გიორგი ვაშაძე - ჩვენმა საერთო ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და ხელისუფლება იძულებული გახდა, საკუთარი პირველადი მავნებლური გეგმა შეეცვალა

„ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საერთო ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და ხელისუფლება იძულებული გახდა, „კრიზისიდან გამოსასვლელად საკუთარი, პირველადი, მავნებლური გეგმა შეეცვალა“.

ვაშაძის თქმით, მთავარია, ეს გეგმები დაპირებებად არ დარჩეს და ეკონომიკის სწრაფად გახსნისათვის დროული და ქმედითი ღონისძიებები დაიგეგმოს.

„ახალი საქართველოს" ლიდერს მიაჩნია, რომ „მოახლოებული სასურსათო კრიზისის ფონზე, ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, პრიორიტეტი სოფლის ხელშეწყობასა და აგრო სექტორის განვითარებას მიენიჭოს“.

„ჩვენმა საერთო ძალისხმევამ შედეგი გამოიღო - ხელისუფლება იძულებული გახდა, საკუთარი პირველადი მავნებლური გეგმა შეეცვალა და ჩვენ მიერ ორშაბათს შეთავაზებული მასობრივი შიმშილისგან თავის არიდების და ეკონომიკის სწრაფი ამოქმედების გეგმა გაიზიარა, რომელიც ეკონომიკის ამოქმედებას, რა თქმა უნდა, ეპიდუსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვის პირობებში გულისხმობს.

კარგია, რომ მთავრობამ ჩვენი გეგმის შესაბამისად, ორი თვით გადმოწია მათ მიერ შიდა ეკონომიკის გახსნისათვის განსაზღვრული თარიღი. ასევე, ჩვენი გეგმის შესაბამისად, წლის ბოლოდან პირველ ივლისამდე გადმოიწია მათ მიერ თავდაპირველად დადგენილმა საზღვრების გახსნის თარიღმაც. ახლა, მთავარია, რომ ეს გეგმები არ დარჩეს დაპირებებად და დროული, რეალური, ქმედითი ღონისძიებები დაიგეგმოს მოსახლეობის შიმშილის საფრთხის არიდებისა და ეკონომიკის სწრაფად გახსნისათვის, მათ შორის ქვეყნისთვის ისეთი სასიცოცხლოდ მნიშველოვანი სექტორის გახსნა-ამუშავება, როგორიც არის სამასპინძლო-ტურისტული და ავტომობილების რეექსპორტირების ბიზნესი.

ამასთან ერთად, მოახლოებული სასურსათო კრიზისის ფონზე, ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პრიორიტეტი სოფლის ხელშეწყობასა და აგრო სექტორის განვითარებას მიენიჭოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ თუ ერთიანი ძალებით ვიმოქმედებთ, შეგვიძლია მთავრობა ვაიძულოთ, ხელი აიღოს კრიზისის საკუთარი პოლიტიკური და ფინანსური მიზნებისთვის გამოყენებაზე, მაგრამ ეს არ არის გარანტია იმისა, რომ თუ ხვალ მოვდუნდებით, ხელისუფლება სხვადასხვა მიმართულებით იგივეს არ შეეცდება. მჯერა, რომ მიუხედავად სირთულეებისა, საერთო ძალისხმევით თავს დავაღწევთ, როგორც კორონა ვირუსს, ასევე მასთან დაკავშირებულ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის კომენტარს „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს