგრამ შემოსავალი არ აქვს

- ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ეკონომიკას ეტაპობრივად აამოქმედებს. დამკვირვებელთა ნაწილი აცხადებს, რომ ეკონომიკის ამოქმედება უფრო სწრაფადაც შეიძლებოდა. ასე მოიქცნენ ის ქვეყნები, რომლებსაც კორანავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა საკმაოდ დიდი ჰქონდათ.

თქვენ როგორ შეაფასებდით ეკონომიკის ამოქმედების ხელისუფლებისეულ გეგმას?

- ჩვენ მუდმივად გვესმის, რომ მოგვიწევს კორონავირუსთან ერთად ცხოვრება. ამაში რა იგულისხმება, ამაზე დაზუსტებით არავინ არაფერს ამბობს, მაგრამ ზოგადად გასაგებია, რომ ჩვენი ყოველდღიური ყოფა ვერ იქნება ისეთი, როგორიც იყო თუნდაც წლის დასაწყისში. პირბადეებისა და ჰიგიენის დაცვა და მეტად გამოყენება რომ მოგვიწევს, ფაქტია.

ხელისუფლება ისევე კონცეპტუალურად უნდა მიუდგეს ეკონომიკურ თემებს, როგორც ვირუსთან ბრძოლაში ჰქონდა კონცეპტუალური მიდგომები. თუ ჩვენ ყველაფერ ამის გათვალისწინება მაინც გვიწევს, მაშინ ახლავეა მისაღები გადაწყვეტილებები ეკონომიკურ საკითხებზე და თუ მთლიანობაში არა, ეკონომკის იმ ნაწილში მაინც, რომლის გახსნა სწრაფად უნდა გაიხსნას და აუცილებელია გაიხსნას, იმ სფეროების ამოქმედებაზეა გადაწყვეტილებები მისაღები. ეს ნაბიჯები უნდა გადაიდგას და მთავარია სწრაფად გადაიდგას.

ხელისუფლება ისევე კონცეპტუალურად უნდა მიუდგეს ეკონომიკურ თემებს, როგორც ვირუსთან ბრძოლაში ჰქონდა კონცეპტუალური მიდგომები

ეკონომიკის ამოქმედებასთან დაკავშირებით ხშირად გვესმის ალოგიკური გადაწყვეტილებების შესახებ. მაგალითად, თუ მანქანით დავუშვით გადაადგილება, გაუგებარია პროფილაქტიკები რატომ უნდა გაიხსნას 2 კვირის შემდეგ? ხალხს მანქანა რომ გაუფუჭდეს რა უნდა ქნას?

იგივე ეხება მანქანის სამრეცხაოებსაც. მესმის, რომ ხელისუფლება ფრთხილობს, მაგრამ ეკონომიკის ეტაპობრივი ამოქმედებისათვის უფრო თამამი ნაბიჯებია გადასადგმელი, მაგრამ თუ გულწრფელები ვიქნებით, რას ვუფრთხით გაუგებარია.

არ ვიცით რა შედეგი მოჰყვა აღდგომის დღესასწაულზე შეკრებებს ეკლესია-მონასტრებში. არც ის ვიცით, რამდენად იქონია ამან გავლენა, ან იქონიებს გავლენას ქვეყნის შიგნით ვირუსის გავრცელებაზე. აღდგომის შემდეგ 2 კვირაა გასული, 10 მაისამდე უნდა გამოჩნდეს. ვნახოთ რა და როგორ იქნება. თუ ეპიდემიოლოგიური ფონი ამ და სხვა მიზეზების გამო დამძიმებული არაა, ეკონომიკის ამოქმედებაზე სწრაფად უნდა გადავიდეთ.

ხელისუფლება ფრთხილობს, მაგრამ ეკონომიკის ეტაპობრივი ამოქმედებისათვის უფრო თამამი ნაბიჯებია გადასადგმელი

- ახლა ბევრი საუბრობს იმაზე, თუ როგორ ვითარდება პოლიტიკური პროცესი პანდემიისა და საგანგებო მდგომარეობის ფონზე. დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პროცესი „შენელებული და გაჩერებულია“. თქვენ როგორ შეაფასებდით საგანგებო მდგომარეობის ვითარებაში მიმდინარე, გაჩერებულ თუ შეჩერებულ პოლიტიკურ პროცესს?

- მე ვიტყოდი, რომ იმასთან შედარებით, რაც ქართულ პოლიტიკას ახასიათებს, საგანგებო მდგომარეობის პირველი ეტაპი პოლიტიკურმა სპექტრმა ღირსეულად გაიარა. ამას შეფასებაც უნდა და დაფასებაც.

ახლა, როცა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის თვალსაზრისით აშკარად სხვა ეტაპზე ვართ, პოლიტიკური პროცესი გააქტიურდება. ხელისუფლებისადმი ოპოზიციის დამოკიდებულება ისეთი ლოიალური აღარ იქნება, როგორიც იყო ეპიდემიის მძვინვარების პირველ პერიოდში. ასე რომ იქნება, კარგად გამოჩნდა ხელისუფლების მიერ გამოცხადებული ანტიკრიზისული გეგმის წარმოდგენისთანავე.

ახლა, როცა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის თვალსაზრისით აშკარად სხვა ეტაპზე ვართ, პოლიტიკური პროცესი გააქტიურდება. ხელისუფლებისადმი ოპოზიციის დამოკიდებულება ისეთი ლოიალური აღარ იქნება

შესაძლოა, ძალიან ბევრს არც უნდოდა, რომ პოლიტიკური პროცესი ჩაკეტილი ყოფილიყო, მაგრამ საზოგადოება იმდენად იყო კონცენტრირებული პანდემიასა და ვირუსზე, არავინ იცოდა რა და როგორ იქნებოდა, ხალხს პოლიტიკა ნამდვილად არ აინტერესებდა. როგორც ჩანს, ეს პოლიტიკოსებმა იგრძნეს და თავადაც ცდილობდნენ ყოფილიყვნენ ზომიერები.

მთავრობის ანტიკრიზისულმა გეგმამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. ოპოზიციის მხრიდან მკვეთრ შეფასებებს ვგულისხმობ. მათი მხრიდან მთლად არასწორი შეფასებებიც არ მოგვისმენია.

ხელისუფლებას ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებაში უფრო მეტად უნდა ჩაერთო პოლიტიკური და საზოგადოებრივი სპექტრი. მთავრობამ ეს არ გააკეთა, ეტყობა ჩათვალა, რომ თეთრ ცხენზე ზის და პანდემიის პირობებში დაგროვილი პოლიტიკური ქულების ვინმესთან გაყოფა არ მოინდომა.

ხელისუფლებას ანტიკრიზისული გეგმის შემუშავებაში უფრო მეტად უნდა ჩაერთო პოლიტიკური და საზოგადოებრივი სპექტრი. მთავრობამ ეს არ გააკეთა, ეტყობა ჩათვალა, რომ თეთრ ცხენზე ზის და პანდემიის პირობებში დაგროვილი პოლიტიკური ქულების ვინმესთან გაყოფა არ მოინდომა

პოლიტიკური ქულები იმიტომ ვახსენე, რომ საარჩევნო წელია და ახლა ყველა პოლიტიკური ძალის ნაბიჯები შემოდგომისათვის დაგეგმილ არჩევნებს უკავშირდება.

ანტიკრიზისული გეგმით უკმაყოფილოა თითქმის ყველა და საზოგადოებაშიც ამგვარი განცდაა. აღფრთოვანებული არც ერთი სეგმენტი არაა. რა თქმა უნდა, პოლიტიკური ოპოზიცია იმის ოპოზიციაა, რომ ამ თემებზე ისაუბროს.

- ოპოზიცია ხელისუფლებას იმაში ადანაშაულებს, რომ ანტიკრიზისული გეგმა მმართველი ძალის დღის წესრიგზეა მორგებული. თქვენც ასეთი შთაბეჭდილება გაქვთ?

- არა, რა თქმა უნდა. ჯერ ერთი არ ვიცით როდის ჩატარდება არჩევნები. მეორე - სოციალური დახმარება 6 თვეზეა გათვლილი და გაცემისათვის დაანონსებული 200 ლარი იმდენად მწირია, რომ თუ ვინმეს ჰგონია ასეთ ვითარებაში მმართველი ძალა რამეს იხეირებს, ძალიან ცდება.

სოციალური დახმარება 6 თვეზეა გათვლი და გაცემისათვის დაანონსებული 200 ლარი იმდენად მწირია, რომ თუ ვინმეს ჰგონია ასეთ ვითარებაში მმართველი ძალა რამეს იხეირებს, ძალიან ცდება

საზოგადოების უდიდესი ნაწილის დანაკარგი იმაზე გაცილებით დიდია, ვიდრე 6 თვეზე გაწერილი 200 ლარი. ამიტომ, საზოგადოების დიდი ნაწილი ხელისუფლების ამ დახმარებას არაფრად ჩათვლის. თუ ხელისუფლებას აქვს იმედი, რომ ხალხი კმაყოფილი იქნება, ძალიან ცდება.

- ოპოზიციის ნაწილი შეეცადა ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით კონსტრუქციული მოსაზრებები გამოეთქვა. ხელისუფლებამ არც ერთი არ მიიღო, თუმცა, პრემიერმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ ზოგ თქვენს მოსაზრებას ვითვალისწინებთო, მაგრამ საჯაროდ არ თქმულა, რა გაითვალისწინეს.

ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო მოსაზრებები გამოთქვა „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ. მან ანტიკრიზისული ფონდის შექმნის აუცილებლობაზეც ისაუბრა. ხელისუფლებას ოპოზიციის არც ერთ ინიციატივაზე რეაქცია არ ჰქონია.

თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რაზე შეიძლება მიანიშნებდეს ის, რომ ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით ოპოზიციის არც ერთ წინადადებაზე მთავრობა არ რეაგირებს?

- როგორც ჩანს, საგანგებო მდგომარეობის პირველმა წარმატებულმა ეტაპმა ხელისუფლებაში შექმნა იმის ილუზია, რომ მას ყველაფერი კარგად გამოსდის და არავინ სჭირდება. თუ რამ კაპიტალია აქედან მისაღები, მმართველმა ძალამ უნდა მიიღოს. ჩემი აზრით, ეს არასწორი მიდგომაა.

თავის დროზე ოპოზიციამ ხელისუფლებას შესთავაზა კრიზისის დასაძლევად ხელისუფლება-ოპოზიციის ერთიანი ჯგუფის შექმნა, რომ შემდგომ ერთად მიღებულიყო რთული გადაწყვეტილებები. მე მესმის, რომ ასეთი შეხვედრების 90% გადაწყვეტილებების ეფექტურობის თვალსაზრისით დროის ტყუილა კარგვა იქნებოდა, მაგრამ სამაგიეროდ, მმართველი გუნდისთვის ექნებოდა პოლიტიკური ეფექტი და საზოგადოებაში სტაბილურობას უპრობლემოდ შევინარჩუნებდით.

როცა ხელისუფლება ლაპარაკობს, რომ ეს გეგმა გვაქვს და სხვა არ გვაქვს, ამ ფონზე სხვას ალტერნატიული გეგმები აქვს, ხელისუფლებამ ალბათ უნდა იფიქროს იმაზე, რომ ან იმ სხვას კვალიფიციური პასუხი გასცეს, ან გააკრიტიკოს და ესეც პასუხი იქნება.

როცა ხელისუფლება ლაპარაკობს, რომ ეს გეგმა გვაქვს და სხვა არ გვაქვს, ამ ფონზე სხვას ალტერნატიული გეგმები აქვს, ხელისუფლებამ ალბათ უნდა იფიქროს იმაზე, რომ ან იმ სხვას კვალიფიციური პასუხი გასცეს, ან გააკრიტიკოს და ესეც პასუხი იქნება

თუ მთავრობა ჩათვლის, რომ ამ თემაზე პრემიერმა და მინისტრებმა ილაპარაკონ, ხელისუფლებას ჰყავს ექსპერტები, რამდენადაც მახსოვს პრემიერმა თქვა, რომ ანტიკრიზისული გეგმა ექსპერტებთან ერთად იქნა შემუშავებული, ჰოდა, საჯარო სივრცეში ის ექსპერტები ალაპარაკოს.

თუ ხელისუფლებას არ უნდა ამაზე საუბარი, ექპერტებმა უნდა თქვან, რატომ არ შეიძლება ოპოზიციური სპექტრის მიერ გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინება და ისიც უნდა თქვან, რატომაა ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი გეგმა კარგი.

მხოლოდ ჯანსაღ დისკუსიას შეუძლია საზოგადოება დაარწმუნოს ხელისუფლების სწორ და არასწორ მოქმედებებში. როგორც ჩანს, ხელისუფლებას არც ეს აწყობს და ურჩევნია საერთოდ იგნორირება გაუკეთოს ასეთ გეგმებს.

- ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით განაცხადა - „ოპოზიციას სალაპარაკო არ დავუტოვეთო“. თქვენ როგორ აღიქვით მინისტრის ეს განცხადება?

- ხელისუფლებისთვის პრობლემები ახლა იწყება. როგორც ჩანს, ხელისუფლებას დიდი იმედი აქვს თავისივე ანტიკრიზისული გეგმის, მაგრამ მალე დაინახავენ, რომ არათუ პოლიტიკური ოპოზიცია, არამედ საზოგადოება ნეგატიურად შეაფასებს ამ გეგმას სოციალური კუთხით. მეტიც, იგი არც ეკონომიკური მიმართულებით ვერ დააკმაყოფილებს საზოგადოების მოთხოვნას.

თუ ხელისუფლებას უნდა რეიტინგის შენარჩუნება, თავის ანტიკრიზისულ გეგმას უნდა წააშველოს ეკონომიკის გახსნა და რაც შეიძლება სწრაფად.

თუ ხელისუფლებას უნდა რეიტინგის შენარჩუნება, თავის ანტიკრიზისულ გეგმას უნდა წააშველოს ეკონომიკის გახსნა და რაც შეიძლება სწრაფად

- ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა - „ოპოზიცია არ არსებობს, რაცაა დარჩენილი სააკაშვილის კლასტერია.“ არსებობს თუ არა ოპოზიცია, ამას მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე ვნახავთ.

მაგრამ ფაქტია, რომ კორონავირუსმა თავისი კორექტივები შეიტანა შიდა პოლიტიკაში და არაა გამორიცხული, რომ ეს კორექტივები საპარლამენტო არჩევნებზეც აისახოს.

თქვენ როგორ დაახასიათებდით არჩევნებამდე არსებულ ვითარებას ქვეყანაში მოსალოდნელ არჩევნებამდე 6-7 თვით ადრე?

- რამდენიმე პრობლემაა მოსაგვარებელი და გადასაწყვეტი. აუცილებელია საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა, რაც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას გულისხმობს. ვხედავთ, რომ ეს პროცესი ჰაერშია გამოკიდებული. ჯერ არ ვიცით რა და როგორ იქნება.

ეს პროცესი საკონსტიტუციო ცვლილებებით როცა დასრულდება, მხოლოდ მაშინ ჩაითვლება, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული 8 მარტის შეთანხმება შესრულებულია. ფაქტია, რომ ეს პროცესი ივნისის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.

სანამ კორონავირუსთან დაკავშირებული პროცესი დაიწყებოდა შემეძლო თქმა, რომ იანვრის ბოლოსა და თებერვლისათვის ვითარება ასეთი იყო - ხელისუფლებას ოპოზიციასთან მიმართებაში დიდი უპირატესობა ჰქონდა.

პანდემიასთან დაკავშირებული პროცესების შემდეგ როგორ დალაგდება სიტუაცია, ამის თქმა საკმაოდ ჭირს. ხელისუფლებამ პანდემიაზე საკმაოდ დიდი კაპიტალი დააგროვა, მაგრამ თუ პროცესი ისე წავიდა, როგორც ბოლო ერთი კვირა მიდის მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით, მმართველი ძალის მიერ დაგროვილი ეს კაპიტალი ძალიან სწრაფად განიავდება და სულ უფრო რთული იქნება იმის თქმა, ვინ რა პოლიტიკური კაპიტალით შეხვდება არჩევნებს.

ხელისუფლებამ პანდემიაზე საკმაოდ დიდი კაპიტალი დააგროვა, მაგრამ თუ პროცესი ისე წავიდა, როგორც ბოლო ერთი კვირა მიდის მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმასთან დაკავშირებით, მმართველი ძალის მიერ დაგროვილი ეს კაპიტალი ძალიან სწრაფად განიავდება და სულ უფრო რთული იქნება იმის თქმა, ვინ რა პოლიტიკური კაპიტალით შეხვდება არჩევნებს

მე არ ვიცი რას მოიმოქმედებს ხელისუფლება. არადა, ძირითადად მმართველ გუნდზეა დამოკიდებული როგორი პოლიტიკური გარემო იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.

ბატონ ვოლსკის განცხადებაზე კი, ერთი ცნობილი გამონათქვამი გამახსენდა და ამ გამონათქვამის პერიფრაზით გიპასუხებთ - ცნობები ოპოზიციის გარდაცვალების შესახებ აშკარად გადაჭარბებულია.

ცნობები ოპოზიციის გარდაცვალების შესახებ აშკარად გადაჭარბებულია

ხელისუფლება ცდილობს ოპოზიცია სააკაშვილს დაუკავშიროს და ამით მოახდინოს მისი დისკრედიტაცია. მაგრამ, საგანგებო მდგომარეობის შემდეგ როგორც სივრცე გაიხსნება, ოპოზიცია ასპარეზზე გამოვა და საკმაოდ მძლავრადაც.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს