ზაალ ანჯაფარიძე - საკონსტიტუციო პროცესის ბოიკოტირება ოპოზიციას პოლიტიკურად დააზიანებს და გააძლიერებს განცდას, რომ ისინი არჩევნებისთვის კი არა, არაკონსტიტუციური ქმედებისთვის ემზადებიან

პრეზიდენტის მიერ 8 მარტის შეთანხმების შესრულების პერსპექტივებსა და მის სავარაუდო შედეგებზე, საშინაო და საგარეო პოლიტიკის სხვა აქტუალურ თემებზე, რას შეიძლება ნიშნავდეს საქართველოს ხელისუფლების მისამართით ჩვენი პარტნიორების მიერ შერჩეული ტონი და სასაუბრო ენა, ასევე იმაზე, თუ რატომ აფასებენ ოპონენტები კრიტიკულად პანდემიის გამო ხელისუფლების ეკონომიკურ გეგმებს, „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოსს, ზაალ ანჯაფარიძეს ესაუბრა.

- ბატონო ზაალ, უკანასკნელ პერიოდში განვითრარებული პროცესები იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ შიდა პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებზე ასეც შეიძლება ითქვას - ვითარება უგულავა-ოქრუაშვილის გათავისუფლებამდე და მათი გათავისუფლების შემდეგ სერიოზულად შეცვლილი და სხვაგვარია.

ასეა, არა იმიტომ, რომ რომელიმე გათავისუფლებულს განსაკუთრებული როლი შეიძლება ჰქონდეთ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე, არამედ იმიტომაც, რომ თუნდაც 8 მარტის შეთანხმების შესრულობაზე ხელისუფლების გაუგებარმა პოზიციამ არა მარტო ავნო მმართველ ძალას, არამედ ქვეყნის რეპუტაციასაც.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის აღიარებამ, რომ უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალების აქტის ხელმოწერამდე მან საქმის კურსში ჩააყენა პრემიერი, პარლამენტის სპიკერი და „ოცნების“ ლიდერი ივანიშვილი, იმაზე მეტყველებს, რომ მმართველი გუნდის ერთი ნაწილი მზად იყო 8 მარტის შეთანხმება შესრულებულიყო, მაგრამ მეორე ნაწილი აშკარად წინააღმდეგი იყო.

ამ თემაზე „ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადება და შემდეგ სასამართლოს მიერ რურუას საქმეზე გამოტანილი განაჩენი იმაზე მიანიშნებს, რომ სასამართლომ, რომლის მოსამართლეებს მანამდე სპიკერი ირაკლი კობახიძე ლობირებდა, რამაც მმართველ პარტიაში დიდი განხეთქილება გამოიწვია, რურუას არგამოშვებით ამ ეტაპზე შეაყოვნა 8 მარტის შეთანხმების სრული რეალიზაცია.

უგულავა-ოქრუაშვილის გათავისუფლების შექმნილ რეალობის თავისებურებების თემას ჩვენ აუცილებლად შევეხებით, მაგრამ ვინაიდან ახლა ისევ აქტუალურია საკონსტიტუციო ცვლილებების პერსპექტივა, კითხვას ასე დავსვამდი - რამდენად მართებულია მტკიცება, რომ ახლა საკონსტიტუციო ცვლილებები დამოკიდებულია არა იმდენად მმართველ გუნდზე, არამედ იმაზე, მოისურვებს თუ არა ირაკლი კობახიძე და მასზე დამოკიდებული სასამართლო რურუას გათავისუფლებას?

- პირდაპირ გეტყვით, რომ ეს მტკიცება ჩემი აზრით ვერ იქნება მართებული, რადგანაც საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა მთლიანად არის დამოკიდებული სწორედ მმართველ გუნდზე, რომელიც ფლობს საპარლამენტო უმრავლესობას და რომელმაც 8 მარტის ცნობილი შეთანხმებით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აიღო ამის განხორციელების ვალდებულება. მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა ამ დღეებში განაცხადეს, რომ ისინი მხარს დაუჭერენ ამ ცვლილებას.

იმისდა მიუხედავად, დარჩება გიორგი რურუა ციხეში თუ გათავისუფლდება, მიიღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო,“ თუ არა, საკონსტიტუციო ცვლილებები დიდი ალბათობით მაინც იქნება მიღებული

აღნიშნული ცვლილების მხარდასაჭერად, რომელმაც უნდა განმუხტოს წინასაარჩევნო დაძაბულობა, რამდენადაც ცნობილია, თავიანთი ხმების მიცემას აპირებენ „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები და „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქცია. თუ ბოლო მომენტში რომელიმე მათგანმა არ გადაიფიქრა, ხმები სავსებით საკმარისი იქნება იმისათვის, რომ პარლამენტმა ეს ცვლილება დაამტკიცოს.

შესაბამისად, იმისდა მიუხედავად, დარჩება გიორგი რურუა ციხეში თუ გათავისუფლდება, მიიღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო,“ თუ არა, საკონსტიტუციო ცვლილებები დიდი ალბათობით მაინც იქნება მიღებული, ოღონდაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ამ ორი ოპოზიციური პარტიის გარეშე.

საკონსტიტუციო პროცესის ბოიკოტირება ოპოზიციურ პარტიებს პოლიტიკურად და რეპუტაციულად დააზიანებს და გააძლიერებს განცდას, რომ ისინი არჩევნებისთვის კი არა, სხვა, ამათი განცხადებების მიუხედავად, არაკონსტიტუციური ქმედებისთვის ემზადებიან.

საკონსტიტუციო პროცესის ბოიკოტირება ოპოზიციურ პარტიებს პოლიტიკურად და რეპუტაციულად დააზიანებს და გააძლიერებს განცდას, რომ ისინი არჩევნებისთვის კი არა, სხვა, მათი განცხადებების მიუხედავად, არაკონსტიტუციური ქმედებისთვის ემზადებიან

- უგულავა-ოქრუაშვილისა და ასევე რურუას ბრალეულობის თემაზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხარდამჭერი იურისტები ბევრს კამათობენ, მეტიც, ეტყობა ამ თემაზე კიდევ დიდხანს იკამათებენ, მაგრამ ფაქტია ის, რომ მმართველ ძალას არ უნდა აწყობდეს ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, თუ რა თქმა უნდა, უნდა რომ 120/30 საერთოდ იქნას მიღებული.

თუ სასამართლომ რურუა გაათავისუფლა, მომხდარი რა გავლენას იქონიებს, მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოზე, სამართალდამცავ სისტემაზე, რომელსაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები პოლიტიკური ნიშნით მოქმედებაში ადანაშაულებენ? და ასევე ბიუროკრატიაზე, რომელსაც არჩევნებისას ადმინისტრაციულ რესურსად მოიხსენიებენ?

- საინტერესოა, რა არის საკამათო უგულავას ბრალეულობის საკითხზე, როდესაც სამივე ინსტანციის სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო 46 მილიონი ლარის გაფლანგვასა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში. დასავლურ დემოკრატიებში მსგავსი რამ პოლიტიკოსისათვის მომაკვდინებელ ცოდვად ითვლება. უგულავა ამას თავის ცხოვრების ბოლომდე ვერ ჩამოირეცხავს.

ეხლა ვფიქრობ, იქნებ „ქართულ ოცნებას“ აწყობდეს კიდეც საკონსტიტუციო ცვლილების მიღება „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გარეშე, რადგანაც ამით უფრო მეტი საშუალება ექნებათ ისინი წარმოაჩინონ მარგინალურ და დესტაბილიზაციისაკენ მიდრეკილ პოლიტიკურ ძალად.

იქნებ „ქართულ ოცნებას“ აწყობდეს კიდეც საკონსტიტუციო ცვლილების მიღება „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს გარეშე, რადგანაც ამით უფრო მეტი საშუალება ექნებათ ისინი წარმოაჩინონ მარგინალურ და დესტაბილიზაციისაკენ მიდრეკილ პოლიტიკურ ძალად

არც დასავლეთში მოსწონთ ასეთი პოლიტიკური ძალები, რადგანაც ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, მათთვის თავის ტკივილი ხდებიან ხოლმე. მმართველობის ბოლო წლებში „ნაცმოძრაობა“ დასავლეთისათვის სწორედ ასე აღიქმებოდა.

გაათავისუფლებს თუ არა სასამართლო რურუას, ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. საქმის დეტალებს არ ვიცნობ და ვერც იურიდიული ასპექტის გარჩევას დავიწყებ, მაგრამ ვფიქრობ სასამართლო წმინდა სამართლებრივი მხარის გარდა, ალბათ ითვალისწინებს იმ გარემოებებსაც, რაც ამ საქმის გამო არის შექმნილი. ვფიქრობ, რურუას საქმეზე აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის განცხადებაც იმის სტიმულია, რომ მოიძებნოს ორმხრივად კომპრომისული გადაწყვეტილება.

ვფიქრობ, რურუას საქმეზე აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის განცხადებაც იმის სტიმულია, რომ მოიძებნოს ორმხრივად კომპრომისული გადაწყვეტილება

თქვენ მკითხეთ თუ რა გავლენას იქონიებს ბიუროკრატიულ აპარატზე რურუას შესაძლო გათავისუფლება და პრეზიდენტის შეწყალებები, რომლითაც ოპოზიცია საკუთარი ძლევამოსილების დემონსტრირებას ცდილობს.

ჩემი აზრით, დღევანდელი ბიუროკრატია მაინც განსხვავდება 2003 წლის ბიუროკრატიისგან. მეორეც, თუკი ამ ბიუროკრატიას ადმინისტრაციული რესურსის კუთხით განვიხილავთ, დავსვათ კითხვა - რა ურჩევნიათ მათ? ამჟამინდელი პოზიციების და პრივილეგიების შენარჩუნება, თუ გაურკვეველი მომავალი, რომელიც მათ ელით ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში?

თუკი ამ ბიუროკრატიას ადმინისტრაციული რესურსის კუთხით განვიხილავთ, დავსვათ კითხვა - რა ურჩევნიათ მათ? ამჟამინდელი პოზიციების და პრივილეგიების შენარჩუნება, თუ გაურკვეველი მომავალი, რომელიც მათ ელით ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში?

- უგულავა-ოქრუაშვილ-რურუას დაკავების თემებზე, მეტი პასუხგაუცემელი კითხვებია, ვიდრე მკაფიო პასუხები, მაგრამ რადგან მათზე უკვე მეტ-ნაკლებად ვისაუბრეთ, ახლა ის დროა, მომხდარის პოლიტიკურ შედეგებსა და იმ ახალ რეალობაზე გავაგრძელოთ საუბარი, რომელიც უგულავა-ოქრუაშვილის გათავისუფლების შემდეგ ყალიბდება.

ფაქტია, რომ უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლებამ ჩვენში საზოგადოებრვი აზრის პოლარიზაცია უფრო გამოიწვია, ვიდრე დეპოლარიზაცია. მეტიც, ისეთი პირი უჩანს, ეს მხოლოდ დასაწყისია. ხელისუფლებისა და ოპოზიციაში აქამდე არსებულ კონსოლიდაციაში რომ კიდევ ბევრი კორექტივები შევა, ლამის ცხადადაც კი ჩანს.

თქვენი დაკვირვებით, რა კორექტივები შეიტანა უგულავა-ოქრუაშვილის გათავისუფლებამ ოპოზიციურ ფლანგის იმ ნაწილში, რომელიც მათ გათავისუფლებას ითხოვდა, და ასევე მმართველ ძალის ერთიანობაში, რომელიც ისე კონსოლიდირებულად აშკარად არ ჩანს, როგორც მანამდე?

იგულისხმება ის, რომ პრეზიდენტის მიერ მიღებულ შეწყალების საკითხზე ინფორმირებული არ აღმოჩდნენ „ოცნების“ ისეთი საკვანძო ფიგურები, როგორებიც არიან ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, მამუკა მდინარაძე და გია ვოლსკი, რასაც ისეთი პირი უჩანს, უკვალოდ არ ჩაივლის...

- იმ ოპოზიციურმა გაერთიანებამ, რომელიც უგულავა-ოქრუაშვილის გათავისუფლებას ლობირებდა, პრეზიდენტის შეწყალების აქტი საკუთარ შუალედურ გამარჯვებად აღიქვა და როგორც ჩანს თავი დაირწმუნა იმაში, რომ დასავლეთში გაჭრილი არხებით და კავშირებით შეძლებენ ხელისუფლებაზე უპირატესობის მოპოვებას.

მიღწეულმა შედეგმა, ოპოზიციის ამ გაერთიანებაში ბუნებრივად გააძლიერა „ნაცმოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ პოზიციები, რადგანაც ყველა კარგად ხვდება, რომ დასავლეთიდან ასეთი ორგანიზებული ზეწოლის მოწყობა, სწორედ ამ ორი პარტიის დამსახურებაა.

თუმცა, გავლენების ამ დისპროპორციამ შესაძლოა აღნიშნულ ოპოზიციურ გაერთიანებაში პრობლემები წარმოშვას, თუ მათ ერთიანი ფრონტით გადაწყვიტეს გამოსვლა. რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ შეეცდებიან ოპოზიციურ ფლანგზე კიდევ უფრო მეტ დომინირებას, რაც ყველასთვის შეიძლება მისაღები არ აღმოჩნდეს.

„ნაცმოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ შეეცდებიან ოპოზიციურ ფლანგზე კიდევ უფრო მეტ დომინირებას, რაც ყველასთვის შეიძლება მისაღები არ აღმოჩნდეს

თუმცა, ეს გაცილებით ნაკლები პრობლემა იმ საფრთხესთან შედარებით, რასაც შეიცავს გაერთიანებული ოპოზიციის რამდენიმე ლიდერის პოზიცია და ამ კვირას მიღებული მათი ერთობლივი განცხადება, რომლიდანაც იქმნება შთაბეჭდილება რომ ოპოზიციისათვის 8 მარტს აშშ-ს საელჩოში გაფორმებული შეთანხმების რეალიზება საქართველოში ხელისუფლების უპირობო გადაბარებას გულისხმობს. ეს კი თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია არ მიიღებს თუნდაც დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების არავითარ სხვა შედეგს, საკუთარი გამარჯვების გარდა.

თუ რა შეიძლება ამას მოჰყვეს ქვეყნისათვის, ამაზე უნდა დაფიქრდეს ყველა შინ თუ გარეთ და ეს განსაკუთრებით ეხება ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, როგორც ამ შეთანხმების მედიატორებს.

რაკი ისინი ჩაერთვნენ პროცესში, კარგი იქნება თუ პროცესს ბოლომდე მიიყვანენ და მათი მედიატორობით კიდევ ერთი შეთანხმება შედგება, რომლითაც ყველა ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ვალდებულებას აიღებდნენ აღიარონ სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების შედეგი და ხალხის ნება.

იქმნება შთაბეჭდილება რომ ოპოზიციისათვის 8 მარტს აშშ-ს საელჩოში გაფორმებული შეთანხმების რეალიზება საქართველოში ხელისუფლების უპირობო გადაბარებას გულისხმობს. ეს კი თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია არ მიიღებს თუნდაც დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების არავითარ სხვა შედეგს, საკუთარი გამარჯვების გარდა

რაც შეეხება მმართველ ძალას, ვფიქრობ სწორედ ეხლა სჭირდება მას კონსოლიდაცია, გამომდინარე იმ პრობლემებიდან და გამოწვევებიდან რომლის წინაშეც ის აღმოჩნდა ბოლო პერიოდში. „ქართულ ოცნებას“ ეხლა შიდაბრძოლებისთვის წესით არ უნდა ეცალოს, რადგანაც წინ ურთულესი არჩევნები ელით.

ჩვენს ერთ-ერთ ადრეულ ინტერვიუში გითხარით, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, „ქართულ ოცნებას“ ნემსის ყუნწში მოუწევს გაძვრენა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა გააგრძელოს და დარჩეს კონკურენტულ ძალად.

ბოლოდროინდელი მოვლენები ადასტურებს რომ მმართველ პარტიას აღმოაჩნდა რთულ სიტუაციებში ლავირების უნარი. სხვათა შორის, პრეზიდენტის მიერ უგულავა-ოქრუაშვილის შეწყალების აქტიც, რომელზედაც ეხლა შუბების მტვრევა მიდის, ამის ერთ-ერთი დასტურია.

რაც შეეხება თქვენს მიერ ჩამოთვლილი პირების ინფორმირებას შეწყალების შესახებ, მგონი პრეზიდენტმა მკაფიოდ განმარტა, თუ ვისი ინფორმირება ჩათვალა საჭიროდ პოლიტკორექტულობიდან და ეტიკეტიდან გამომდინარე. მე არ მგონია, რომ ეს გარემოება გახდეს მმართველ გუნდში რაიმე განხეთქილების მიზეზი, რადგანაც ამით „ქართული ოცნება“ უხვად დაასხამდა წყალს ოპოზიციის წისქვილზე.

არ მგონია, რომ ეს გარემოება გახდეს მმართველ გუნდში რაიმე განხეთქილების მიზეზი, რადგანაც ამით „ქართული ოცნება“ უხვად დაასხამდა წყალს ოპოზიციის წისქვილზე

- მიუხედავად იმისა, რომ კითხვის მეორე ნაწილზე გარკვეულ წილად ისაუბრეთ, მაინც რას დაამატებდით?

- ჩემი ყურადღება მიიქცია იმან, რომ ამ ბოლო დღეებში ოპოზიციის ლიდერები მადლობებად იღვრებოდნენ დასავლელი პოლიტიკოსების და მაღალჩინისნების მიმართ და მათი მომხრეების გათავისუფლებას უცხოელების ძალისხმევას უფრო უკავშირებდნენ, ვიდრე ქართულ საზოგადოებას ან თუნდაც საკუთარ ამომრჩეველს.

ჩვენ ხომ ვნახეთ, რომ გასული წლის ივლისიდან მოყოლებული ოპოზიციამ, მცდელობების მიუხედავად, ვერცერთხელ ვერ შეძლო მომხრეების იმ რაოდენობით გამოყვანა, რომლითაც ხელისუფლებაზე ზეგავლენას მოახდენდა.

ჩემთვის ეს არის ნიშანი, იმის რომ ლეიბორისტების ოფისში შეკრებილ ოპოზიციას არჩევნების მოსაგებად ქვეყნის შიგნით მხარდაჭერის სერიოზული რესურსი არ გააჩნია და ძირითადად გარე ძალების იმედად არიან.

ლეიბორისტების ოფისში შეკრებილ ოპოზიციას არჩევნების მოსაგებად ქვეყნის შიგნით მხარდაჭერის სერიოზული რესურსი არ გააჩნია და ძირითადად გარე ძალების იმედად არიან

ისინი მაქსიმალურად ცდილობენ სწორედ ამ გარე ფაქტორის ექსპლუატაციას და ვვარაუდობ რომ ამაში მნიშვნელოვან რესურსსაც ხარჯავენ. პარალელურად კი ცდილობენ მათზე მომუშავე ჯგუფების და მედიის მეშვეობით შექმნან საზოგადოებაში განწყობა, რომ დასავლეთმა „ქართულ ოცნებას“ ვერდიქტი გამოუტანა და ფსონი რა თქმა უნდა მათზე დადო.

ამავე დროს, თუნდაც სოციალური ქსელების რეაქციით თუ ვიმსჯელებთ, რაც ასევე საზოგადოებრივი აზრის სარკეა, ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული საზოგადოების მცირე და შედარებით ლიბერალური ნაწილი მიესალმა დასავლეთის ზეწოლას. თუმცა საკმაოდ დიდმა ნაწილმა „კოლექტიური კუბილიუსის“ სახით დასავლეთი აღიქვა უკვე არა პარტნიორის, არამედ „უფროსი ძმის“ როლში.

ძალიან სახიფათო ტენდენციას შეიძლება შევეჯახოთ, თუკი საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობაში გაღრმავდება განწყობა, რომ მათი აზრი და პოზიცია ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე აღარაფერს ნიშნავს და ეს საკითხები ქვეყნის გარეთ წყდება. რთული წარმოსადგენი არაა თუ ვინ ისარგებლებს ამით.

ძალიან სახიფათო ტენდენციას შეიძლება შევეჯახოთ, თუკი საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობაში გაღრმავდება განწყობა, რომ მათი აზრი და პოზიცია ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე აღარაფერს ნიშნავს და ეს საკითხები ქვეყნის გარეთ წყდება. რთული წარმოსადგენი არაა თუ ვინ ისარგებლებს ამით

ისე კი, თუ ჩვენს ისტორიას გადავხედავთ, გარეშე ძალების დახმარებით ადგილობრივი პრობლემების მოგვარების სურვილი საკმაოდ ღრმად არის გამჯდარი ჩვენი ელიტების გონებასა და ძვალ-რბილში.

- მიუხედავად იმისა, რომ გააქტიურებულია მსჯელობა არჩევნებში პოლიტიკური ძალების შანსებზე, რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ თემაზე საუბარი აშკარად ნაადრევია. ასეა არა იმიტომ, რომ ყველა მხარე თავის შანსებს გადაჭარბებულად აფასებს, არამედ იმიტომაც, რომ საზოგადოების უდიდეს ნაწილს თავისი არჩევანი გაკეთებული არ აქვს.

მეტიც, აშკარად მეტია იმათი რაოდენობა, რომლებთაც წინა ხელისუფლებასთან აფილირებული პერსონების დაბრუნება რომ არ უნდა, მაგრამ ისიც ცხადია, რომ არსებული ხელისუფლების მხარდამჭერების რაოდენობა აშკარად არაა საკმარისი იმისათვის, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ არა მარტო დამაჯერებლად მოიგოს არჩევნები, არამედ მხოლოდ მას მიეცეს მთავრობის დაკომპლექტების საშუალება.

ახლა ბევრი საუბრობს იმაზე, რომ კარგი იქნება თუ პარლამენტში ბევრი პარტია მოხვდა, ასევე იმაზე, რომ კოალიციური მთავრობა ქვეყნის დემოკრატიულობის პროცესს წინ წაწევს. შესაძლოა, კოალიციურმა მთავრობამ გაამართლოს კიდეც, მაგრამ ესეც ძნელი დასაჯერებელია.

ასეა, თუნდაც იმიტომ რომ ჩვენში მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის პრაქტიკაც კი არ არსებობს და კოალიციურობის პირობებში მთავრობის საქმიანობა წარმოუდგენლადაც კი ჩანს.

თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ კოალიციური მთავრობის პირობებში ხელისუფლება ეფექტური და წარმატებული შეიძლება აღმოჩნდეს?

- დავიწყებ იმით, რომ საერთაშორისო პარტნიორების მედიაციით მიღწეულ შეთანხმებაში ასახულია ე.წ. ჩამკეტი მექანიზმი, რომლის თანახმადაც, თუკი რომელიმე პარტიამ პროპორციული არჩევნების წესით ვერ მიიღო ხმების 40%-ზე მეტი, ის ვერ ჩამოაყალიბებს საპარლამენტო უმრავლესობას და შესაბამისად ვერ დააკომპლექტებს მთავრობას. ეს ზრდის კოალიციური მთავრობის შექმნის შანსებს.

თუმცა, ჩემი აზრით, არც ქართული საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები და მთლიანად სახელმწიფო არ არიან ჯერ მომწიფებული საპარლამენტო რესპუბლიკისათვის და კოალიციური მთავრობისთვის. ქვეყანაში არსებული უკიდურესად კონფრონტაციული პოლიტიკური გარემო და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, შიდა თუ გარე გამოწვევები, არ ქმნიან კოალიციური მთავრობის შექმნისთვის ხელსაყრელ პირობებს.

ქვეყანაში არსებული უკიდურესად კონფრონტაციული პოლიტიკური გარემო და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, შიდა თუ გარე გამოწვევები, არ ქმნიან კოალიციური მთავრობის შექმნისთვის ხელსაყრელ პირობებს

ალბათ მოგვიწევს გარკვეული პერიოდი რთული და ეკლიანი გზის გავლა, როდესაც შესაძლოა ვერ შეიქმნას კოალიციური მთავრობა, ან მის ჩამოყალიბებას დიდი ხანი დასჭირდეს, რომ არაერთხელ გვექნება ვადამდელი არჩევნები ყველა თანმდევი შედეგით.

ჩვენნაირი მყიფე და ნედლი დემოკრატიის პირობებში, არ მგონია კოალიციური მთავრობა ძალიან ეფექტური აღმოჩნდეს მმართველობის თვალსაზრისით. თუმცა, უარყოფითი გამოცდილებაც ხომ გამოცდილებაა და ამის საფუძველზე უკვე ხალხი შეაფასებს რამდენად კარგია საქართველოსთვის მმართველობის საპარლამენტო მოდელი. ვთვლი, რომ ჩვენს ქვეყანას საპრეზიდენტო მოდელი უფრო შეესაბამება.

ჩვენნაირი მყიფე და ნედლი დემოკრატიის პირობებში, არ მგონია კოალიციური მთავრობა ძალიან ეფექტური აღმოჩნდეს მმართველობის თვალსაზრისით... თუმცა, უარყოფითი გამოცდილებაც ხომ გამოცდილებაა... ვთვლი, რომ ჩვენს ქვეყანას საპრეზიდენტო მოდელი უფრო შეესაბამება

პარტიების შანსებზე საუბარი კი ამ ეტაპზე ნაადრევად მიმაჩნია, რადგანაც ხელთ არ მაქვს სანდო სოციოლოგიური კვლევები. ემოციებზე და პირად განცდებზე დაყრდნობით კი ვარაუდებს არ ვაკეთებ.

მე ახლა უფრო მეტად იმაზე ვფიქრობ, თუ როგორი პანდემიური სიტუაცია გვექნება შემოდგომისათვის, როგორ იმოქმედებს ეს წინასაარჩევნო კამპანიაზე და უშუალოდ არჩევნების დღეზე. ეს ძალიან სერიოზული საკითხია, რომელმაც შეიძლება ახალ პოლიტიკურ ვნებათაღელვებს დაუდოს სათავე.

- ევროპარლამენტმა იმსჯელა იმაზე, თუ როგორ ართმევს თავს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს.

წარმატებების გარდა, საკმაოდ კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვეს ჩვენს საკითხზე მსჯელობისას ჩვენმა პარტნიორებმა. საკმაოდ კრიტიკულები აღმოჩნდნენ საქართველოს ხელისუფლების მიმართ აშშ-ს სენატორები და კონგრესმენები.

არავინ დავობს, რომ საქართველოს კოორდინაცია და თანამშრომლობა ევროპულ და ნატოს სტრუქტურებთან ისეთი მჭიდრო და საქმიანი არასდროს ყოფილა, როგორც ახლა. მაგრამ, ვხედავთ, რომ ევროპარლამენტართა ერთი ჯგუფი, ისევე როგორც ამერიკელ სენატორთა და კონგრესმენთა ერთი ჯგუფი, რომლებიც ჩვენს მხარდასაჭერად ევროსტრუქტურებსა და აშშ-ში ბევრს აკეთებენ, საქართველოს ხელისუფლებას იმაზე მეტად კრიტიკულად აფასებენ, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

თქვენი აზრით, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას იმ ტონითა და ენით ესაუბრებიან, როგორც ამ უკანასკნელ პერიოდში მათგან გვესმის?

- ევროპარლამენტის საქართველოს შესახებ ანგარიშის საბოლოოდ დამტკიცება სავარაუდოდ ივნისში მოხდება, თუმცა არაა გამორიცხული რომ შემოდგომისთვისაც გადაიდოს. განხილვაზე გამოტანილ ტექსტში იყო პოზიტივიც და იყო კრიტიკაც, რაც არ იყო მოულოდნელი, რადგანაც იქ აისახა ის შენიშვნები, რაც ევროპელებს არაერთგზის დაუფიქსირებიათ, თუნდაც სასამართლოსთან დაკავშირებით. სხვათა შორის, ევროპარლამენტის საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშის ტექსტში მინიშნებაც კი არ არის იმაზე, რომ საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულები არიან.

სხვათა შორის, ევროპარლამენტის საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშის ტექსტში მინიშნებაც კი არ არის იმაზე, რომ საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულები არიან

რაც შეეხება ევროპარლამენტარების და კონგრესმენების საუბრის ზედმეტად ხისტ და ზოგჯერ არადიპლომატიურ ტონს და ენას, ვფიქრობ, რომ ეს მათი დამოკიდებულებაა. ისინი დიდი, ძლიერი ქვეყნების პოლიტიკოსები არიან. მათი ქვეყნები დახმარებას და ფულს გვაძლევენ, გვიცავენ და როგორც ჩანს ეს ხალხი მიიჩნევს, რომ შეუძლიათ ასეთი ენით გვესაუბრონ, როდესაც ჩათვლიან, რომ რაღაცას ისე არ ვაკეთებთ როგორც მათ სურთ. არის სხვა მიზეზებიც, რომლებზედაც საჯაროდ საუბარი ჯერ არ მინდა.

- მას შემდეგ, რაც ვიხილეთ აშშ-ს სენატორთა და კონგრესმენთა ჯგუფის წერილი, რომლის ადრესატი აშშ-ს სახელმწიფო მდივნი იყო, რომლისგანაც ისინი მოითხოვდნენ რეაქციას იმაზე, რომ საქართველოს არა მარტო საგარეო კურსი აქვს შეცვლილი, არამედ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ვნებს და აზიანებს რეგიონში აშშ-ს ინტერესებს, იყო მოლოდინი, რომ ამ წერილს ხელისუფლება საჯაროდ უპასუხებდა.

ამ ბრალდებებზე პრემიერ გიორგი გახარიას კომენტარი უკეთეს შემთხვევაში ბევრის არც არაფრის მთქმელი არ იყო. თქვენ შეფასებდით სავარაუდოდ, რატომ არ უპასუხა საჯაროდ ხელისუფლებამ პომპეოსადმი მიმართვის ავტორებს?

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მათი ავტორები რომ არა, საქართველოს აშშ-ში არ ექნებოდა ის ორპარტიული მხარდაჭერა, რომელიც დღეს აქვს...

- ხელისუფლებას რომ ამ მიმართვის ავტორებისთვის ასეთივე საჯარო წერილით ეპასუხა, ჩემი აზრით მიუტევებელ შეცდომას დაუშვებდა. არსებობს პოლიტიკური კომუნიკაციის წესი, ეტიკეტი, დიდი და პატარა ქვეყნის ურთიერთობების ნიუანსები, მითუმეტეს, როდესაც ამ ეტაპზე პრაქტიკულად ყველაფრით ამ დიდ ქვეყანაზე ხარ დამოკიდებული და კონიუნქტურაც არახელსაყრელია.

მიმართვაში გამოთქმული ბრალდებების სერიოზულობიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, ხელისუფლებისთვის უპრიანია ჯერ დიპლომატიური და სხვა არასაჯარო არხებით გაარკვიოს ურთიერთობები ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, ვიდრე საჯარო სივრცეში სიტყვიერ ფარიკაობას მიმართოს.

მიმართვაში გამოთქმული ბრალდებების სერიოზულობიდან გამომდინარე, ჩემი აზრით, ხელისუფლებისთვის უპრიანია ჯერ დიპლომატიური და სხვა არასაჯარო არხებით გაარკვიოს ურთიერთობები ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, ვიდრე საჯარო სივრცეში სიტყვიერ ფარიკაობას მიმართოს

- თითქმის ორი თვეა ქვეყანა პანდემიის გამო საგანგებო რეჟიმში ცხოვრობს. მართალია, გარკვეული ხარვეზებით, მაგრამ საქართველომ საკმაოდ წარმატებით შეძლო პანდემიასთან გამკლავება. მაგრამ გვერდს ვერ ავულით პანდემიის გამო ხელისუფლების ანტიკრიზისულ გეგმას.

ვხედავთ, რომ ყველა მიმართულებით ხელისუფლება გარკვეულ ნაბიჯებს დგამს, მაგრამ რა გეგმებზეც გვესმის საუბრები, აშკარად ზღვაში წვეთია. რატომ მიიჩნევს დამკვირვებელთა ნაწილი, რომ რიგ შემთხვევაში ხელისუფლების ეკონომიკური გეგმები გაჩენილი პრობლემების დასაძლევად არაადეკვატურია?

- სავსებით გასაგები მიზეზების გამო, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლებაა დაინტერესებული იმით, რომ მოსახლეობის უკმაყოფილება რაც შეიძლება ნაკლები იყოს და ჩემი აზრით ყველაფერს აკეთებს ამისათვის, რის შესაძლებლობასაც არსებული რესურსები იძლევა.

რა აზრი აქვს გულუხვი, მაგრამ არარეალური დაპირებების გაცემას, თუ კი მათ ვერ შეასრულებ და მოსახლეობა მერე ამაზე მკაცრად მოგთხოვს პასუხს.

რაც შეეხება სხვადასხვა დამკვირვებლებს, ჩემი აზრით, მათი ერთი ნაწილი აშკარად ბნელ ოთახში არმყოფი კატის დაჭერას ცდილობს

ხელისუფლების მიერ გატარებული ზომების ადექვატურობის საუკეთესო და გაზომვადი ინდიკატორი ხალხის კმაყოფილების თუ უკმაყოფილების ხარისხი, სოციალურ-ეკონომიკური და ფინანსური პარამეტრები იქნება, რაც ვერანაირად ვერ დაიმალება. რაც შეეხება სხვადასხვა დამკვირვებლებს, ჩემი აზრით, მათი ერთი ნაწილი აშკარად ბნელ ოთახში არმყოფი კატის დაჭერას ცდილობს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა