საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას საბერძნეთს დღეს ოფიციალურად გადააბარებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 15 მაისს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს შენობაში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, რომელზეც საქართველოს მიერ საბერძნეთისათვის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ოფიციალური გადაბარება მოხდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სხდომა თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება და მას ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი გივიაშვილი გახსნის, რომელიც სიტყვას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს გადასცემს.

დავით ზალკალიანი თავის გამოსვლაში შეაჯამებს გასული 6 თვის განმავლობაში საქართველოს თავმჯდომარეობის მიღწევებსა და შედეგებს, მიმოიხილავს საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების იმპლემენტაციის კუთხით გამართულ ღონისძიებებს და კულტურულ პროგრამას. სხდომაზე, ასევე, სიტყვით გამოვლენ და საქართველოს მიერ თავმჯდომარეობის პერიოდში გაწეულ საქმიანობას შეაფასებენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე, ადამიანის უფლებათა კომისარი და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტი.

დავით ზალკალიანის სიტყვით გამოსვლის შემდგომ, საქართველოს ელჩი თავმჯდომარეობის სიმბოლურ გასაღებს გადასცემს ევროპის საბჭოში საბერძნეთის მუდმივ წარმომადგენელს.

ცნობისთვის, საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა 2019 წლის 27 ნოემბერს გახდა და თავისი თავმჯდომარეობის პრიორიტეტებად განსაზღვრა: ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა; სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება; დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით. საქართველოს თავმჯდომარეობის სამოქმედო პროგრამის ფარგლებში ყველა ძირითადი პრიორიტეტის მიმართულებით გაიმართა შესაბამისი ღონისძიებები. აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის პანდემია ურთულეს გამოწვევად იქცა ორგანიზაციის მუშაობისთვის, თუმცა საქართველოს თავმჯდომარეობის ძალისხმევით და ორგანიზაციის შესაბამისი სამსახურების მხარდაჭერით, მინისტრთა კომიტეტის მუშაობა განახლდა აპრილის დასაწყისიდან ახალი სამუშაო მეთოდებით, როგორიცაა წერილობითი პროცედურა და ვიდეო კონფერენციები. შესაბამისად, შესაძლებელი გახდა მინისტრთა კომიტეტის მიერ სხდომების ჩატარება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ასევე, მიღებულ იქნა მინისტრთა კომიტეტის დეკლარაცია COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლის დროს ევროპის საბჭოს სტანდარტებისა და ფასეულობების შენარჩუნებაზე.

იხილეთ ვიდეო:საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას საბერძნეთს დღეს ოფიციალურად გადააბარებს

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს