ეკა ადამია - სავსებით შესაძლებელია, რომ სახელმწიფო პროგრამაში დარჩენილმა კლინიკამ პაციენტების გაზრდილი რაოდენობა მართოს და არ შეიქმნას რიგების პრობლემა

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობას თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, ჯამში, 56 სამედიცინო დაწესებულება აღარ გააგრძელებს. ამ დაწესებულებებით დაახლოებით, 90 ათასი ადამიანი სარგებლობდა, რომლებიც სხვა, გეოგრაფიულად მათთვის ხელმისაწვდომ დაწესებულებებში გადანაწილდებიან. რატომ ეთიშება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას 56 კლინიკა, დაიხურებიან თუ არა სახელმწიფოს დაფინანსების გარეშე დარჩენილი კლინიკები და რა ბედი ელის იქ დასაქმებულ მედპერსონალს, ამ და სხვა თემებზე "ინტერპრესნიუსი" ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსს, ეკა ადამიას ესაუბრა.

- ქალბატონო ეკა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის აღიარებული მიზანი იყო ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო საყოველთაო ხელმისაწვდომობის პრინციპს ეფექტიანობაზე ცვლის?

- კატეგორიულად არ შეიძლება ასეთი შეფასება, იმიტომ რომ ეს არ არის ხელმისაწვდომობის ხარჯზე გაზრდილი ეფექტიანობა. აქ არის სელექციის პირობა. სახელმწიფომ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს გარკვეული პირობები განუსაზღვრა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს იმისთვის, რომ მოქალაქეებმა მიიღონ ხარისხიანი სერვისი. რა თქმა უნდა, მათთვის გეოგრაფიულადაც უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ეს პრინციპები ამ ზოგად მოთხოვნებში თავიდანვე გათვალისწინებული იყო. ჩვენ საქმე გვქონდა ისეთი კატეგორიის დაწესებულებებთან, რომელსაც მაგალითად, ჰყავდა 200, 400, 1000 დარეგისტრირებული პაციენტი. ეს ისეთი რაოდენობებია, რომელიც სახელმწიფო დაფინანსების პირობებში ვერანაირ ეფექტურ სერვისს ვერ მიაწვდის ბენეფიციარს. შეიძლება ასეთი ტიპის დაწესებულება სახელმწიფოსგან ფულის მიღების წყაროდ იქცეს და სერვისი ვერ განახორციელოს. ამიტომ სელექციის პირობებში ჩაიდო ეს და პირველ რიგში, იყო საუბარი რაოდენობაზე. მეორე რიგში არის დამატებითი პირობები განსაზღვრული, რათა ხარისხი ყოფილიყო ამ დაწესებულებებში ბენეფიციარების მომსახურების თვალსაზრისით. ჩვენ წინასწარი სურათი, რომელ ლოკაციაზე რა ტიპის დაწესებულებაა, რა ტიპის მოსახლეობას ემსახურება, თავიდანვე გვქონდა. პაციენტისთვის არ მცირდება არანაირი ხელმისაწვდომობა არც ექიმების რაოდენობაზე, არც პროგრამის ბაზისურ ნაწილზე. ჩვენ ასევე, სავალდებულოდ განვსაზღვრეთ პრევენციული სერვისების მიწოდების ვალდებულება, იმიტომ, რომ ზოგი ამბულატორია არ აწვდიდა ყველა სერვისს. მაგალითად, როგორიცაა იმუნიზაციის, ცე ჰეპატიტის, სკრინინგ სერვისი ანუ პრევენციული პირველადი ტიპის ღონისძიებების ვალდებულება განვუსაზღვრეთ ყველამ რომ მიაწოდოს.

- 56 კლინიკისთვის დაფინანსების შეწყვეტის ფონზე, როგორ დაიცავით გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპი?

- ჩვენ რომ გადავთვალეთ როგორი მდგომარეობა იყო ბაზარზე, ზოგიერთი დაწესებულება შეერწყა ერთმანეთს ანუ რაღაც სურათი დალაგდა. იმ ლოკაციებზე, რომლებიც რჩებოდა საყოველთაო პროგრამის მიღმა, საბჭომ გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღო და მინისტრის ბრძანებით გამონაკლისები დაიშვა. მაგალითად, ძალიან რთულია ლილოს ტერიტორიიდან უახლოეს ამბულატორიაში მოსვლა. შორი მანძილია, ასევე, ფონიჭალა, დაბა წყნეთის ამბულატორია, ზაჰესის ტერიტორიაზე მდებარე ამბულატორია, დაბა მახინჯაურის ამბულატორია. ასეთი ამბულატორიების შემთხვევაში დაიშვა გამონაკლისები და მათ შემთხვევაში რაოდენობაზე არ იქნა აქცენტი გაკეთებული. პირიქით, გეორგაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით საბჭომ იმსჯელა და ეს ამბულატორიები დარჩნენ საყოველთაო პროგრამის ფარგლებში. ასე რომ, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა პირდაპირ იყო გათვალისწინებული ჩვენი სელექციის კრიტერიუმებში და ამაზე თავიდანვე ვაპელირებდით.

- იმ 200, 300 და ა.შ ბენეფიციარს, რომლებსაც მომსახურებას დაფინანსების მიღმა დარჩენილი სამედიცინო დაწესებულებები უწევდნენ, ახლა ვინ მოემსახურება?

- ამ ბენეფიციარების გადარეგისტრირება მოხდება მათი გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპით იმ უახლოეს ამბულატორიებში, რომლებიც დარჩნენ სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამაში. ამას გადაარეგისტრირებს ავტომატურად სოციალური მომსახურების სააგენტო, თუმცა, პაციენტებს ორი თვის შემდეგ ექნებათ შესაძლებლობა, რომ თავიანთი სურვილით შეიცვალონ ამბულატორია. უკვე დაწყებული აქვს სოციალური მომსახურების სააგენტოს პაციენტების გადარეგისტრირების პროცესი.

- რატომ ვერ შეძლებდნენ მცირეკონტიგენტიანი კლინიკები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებისთვის სრულყოფილი სერვისების მიწოდებას?

- საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში თითოეულ ბენეფიციარზე გაიცემა გარკვეული თანხა და ეს თანხა არ არის ისეთი, რომ მცირე რაოდენობის ბენეფიციარის შემთხვევაში, კლინიკამ შეძლოს მინიმუმ როგორც თავისი თავის შენახვა, ასევე არაპირდაპირი ხარჯების გაწევა, კომუნალური გადასახადების გადახდა. როდესაც თავის დროზე გათვლები გაკეთდა, დაანგარიშდა გარკვეული რაოდენობის ბენეფიციარის შემთხვევაში როგორი უნდა ყოფილიყო ეს დაფინანსება. შესაბამისად, ამაზე ნაკლები ბენეფიციარის შემთხვევაში, დაწესებულება უბრალოდ ვერ იღებს იმ ოდენობის ფინანსურ მოცულობას, რომ თავიც შეინახოს, პერსონალიც შეინახოს და შესაბამისი ხარისხის მომსახურება გაუწიოს ბენეფიციარებს. ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. რაოდენობაზე გაკეთდა თავიდანვე აქცენტი. მიუხედავად იმისა, რომ 13 ათასი იყო მოთხოვნილი, ჩვენი გადაწყვეტილებით პროგრამის ფარგლებში დარჩნენ დაწესებულებები, პრაქტიკულად ყველა, ვისაც 7000 და მეტი ბენეფიციარი ჰყავს. ესენი არიან საკმაოდ მძლავრი დაწესებულებები. მათ შეუძლიათ დაიმატონ, გამსხვილდნენ. ვინაიდან კორონავირუსის გავრცელების გამო, მათ არ ჰქონდათ თავისუფალი მარკეტინგის წარმოების შესაძლებლობა, ვერ მოიძიებდნენ ბენეფიციარებს, ამ ეტაპზე, საბჭომ დაუშვა, რომ მათაც მიეცეთ შანსი, ფუნქციონირება რომ გააგრძელონ და ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ გამსხვილდნენ. 7000-დან - 10000 ბენეფიციარამდე არის 12 დაწესებულება. 10 ათასიდან -13 ათასამდე ჰყავს დაახლოებით 11 დაწესებულებას ანუ მათ დიდი რესურსი აქვთ. ამრიგად, ასეთ დაწესებულებს ჩვენ ხელს შევუწყობთ და მივცემთ განვითარების შესაძლებლობას. როცა სელექციის კრიტერიუმები შევიმუშავეთ, თავიდანვე დაიდო ეს პირობა, რომ 13 ათასზე ნაკლები თუ ჰყავს დაწესებულებას ბენეფიციარი, ამ კაპიტაციის პირობებში, ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ექიმიც კმაყოფილი ჰყავდეს, მოგებაზეც წავიდეს, კომუნალური ხარჯიც გადაიხადოს და ყველა სერვისი, რაც ბენეფიციარს დასჭირდება, მიაწოდოს. ამ ყველაფრისთვის საკმარისი რომ იყოს ეს თანხა, უნდა იყოს რაღაცა რაოდენობა ბენეფიციარი. მცირე რაოდენობის ბენეფიციარების შემთხვევაში კლინიკას მხოლოდ საკუთარი თავის შენახვა შეეძლო და არა ბენეფიციარებისთვის სრულფასოვანი სერვისების მიწოდება. ეს იყო არგუმენტები.

- იმის გათვალისწინებით, რომ მცირეკონტიგენტიანი კლინიკების უმრავლესობის ძირითადი დაფინანსების წყარო სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამა იყო, ამის გაუქმების შემდეგ, ეს 56 კლინიკა რითი იფუნქციონირებს? ანუ რა სერვისები ექნება? შეიძლება ითქვას, რომ 56 კლინიკა დახურვის ზღვარზეა? რა ბედი ელის მედპერსონალს?

- ამ კლინიკებში დასაქმებული მედპერსონალისთვის, რა თქმა უნდა, შეთავაზებული იქნება სხვა კლინიკებში ვაკანსიები. იმიტომ, რომ თუ პროგრამაში დარჩენილ სამედიცინო დაწესებულებებს ბენფიციარების ოდენობა ეზრდება, რა თქმა უნდა, ექიმების ზრდის საჭიროება დაუდგებათ. შესაბამისად, მედპერსონალს დასაქმების შესაძლებლობა და შანსი ექნება.

- მათ დასაქმებაში სახელმწიფო შეუწყობს ხელს თუ თავად უნდა მოძებნონ ალერნატიული დასაქმების არეალი?

- ჩვენ ასე ხომ ვერ ჩავერევით? მათ ექნებათ ამ კლინიკებისგანაც შემოთავაზებები და თვითონაც ექნებათ ამის შესაძლებლობა რომ შესთავაზონ. ოჯახის ექიმების დეფიციტია რეალურად ქვეყანაში, მიუხედავად ჭარბი რაოდენობისა. არის გამოცხადებული კონკრეტულ დაწესებულებებში ვაკანსია და იქ კადრი არ შემოდის. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ მათ პრობლემები არ უნდა ჰქონდეთ სხვა დაწესებულებაში დასაქმების მხრივ.

- თქვენ თქვით რომ გამსხვილებული კლინიკები თვითონვე მოიზიდავენ დაფინანსების გარეშე დარჩენილი კლინიკებიდან მედპერსონალს, მაშინ გამოდის რომ კლინიკები სახელმწიფო დაფინანსების და მედპერსონალის გარეშე შეიძლება დარჩეს? ემუქრებათ მათ დახურვა?

- თუ ვერ შეძლებენ სხვა საქმიანობის წარმოებას და სახელმწიფო პროგრამის გარეთ ფუნქციონირებას, ალბათ, დაიხურება. სახელმწიფო დაფინანსების პირობებში ნათლად იყო გაწერილი, რომ მათ სერვისი უნდა მიეწოდებინათ ბენეფიციარისთვის და იმიტომ უნდა ყოფილიყო სახელმწიფო პროგრამის მიმწოდებელი და არა იმიტომ, რომ თავი შეენახა და ალაგ-ალაგ სისხლის ანალიზი გაეკეთებინა ბენეფიციარისთვის. ასეთ შემთხვევაში, კლინიკა უბრალოდ ვერ შეძლებდა ან რაოდენობის ბენეფიციარით ამ სერვისის მიწოდებას. ამიტომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, სახელმწიფო ფული არამიზნობრივად არ უნდა დაიხარჯოს და სახელმწიფო ფული მიმართული უნდა იყოს ბენეფიციარის მომსახურებისკენ.

- რამდენად არიან მზად ის კლინიკები და ამბულატორიები, რომლებიც განაგრძნობენ პროგრამაში მონაწილეობას, გაზრდილი ნაკადების შემთხვევაში, პირველადი ჯანდაცვის სერვისებთან ერთად, სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება გასწიონ? ხომ არ იქნება რიგების მართვის პრობლემა?

- სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 7000-დან -13 ათასამდე ბენეფიციარის მქონე დაწესებულებებსაც მივცეთ დაფინანსება. 13 ათასის ზემოთ მყოფი კლინიკები კი არ გავამსხვილოთ დამატებით და შევქმნათ დიდი თავმკომბალები, არამედ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მიხედვით, ამ პროგრამაში დარჩენილებს მივცეთ დამატებითი განვითარების შესაძლებლობა, რომ ამ ლოკაციაზე მქონდეს ასევე მსხვილი ერთეულები, რომლებიც ამ ნაკადებსაც გაუძლებენ და არც ისეთი რიგები იქნება, რაც შეიძლება იყოს დიდი და მსხვილი ცენტრების შემთხვევაში. სავსებით შესაძლებელია, რომ კლინიკამ გაზრდილი პაციენტების რაოდენობა მართოს ისეთნაირად, რომ აქ არ იყოს რიგების პრობლემა. არსებული მსხვილი კლინიკების მაგალითზე შეიძლება ეს ვთქვათ. იმ დაწესებულებებზე გაკეთდა აქცენტი, რომლებსაც 7000-დან - 13 ათასამდე ბენეფიციარი ჰყავთ, რომ ამ დაწესებულებებს, ამ ეტაპზე, მიეცეთ დამატებითი შესაძლებლობა, განივითარონ თავი.

- ანუ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, პირველ ეტაპზე ბენეფიციარებით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დარჩენილი ის კლინიკები შეივსებიან, რომლებსაც 7000-დან - 13 ათასამდე რეგისტრირებული პაციენტი ჰყავთ?

- აქცენტი იქნება პაციენტის გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობაზე გაკეთებული. პირველი რიგის ამოცანა იქნება ეს. კლინიკა თვითონ მუშაობს ამაზე, რომ პაციენტები დაარეგისტრიროს თავისთან და შესთავაზოს სხვადასხვა სერვისები. მათი სამუშაოა, ჩვენ აქედან ხელოვნურად არ ვახორციელებთ. გადამაგრების შემთხვევაში, რითიც იხელმძღვანელებს სოციალური მომსახურების სააგენტო, იქნება პაციენტის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა.

- იმ შემთხვევაში თუ დაემატება კლინიკებს ბენეფიციარები, სამედიცინო პერსონალის ანაზღაურებაზე ეს აისახება?

- რეალურად მათ ეს ანაზღაურებაც უნდა გაეზარდოთ. მართალია, ეს შიდა მენეჯმენტის თემაა, თუმცა, ამას ჩვენ რაღაც დონეზე შევხედავთ. რეალურად, რა თქმა უნდა, მათ როგორც რაოდენობა მოემატებათ ბენეფიციარების, შესაბამისად უნდა გაეზარდოთ ანაზღაურებაც.

- თქვენ კი თქვით, რომ ბუნებრივად გაჩნდება მედპერსონალის მოთხოვნა და გადანაწილდებიან იმ კლინიკებში, რომლებიც ფუნქციონირებას აგრძელებენ, მაგრამ მაინც რჩება კითხვა, რომ ამ ადამიანების ნაწილი მაინც დარჩება სამსახურის გარეშე, თუ ეს 56 კლინიკა ვერ გააგრძელებს დამოუკიდებლად ფუნქციონირებას. ასეთ შემთხვევაში, თუ გაქვთ რაიმე კონკრეტული გეგმა შემუშავებული პოტენციურად სამსახურის გარეშე დარჩენილ მედპერსონალთან დაკავშირებით?

- რეალურად კადრის სიჭარბე ამ მიმართულებით არ გვაქვს. ამიტომ ამ ლოგიკით და ამ გათვლიდან გამომდინარე ეს პირები არ უნდა დარჩნენ დასაქმების გარეშე. სხვა ალტერნატიული სამუშაოს შეთავაზება ნამდვილად არის მათთვის შესაძლებელი, იმ კლინიკების მიერ, რომლებიც აგრძელებენ ფუნქციონირებას.

ქეთი გიგოლაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა