ირაკლი ოქრუაშვილი - ნიშნის მოგებით კომენტარებისა და რევანშისტული განცხადებების ნაცვლად, ქვეყანა მშვიდი განვითარების რეჟიმში უნდა გადავიყვანოთ

ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს იმით, რომ გიორგი რურუამ საპატიმრო უნდა დატოვოს , - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური სიტუაცია უნდა განიმუხტოს.

„ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს იმით, რომ გიორგი რურუამ საპატიმრო უნდა დატოვოს. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ყველაფერი ქვეყნის სასარგებლოდ დასრულდება და არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის, პოლიტიკური პარტიის. პირველ რიგში, ქვეყანას სიმშვიდე, პოზიტიური გზავნილები სჭირდება იმისთვის, რომ მძიმე ეკონომიკური პოლიტიკური კრიზისიდან ამოვიდეთ და ის მძიმე პოლიტიკური სიტუაცია განიმუხტოს, რომელიც შექმნილია. თუ ასეთი გზავნილები არ იქნება, ბუნებრივია, გარედანაც შესაბამისი ზეწოლა იქნება. ასე რომ, ყველამ უნდა მოვინდომოთ. ნაცვლად ნიშნის მოგებით კომენტარებისა და რევანშისტული განცხადებებისა, ქვეყანა მშვიდი განვითარების რეჟიმში უნდა გადავიყვანოთ“,-განაცხადა ოქრუაშვილმა.

მისი ვარაუდით, პრეზიდენტმა მისი და გიგი უგულავას გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება არა დამოუკიდებლად, არამედ ბიძინა ივანიშვილთან ერთად მიიღო.

„ეჭვი არ მეპარება, რადგან ამ შემთხვევაში, ხელისუფლების სახელით ყველა შტოში, აბსოლუტურად ყველა გადაწყვეტილებას, ერთი ადამიანი იღებს, ეს არის ივანიშვილი“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.

მან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გეგმავს ოპოზიციის გაძლიერებაში თავისი წვლილი შეიტანოს, რათა მათ ივანიშვილის რეჟიმი არჩევნების გზით, მშვიდობიანად დაამარცხონ.

„8 მარტის შეთანხმება იყო ისტორიული დოკუმენტი, არა მხოლოდ საარჩევნო პროცესის გაუმჯობესების ან საარჩევნო გარემოს ცვლილების ან სისტემის შესახებ, ეს იყო დოკუმენტი ქვეყანაში ოქტომბრის არჩევნების შედეგად ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების შესახებ. ვინც დღემდე ამას ვერ მიხვდა, შეუძლია, ამის მერე გაითვალისწინოს და გააანალიზოს. ვაპირებ, რომ ამ პროცესში გარკვეული წვლილი შევიტანო, როგორც ოპოზიციის კონსოლიდაციის და გაძლიერების თვალსაზრისით, ასევე იმ მიზნისთვის, რომ ოპოზიციამ საბოლოოდ შეძლოს ივანიშვილის ხელისუფლების მშვიდობიანად გაცილება“, - განაცხადა ოქრუაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა