ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2020

რამაზ საყვარელიძე - “ბევრმა უკრაინელმა სააკაშვილის დანიშვნაში რუსული კვალის ძებნაც დაიწყო”

საქართველოში ახალი ფაზა დაიწყო - ეპიდემიის დასასრულის დასაწყისი

ეპიდემიოლოგი ხათუნა ზახაშვილი - “ნელ-ნელა ვისწავლით ცხოვრებას ახალ კორონავირუსთან ერთად”

რამდენად უსაფრთხოა საქართველოში ტურიზმის სექტორის მსოფლიოში ყველაზე ადრე გახსნა

ბადრი ჯაფარიძე - “ოცნებას” პრობლემების მხოლოდ ფრაგმენტულად დანახვა სჩვევია“

* * *

რამაზ საყვარელიძე - “ბევრმა უკრაინელმა სააკაშვილის დანიშვნაში რუსული კვალის ძებნაც დაიწყო”

“დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს გადაწყვეტილება ზელენსკის არ ეკუთვნოდა, ამას რომ უკრაინის პრეზიდენტისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონოდა, ვფიქრობ, მოახერხებდა, რომ სახელისუფლებო პარტიის დეპუტაცია დაერწმუნებინა დაემტკიცებინათ სააკაშვილი ვიცე-პრემიერად. მას ამისთვის ხელიც კი არ გაუნძრევია, ეს ყველაფერი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ზელენსკი რაღაც ფაქტორების წნეხში მოექცა და იძულებული შეიქნა ასე მოქცეულიყო. ვფიქრობ, უკრაინის გარეთ უნდა ვეძებოთ ძალები, რომელთაც ზელენსკიმ უარი ვერ უთხრა და რომელთა ზეწოლითაც გადადგა ეს საჩოთირო ნაბიჯი. ამ საბჭოს თავმჯდომარედ დანიშვნით, რომელიც საკმაოდ უმნიშვნელო თანამდებობაა, თითქოს რაღაც ხარკი მოიხადა, თანაც, თუ დასჭირდა, სააკაშვილს ადვილად დაემშვიდობება. თუმცა სხვა საკითხია, თვითონ სააკაშვილს რა გეგმები აქვს. ის ძალიან ამბიციური ადამიანია და როგორც ერთმა უკრაინელმა პოლიტიკოსმა შენიშნა, არავინ იცის, რამდენ ხანს დასჯერდება ამ საბჭოს თავმჯდომარეობას”, - აცხადებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ბევრმა უკრაინელმა სააკაშვილის დანიშვნაში რუსული კვალის ძებნაც დაიწყო”.

“მოგეხსენებათ, ზელენსკის წინამორბედმა პოროშენკომაც თავის დროზე ყურად არ იღო საქართველოს პოზიცია. ვფიქრობ, ჩვენს ხელისუფლებას მაშინ რომ ჰქონოდა ამგვარი ხისტი რეაქცია, რაც ახლა ვნახეთ, ზელენსკი პოროშენკოს ნაბიჯს აღარ გაიმეორებდა. ვფიქრობ, უკრაინული მხარე ნამდვილად არ იქცევა როგორც კარგი პარტნიორი. ზოგიერთ უკრაინულ, უმეტესად, რა თქმა უნდა, ზელენსკისადმი ოპოზიციურად განწყობილ ჯგუფებში გაიხსენეს ისიც, რომ ზელენსკის გარკვეულ ეტაპზე რუსეთის მიმართ ლოიალურ ფიგურად მიიჩნევდნენ. ზოგიერთმა უკრაინელმა ოპოზიციონერმა ისიც თქვეს, დღეს თუ ვინმეს სჭირდება უკრაინასა და საქართველოს შორის დაძაბულობისა და განხეთქილების ჩამოგდება, ეს რუსეთია. მხოლოდ რუსეთს აწყობს უკრაინაში პოლიტიკური დაძაბულობის ახალი კერის გაჩენაო, რისი ორგანიზებაც სააკაშვილს კარგად შეუძლია. ზელენსკის ეტყობა დაავიწყდა რა მოუწყო პოროშენკოს, რამხელა თავსატეხად ექცა, რამდენჯერ მოუწია იმჟამინდელ ხელისუფლებას სააკაშვილის ქვეყნიდან გაგდება. უკრაინისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა საერთაშორისო თვალსაზრისით მნიშვნელოვანია და რუსეთი, რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით წავა ამ ტანდემის დაშლაზე. ამიტომ ამ დანიშვნაში ბევრმა უკრაინელმა რუსული კვალის ძებნაც დაიწყო”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“თუ გავიხსენებთ კიდევ ერთხელ, რომ საქართველოსა და უკრაინის კონფრონტაცია რუსეთს ხელს აძლევს, საქართველო ამ კონფრონტაციაზე არ უნდა წავიდეს და ვფიქრობ, არც წავა. კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენთვის უკრაინასთან სტრატეგიული თანამშრომლობა, უკავშირდებოდა ევროპული ქვეყნების ყურადღებას უკრაინისადმი, და ეს ყურადღება, საქართველოსთან შედარებით, გაცილებით მასშტაბური იყო. ამიტომაც სურდათ ქართველებს უკრაინასთან მიწებება, რათა ევროპელებს ჩვენი პრობლემები უკრაინის პრობლემებთან ერთად დაენახათ. მაგრამ დრო ყველაფერს ცვლის. სავარაუდოდ, კორონავირუსი ამ მხრივაც შეიტანს კორექტივებს სახელმწიფოთა ურთიერთობებში. დღეს საქართველოს მიერ მიღწეულმა შედეგმა ყველას დაანახა, რომ საქართველო არის უკვე სახელმწიფო. ევროპული ქვეყნების შეფასებებიც ცხადყოფს, რომ ჩვენი ქვეყნისადმი დამოკიდებულება მნიშვნელოვნად იცვლება და მალე შესაძლოა აღარ იყოს საინტერესო, საქართველოს საკითხს აქტუალურობის თვალსაზრისით რომელ კალათაში და ვისთან ერთად განიხილავენ. პარადოქსია, მაგრამ ფაქტი - საქართველოს უკვე თავისი ადგილი ეძებნება მსოფლიო რუკაზე სწორედ კორონავირუსთან დაკავშირებით”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“როცა რაღაცას მიაღწევ ადამიანი თუ სახელმწიფო, უფრო მეტი პატივისცემით გეპყრობიან. ამ თვალსაზრისით, მეორეხარისხოვნობის განცდა სულ გვქონდა, მაგრამ დღეს საქართველოს აღქმა ევროპის თუ მთელი მსოფლიოს პრიზმიდან იცვლება. რაც შეეხება უკრაინასთან პარტნიორობას, ვხედავთ, რომ ერთ დროს საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა იყო მსოფლიოსთვის საინტერესო. ჩვენი ქვეყნები ქმნიდნენ ენერგეტიკულ დერეფანს, მაგრამ აზერბაიჯანის პოლიტიკამ აჩვენა, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთვის მხოლოდ რეგიონული და კარგი პარტნიორია, მაგრამ საერთაშორისო დონეზე საქართველოსთან ერთად არ იბრძვის. მას ბრძოლის სხვა მეთოდები აქვს - რუსეთთან მანევრირებს და ა.შ. ასე რომ, დროთა განმავლობაში სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში სხვადასხვა დონეზე პარტნიორები იცვლებიან. თუ უკრაინასთან პარტნიორობაში ბზარი გაჩნდება, ამას დიდ ტრაგედიად არც უკრაინა აღიქვამს და არც საქართველო, რადგან არც ეს ბზარი იქნება მუდმივი. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, თუ მოსაგვარებელი დაგვრჩა ზოგიერთი საკითხი, არა უშავს, მომავალში გადავწყვეტთო”, - ამბობს ექსპერტი.

“ჰო, იქნებ უცხოეთიდან კორონავირუსთან წარმატებული ბრძოლის შეფასებების შემდეგ მაინც ვირწმუნოთ, რომ ყველას ერთად რაღაც გამოგვივიდა, თორემ ქართველებს ძალიან გვიჭირს საკუთარი წარმატების დაჯერება და ამას თავის მიზეზები აქვს. საქართველო საუკუნეთა განმავლობაში მარცხის განცდით იყო დატვირთული. ჩვენს დასაპყრობად მუდამ დიდი იმპერიები მოდიოდნენ, რომლებთან გამარჯვებისთვისაც ძალა არ გვყოფნიდა. ამ ქრონიკულმა მარცხმა, რასაც დაემატა უახლეს ისტორიაში მარცხების სერია, ჩვენს ცნობიერებაში დამარცხებულის განცდა გააჩინა. ამას ფსიქოლოგიაში დასწავლილი უსუსურობა ჰქვია, როდესაც გამოცდილებით მიღებული ფსიქოლოგიური განწყობით მიიჩნევ, რომ უსუსური ხარ, არადა, რეალურად გამოსავლის მოძებნა და გამარჯვების მიღწევაც შეგიძლია. მასმედიაც პედალირებას აკეთებს დიდწილად შეცდომებსა და ნეგატივზე, არადა, ამ დროს დასწავლილი უსუსურობის დასაძლევად ჩვენს ხალხს მუდმივად იმაზე სჭირდება ლაპარაკი, რომ რაღაც გამოსდის. საუკუნეების განმავლობაში გამარჯვების დეფიციტი გვქონდა და ამიტომ არის, რომ გამარჯვებას ვერ ვიჯერებთ. გეთანხმებით, რომ არც პრობლემებზე თვალის დახუჭვა ივარგებს და თავი არ უნდა მოვიტყუოთ, მაგრამ სასურველია მცირე წარმატებაც კი უყურადღებოდ არ დაგვრჩეს. რაც შეეხება წარმატებას კორონავირუსთან ბრძოლაში, დღეს ეს იმდენად თვალსაჩინოა, შეუძლებელია ვერ დაინახო”, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

“მარტო სამეზობლოს რომ შევხედოთ, ინფიცირებულთა თუ გარდაცვლილთა რიცხვებში იმხელა სხვაობაა, ნამდვილად გვაქვს საფუძველი იმის თქმისთვის, რომ ჩვენმა სტრატეგიამ გაამართლა. ეს კი მოხდა ხელისუფლების, კონკრეტულად გახარიას სწორი მოქმედებებით, რომელიც, თავის მხრივ, მთლიანად ეფუძნებოდა პროფესიონალთა აზრსა და გადაწყვეტილებებს. მათგან, ვინც კი პრეზიდენტი თუ პრემიერი გვყოლია, მიჭირს თქმა, თუ ვინ შეძლებდა ასეთი შედეგის მიღწევას. ალბათ, დააკვირდებოდით “ნაციონალურ მოძრაობას” ამ პანდემიის დროს. ისინი პროფესიონალებს გამუდმებით ასწავლიან ჭკუას, რა როგორ უნდა გააკეთონ, ლამის ექიმებს მიუთითებენ, როგორ უმკურნალონ პაციენტებს. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაშიც ასე არ მოიქცეოდნენ? ანალოგიური შეცდომები დაუშვეს სხვა ქვეყნების ხელისუფლებებმაც. მაგალითად, იტალიაში კვირების განმავლობაში კამათობდნენ პოლიტიკოსები, უნდა შეეზღუდათ თუ არა პირადი სივრცე მოქალაქეებისთვის? ჩინეთში პოლიტიკური კონიუნქტურის გამო არათუ არ მოუსმინეს საწყის ეტაპზე ექიმებს, არამედ ზოგი გააჩუმეს, ზოგი კი გააქრეს. ზოგიერთ ქვეყანაში ექიმებს ყურადღება არც მიაქციეს და საბოლოოდ მსოფლიოში ის სურათი მივიღეთ, რაც მივიღეთ. საქართველოში კი გადაწყვიტეს მოესმინათ ეპიდემიოლოგებისა და ექიმებისთვის”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“ბედად ჩვენი ექიმებიც მაღალი კლასის აღმოჩნდნენ, ეს ჭაღარა ექიმები, რომლებიც თვითონ რისკის ჯგუფში არიან. ამ ტანდემმა, ერთი მხრივ, ხელისუფლებამ, რომელმაც საკუთარ თავზე არ აიღო გადაწყვეტილებების მიღება, მეორე მხრივ კი ექიმებმა, რომლებიც არ შეუშინდნენ პასუხისმგებლობას, შეძლეს ეს ყველაფერი. ხშირად ჰგონიათ, რომ ევროპულ თუ ამერიკულ გადაწყვეტილებებს, გამოცდილებას წყალი არ გაუვა, ჩვენი ექიმები კი ადგნენ და არ შეასრულეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ის რეკომენდაციები, რაც სწორად არ მიიჩნიეს და საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ მართლები იყვნენ. ეს პროფესიული თავდაჯერებულობა, ვფიქრობ, გადამწყვეტი იყო. კიდევ იყო ერთი მიზეზი - შიში იმისა, რომ თუ ვირუსი მასშტაბურად გავრცელდებოდა, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ამას ვერ გაუძლებდა. ამიტომ ყველაფერი გააკეთეს ამის თავიდან ასაცილებლად. რა თქმა უნდა, უნდა ვახსენოთ ჩვენი საზოგადოებაც, რომელიც სამაგალითოდ მოიქცა. მან გამოვლინა საოცარი უნარი იმისა, რომ საჭიროების შემთხვევაში შეუძლია დიდი მობილიზება და გერმანელზე უფრო წესრიგიანად, ინგლისელზე უფრო რაციონალურად მოქცევა. ვფიქრობ, ექიმებთან ერთად, მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს საზოგადოებასაც.… ქართული ზომიერი სიფრთხილის სანიმუშო მაგალითი იყო ის, რომ ჩვენმა ხალხმა აღდგომის დღესასწაული არ დათმო, ეკლესიის კარი არ დახურა და ისე მოიქცა, რომ სადღესასწაულო დღეებში არავინ დაავადებულა. იმედია, ამ სიფრთხილით მოვიქცევით უახლოესი კვირების განმავლობაშიც, რადგან ეს შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ქვეყნის ცხოვრების ნორმალურ კალაპოტში დასაბრუნებლად”, - თვლის ექსპერტი და შეკითხვაზე - “მთავრობამ წარმოადგინა ანტიკრიზისული გეგმა. საინტერესოა, როგორ აფასებთ მას?” - პასუხობს:

“ეკონომისტი არ გახლავართ და ძალიან გამიჭირდება მის ეკონომიკურ ეფექტურობაზე ლაპარაკი. თუმცა არის ერთი საკითხი, რაც ცოტა მაეჭვებს. როგორც უკვე მოვისმინეთ, ხელისუფლება მნიშვნელოვანი სახსრების მიმართვას ტურიზმის სფეროსკენ გეგმავს, რაც, ცოტა არ იყოს, არასწორი მგონია. მიუხედავად იმისა, რომ შიდა თუ საერთაშორისო ტურიზმის ასამუშავებლად ვადებიც ითქვა და უსაფრთხოების ზომების დაცვასაც დაგვპირდნენ, ძალიან საეჭვო მგონია, ამ სეზონზე ამ დარგის ამუშავება მოხერხდეს. რატომღაც მგონია, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილებები უფრო ინერციით არის განპირობებული. ვგულისხმობ პანდემიამდე პერიოდს, როდესაც პრიორიტეტული სწორედ ტურიზმი იყო, რაც ასევე არასწორია, და ეს კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა პანდემიამ. ტურიზმით ვერც ერთი სახელმწიფო ვერ ცხოვრობს. ამ პანდემიასთან ბრძოლაში ჩვენმა ხელისუფლებამ სპეციალისტებს დაუჯერა, დღევანდელი ეკონომისტების ფენიდანაც ხომ შეიძლება პროფესიონალთა ამორჩევა, რომელთა რჩევებსაც ხელისუფლება მოისმენს და გაითვალისწინებს. ჩინური ანდაზაა, მეფემ შეიძლება არ იცოდეს ყველაფერი, მაგრამ უნდა იცოდეს ის, ვინ იცისო”.

“ტურიზმიც უნდა განვავითაროთ, მაგრამ რაც უფრო მალე გამოვალთ იმ ვითარებიდან, როდესაც ეკონომიკის დარგებს შორის დომინანტური იქნება ტურიზმი, მით უკეთესი. ახლა არის ამის შესაძლებლობა და ამაში კორონავირუსმა შეიძლება დადებითი როლიც კი შეასრულოს. ბოლო ხანს ლაპარაკია ჩინეთიდან წარმოებების კავკასიაში გადმოტანაზე. გამორიცხული არ არის, ეს ნაწილობრივ მოხერხდეს კიდეც. წარმოების განვითარება არის ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მთავარი ქვაკუთხედი და იმედია, საამისოდ ყველაფერი გაკეთდება... ვფიქრობ, შეზღუდვების მოხსნისას სიფრთხილე გვმართებს. რაც შეეხება კომენდანტის საათს, ერთი ეჭვი გამიჩნდა, რასაც ხელისუფლება, ალბათ, საჯაროდ ვერ იტყვის. საქმე ის არის, რომ ქართველებს წვეულებები, რესტორნებში სიარული თუ შინ დღესასწაულების ხალხმრავალი აღნიშვნა ძალიან გვიყვარს, ეს ყველაფერი კი სწორედ საღამოს საათებში იგეგმება ხოლმე. ვფიქრობ, კომენდანტის საათის გაგრძელებით სწორედ ამგვარი ხალხმრავლობების თავიდან აცილებას ცდილობენ”, - დასძენს რამაზ საყვარელიძე.

საქართველოში ახალი ფაზა დაიწყო - ეპიდემიის დასასრულის დასაწყისი

“ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით, საქართველოში კლების ტენდენცია შეინიშნება, რაც, მედიკოსთა ნაწილის შეფასებით, ეპიდემიის პიკის გადავლის მანიშნებელია. თუკი დადებითი დინამიკა შენარჩუნდება, ქვეყანაში პანდემია პრაქტიკულად დამარცხებულად გამოცხადდება. უკვე მე-9 დღეა, ყოველდღიურ სტატისტიკაში, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ინფიცირების ახალ შემთხვევათა რაოდენობას უსწრებს. კლების ტენდენცია 2 მაისს დაიწყო და მე-9 დღეა გრძელდება. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა პრაქტიკულად გაუთანაბრდა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ ინფიცირებულთა რაოდენობას. 10 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 309 ადამიანი, მკურნალობას კი აგრძელებს 312. ინფექციონისტთა ნაწილი ეპიდემიის დასრულების ფაზაზე საუბრობს და თვლის, რომ ქვეყანა ახალ ეტაპზე გადადის, სადაც კლების ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება. დაახლოებით ერთ თვეში სიტუაცია შეიძლება იმდენად გამოსწორდეს, რომ საბოლოოდ, საქართველო კოვიდ-19-ზე გამარჯვებულად გამოცხადდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით საქართველოში ახალი ფაზა დაიწყო - ეპიდემიის დასასრულის დასაწყისი.

“თბილისი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე აღნიშნავს, რომ ეპიდვითარების გამოსწორება სწორი მართვის შედეგია, რაშიც ასევე დიდი წვლილი საზოგადოებასაც მიუძღვის და გაცემული რეკომენდაციების დაცვის ფონზე, მდგომარეობა უფრო მეტად გამოსწორდება. “ეს მაჩვენებელი სწორი მართვის შედეგია, როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე სამედიცინო კუთხითაც. რაოდენობრივი შემცირება - ეს გახლავთ სწორი მართვის მაჩვენებელი, რაც მოსახლეობის დამსახურებაცაა, პრაქტიკულად ყველა რეკომენდაცია მაქსიმალურად შესრულდა. ახლა მთავარია, როდესაც შემცირდება გატარებული ღონისძიებები, ამ პერიოდში არ მოხდეს გავრცელება. მნიშნელოვანია, რომ დავიცვათ ყველა ის წესი, რაც იქნება გაცემული. თუ ასე გაგრძელდა, სავარაუდოდ აღარ იქნება დრამატული ზრდა... ჯერჯერობით დასრულებულად ვერ გამოცხადდება, რადგან ერთეული მატება ჯერ კიდევ არის”, - თქვა ენდელაძემ. როგორც ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ამბობს, თუკი დადებითი დინამიკა შენარჩუნდება, ივნისის დასაწყისისთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ეპიდვითარება გვექნება, ხოლო ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე მიიჩნევს, რომ შიდა გადაცემის ერთგვარი ჯაჭვი გაწყდა და სწორედ ამიტომ შეინიშნება დადებითი დინამიკაც”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თუ ასე გაგრძელდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პიკი გადავლილია და ნელ-ნელა ახალი შემთხვევების კლება დაიწყება, ისევე, როგორც ეს დაწყებულია სხვა ქვეყნებში - დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში. თუმცა, ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას, რომ ვიფიქროთ, რომ ყველაფერი დამთავრდა. ამიტომ შინაგანი შეზღუდვები ადამიანებმა უნდა შეინარჩუნონ - ჰიგიენური ნორმები და ფიზიკური დისტანცირება უნდა დაიცვან. სრულფასოვნად დასრულებულის გამოცხადება რთულია, მაგრამ თუ ასეთი ტენდენცია და დინამიკა შენარჩუნდა, სავარაუდოდ ივნისის დასაწყისისთვის ბევრად უკეთესი მდგომაროება გვექნება. შეიძლება იყოს ერთი-ორი შემთხვევა, მაგრამ საფრთხე იქნება ძალიან მცირე. შეიძლება ვთქვათ, რომ კორონავირუსის პანდემიის ეს ტალღა დასრულებულია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.

“ეს იმის მაჩვენებელია, რომ შიდა ჯაჭვები გაწყდა უკვე. ამაზე მოქმედებს ასევე ის, რომ ახალი კლასტერის ჩამოყალიბება არ ხდება, აღარ შემოდის გარედან ვირუსი. სწორედ აქედან მომდინარეობს ის განცხადებები, რომ ამ ეტაპზე კორონავირუსი პრაქტიკულად დავამარცხეთ. საბოლოო დამარცხება მაშინ გამოცხადდება, როდესაც აღარ იქნება ინფიცირებული, მაგრამ ჩვენ დავამარცხეთ ეპიდსიტუაციის თვალსაზრისით ვირუსის გეომეტრიული პროგრესით გავრცელების საშიშროება”, - განმარტავს გამოცემასთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე.

ეპიდემიოლოგი ხათუნა ზახაშვილი - “ნელ-ნელა ვისწავლით ცხოვრებას ახალ კორონავირუსთან ერთად”

“ჯერჯერობით ამ ვირუსთან ბრძოლას წარმატებით ვართმევთ თავს და მისი გავრცელების შეკავებასაც ვახერხებთ, თუმცა მსოფლიოში პანდემია გრძელდება და ცხადია, ჩვენთანაც მოიმატებს შემთხვევათა რაოდენობა. სამწუხაროდ, ახალი კორონავირუსის ზნე-ჩვეულებების შესახებ კვლავ ბევრი რამ უცნობია და როგორ განვითარდება მოვლენები, ძნელი სათქმელია. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ახალი კორონავირუსი უფრო გავრცელდება. ზოგიერთის აზრით, ამ ვირუსმა უკვე დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი და ადამიანებს­ დაგვიტოვა ერთადერთი გამოსავალი - ვისწავლოთ Covid 19-თან ერთად ცხოვრება. არსებობს ვარაუდი, რომ ზაფხულში ავადობის დაბალი მაჩვენებელი შენარჩუნდება, შემოდგომის ბოლოდან კი, სხვა რესპირაციული ვირუსების მსგავსად, ინფექცია კვლავ გააქტიურდება”, - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ეპიდემიოლოგი ხათუნა ზახაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „მთავარია, შეიქმნას ვაქცინა! შემდეგ განვიხილოთ, რა სჯობს - კორონას გადატანა თუ იმუნიზაცია!“

“უნდა დავიცვათ დისტანცირების წესი, მოვერიდოთ ხალხმრავალ შეკრებებსა და თავყრილობებს, ხშირად დავიბანოთ ხელები. ჰიგიენის მკაცრი დაცვა ყოველდღიური ცხოვრების წესად უნდა გვექცეს! ვისაც სიმპტომები გამოუვლინდება, შინ უნდა დარჩეს და დროულად მიმართოს ექიმს. რაც შეეხება სეზონზე სხვა ვირუსული ინფექციები გააქტიურდებას, საბედნიეროდ, გრიპის ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინა უკვე არსებობს და მომავალ სეზონზე მისი გამოყენება საჭირო და სასურველი იქნება, რადგან გრიპის იმუნიზაცია ხელს შეუწყობს, შემცირდეს ჯანდაცვის სისტემის დატვირთვა. ახლა ჯერ მთავარია, შეიქმნას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა! შემდეგ განვიხილოთ, რა სჯობს - კორონას გადატანა თუ იმუნიზაცია! არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვაქცინით მართვადი დაავადებები არსად გამქრალა! ისინი მაშინვე წამოჰყოფს თავს, როგორც კი იმუნიზაცია შემცირდება და, შესაბამისად, სასიკვდილო საფრთხის ალბათობაც გაიზრდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ზახაშვილი და შეკითხვაზე - “თქვენი ვარაუდით, როდის გვექნება ვაქცინა და თავსებადი იქნება თუ არა ის სხვა, მაგალითად, H1N1-ის ვაქცინასთან?” - პასუხობს:

“დღეს მსოფლიოს წამყვანი ინსტიტუტები ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე სხვადასხვა მიმართულებით მუშაობენ და მისი მწარმოებლები კარგად აბალანსებენ ვაქცინათა ურთიერთშეთავსების საკითხს. ამ მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის.

"რაც შეეხება კითხვას, ნაადრევია თუ არა შეზღუდვების მოხსნა, ამის პასუხი ყოველდღიური მონიტორინგია. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ევროპის ქვეყნები, რომლებმაც შეზღუდვების მოხსნა დაიწყეს, არ გამორიცხავენ, რომ საჭიროების მიხედვით წესები ისევ გაამკაცრონ. შეიძლება ჩვენთანაც ასე მოხდეს. ალბათ, ნელ-ნელა ვისწავლით ცხოვრებას ახალ კორონავირუსთან ერთად, მოსახლეობის ნაწილისთვის კი კონკრეტულ სიტუაციაში კვლავ სავალდებულო იქნება მოწოდება - “დარჩი სახლში”! სეირნობისა და სუფთა ჰაერზე ყოფნის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს - ისეირნეთ, იმოძრავეთ, იყავით აქტიური, ოღონდ დაიცავით დისტანცია.

რამდენად უსაფრთხოა საქართველოში ტურიზმის სექტორის მსოფლიოში ყველაზე ადრე გახსნა

“საქართველო გახდა მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის გლობალური პანდემიის ფონზე ტურიზმის სექტორს გახსნის. მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი ივლისიდან ქვეყანა მიიღებს ტურისტებს უცხოეთიდან, რაც ექიმი ინფექციონისტრის, ირაკლი ხმალაძის შეფასებით, კორონავირუსის გავრცელების კუთხით ქვეყანას გარკვეული რისკის ქვეშ აყენებს, თუმცა, ეს გადაწყვეტილება ეკონომიკური თვალსაზრისით გამართლებულია, რადგან ეპიდემიამ საქართველოს ეკონომიკას სერიოზული დარტყმა უკვე მიაყენა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ტურიზმის სექტორს მსოფლიოში ყველაზე ადრე საქართველო გახსნის - რამდენად უსაფრთხოა ეს გადაწყვეტილება.

“ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება ძალიან პოზიტიურად შეაფასა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ფაქტია ასევე ისიც, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, სექტემბერში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პირველი პოსტკოვიდ ღონისძიება სწორედ საქართველოში ჩატარდება. ხოლო ირაკლი ხმალაძემ “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნა, რომ საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება ნაადრევია თუ არა, ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა, ამ მხრივ ქვეყანას დიდი სიფრთხილე მართებს”. აღსანიშნავია, რომ, სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ჩამომსვლელ უცხოელ ტურისთა მნიშვნელოვანი წილი ისეთ ქვეყნებზე მოდის, სადაც ამჟამად კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით მძიმე ვითარებაა, მაგალითად, რუსეთსა და ირანზე”, - აღნიშნავს გამოცემა.

“გადაწყდა, რომ საქართველო იყოს ის ქვეყანა, სადაც ჩატარდება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პირველი პოსტკოვიდ ღონისძიება სექტემბერში, რომლის ფარგლებშიც გაიმართება მინისტერიალი, ჩამოვლენ მინისტრები და საქართველო ძალიან სწორ პოზიციონირებას გააკეთებს. ამის პოპულარიზაცია დაიწყება დღეიდან. ეს ყველაფერი მოგვცემს დიდ ეკონომიკურ სარგებელს, ერთი მხრივ, იმიტომ, რომ გლობალური ტურიზმის ინდუსტრია ძალიან კომპლექსურია, კონკურენცია ძალიან მაღალია და შესაბამისად, საქართველო ბევრად უფრო ცნობადი გახდება”, - განაცხადა ქვრივიშვილმა, რომლის თქმით, “რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახლა გვაქვს ის უპირატესობა, რომ შევძლოთ და დავპოზიციონირდეთ, როგორც უსაფრთხო მიმართულება, წარმატებული ქვეყანა და ამავდროულად, მოვიზიდოთ ის მხარჯველუნარიანი ტურისტი, რომლის წილის გაზრდაზე მუდმივად ვმუშაობდით”, - დასძენს გამოცემა.

„ერთი მხრივ, რაც უფრო ჩაკეტილი იქნება საზღვრები, მით უკეთესია, მაგრამ საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით არ არის იმდენად ძლიერი, რამდენადაც სხვა ქვეყნები. ამიტომ ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშნელობისაა ქვეყნის ბიუჯეტის შევსება, რასაც ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა კორონავირუსმა. თუმცა, მეორე მხრივ, მაქსიმალურად შემოწმდება შემოსული ტურისტი და გაივლის გარკვეულ გამოკველევებს, მაგრამ მაინც საშიშია, მგზავრი არ იყოს შემოსული უსიმპტომო ფორმებით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გადადება. ამ მხრივ ცოტა სიფრთხილე გვმართებს და ნაადრევია თუ არა, ამას დრო გვაჩვენებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი ხმალაძე და შეკითხვაზე - “მაგალითად, რუსეთსა და ირანთან საზღვრების გახსნა ხომ არ შექმნის კოროანავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების რისკს?” - პასუხობს:

“ეს არ არის გამორიცხული, მაგრამ ამჯერად საპირწონედ ასეთი რამ გვაქვს - რა მნიშვნელობა აქვს, შიმშილით მოკვდება ქვეყანა თუ ვირუსით? ალბათ ისინიც ასე ფიქრობენ. რეალურად თუ მოხდება მგზავრების შემოწმება მაქსიმალურად და იქნება გარკვეული პერიოდი მათზე დაკვირვება, თავიდან აგვაცილებს სერიოზულ პრობლემებს”.

ბადრი ჯაფარიძე - “ოცნებას” პრობლემების მხოლოდ ფრაგმენტულად დანახვა სჩვევია“

“მე შეგახსენებთ, რა ოდენობის თანხების მობილიზებაზე ლაპარაკობდა ხელისუფლება და თავად განსაჯეთ, ჰქონდა თუ არა ჩვენი ინიციატივების, როგორც მათ უწოდეს, “ოცნებების ჩამონათვალის” განხორციელების რესურსი ბიუჯეტს. ჩვენი თავდაპირველი პროგრამა გულისხმობდა 6 მილიარდი ლარის მობილიზაციას, საიდანაც ერთი მილიარდი იყო განკუთვნილი სოციალური დახმარებისთვის, მილიარდი ლარი უნდა დაბანდებულიყო სოფლის მეურნეობაში, ასევე უნდა შექმნილიყო 3-მილიარდიანი ლარის სახელმწიფო საგარანტიო ფონდი, რაც ბიუჯეტიდან არანაირ თანხას არ მოითხოვდა; ლაპარაკი იყო ასევე ეროვნული ბანკის მიერ ერთი მილიარდი ლარის სავალუტო ინტერვენციაზე, რათა ლარი არ გაუფასურებულიყო. ამ ღონისძიებების გატარება ნამდვილად არ იქნებოდა ქვეყნის ბიუჯეტისთვის შეუძლებელი”, - აცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი­ ჯაფარიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „ოცნებას“ პრობლემების მხოლოდ ფრაგმენტულად დანახვა სჩვევია“.

“თავად პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ბიუჯეტის რესურსები 2 მილიარდი ლარის მობილიზების საშუალებას იძლეოდა. ამასთან, საგარეო რესურსების, ანუ სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკისა და სხვა ინსტიტუტების დახმარების შედეგად მილიარდ-ნახევარი დოლარის მობილიზების შესაძლებლობა გვეძლეოდა. 1,5 მილიარდი დოლარი 4 მილიარდ ლარზე მეტია. პრემიერისვე თქმით, წლის ბოლომდე კიდევ 1,5 მილიარდი დოლარი ანუ, 4 მილიარდ ლარზე მეტი იქნება ხელმისაწვდომი. ე.ი. პრემიერის მიერ დასახელებული ციფრებით თუ ვიმსჯელებთ, მთავრობა 11 მილიარდ ლარზე მეტის მობილიზებას ახერხებს. ჩვენი ინიციატივა კი მხოლოდ 6 მილიარდი ლარის მობილიზებას გულისხმობდა, თანაც აქედან 3 მილიარდი მყისიერად გახარჯვის საჭიროება არ იდგა. ეს თანხა ექნებოდა სახელმწიფო საგარანტიო ფონდს და კრიზისულ ვითარებაში ნებისმიერ ბიზნესს საჭირო თანხებით დაეხმარებოდა. ხელისუფლებამ გამოიყენა ჩვენი საგარანტიო ფონდის იდეა. თქვეს კიდეც, ოპოზიციის ზოგიერთი იდეა გამოვიყენეთო. მართალია, `ლელო~ არ დაასახელეს, მაგრამ არა უშავს, ეს არ არის პრობლემა. ხელისუფლების პროგრამაში ლაპარაკია საგარანტიო ფონდზე, რომლის ბიუჯეტიც მხოლოდ 300 მილიონი ლარია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბადრი ჯაფარიძე.

“მცირე და საშუალო ბიზნესები ახლა ისეთი გამოწვევების წინაშე დგანან, რომ 300 მილიონი ლარი მათ საჭიროებებს ვერ უზრუნველყოფს და ნეპოტიზმის შესაძლებლობებს აჩენს. ჩვენი შეთავაზება იყო აბსოლუტურად რეალისტური, სისტემურ საფუძველზე დაყრდნობით მომზადებული. სამწუხაროდ, “ქართულ ოცნებას” პრობლემების ფრაგმენტულად დანახვა სჩვევია, ჩვენს ქვეყანას კი სისტემური ხედვა და სწრაფად მოქმედება სჭირდება. ცოტა ხნის წინ გახარიამ ტურისტული სექტორის დახმარების პრეზენტაცია გამართა. ჩემთვის ცოტა გაუგებარია, როდესაც პანდემიის დროს ტურიზმის გახსნაზე ლაპარაკობს. როგორ უნდა დაადგინოს საზღვარზე ერთ საათში, არიან თუ არა ტურისტები კორონავირუსით ინფიცირებული; ან გამოფენებში მონაწილეობას როგორ აფინანსებენ, როდესაც გვეუბნებიან, რომ კორონავირუსთან თანაცხოვრება კიდევ დიდხანს მოგვიწევს და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს ისევ უნდა ვერიდოთ”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მგონი, ეს ყველაფერი პიარი, საზოგადოების გულის მოსაგები განცხადებები იყო და საერთო არაფერი ჰქონდა რეალურ, გაწერილ სამოქმედო გეგმასთან. ამის მაგალითი უკვე გვაქვს - შარშან, როდესაც რუსეთმა საქართველოში ფრენა აკრძალა და რუსი ტურისტების შემოსვლა შეიზღუდა, ხელისუფლებამ თქვა, რომ ყველა მცირე სასტუმროს სუბსიდირებას გაუწევდა. არადა, კონკრეტულად შემიძლია დავასახელო სასტუმრო მთიან რეგიონში, რომელსაც არათუ სუბსიდირება არ გაუწიეს, მისი მფლობელი დააჯარიმეს იმის გამო, რომ საინვესტიციო ვალდებულებების გადავადება მოითხოვა. როგორც ყოველთვის, ახლაც მათი გეგმა ბევრი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ეს ნეპოტიზმს უწყობს ხელს. გვიხარია, რომ მთავრობამ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები გაითვალისწინა და შედეგად ბევრი ინფიცირებული არა გვყავს. თუმცა იმასაც ვხედავთ, რომ როდესაც მწყობრი სისტემური და ეკონომიკური სტიმულირების პროგრამების დრო დადგა, “ოცნებამ” უუნარობა გამოამჟღავნა”, - დასძენს ბადრი ჯაფარიძე და შეკითხვაზე - “ცოტა ხნის წინ “ფრიდომ ჰაუსმა” გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ პოლიტიკურ სივრცეში ახალგამოჩენილ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძეს ფულის გათეთრებისთვის ბრალი წარუდგინეს, როგორც კი მან პოლიტიკური მოძრაობის დაფუძნების შესახებ განაცხადა. ამის პასუხად მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ დოკუმენტში ფაქტობრივი უზუსტობაა, რადგან გამოძიება გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე თქვენ პოლიტიკაში მოხვედით...” - პასუხობს:

მამუკა მდინარაძე იტყუება. ჩვენ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ განცხადების გაკეთებიდან ზუსტად ორ კვირაში წაგვიყენა ბრალი პროკურატურამ. ახლა რაც აწყობთ, იმას იტყვიან. იმასაც ამბობენ, რომ პოლიტიკური პატიმრები არა ჰყავთ. დაითვალონ, რამდენი ოპოზიციონერ ლიდერსა და თავისუფალი მედიის წარმომადგენელზე აქვთ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის რამდენია დაპატიმრებული. ეს რიცხვი საკმარისად დიდია იმისთვის, რომ პოლიტიკურ დევნაზე ვილაპარაკოთ”.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო