ხათუნა ლაგაზიძე - „ოცნება“ ცეცხლს კი არა, ქარიშხალს ეთამაშება

8 მარტის შეთანხმების იმპლემენტაციის პრობლემებსა და პერსპექტივებზე, ასევე იმაზე, კორონავისრუსის გამო რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა საქართველო და პანდემიისგან რა გაკვეთილები მიიღო ქვეყანამ, „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოსს, ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ხათუნა, 8 მარტის შეთანხმებაზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის აზრთა სხვადასხვაობამ კორონავირუსის პრობლემატიკა ოდნავ დაჩრდილა კიდეც და საშინაო თემატიკის მთავარ თემად აქცია.

მას შემდეგ რაც პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ შეთანხმების ფასილიტატორებს სთხოვა თავისი პოზიცია გამოეხატად 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ თემაზე საკმაოდ ვრცელი განცხადებები გააკეთეს.

ბევრი თვლიდა, რომ დიპლომატები საჯარო დისკუსიაში არ ჩაერთვებოდნენ და დიპლომატიური არხებით შეეცდებოდნენ თავისი პოზიციის დაფიქსირებას, მაგრამ მათ ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

ვხედავთ, რომ ყველა მხარემ დიპლომატების განცხადება ისე გაიგო, როგორც თავად სურდათ.

ვიდრე იმის გარკვევაზე გადავიდოდეთ, თუ რა თქვეს 8 მარტის შეთანხმებაზე მოდერატორ-ფასილიტატორებმა, მოდით ჩვენი საუბარი იმაზე საუბრით დავიწყოთ, სავარაუდო, რას შეიძლება ნიშნავდეს ხელისუფლების მხრიდან 8 მარტის შეთანხმების ახლებურად გაგების მიზეზი და საფუძველი?

- რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხელისუფლების მხრიდან 8 მარტის შეთანხმებაზე ახლებურად საუბრის დაწყების უპირველესი მიზეზი გახლავთ კორონა-ვირუსი, როგორც „ოცნების“ მოკავშირე. რას ვგულისხმობ - იმ ღონისძიებების შედეგად, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ეპიდემიოლოგებთან, ვირუსოლოგებთან და ჯანდაცვის სხვა სპეციალისტებთან ერთად გაატარა - საქართველოს მოქალაქეების დიდ ნაწილს გაუჩნდა უჩვეულო დაცულობის შეგრძნება.

როცა გრძნობ რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, პროფესიონალებს ჩაბარდათ ვირუსის მართვის სადავეები ხელში, სადღაც გაქრა უსუსური და ღარიბი ქვეყნის სინდრომი და მოვიდა შეგრძნება იმისა, თურმე რა კარგი ყოფილა დაცულობის და წელშიგამართულობის განცდა. ამან ხელისუფლებას აფიქრებინა, რომ არჩევნებში გამარჯვების გასაღები ხელში უჭირავთ.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ხელისუფლების მხრიდან 8 მარტის შეთანხმებაზე ახლებურად საუბრის დაწყების უპირველესი მიზეზი გახლავთ კორონა-ვირუსი, როგორც „ოცნების“ მოკავშირე

იმედია, რომ შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგაც იგივე სურათი გვექნება და აღმოჩნდება, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდი ეფექტურად გამოიყენეს იმისთვის, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა გაუმკლავდეს, საჭიროების შემთხვევაში, ინფიცირებულების რიცხვის ზრდას.

საგანგებო ზომების მოხსნის შემდეგ გამოჩნდება, რეალურად რა გაკეთდა საგანგებო მდგომარეობის დროს იმისათვის, რომ მომდევნო თვეებში ეს შედეგი არ გაუარესდეს. თუმცა, დღესდღეობით, რადგან ეფექტურობა შედეგით იზომება - ფაქტია, რომ შედეგი სხვებზე ბევრად უკეთესი გვაქვს.

კორონა-ვირუსის „ოცნების“ „მოკავშირეობის“ მეორე ასპექტი შემდეგია - მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ პირობებზე ვირუსის დამანგრეველი შედეგების შესამსუბუქებლად ხელისუფლებამ უპრეცედენტო რაოდენობის სხვადასხვა სახის ფინანსური დახმარების პაკეტები გამოუშვა - ასეულობით მილიონები მიემართება მოქალაქეების ჯიბეებისკენ წინასაარჩევნოდ და ის, რაც სხვა პირობებში ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაითვლებოდა, ახლა კორონას წინააღმდეგ ბრძოლაში მოქალაქეებისთვის აღმოჩენილი დახმარებაა.

მესამე ასპექტი - არის ის რომ, ყოფილი „ნაციონალი“ მაღალჩინოსნების ციხიდან გამოშვებით, ხელისუფლებას არ უნდა გაანაწყენოს საკუთარი ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი, რომელიც მას ხმას მხოლოდ იმიტომ აძლევს, რომ არ სურს „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნება.

ყოფილი „ნაციონალი“ მაღალჩინოსნების ციხიდან გამოშვებით, ხელისუფლებას არ უნდა გაანაწყენოს საკუთარი ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი, რომელიც მას ხმას მხოლოდ იმიტომ აძლევს, რომ არ სურს „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნება

და ბარემ აქვე, მეოთხე ასპექტიც - ხელისუფლებას ოპოზიციის ხელით ნარის გლეჯა უნდა. ანუ ფიქრობს, რომ ოპოზიციის ხელით ჩააგდოს საარჩევნო ცვლილებები და არჩევნები ძველი 77-73-ზე სისტემით ჩაატაროს, რაშიც მას ოპოზიციაც ეხმარება.

ხელისუფლებას ოპოზიციის ხელით ნარის გლეჯა უნდა. ანუ ფიქრობს, რომ ოპოზიციის ხელით ჩააგდოს საარჩევნო ცვლილებები და არჩევნები ძველი 77-73-ზე სისტემით ჩაატაროს, რაშიც მას ოპოზიციაც ეხმარება

- საინტერესო ისაა, როცა პარლამენტის თავმჯდომარემ დიპლომატებს მიმართა, სავარაუდოდ რისი მიღწევა სურდა ხელისუფლებას?

- როგორც ჩანს, ერთგვარად დატესტეს რამდენად შორს წავიდოდნენ პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხში დასავლელი დიპლომატები. თან ვფიქრობ, ელოდნენ ისეთ დიპლომატიურ პასუხს, რისი სათავისოდ თარგმნაც იოლად შეეძლებოდათ.

ისე, ვურჩევდი „ოცნების“ ხელისუფლებას, ნუ აქცევენ არჩილ თალაკვაძეს განტევების ვაცად, რადგან ის ლამის ერთადერთი დარჩა „ოცნების“ მაღალჩინოსნებიდან, ვისაც ამერიკელები ელაპარაკებიან და ამ ხაზსაც ნუ ჩაიჭრიან, მათთვისვე სჯობს.

ვურჩევდი „ოცნების“ ხელისუფლებას, ნუ აქცევენ არჩილ თალაკვაძეს განტევების ვაცად, რადგან ის ლამის ერთადერთი დარჩა „ოცნების“ მაღალჩინოსნებიდან, ვისაც ამერიკელები ელაპარაკებიან და ამ ხაზსაც ნუ ჩაიჭრიან, მათთვისვე სჯობს

- როგორც უკვე ვთქვი, დიპლომატების ერთობლივი განცხადება ყველა მხარემ ისე გაიგო, როგორც სურდა. თქვენ როგორ გაიგეთ დიპლომატების ერთობლივი განცხადება?

- გაგებით ყველამ ერთნაირად გაიგო, საჯაროდ რა განაცხადა ხელისუფლებამ - ეს სხვა საქმეა. ნუ იზამენ ისე, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამერიკა ისე ელაპარაკოს, როგორც კუბას და ირანს ელაპარაკებიან.

როცა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ღია ტექსტით ამბობს, რომ საქართველოს ყავს პოლიტპატიმრები, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გამო თავშეკავების ყველა ზღვარი ამერიკის პოლიტიკურმა ელიტამ გადალახა.

როცა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ღია ტექსტით ამბობს, რომ საქართველოს ყავს პოლიტპატიმრები, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გამო თავშეკავების ყველა ზღვარი ამერიკის პოლიტიკურმა ელიტამ გადალახა

არ დაგვავიწყდეს, რომელ ქვეყანაზე ვსაუბრობთ. კარგად თქვა მამუკა ხაზარაძემ - ეს ის ქვეყანაა, რომელსაც ერთი ხელით ხორბალს სთხოვ, რომ ხალხი შიმშილით არ დაგეხოცოს და მეორე ხელით კი, უკვე მერამდენედ „გადაგდებას“ უპირებო.

„ოცნება“ ცეცხლს კი არა, ქარიშხალს ეთამაშება, არადა, ზურაბიშვილის ერთი შეწყალების აქტი მოხსნიდა ამ პრობლემას. თუ „კორონა“ „ოცნების“ საარჩევნო გასაღებია, ოპოზიციისთვის ასეთი გასაღები დასავლეთის პოლიტიკურ ელიტებთან ათწლეულობით აწყობილი ურთიერთობებია და ისინი საარჩევნოდ ამ არხს ბოლომდე გამოიყენებენ, რასაც „ოცნების“ ლობისტები ვერ გადაწონიან. ამიტომ, საღი აზრი უნდა კარნახობდეს „ოცნებას“, რომ 8 მარტის შეთანხმებაზე არ უღირს გაჯიუტება.

ამას ყველაფერს სააკაშილის ახალი რესურსები ემატება - რა თქმა უნდა, სააკაშვილი უკვე უკრაინის ოფიციალური სტატუსებით აღჭურვილი, უკეთ შეძლებს „ოცნების“ საერთაშორისო ასპარეზზე ისედაც შელახული იმიჯის კიდევ უფრო შერყევას და ამერიკის და ევროპის დედაქალაებში გადაწყვეტილების მიმღებთა დარწმუნებას, რომ ქართულ ოპოზიციას შეუძლია მყარად აიღო ქვეყნის მართვის სადავეები ხელში.

საღი აზრი უნდა კარნახობდეს „ოცნებას“, რომ 8 მარტის შეთანხმებაზე არ უღირს გაჯიუტება

ამას ემატება ისიც, რომ თუ სააკაშვილმა მოასწრო და საქართველოს არჩევნებამდე დარჩენილ თვეებში რამდენიმე ძლიერი სვლა მაინც განახორციელა უკრაინის მთავარი რეფორმატორის რანგში, მაგალითად შეიყვანა ჩინეთიდან წამოსული ერთი-ორი მსოფლიო ბრენდი და ეს საყოველთაოდ გააპიარა - ეს გახდება „ნაციონალების“ დროშა ქართულ არჩევნებზე - ნახეთ, ჩვენ რა შევძელით უკრაინაში და რა შეგვიძლია საქართველოში. პირობითად - „მაიკროსოფტის“ თუ „ტესლას“ წარმოებების გადმოტანა და ეკონომიკური ბუმის მოხდენა.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთიდან გამოსულმა მხოლოდ ერთმა კორპორაციამ უმუშევრად დატოვა 60 ათასი ჩინელი დასაქმებული. ასეთ მასშტაბებზეა საუბარი. სააკაშვილი ყველაფერს იზამს, რომ რაღაც მსგავსი დაატრიალოს უკრაინაში საქართველოს არჩევნაბამდე დარჩენილ 6 თვეში, თუმცა დრო ძალიან ცოტაა და ძალიან გაუჭირდება მოსწრება.

რეალურად, სააკაშვილი უკრაინაში შეუძლებელს შეეჭიდა და მაინც, თუ მან იქ შეუძლებელი შეძლო და ვთანხმდებით იმაზეც, რომ მისი იქ დანიშვნის გადაწყვეტილება, სულ მცირე, ამერიკასთან კონსულტაციების გარეშე ვერ მოხდებოდა, ის 21-ე საუკუნის ევროპის ისტორიული ფიგურა გახდება.

- ისეთი პირი უჩანს, რომ ახლა 8 მარტის შეთანხმების შესაბამისად განხორციელდება თუ არა კონსტიტუციაში საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ახლა, როცა საქართველო, როგორც ქვეყანა სრულადაა დამოკიდებული ჩვენი საგარეო პარტნიორების ინტერესებსა და კეთილგანწყობაზე, ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს რა შეიძლება მოხდეს თუ მმართველმა გუნდმა ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციაები არ გაითვალისწინა.

და თუ მაინც ასე მოხდა, რა სურათს მივიღებთ?

- ქართულ არჩევნებს ყოველთვის ორი ამომრჩეველი ჰყავდა - საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არჩევანს აკეთებენ და დასავლეთი, რომელიც არჩევნების შედეგის ლეგიტიმაციას ახდენს.

ოპოზიციის ნაწილი იხრება მოსაზრებისკენ, რომ არჩევნების წინ შესაძლოა „ოცნებამ“ ამერიკული სანქციები მიიღოს. არ ვიცი, რამდენად რეალურია სანქციების საშიშროება, მაგრამ ვხვდები რაზე ითვლის „ოცნება“.

ისინი ფიქრობენ, რომ დასავლეთის მხრიდან ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარება დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად დამაჯერებელ გამარჯვებას შეძლებს „ოცნება“. ანუ, თუ ამდენი „კორონა-დახმარების“ პაკეტებით მან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, არც არჩევნების გაყალბებისთვის გამოვა ხალხი ქუჩაში და ვერც დიდი პროტესტის ქარიშხალს გამოიწვევს ოპოზიცია უცხოეთში.

თუ „ოცნებამ“ შეინარჩუნა კორონის ეპოქაში აკრეფილი საზოგადოებრივი მხარდაჭერა, რაც ძალიან რთული იქნება, მაშინ დასავლეთს სათქმელიც არაფერი ექნება - იმას ხომ არ იტყვიან, რატომ გაიმარჯვეთო.

თუ „ოცნებამ“ შეინარჩუნა კორონის ეპოქაში აკრეფილი საზოგადოებრივი მხარდაჭერა, რაც ძალიან რთული იქნება, მაშინ დასავლეთს სათქმელიც არაფერი ექნება - იმას ხომ არ იტყვიან, რატომ გაიმარჯვეთო

თუმცა, „ოცნებისთვისვე“ სჯობს, რომ ხელისუფლების შიგნით საღმა აზრმა გაიმარჯვოს და არ იმოქმედოს პრინციპით, რომ მთავარია არჩევნები გადავაგორო და მის ჩატარებამდე არ იჩინოს თავი კრიზისებმა. ეს იქნება ძალიან ახლომხედველური პოლიტიკა.

არჩევნების მოგება იმ ვითარებაში, რომელშიც მსოფლიო და საქართველოა, არაფერს ნიშნავს - არჩევნები შეიძლება გრიალით მოიგო ოქტომბერში, მაგრამ იანვარ-თებერვალ-მარტში მშიერი ხალხის რევოლუციამ წაგლეკოს.

არჩევნების მოგება იმ ვითარებაში, რომელშიც მსოფლიო და საქართველოა, არაფერს ნიშნავს - არჩევნები შეიძლება გრიალით მოიგო ოქტომბერში, მაგრამ იანვარ-თებერვალ-მარტში მშიერი ხალხის რევოლუციამ წაგლეკოს

- ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე გააკეთეს განცხადებები იმის თაობაზე, რომ თუ 8 მარტის შეთანხმების იმპლემენტაცია ვერ მოხერხდა, ამაში დამნაშავე მხოლოდ ოპოზიცია იქნება, რომელიც მათი მტკიცებით ქვეყანაში არჩევნების შემდეგ მოვლენათა რევოლუციური სცენარით განვითარებისთვის ემზადება.

თუ ოპოზიციის განცხადებებს მივადევნებთ თვალს, არაა გამორიცხული 8 მარტის შეთანხმების ჩავარდნა სწორედ მათ დაბრალდეს.

თქვენი დაკვირვებით, შეთანხმების პერსპექტივებზე სავარაუდოდ, როგორ განვითარდება პროცესები?

- ოპოზიციამ არაფრის ფასად არ უნდა ჩააგდოს საარჩევნო რეფორმა. 2008 წლის აგვისტოს მსგავსად, როცა იძახდნენ რუსეთს სახე ავახიეთო, რაც ორი ტერიტორიის დაკარგვის ფასად დაგვიჯდა, ახლაც იმისთვის, რომ „ოცნებას“ სახე აახიონ - ამად არ ღირს რეფორმის ჩავარდნა.

ოპოზიციამ არაფრის ფასად არ უნდა ჩააგდოს საარჩევნო რეფორმა. 2008 წლის აგვისტოს მსგავსად, როცა იძახდნენ რუსეთს სახე ავახიეთო, რაც ორი ტერიტორიის დაკარგვის ფასად დაგვიჯდა, ახლაც იმისთვის, რომ „ოცნებას“ სახე აახიონ - ამად არ ღირს რეფორმის ჩავარდნა

მით უფრო რომ უგულავა იქნება, ოქრუაშვილი თუ რურუა - თავად აძლევენ ოპოზიციის იმის საშუალებას, რომ მათ პირად თავისუფლებაზე მაღლა საზოგადოების, ამ შემთხვევაში - საარჩევნო რეფორმის ინტერესი დააყენონ. ოპოზიციას უფლება არ აქვს საარჩევნო რეფორმის ჩაგდების - მათთან ერთად ჩვენც, ხალხიც ვიბრძოდით ამ შედეგისთვის და ჩვენთან არიან უპირველად პასუხისმგებლები.

მესმის, რომ ამომრჩევლის თვალში სისუსტის გამოჩენა არც ერთ მხარე არ აწყობს, მათ შორის ოპოზიციასაც და საკუთარ ამომრჩეველთან სახის დაკარგვისაც ეშინიათ, მაგრამ საარჩევნო რეფორმის მიღება ხომ მათ დამსახურებად და გამარჯვებად ჩაითვლება და არა მხოლოდ მათი ამომრჩევლის თვალში.

არ მინდა ვიფიქრო, რომ იმ წარმოუდგენელი მასშტაბის ფინანსური დახმარების ფონზე, რასაც ხელისუფლება კორონას გამო და სახელით აკეთებს, ოპოზიცია წაგებისთვის ემზადება და თადარიგს იჭერს, რომ არჩევნებში არასასურველი შედეგი ჩაგდებულ საარჩევნო ცვლილებებს დააბრალონ.

არ მინდა ვიფიქრო, რომ იმ წარმოუდგენელი მასშტაბის ფინანსური დახმარების ფონზე, რასაც ხელისუფლება კორონას გამო და სახელით აკეთებს, ოპოზიცია წაგებისთვის ემზადება და თადარიგს იჭერს, რომ არჩევნებში არასასურველი შედეგი ჩაგდებულ საარჩევნო ცვლილებებს დააბრალონ

- მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარებით გამოწვეულ გარკვეულ ტენდენციებს თქვენ უკვე შეეხეთ, მე მაინც დავსვამდი ასეთ კითხვას - საქართველომ საკმაოდ წარმატებით შეძლო პანდემიასთან გამკლავება. მთავრობამ, თავის შესაძლებლობების ფარგლებში, ჩვენმა სამედიცინო პერსონალმა თავისი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლინებით და საზოგადოებამ თავისი თმენითა და კარგვეულ წილად კანონმორჩილებითაც კი შეიტანეს ამ საერთო წარმატებაში თავისი წვლილი.

პოლიტიკურ პროცესში პანდემიის პირობებში გაჩენილ ტენდენციებზე ახლა ბევრი საუბრობს, მაგრამ თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ როგორ გამოიყურება პანდემიის ქართული გაკვეთილები ხელისუფლებისთვის, ოპოზიციისა და საზოგადოებისთვის?

- უპირველესად, პროფესიონალები გამოვიდნენ წინა პლანზე, ექიმებს ვგულისხობ და მათმა და გახარიას ტანდემმა, კრიზისთან გამკლავების თვალსაზრისით კარგი შედეგი დადო, თუმცა ამან გახარიას უფრო მეტი მტერი გაუჩინა ხელისუფლების შიგნით, ვიდრე - მოკეთე.

კარგად წარმოჩინდა ეკონომიკის მინისტრის საქმიანობაც ამ ურთულეს თვეებში. მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ „ოცნება“ საარჩევნო სიას ამჯერად მაინც პროფესიონალებით დააკომპლექტებს. ნურას უკაცრავად - შეხედეთ „გამპრავებლების“ დოღს ტელევიზიებში და მიხვდებით, როგორი დეპუტაცია ეყოლება „ოცნებას“ მომავალ პარლამენტში.

მეორე და მნიშვნელოვანი, რაც კორონამ ყველასთვის თვალსაჩინო გახადა - დავინახეთ ვინ არის მთავარი ამ ქვეყანაში. აღმოჩნდა, რომ დღეს მთელ პოლიტიკურ სპექტრს - ხელოსუფლებასაც და პოზიციას და მომავალ ხელისუფლებასაც საპატრიარქო კარნახობს და უკარნახებს პირობებს.

კორონამ ყველასთვის თვალსაჩინო გახადა ვინ არის მთავარი ამ ქვეყანაში. აღმოჩნდა, რომ დღეს მთელ პოლიტიკურ სპექტრს - ხელოსუფლებასაც და პოზიციას და მომავალ ხელისუფლებასაც საპატრიარქო კარნახობს და უკარნახებს პირობებს

საქართველოს საპატრიარქოს აქვს განუსაზღვრელი ძალაუფლება. რას ეფუძნება ეს ძალაუფლება?! ხელისუფლებაზე და ნებსიმიერ პოლიტიკურ პარტიაზე უფრო მყარი მხარდამჭერების ბაზა ანუ მრევლი, რომელიც რწმენის, იდეის გამო დგას ეკლესიასთან და არა თანადებობის ან ხელფასს მოძიების მოტივით. ამიტომაც, ასეთი ერთობა ყველაზე მყარია.

„ქართულ ოცნებას“ არასდროს უზრუნია იმაზე, რომ იდეების გარშემო შემოეკრიბა თავისი ამომრჩეველი, ამიტომ მისი ამომრჩეველი ეკლექტიკურია და არამყარი, იგივე „ნაცმოძრაობისგან“ განსხვავებით, რომელსაც უფრო მყარი ამომრჩეველი ჰყავს, რადგან თავის დროზე იდეის გარშემო გააერთიანა ისინი და ამიტომაც შეინარჩუნა ოპოზიციაში ყოფნის დროსაც.

წარმოიდგინეთ, ოპოზიციაში მყოფ „ოცნებას“, ივანიშვილის ზურგის გარეშე რამდენი ამომრჩეველი ეყოლება - ნული. ამიტომაც, დროზე უნდა ეზრუნა „ოცნებას“ მყარი ელექტორალური ბაზის შექმნაზე.

„ქართულ ოცნებას“ არასდროს უზრუნია იმაზე, რომ იდეების გარშემო შემოეკრიბა თავისი ამომრჩეველი, ამიტომ მისი ამომრჩეველი ეკლექტიკურია და არამყარი, იგივე „ნაცმოძრაობისგან“ განსხვავებით, რომელსაც უფრო მყარი ამომრჩეველი ჰყავს, რადგან თავის დროზე იდეის გარშემო გააერთიანა ისინი და ამიტომაც შეინარჩუნა ოპოზიციაში ყოფნის დროსაც

რაც შეეხება გლობალურ ასპექტებს - ყურადღებას იმსახურებს ეს ვირუსი, როგორც გამოწვევა მსოფლიოს საინფორმაციო უსაფრთხოების სისტემებისთვის - ის არის პირველი ვირუსი, რომელიც თავის ბუნებრივ, ჰაერწვეთოვან გზებზე უფრო სწრაფად და მასობრივად ადამიანთ ცნობიერებაში საინფორმაიცო არხებით ვრცელდება.

ამიტომაც, უწოდა მას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ „ინფოდემია“ პანდემიის ანალოგიით. დეზინფორმაცია, რომელიც თამაშობს ადამიენბის სიცოცხლით, დეზინფორმაცია, რომელიც კლავს - ასე შეაფასა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ჟოზეფ ბორელმა კორონავირუსთან დაკავშირებული მითები.

ყველაზე ცუდი ის გახლავთ, რომ თუ უშუალოდ კორონივირუსით დაავადებულთა რიცხვს მსოფლიო მეტ-ნაკლებად ითვლის და არეგულირებს, ინფოდემიით გამოწვეული სტრესის, ისტერიის, შიშის, უიმედობისა და დეპრესიის შედეგები შეუდარებლად ყოვლისმომცევლი და გრძელვადიანი შედეგების მომტანი იქნება.

ამიტომაც, ჩვენ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, კორონავირუსის ორ ასპექტზე - როგორც პანდემია და როგორც ინფოდემია. მიუხედავად გავრცელების ბუნებრივი თუ ხელოვნური წყაროსი, ამთავითვე შეიძ₾ება ითქვას, რომ კორონავირუსის, როგორც პანდემიის და მეტადრე - ინფოდემიის, გავრცელების წყაროები თითქმის თანაბრად ატარებს ბიოლოგიური, საინფორმაციო, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ომების ასპექტებს.

ჩვენ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, კორონავირუსის ორ ასპექტზე - როგორც პანდემია და როგორც ინფოდემია. მიუხედავად გავრცელების ბუნებრივი თუ ხელოვნური წყაროსი, ამთავითვე შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსის, როგორც პანდემიის და მეტადრე - ინფოდემიის, გავრცელების წყაროები თითქმის თანაბრად ატარებს ბიოლოგიური, საინფორმაციო, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ომების ასპექტებს

ცხადი გახლავთ ის, რომ სხვადასხვა ქვეყნების სპეცსამსახურებს უამრავი მასალა დაუგროვდათ მათი მოკავშირეებისა თუ მოწინააღმდეგეების სუსტი მხარეების საანალიზოდ. სამომავლოდ, ცალკე კვლევის საგნად იქცევა ისიც, თუ როგორ შეიძლება იქცეს ინფოდემია ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ტიპის მმართველი რეჟიმების - დემოკრატიიდან ავტორიტარულამდე - მართვის ინსტრუმენტად.

აგრთვე, როგორია სხვადსხვა ტიპის რეჟიმების მარგი ქმედების კოეფიციენტი კორონავისურისთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევისას. კიდევ არაერთი საკითხია, რომლის საანალიზოდაც კორონავირუსი, როგორც ეპიდემია და ინფოდემია, უამრავ მასალას დადებს.

მათ შორის აუცილებლად უნდა გამოიყოს - ვირუსის საფრთხის და მედიით ყოველდღიურად გაღვივებული პანიკის წინაშე ამა თუ იმ ქვეყნის მოსახლეობის რეაგირების ფორმები და ხარისხი, მათ შორის, მზაობა დაემორჩილოს ათასგვარ შეზღუდვებსა და აკრძალვებს, კონტროლის ახალ და ზოგ შემთხვევაში, ტოტალურ თუ ტოტალიტარულ მექანიზმებს.

ცხადი გახდა ისიც, რომ დაიტესტა ცივილიზაციის განვითარების ახალ, ზეტექნოლოგიურ, გნებავთ ნანოტექნოლოგიურ ერაში გადასვლისთვის პირველადი, შეიძლება ითქვას, საბაზისო საჭიროებები - აქამდე ჩვენთვის ტრადიციულ, მიმოქცევაში მყოფ ფულის ნიშანზე უარის თქმა და მისი ეტაპობრივი ჩანაცვლება სხვადასხვა სახის ელექტრონული ფულით, დისტანციური-ონლაინ სწავლებისა და მუშაობის ნაირ-ნაირი რეჟიმები, ელექტრონული სახელმწიფო სერვისები და ეტაპობრივი გადასვლა „ელექტრონული მთავრობის“ რეჟიმზე პარლამენტის ვიდეო-კონფერენციების რეჟიმში მუშაობის ჩათვლით, დისტანციური სამედიცინო თუ იურიდიული მომსახურებები და ა.შ.

დაიტესტა ცივილიზაციის განვითარების ახალ, ზეტექნოლოგიურ, გნებავთ ნანოტექნოლოგიურ ერაში გადასვლისთვის პირველადი, შეიძლება ითქვას, საბაზისო საჭიროებები - აქამდე ჩვენთვის ტრადიციულ, მიმოქცევაში მყოფ ფულის ნიშანზე უარის თქმა და მისი ეტაპობრივი ჩანაცვლება სხვადასხვა სახის ელექტრონული ფულით, დისტანციური-ონლაინ სწავლებისა და მუშაობის ნაირ-ნაირი რეჟიმები, ელექტრონული სახელმწიფო სერვისები და ეტაპობრივი გადასვლა „ელექტრონული მთავრობის“ რეჟიმზე პარლამენტის ვიდეო-კონფერენციების რეჟიმში მუშაობის ჩათვლით, დისტანციური სამედიცინო თუ იურიდიული მომსახურებები და ა.შ.

დაწესებული შეზღუდვები ლამის მთელი მსოფლიოს მასშტაბით აჩვენებს იმასაც, რომ პოსტკორონა ერაში დემოკრატიული სამყაროს მოქალაქეებიც კი უფრო მომთმენნი და ამტანნი გახდებიან კონტროლის ისეთი მექანიზმების მიმართ, რომლის განხორციელების მცდელობასაც კი ნებისმიერი დეოკრატიული მთავრობა გადაჰყვებოდა.

მაგალითისთვის, კომუნისტურ ჩინეთს რომ არ გადავწვდვდეთ, ისრაელსა და ავსტრიას მივმართოთ, სადაც საგანგებო მდგომარეობიდან გამომდიანრე ოფიციალურად დაიშვა მობილური აპლიკაციის მეშვეობით ნებისმიერი ადამიანის გადაადგილების კონტროლი ამ ეტაპზე დაინფიცირებულებისგან თავის დაცვის მიზნით.

ანუ დასაშვები და ფართო მასებისთვის მისაღები და გასაზიარებელი გახდა ის, რაც სულ რაღაც ორი თვის წინ მხოლოდ გამონაკლისის წესით, მხოლოდ სასამართლოს ნებართვით შეიძლებოდა - ადამიანის გადაადგილების კონტროლი.

ყველაფერი გვაჩვენებს, რომ ადამიანი დგება ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე - დარჩება ინდივიდად, თავისუფლების მოყვარე და მოაზროვნე, მეამბოხე არსებად თუ იქცევა ეკრანს მიღმა დატყვევებულ სტატსიტიკურ „დეიტად“ ანუ მონაცემად.

ყველაფერი გვაჩვენებს, რომ ადამიანი დგება ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე - დარჩება ინდივიდად, თავისუფლების მოყვარე და მოაზროვნე, მეამბოხე არსებად თუ იქცევა ეკრანს მიღმა დატყვევებულ სტატსკიტიკურ „დეიტად“ ანუ მონაცემად

საერთაშორისო ურთიერთობებში მოსალოდნელია სხვადასხვა საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების ეფექტურობის გადაფასება და მათი ძირეული რეფორმიების მოთხოვნა.

მაგალითად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე ევროკავშირის მმართველი ინსტიტუტების მიერ გამოვლენილმა სრული დაბნეულობამ, უფრო მეტიც, სრული უსუსურობამ კრიზისებზე რეაგირების კუთხით ლოგიკურად დღის წესრიგში უნდა დააყენოს წევრი ქვყნების მიერ ევროკავშირის გაბერილი და მოუქნელი ბიუროკრატიის რადიკალური რეფორმირების საკითხი.

საერთაშორისო ურთიერთობებში მოსალოდნელია სხვადასხვა საერთაშორისო და რეგიონალური ორგანიზაციების ეფექტურობის გადაფასება და მათი ძირეული რეფორმიების მოთხოვნა

იგივე შეიძლება ითქვას „ნატოზეც“ - კორონავირუსს როგორც ნატოს ცალკეული წევრი ქვეყნები, ასევე, მთლიანად ალიანსი შეიძლება ითქვას რომ განიარაღებული შეხვდა. ყოველ შემთხვევაში, ნათლად გამოჩნდა, რომ „ნატო“ შესაძლო ბიოლოგიური ომისთვის, რომელმაც მის წევრ ქვეყნებს ერთდროულად შეიძლება შეუტიოს, მოუმზადებელი აღმოჩნდა.

უფრო მეტიც, მას მას ისეთი სტრატეგიული მარაგებიც კი არ აღმოაჩნდა საჭირო რაოდენობით, როგორიც არის სამედიცინო პირბადეები, აღჭურვილობა, ტესტები და ა.შ. ამ შემთხვევაშიც, ვფიქრობთ, რომ „ნატო“ შესაბამის დასკვნებს გამოიტანს.

- ისეთი პირი უჩანს, რომ 22 მაისის შემდეგაც გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობა. შესაძლოა აკრძალვები ისეთი მკაცრი აღარ იყოს, მაგრამ ხელისუფლება რომ თუნდაც დედაქალაქში ტრანსპორტის ამუშავებაზე არ ფიქროს, საკმაოდ მკაფიოდაც ჩანს.

ასეთ ფონზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა - ამ წუთში რუსეთთან მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, მაგრამ როგორც ადრე, რუსეთიდან წამოსული ტურისტები იყო მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ვიზიტორების, დღესაც ჩვენი ქვეყანა, უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით, მზად არის, რუსი ტურისტებიც მიიღოს და უმასპინძლოს.

ჩვენ ხელისუფლებისგან მოვისმინეთ ტურიზმის მხარდაჭერასთან დაკავშირებული გეგმები. არადა, ყველა პროგნოზით ტურიზმი კარგა ხანს რომ არ იქნება ისეთი, როგორც პანდემიანდე, ყველა თანხმდება.

მთავრობის გეგმები უსაფრთხო ტურიზმთან დაკავშირებით გასაგები კი, მაგრამ თუ უახლოეს მომავალში ხელისუფლება ეკონომიკის ამოქოქვას სწორედ ტურიზმს უკავშირებს, გაუგებარია რატომ არ ემზადება ქვეყანა თუნდაც 22 მაისის შემდეგ დედაქალაქში ტრანსპორტის შეზღუდვებისათვის მოსახსნელად?

- პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ ტურიზმისთვის შემოთავაზებული დახმარების პაკეტი კარგია. ამის თქმის საფუძელს მაძლევს სხვა ქვეყნების ტურიზმის გადასარჩენად გადადგმული ნაბიჯების შედარება.

თუმცა, კარგი იქნებოდა თუ ხელისუფლება იფიქრებდა ევროპის ქვეყნების ისეთ გამოცდილებაზე როგორიცაა ერთგვარი ვაუჩერების დარიგება მოსახლეობისთვის, რომლითაც მათ შეუძლიათ საკუთარი ქვეყნების კურორტებზე დასვენება, აგრეთვე, უცხოეული ტურისტების მოსაზიდად, მაგალითად, ფრენის ან სასტუმროს ხარჯების ნაწილობრივი დაფინანსება და ა.შ.

ერთი, აუცილებლად გასათვალისწინებელი მომენტი გახლავთ მთავრობის ინიციატივა გარკვეული კურორტების კორონასგან უსაფრთხო ზონებად გამოცხადებაზე. ეს სეგრეგაციას ემსგავსება - რა გამოდის - საირმე და წყალტუბო თუ კორონასგან უსაფრთხო ზონაა, ბახმარო, ურეკი, თელავი თუ მესტია კორონათია სავსე?! ამ მიდგომას აუცილებლად გადახედვა ესაჭიროება.

ასევე, აუცილებელია მაქსიმალურად გადავიზღვიოთ თავი ვირუსის გარედან შემოტანისას საზღვრების გახსნის შემდეგ - აუცილებელი იქნება ტესტირება საზღვარზე, რა ძვირიც არ უნდა იყოს, რათა თავი დავიზღვიოთ სხვა ქვეყნებიდან შემოსული არასწორი ტესტის პასუხებიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ღმერთმა ნუ ქნას და თუ გახსნიდან 10 დღეში დავიხურეთ, ვის სჭირდება ეს.

აუცილებელია მაქსიმალურად გადავიზღვიოთ თავი ვირუსის გარედან შემოტანისას საზღვრების გახსნის შემდეგ - აუცილებელი იქნება ტესტირება საზღვარზე, რა ძვირიც არ უნდა იყოს, რათა თავი დავიზღვიოთ სხვა ქვეყნებიდან შემოსული არასწორი ტესტის პასუხებიდან

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ერთმნიშვნელოვნად დადებითია ეკონომიკის გახსნის დაჩქარება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კორონაზე მეტი ადამიანი შიმშილი და უსახსრობის გამო სხვა დაავადებებით სიკვდილს შეეწირება.

ამ დასკვნამდე მივიდნენ ჩვენზე გაცილებით ძლიერი ქვეყნები. ამ დღეებში გერმანია წალეკა მასობრივმა დემონსტრაციებამ ეკონომიკის გახსნის დაჩქარების მოთხოვნით და ა.შ.

ძალიან მომწონდა გიორგი ვაშაძის ეკონომიკის გახსნის პროგრამები, რომელიც ეკონომიკის გახსნის მეტ დინამიურობას და კორონასგან უსაფრთხოების მექანიზმების სწორ ბალანსს ემყარებოდა. ის ერთ-ერთი პირველია, ვისაც ოპოზიციიდან გამოწვევებზე სხარტი რეაგირების და არა მხოლოდ ცარიელი კრიტიკის უნარი აქვს, ასევე, საინტერესო ხედვები წარმოადგინა „ევროპულმა საქართველომ“.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ივნისის დასაწყისიდან, ლოგიკურად, ყველაფერი უნდა ამუშავდეს.

- როცა მთავრობამ ტურიზმთან დაკავშირებით თავისი გეგმები გაგვაცნო, ითქვა, რომ ტურიზმის სფერო გათავისუფლდება საშემოსავლო და ქონების გადასახადიდან, თსუ-ს პროფესორმა და ცნობილმა ეკონომისტმა ლადო პაპავამ განაცხადა - „გამიხარდებოდა, თუ მთავრობა თავის ძალისხემვას არა ტურიზმის სფეროში, არამედ სოფლის მეურნეობის სფეროში მიმართავდა“.

ვხედავთ, რომ ჩვენგან დამოუკიდებელ მიზეზთა გამო პანდემიის ფონზე იზოლაციონისტური ტენდენციები მსოფლიოში სულ უფრო ხელშესახები ხდება. მეტიც, რიგმა ქვეყნებმა უარი თქვეს გარკვეული ტიპის პროდუქტების ექსპორტზე.

ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები კი გადადგა სოფლის მეურნეობის მხარადსაჭერად, მაგრამ ეს რომ ზღვაში წვეთია, საკამათო არ უნდა იყოს.

თქვენი დაკვირვებით, ახლა როცა მთავრობამ საკმაოდ კარგად იცის სავარაუდოდ რა დახმარებებს მიიღებს ქვეყანა, რატომა არა პოსტ-პანდემიური ვითარებისთვის ხელისუფლების გეგმები მკაფიო და მეტად გასაგები?|

- კითხვა, თუ რატომ ეხმარება სახელმწიფო ტურიზმს რომ გადარჩეს, სულ ცოტა, გაუგებარია - რა ლოგიკაა - მოკლა სფერო, რომელიც ასობიათ ათას სამუშაო ადგილს ქმნის?! და სად გადაასაქმებ ამ ხალხს უახლოეს წლებში?!

მსოფლიოს ყველა ტურისტულმა ქვეყანამ შეიმუშავა ტურიზმის გადარჩენის პაკეტები. აგერ, USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერიც ამბობს, რომ ტურიზმის არის მთავარი თემა, რომლითაც ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ვთანამშრომლობთ ჩვენი ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებშიო. როგორც ბატონი ვიბლერი აცხადებს, USAID „თანამშრომლობს პარტნიორებთან ტურიზმის სააგენტოში, რომელიც აშკარად არის მთავარი მამოძრავებელი საქართველოს ეკონომიკური ზრდის“-ო.

კი ბატონო, გასაგებია რომ ეს მაინც ლოკალური 1-2 წელზე გათვლილი დახმარებებია, მაგრამ ჯერ არსებული სამუშაო ადგილების გადარჩენაა საჭირო და შემდეგ ახლის შექმნაზე ფიქრი.

რაც შეეხება იმას, რომ ქვეყანას ახალი ხედვები და ეკონომიკის ახალი სფეროები დასჭირდება, ამ მიმართულებით აუცილებლად დამატებითი ფიქრი და განსჯაა საჭირო.

ქვეყანას ახალი ხედვები და ეკონომიკის ახალი სფეროები დასჭირდება, ამ მიმართულებით აუცილებლად დამატებითი ფიქრი და განსჯაა საჭირო

ამ ეტაპზე რაც გარდაუვლად ჩანს, ტურისტული ნაკადების შემცირების პარალელურად შემცირდება ფასი და მოთხოვნა უძრავ ქონებაზე, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში. სულ უფრო გაიზრდება დისტანციურად, სახლებიდან დასაქმებული ადამიანების წილი ეკონომიკის სულ უფრო მეტ დარგებში, რაც თავისთავად გამოიწვევს საოფისე ფართებზე მოთხოვნის შემცირებას და მათ გაიაფებას.

ამან, ლოგიკურად უნდა მოჰყვეს ფასების კლების ტენდენციაც, რადგან პროდუქციაზე გაწეულ ხარჯებს გამოკალდება მასზე დასახარჯი და არ დახარჯული საოფისე ფართის, კომუნალური, კომუნიკაციის ხარჯების ნაწილი.

თუმცა, ფართე მოთხოვნის შემცირება დააზიანებს საამშენებლო სექტორს. გაიზრდება დისტანციური ტრენინგ-კონფერენციების წილი, რასაც მოჰყვება სამსახურებრივი მივლინებების რაოდენობების შემცირება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს კი ტურისტების რაოდენობის შემცირებასთან ერთად ავიაკომპანიების მოგების შემცირებას გამოიწვევს.

შეიცვლება საერთაშორისო ვაჭრობისა და დისტრიბუციის ტრაექტორია და მასშტაბებიც - ელექტორნული ვაჭრობა და მიწოდების სერვისი სულ უფრო ჩაანაცვლებს ვაჭრობისა და მომსახურების ტრდიციულ სახეობებს.

გლობალური მომარაგების ქსელების პარალელურად სულ უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება ლოკლაური, რეგიონალური წარმოების და ბაზრების განვითარებაზე და სტაბილური მომარაგების ქსელების აწყობაზე.

დაიწყება ტექნოლოგიების მეფობის ხანა ყველა მიმართულებით, რასაც საქართველომაც უნდა აუცილებლად აუწყოს ფეხი

შესაბამისად, ფართო გასაქანი მიეცემა პროტექციონისტულ პოლიტიკას ადგილობრივი წარმოების განვითარების მიზნით, სასურსათო და პირველადი მოხმარების საგნების უსაფრთხოების ქსელის აწყობას, რაც გამოიწვევს აქცენტების გადატანას სოფლის მეურნეობაზე, მოიმატებს მიწის ფასი, რასაც დამატებით განაპირობებს გაზრდილი მოთხოვნა ქალაქებთან ახლო მდებარე სოფლის ტიპის დასახლებებში საცხოვრებელი ფართებისა და მიწის ნაკვეთების შეძენა.

და რა თქმა უნდა, დაიწყება ტექნოლოგიების მეფობის ხანა ყველა მიმართულებით, რასაც საქართველომაც უნდა აუცილებლად აუწყოს ფეხი.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა