ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტი დადებითად აფასებენ

ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტი დადებითად აფასებენ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარის ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოსის განცხადებით, ორგანიზაცია დადებითად აფასებს საქართველოს თავმჯდომარეობის ინოვაციურ პრიორიტეტს - გარემოს დაცვა და ადამიანის უფლებები.

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პრეზიდენტის ანდერს კნაპეს შეფასებით კი, საქართველომ კოვიდეპიდემიის მიუხედავად, თავმჯდომარეობის ღირსეულად წარმართვა შეძლო.

„ძვირფასო კოლეგებო და მეგობრებო საქართველოდან, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ მოგმართავთ დღეს, როდესაც სრულდება საქართველოს მიერ ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის ვადა. ჩემთვის, როგორც ევროპის საბჭოს კონგრესის პრეზიდენტისთვის, ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან ერთად მუშაობა თქვენი თავმჯდომარეობის პერიოდში. მე ძალიან კარგად მესმის, თუ რამდენად რთული იყო თქვენთვის მუშაობა COVID-19-ის გავრცელებიდან გამომდინარე შექმნილ კრიზისულ პირობებში. თუმცა, თქვენ შეძელით, ძალიან კარგად შეგესრულებინათ თქვენი სამუშაო. ბედნიერი ვარ, რომ თებერვლის თვეში მომეცა შესაძლებლობა, ოფიციალური ვიზიტით ვწვეოდი საქართველოს და შევხვედროდი ახალგაზრდებს ევროპისა და საქართველოს მომავლის განსახილველად. ვიზიტის დროს, ასევე შევხვდი მინისტრებს, ვიცე-პრემიერს, თბილისის მერს და საქართველოში ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა ასოციაციის ხელმძღვანელობას.

ეს ვიზიტი ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმის გასაგებად, თუ რა სირთულეების წინაშე დგას საქართველო ქვეყნის გარშემო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. მოხარული ვარ, რომ თქვენ მიყვებით დეცენტრალიზაციის პროცესს, ითვალისწინებთ კონგრესის რეკომენდაციებს და თვალყურს ადევნებთ კონგრესის მიერ თქვენ ქვეყანაში გასული წლების მანძილზე განხორციელებულ მონიტორინგისა და პოსტ-მონიტორინგის აქტივობებს. მე თქვენი მადლიერი ვარ ამისთვის. ასევე, მადლიერი ვარ იმ სამუშაოსთვის, რომელსაც საქართველოს დელეგაცია ახორციელებს კონგრესის სამუშაოში ჩართვისა და საკუთარი წვლილის შეტანის მიმართულებით.

ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში მომეცემა საშუალება დავბრუნდე თქვენს მშვენიერ ქვეყანაში, რომელიც გამორჩეულია სტუმართმოყვარეობითა და კეთილგანწყობილი ადამიანებით. ველი თქვენთან მუშაობის შესაძლებლობას და საქართველოს წარმატებას ვუსურვებ,"- განაცხადა ანდერს კნაპემ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოსმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობისთვის.

„ასევე, მსურს მადლობა პირადად მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეს, მინისტრ ზალკალიანს და მუდმივ წარმომადგენელს, ირაკლი გივიაშვილს გადავუხადო ამ რთულ პერიოდში მინისტრთა კომიტეტის ფუნქციონირებაში შეტანილი წვლილისთვის.

ჩვენთვის, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის, მინისტრთა კომიტეტი კონვენციის სისტემის უტყუარობისა და სიცოცხლისუნარიანობის გარანტია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო.

ამასთან, ჩვენ ძალიან კეთილგანწყობილნი ვართ თქვენ მიერ წარმოდგენილი ინიციატივის მიმართ, რომელიც ეხება გარემოს დაცვას. მე პირადად მივიღე მონაწილეობა როგორც 27 თებერვალს თქვენ მიერ ორგანიზებულ დიდ კონფერენციაში, რომელიც მიეძღვნა გარემოს დაცვასა და ადამიანის უფლებებს, ასევე ამ კვირაში გამართულ ვიდეო-კონფერენციაში, ბავშვზე ორიენტირებულ მართლმსაჯულებაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები და ინიციატივებია და მე მინდა ეს მოგილოცოთ. თქვენ ამ ურთულეს პირობებში გააკეთეთ ყველაფერი, რაც შეგეძლოთ. მადლობა საქართველოს!“, - განაცხადა ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოსმა.

აღნიშნულ კომენტარებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა