ლევან კობერიძე - არამხოლოდ მე, საზოგადოებასაც აინტერესებს, ჰოსპიტალური სექტორი რამდენად მზად არის გახსნისთვის, რა პარამეტრებით არის მზად, რა არის გაუმჯობესებული

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი ლევან კობერიძე მოითხოვს, რომ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საზოგადოებას აუხსნას, თუ რამდენად არის მზად ჰოსპიტალური სექტორი, მათ შორის პირველადი ჯანდაცვა იმისთვის, რომ მუშაობა განაახლოს. მან ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძეს მიმართა და აღნიშნა, რომ მისი ვარაუდით, შექმნილ ვითარებაში, ჯანდაცვის სისტემა მომზადებული არ იყო და არ არის.

„როგორც მახსოვს, საბჭოს მხრიდან დავალებული გქონდათ კლინიკების შემოწმება. თუ იქ რაიმე ხარვეზები ნახეთ, არავინ გთხოვთ კონკრეტული მისამართების, ექიმების სახელებისა და გვარების დასახელებას. სწორედ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინტერესის საგანი ახლა, თუ რამდენად არის მზად ჰოსპიტალური სექტორი, მათ შორის პირველადი ჯანდაცვა. თუ თქვენ წყნარად ხართ, ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობაც მშვიდად არის. კომიტეტის თავმჯდომარეებიც სხდომებს რომ ესწრებოდნენ, მერე იქედან ბევრი არაფერი გაგვიგია, რა ხდებოდა. ერთმანეთს თუ ხვდებოდით რეგიონებში და გზაში ესაუბრებოდით, ეს საპარლამენტო და საკომიტეტო მუშაობა არ მგონია. ამიტომ, ამჟამად თქვენგანაც და პირველ რიგში, მინისტრისგან არა მხოლოდ მე, არამედ საზოგადოებას აინტერესებს, ჰოსპიტალური სექტორი რამდენად მზად არის გახსნისთვის, რა პარამეტრებით არის მზად, რა არის გაუმჯობესებული, როგორ ხდება ნაკადების მართვა და აღჭურვა რამდენად არის გავლილი“,- მიმართა კობერიძემ ხუნდაძეს.

მისი განმარტებით, ხელისუფლებამ და ჯანდაცვის მინისტრმა საზოგადოებას უნდა აუხსნას, რამდენად არის მზად ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსთან საბრძოლველად.

„არსებობს ძალიან საფუძვლიანი მოსაზრება, რომ ადამიანების სახლში მაქსიმალური შეკეტვა გამოწვეულია სწორედ იმით, რომ რეალურად, ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის სექტორის მზადება სამინისტრომ, მთავრობამ წესიერად ვერ მოახერხა. ახლაც მგონია, რომ მომზადებული არ იყო და არ არის. თუ ახლა მომზადებულია, მაშინ უნდა გამობრძანდეთ და აუხსნათ საზოგადოებას, რამდენად არის მზად. დღესაც არსებობს სპეციალისტების საფუძვლიანი მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ჰოსპიტალური სექტორი მზად არ არის, თუ არადა, გამოდით და ციფრებით, მონაცემებით ისაუბრეთ და არა, ვიყავით, მოგვეწონა არმოგვეწონა, ვიღაცას თითი დავუქნიეთ, შეცდომა იყო და ასე შემდეგ. თუ თქვენ აიღეთ ამაზე პასუხისმგებლობა, თავად ისაუბრეთ, თუ არადა, დაიბარეთ მინისტრი, კეთილი ინებოს, მობრძანდეს და ისაუბროს. საგანგებო მდგომარეობა არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოების ინფორმირება არ მოახდინოს“,-განაცხადა კობერიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს