ლევან კობერიძე - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები არის პირდაპირ დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, უფრო მკაცრად ვიტყვი, ეს არის ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯი და მეტსაც გეტყვით, „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდშიც, როცა პრაქტიკულად ავტორიტარიზმი იყო ქვეყანაში, მათაც კი მსგავსი ტიპის კანონები არ მიუღიათ , - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ განაცხადა.

ლევან კობერიძის თქმით, აღნიშული ცვლილება ნიშნავს, რომ კანონის დონეზე მოხდეს ავტორიტარიზმისკენ ნაბიჯის გადადგმა.

„მინდა გთხოვოთ, დამისახელოთ, თუნდაც ერთი ან ორი დემოკრატიული ქვეყანა, რომელმაც ამ პირობებში, რაც დღეს არის მსოფლიოში, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. ვგულისხმობ საპარლამენტო მმართველობის ქვეყნებს, როცა მთავრობას ასე უაპელაციოდ გადასცა ის უფლებამოსილებები, რომელიც კონსტიტუციით არის მისი და ის უნდა იყოს გარანტი ამ უფლებების. რომელ ქვეყანაში მოხდა ასე? გერმანიაში მაგალითად, ან ავსტრიაში? მსგავსი ქვეყნები თუ შეიძლება, მოიყვანოთ მაგალითად? რა სივრცისკენაც ჩვენ მივისწრაფით დემოკრატიის თვალსაზრისით, იმ ქვეყნებში სად ნახეთ, ვისგან მიიღეთ კონსულტაცია? ვის შეექმნა ასეთი სურვილი? ეს არის პირდაპირ დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, უფრო მკაცრად ვიტყვი თუ შეიძლება, ეს არის ავტორიტარიზმისკენ გადადგმული ნაბიჯი და მეტსაც გეტყვით, „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდის დროსაც, როცა პრაქტიკულად ავტორიტარიზმი იყო რეალურად ქვეყანაში, მათაც კი მსგავსი ტიპის კანონები არ მიუღიათ და „ქართულ ოცნება“, რომელიც სწორედ იმ ნიშნით მოვიდა, რომ იმ ავტორიტარიზმს ებრძოდა, ახლა იმაზე უარესს ვაკეთებთ - კანონის დონეზე გვინდა, რომ ავტორიტარიზმისკენ ნაბიჯი გადავდგათ“, - განაცხადა კობერიძემ.

მისივე თქმით, ამ კანონპროექტით საკარანტინე ღონისძიებების ფაქტობრივად საგანგებო მდგომარეობასთან გათანაბრება ხდება, რაც არაკონსტიტუციურია. კობერიძე მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ამასთან დაკავშირებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„თქვენ კი აღნიშნეთ, რომ თუ არაკონსტიტუციურია, კი ბატონო, მიმართეთ კონსტიტუციურ სასამართლოსო, ალბათ, ასეც იქნება, თუმცა, ეს კიდევ სხვა დროს მოითხოვს და დარწმუნებული ვარ ეს გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი საკონსტიტუციოს მიერ, რომ ეს აქტი არის არაკონსტიტუციური“, - აღნიშნავს კობერიძე.

მისივე თქმით, მისთვის გასაკვირია, თუ რატომ ხდება კანონპროექტის შემოტანა ჯანდაცვის კომიტეტის მხრიდან, მაშინ როცა კანონპროექტი ძირითადად ადამიანის უფლებებს ეხება. ლევან კობერიძემ იმედი გამოთქვა, რომ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ამ კანონპროექტთან დაკავშირებით კრიტიკულ მოსაზრებას დააფიქსირებს.

„ძალიან გაკვირვებული ვარ, რომ არ მოვისმინე ამ კანონპროექტთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პროტესტი, ჯერ არ მომისმენია შეიძლება, ახლა მოვისმინო, შესაძლოა, იმიტომ არის შემოსული, ალბათ, თავის პროტესტს გამოთქვამს, აბსოლუტურად უკანონოდ გადაეცემა უფლებამოსილებები მთავრობას“ , - განაცხადა ლევან კობერიძემ.

ცნობისათვის, ახალი კანონპროექტი მთავრობას შეზღუდვების დაწესების საშუალებას საგანგებო მდგომარეობის გარეშე აძლევს. კანონპროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს