საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებული პირები კვლავ პატიმრობაში რჩებიან.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკავებული 4 პირის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გადაისინჯა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნატო ხუჯაძის გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთი დაკავებულის, პეტრე ყუფარაძის ადვოკატმა ვაჟა არობელიძემ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა და სასამართლოს ალტერნატივის სახით 5 000-ლარიანი გირაო შესთავაზა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზეც იმსჯელეს და სხდომა 14 მაისს, 11:00 საათამდე გადაიდო.
ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში 2 პირია მიცემული, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის კი 3 პირი. 5 პირიდან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 4-ს აქვს შეფარდებული.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. შემთხვევა თბილისში, ვერაზე მოხდა. ცოტნე გამსახურდია თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში, სადაც მკურნალობის კურსს ამ დრომდე გადის.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"