ნათია თურნავა - ყველა წინაპირობაა, რომ 2021 წელი წარმატებული წელი იყოს

პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური ვითარების მიუხედავად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ გვაქვს ყველა წინაპირობა, რათა 2021 წელი იყოს წარმატებული საქართველოსთვის. მისივე შეფასებით, საქართველოს რეალურად შეუძლია ახალ შესაძლებლობად აქციოს კორონავირუსით გამოწვეული გლობალური პრობლემა, რომლის წინაშეც დღეს მსოფლიო დგას.

როგორ აისახა პანდემია ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესსა და მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე, ასევე როგორია ეკონომიკის მინისტრის მოლოდინები ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენისა და ქვეყნის პოსტკოვიდური ეკონომიკის პერსეპექტივების შესახებ, ამ საკითხებზე „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ესაუბრა:

- როგორც უკვე გაჟღერდა, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით შემცირდება. თუ შეგიძლიათ თქვათ, რა რაოდენობის ზარალი მიადგა უკვე ქართულ ეკონომიკას, ან მის ცალკეულ სექტორებს პანდემიის გამო?

- მოგეხსენებათ, გლობალური პანდემიის ფონზე, მსოფლიო ეკონომიკა რეცესიაში შედის, ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები დრამატულად შეიცვალა და ამ მხრივ, გამონაკლისი არც საქართველოა. მიმდინარე წელს საკმაოდ პესიმისტური პროგნოზები კეთდება ჩვენი ქვეყნის ნეგატიური ეკონომიკური ზრდის ტემპთან დაკავშირებით. როგორც იცით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 4%-ით შემცირდება, უფრო პესიმისტური პროგნოზი აქვს ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს (EBRD) - მინუს 5,5%. ეს ნეგატიური მოლოდინები რეგიონში პანდემიით გამოწვეულ ვითარებას ეყრდნობა. მართალია, ჩვენ მოვახერხეთ და საბედნიეროდ, საქართველოს მთავრობამ ეს გამოწვევა ეფექტურად მართა, მაგრამ სხვადასხვა ქვეყნებში, რეგიონში უფრო მძიმე ვითარებაა, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ამ მოლოდინებს.

ნაცვლად იმისა, რომ წელს ჩვენი ეკონომიკა რეგიონში ყველაზე მაღალი ტემპით გაზრდილიყო, ფიზიკურად შემცირდება და 2020 წელს მოსალოდნელი 5%-იანი ზრდის ნაცვლად, გვექნება 4 ან 5%-იანი შემცირება, რაც უკვე უდიდესი ზიანია, რომელიც დათვლადია. მაგრამ ასევე გვაქვს ყველა წინაპირობა, რომ 2021 წელი იყოს წარმატებული წელი, რომ ამ გამოწვევიდან, ამ კრიზისიდან კიდევ უფრო ძლიერები გამოვიდეთ, ვიდრე ვიყავით როგორც ეკონომიკურად, ასევე უსაფრთხოების და სხვადასხვა გარე შოკის მიმართ მედეგობის თვალსაზრისით.

- ტურიზმის ამოქმედების ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, ქვეყანა მზადაა 1-ლი ივლისიდან საერთაშორისო ვიზიტორებს უმასპინძლოს. კონკრეტულად რომელი ქვეყნებიდან ველით ტურისტებს და იმ ფონზე, რომ პანდემია გლობალურ დონეზე გახდა რეცესიის და უმუშევრობის ზრდის მიზეზი, რამდენად იზიარებთ რიგი ექსპერტების სკეპტიციზმს, რომ საზღვრებს გავხსნით და ტურისტები არ გვეყოლება?

- პოსტკოვიდურ ეპოქაში, გლობალურად და არა მხოლოდ საქართველოში, ტურიზმის ინდუსტრია ახალ მოთხოვნებსა და თავისებურებებზე გადაეწყობა, რაც მათ შორის გულისხმობს მაღალმხარჯველუნარიან ტურისტებზე ფოკუსირებას. მოთხოვნადი გახდება ისეთი სახეობის ტურისტული პროდუქტები, რომელიც ადამიანებს უსაფრთხო გარემოს და დაცულ ეპიდემიოლოგიურ ნორმებს შესთავაზებს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ამ გამოწვევებსა და ახალ ტენდენციებს სხვა ქვეყნებთან შედარებით, მეტად მომზადებული ხვდება. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენმა ტურისტულმა ინდუსტრიამ უნიკალური გამოცდილება შეიძინა სამედიცინო გაიდლაინებისა და ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების წარმატებით დაცვის მხრივ. ეს ეხება არა მარტო სასტუმროებს, არამედ კვების ინდუსტრიას, აეროპორტებს, სატრანსპორტო სექტორს, ისეთ სახელმწიფო უწყებებს, რომლების ემსახურება სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებს, საბაჟო-გამშვებ პუნქტებს, სამედიცინო სექტორს. ეს მოხდა მასობრივი კარანტინის პროგრამის წყალობით, რომელშიც 90-მდე სასტუმრო, 2 500-ზე მეტი დასაქმებულით, დღემდე ჩართულია მთელი საქართველოს მასშტაბით. ეს ჩვენი ერთ-ერთი კონკურენტული უპირატესობაა, მეორე მნიშვნელოვანი კონკურენტული უპირატესობა კი, რაც აქამდე გაგვაჩნდა, მაგრამ ახლა მეტად მოთხოვნადი იქნება, მრავალფეროვანი ტურისტული შეთავაზებებია, რომელიც ადამიანების გარე სივრცეში, გაშლილ ტერიტორიაზე ყოფნას უკავშირდება ჩვენი მდიდარი ბუნების წყალობით. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ძალიან დივერსიფიცირებულია ტურისტული პროდუქტები და უცხოელ ტურისტებს შეგვიძლია შევთავაზოთ ეკოტურიზმი, აგროტურიზმი, ღვინის ტურიზმი, დაცული ტერიტორიები, სათავგადასავლო ტურიზმი. ასევე მუშავდება მწვანე ზონების კონცეფცია. ყველაფერი გვაქვს იმისთვის, რომ მსოფლიომ ხელახლა გაგვიცნოს არა მხოლოდ როგორც მდიდარი ისტორიის, უნიკალური ბუნებისა და უძველესი ტრადიციების ქვეყანა, არამედ საქართველო, როგორც უსაფრთხო დანიშნულების ადგილი.

- რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს ტურიზმის კონტექსტში, როგორ მოხდება კონტროლი საზღვრებზე და უშუალოდ ტურისტულ ზონებში?

- როგორც იცით, ამ ეტაპზე ვმუშაობთ ტურიზმის სექტორისთვის განკუთვნილ კონკრეტულ გაიდლაინებზე, რომელიც უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება. რაც შეეხება ქვეყნის შიგნით ტურისტულ ინდუსტრიას, სასტუმროებს, რესტორნებსა და ტურიზმთან დაკავშირებულ სხვა ობიექტებს, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობასთან ვთანხმდებით, თუ რა ტიპის კონტროლი უნდა დაწესდეს საზღვრებზე ან ქვეყნის შიგნით. ყველა წინაპირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ჩვენ 1-ლი ივლისიდან ვუმასპინძლოთ უცხოელ სტუმრებს.

- თქვენს მიერ 2020 წლისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტად სახელმწიფო ქონების პრივატიზება სახელდებოდა, დაიწყო 100 საინვესტიციო ობიექტის შეთავაზების პროექტი, ასევე წიაღის ლიცენზიების აუქციონები, როგორ აისახა პანდემია სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესზე და რაც შეეხება ორ მსხვილ ობიექტს, წყნეთის აგარაკებს და “რიყის დოქებს“, აპირებთ თუ არა ბიზნესს ხელახლა შესთავაზოთ ისინი?

- გასული წლის შემოდგომაზე ჩვენ დავიწყეთ მასშტაბური საპრივატიზაციო პროგრამა „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ქონებისა და წიაღის ნაწილში, რომელმაც საწყის ეტაპზევე კარგი შედეგები გამოიღო. მეტიც, ქონების პრივატიზაციის ტემპებს თუ შევხედავთ, იმდენად მოთხოვნადი იყო და იმდენად სწრაფად გაიყიდა ობიექტები იმ სიიდან, რასაც მუდმივად ვაახლებდით, რომ პრაქტიკულად წელს 2020 წლის პირველ კვარტალში, სამჯერ და მეტად მაღალი შემოსავალი გვქონდა 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით და ეს იმის მიუხედავად, რომ გასულ წლის პირველ კვარტალში გვქონდა შედარებით მშვიდი ეკონომიკური გარემო, ვიდრე მიმდინარე წელს, როცა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს გარეთ მზარდი ეპიდემიის ფონი იყო. შესაბამისად, ამ პროექტმა შექმნა დადებითი ინერცია, რამაც მოგვცა საშუალება, რომ ინვესტორები მაინც აქტიურად შემოსულიყვნენ და მართლაც სამჯერ მეტად გაიზარდა პრივატიზებიდან შემოსული თანხა - კერძოდ, 2020 წლის პირველ კვარტალში თანხის მაჩვენებელმა თითქმის 60 მილიონი ლარი შეადგინა, როცა 2019 წელს ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 20 მილიონ ლარამდე იყო. ასევე აქტიურად ვაგრძელებთ წიაღის აუქციონებს. მართალია, კორონავირუსის ფონზე ბიზნეს აქტივობა შედარებით შენელდა და ეს ბუნებრივიცაა, მაგრამ ძალიან დაჩქარებული ტემპებით გავააქტიურებთ როგორც პრივატიზების, ასევე წიაღის ლიცენზიების აუქციონებსაც. მით უფრო, რომ განახლებულ საინვესტიციო სტრატეგიაში აქცენტს ვაკეთებთ ადგილობრივი წარმოების მაქსიმალურ წახალისებასა და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაზე სხვადასხვა დარგში, მათ შორის იქნება საშენ მასალათა ინდუსტრია (ქართული კერამიკა, ცემენტისა და კლინკერის წარმოება, მოსაპირკეთებელი მასალები და სხვა მრავალი სახეობის პროდუქცია), სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავება და კვების ინდუსტრია, მანქანათმშენებლობა (დანადგარები და მათი ნაწილები), საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოება და სხვა მრავალი დარგი.

ამასთან, არ გამოვრიცხავთ, რომ გარკვეულ ობიექტებზე, რომელიც წინა პერიოდში რამდენჯერმე იყო გამოტანილი აუქციონზე და ვერ გაიყიდა, შესაძლოა, ფასები შევამციროთ მსოფლიოში არსებული რეცესიიდან და დეველოპმენტის ბაზარზე შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე.

რაც შეხება მსხვილ ობიექტებს, ვფიქრობთ, მსგავსი უნიკალური ობიექტების საპრივატიზაციოდ გამოსატანად უახლოესი თვეები საუკეთესო პერიოდი არ იქნება. თუმცა, მასობრივი პრივატიზაცია პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ აქტიურად გაგრძელდება და საპრივატიზაციო პირობებიც ვითარების ადეკვატური გახდება. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა გაჩერებული რესურსი მაქსიმალურად მოხმარდეს ეკონომიკის ამოქმედებას. ჩვენ ეს ამოცანა ადრეც გვქონდა გაცხადებული და სწორედ ამ პრინციპით დავიწყეთ პროგრამა „100 საპრივატიზაციო შეთავაზება ბიზნესს“, მაგრამ დღეს ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რადგან ეკონომიკური განვითარება წელს შენელდება და სხვადასხვა ახალი რესურსი უნდა შევაშველოთ.

- რაც შეეხება ინვესტიციებს, აღნიშნავდით, რომ 2020 წელი იქნება ინვესტიციების წელი პირველ რიგში ენერგეტიკაში. არსებული რეალობის გათვალისწინებით, როგორ შეიცვალა თქვენი მოლოდინები, მათ შორის, რა შეგიძლიათ გვითხრათ საპორტო ინფრასტრუქტურაში ინვესტირების პერსპექტივებზე?

- 2020-2021 წლები მართლაც ახალი ინვესტიციების წელი იქნება, რადგან კერძო და საჯარო ინვესტიციები ქვეყნის ეკონომიკის გამწევი ძალა უნდა იყოს. როგორც იცით, საჯარო ინვესტიციები ხორციელდება ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ჩვენ არ შეგვინელებია ტემპი, პირიქით აქტიურად ვზრდით.

უკვე განხორციელებული და წინა სამშენებლო თუ მშენებლობის ეტაპზე მყოფი მსხვილი კერძო საინვესტიციო პროექტები კი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ კერძო ინვესტიციები სერიოზულ როლს შეასრულებს. საკმარისია ვახსენოთ ფოთში, „ეიპიემ ტერმინალსის“ მიერ ფოთის ნავსადგურის გაფართოების პროექტი, რომელიც 335 მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციას ითვალისწინებს. ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ფოთში მიმდინარე „პეისის“ პროექტი, რომელიც აქტიურ ფაზაში გადავიდა - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (ყოფილი OPIC) პირველი ტრანში უკვე გადმორიცხა, რაც ნიშნავს, რომ პროექტი ძალიან სწრაფად გაგრძელდება.

რაც შეეხება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, განვაახლებთ მუშაობას საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს პროექტი დღესდღეობით უფრო მიმზიდველი შეიძლება იყოს ინვესტორებისთვის, ვინაიდან მსოფლიოს მასშტაბით ხდება წარმოებების რეალოკაცია და მიწოდებათა ჯაჭვის გადაწყობა. ამ ტენდენციას ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ საქართველოში ახალი წარმოებების ასამოქმედებლად და სამუშაო ადგილების შესაქმნელად. საპორტო ინფრასტრუქტურა კი ის დარგია, რომელიც ამ ახალი საინვესტიციო სტრატეგიაში მაქსიმალურად დაიტვირთება.

ენერგეტიკასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 7 ახალი ელექტროსადგური შევიდა ექსპლუატაციაში, აქედან ერთი - გარდაბნის თბოელექტროსადგური 230 მგვტ, შუახევჰესი - 187 მგვტ, 5 მცირე ჰესი - ჯამური სიმძლავრით 13 მგვტ. დამატებით გეტყვით, რომ წელსვე 12 პროექტის ექსპლუატაციაში შესვლა იგეგმება, ჯამურად 127 მგვტ. სიმძლავრის. ტრადიციულად, ენერგეტიკის სექტორშიც ველოდებით მსხვილ ინვესტიციებს, მათ შორის უნდა აღინიშნოს „ნამახვანჰესი“, რომელმაც წარმატებით გაიარა გარემოზე ზემოქმედების შეფასების საჯარო განხილვები, უკვე მიიღო სამშენებლო ნებართვა და მალე დაიწყებს სამშენებლო სამუშაოებს. ჩვენ ენერგეტიკული სექტორის მიმზიდველობაზე მეტყველებს ისიც, რომ გლობალური პანდემიის მიუხედავად, სწორედ ამ პერიოდში იაპონურმა უმსხვილესმა კომპანიამ „ტეპკო“ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში, კერძოდ, „დარიალჰესში“ მსხვილი ინვესტირება განახორციელა. ეს ძალიან კარგი მაგალითი იქნება სხვა მსხვილი კომპანიებისთვის, რომლებთანაც პრაქტიკულად ყოველდღიურად ვმუშაობთ და რომლებიც როგორც ახალი ჰესების მშენებლობის ნაწილში, ისე არსებული ჰესების შეძენით არიან დაინტერესებული. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მთავარი აქცენტი გაკეთდება ადგილობრივ წარმოებაზე, რა თქმა უნდა, ადგილობრივი ენერგეტიკა, ჩვენი წყლის რესურსების უფრო ეფექტური გამოყენება ძალიან სერიოზულ როლს დაიკავებს აქ.

- არაერთხელ გაჟღერდა, რომ არსებული სიტუაცია უნდა გამოვიყენოთ, როგორც შესაძლებლობა. კონკრეტულად რა შესაძლებლობებს ხედავთ ქვეყნის ეკონომიკისთვის?

- საქართველოს რეალურად შეუძლია ახალ შესაძლებლობად აქციოს კორონავირუსით გამოწვეული გლობალური პრობლემა, რომლის წინაშეც დღეს მსოფლიო დგას. ჩვენ ვსაუბრობდით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე, აქვე მინდა ვთქვა, რომ საქართველო მთლიანობაში წარმატებული ქვეყანაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ნაწილში. მსოფლიო ბანკის შეფასებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მშპ-სთან შეფარდებით მსოფლიოში მე-10 ადგილს ვიკავებთ, ხოლოდ რეგიონში ერთ-ერთი ლიდერი ვართ და მშპ-სთან მიმართებაში ინვესტიციები 7%-ია. ასევე მინდა ვთქვა, რომ 2016 წლის შემდეგ, როდესაც კორპორატიული მოგების გადასახადის რეფორმა განხორციელდა და რეინვესტირების მოგება გათავისუფლდა მოგების გადასახადისგან, პრაქტიკულად გასამმაგდა რეინვესტიციის მოცულობა, რაც იმას ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ახალი ინვესტორები შემოდიან, არამედ აფართოვებენ უკვე არსებულ ინვესტიციებს. თუმცა, კორონავირუსის შედეგად არსებული გამოწვევა და პოსტკოვიდური ეპოქა გვაძლევს შესაძლებლობას, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ახალი ტალღა წამოვიწყოთ და ახალი იმპულსი მივცეთ ჩვენს საინვესტიციო პოლიტიკას.

კორონავირუსით შექმნილი გლობალური ტენდენციებიდან გამომდინარე, ტრადიციული ინდუსტრიული ჰაბები სავარაუდოდ, შეიცვლება და ბევრი მულტინაციონალური კორპორაცია ეცდება წარმოების დივერსიფიკაციას, მათ შორის გეოგრაფიულ დივერსიფიკაციასაც. ჩინეთში კორონავირუსის აფეთქების შედეგად, მსოფლიოს მასშტაბით 36 ათასზე მეტი მსხვილი ბიზნესის შეფერხება მოხდა. აქედან გამომდინარე, გლობალური ბიზნესი ამას მეორედ აღარ დაუშვებს. ასე რომ, სწორედ ეს გვაძლევს შესაძლებლობას, საქართველო წარმოვაჩინოთ მიმზიდველ ალტერნატიულ პლატფორმად იმ ბიზნესებისთვის, ვინც დივერსიფიკაციას და წარმოებების გადატანას ეცდება.

მცირე ზომის მიუხედავად, ჩვენს ეკონომიკას საკმაოდ მიმზიდველს ხდის საქართველოს წარმატება მსოფლიო რეიტინგებში, მათ შორის ბიზნესის კეთების რეიტინგში, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში, გადასახადების სიმცირის რეიტინგში და სხვა. ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ 40-ზე მეტ ქვეყანასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გვაქვს და ჩვენთან გადმოსულ ინვესტორებს მსოფლიოს მასშტაბით 2,3 მილიარდ მომხმარებელთან უბაჟო ვაჭრობას ვთავაზობთ.

გარდა ამისა, ჩვენი გეოპოლიტიკური ლოკაცია და ის საპორტო პროექტები, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, ინვესტორს ყველა წინაპირობასა და კომფორტს უქმნის, რომ ბიზნესი საქართველოში გადმოიტანოს. ასევე მზად ვართ ახალ ბიზნესებსა და ინვესტორებს კიდევ უფრო მეტი დამატებითი ხელშეწყობის ბერკეტები შევთავაზოთ, ვინაიდან საქართველოში მათი შემოსვლა პირდაპირ მიბმულია დასაქმებასთან. ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ახალმა ტალღამ მოიტანოს მეტი დასაქმება ქვეყანაში და ის პროექტები, რომელიც გარკვეული დოზით დასაქმებას უზრუნველყოფს, დამატებით ფინანსურ, ორგანიზაციულ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას მიღებენ ჩვენგან. მხარდაჭერის მიმართულებებს შორის იქნება კადრების გადამზადებაც, რადგან ჩვენი ერთ-ერთ გამოწვევაა, რომ ახალ ბიზნესებს შევთავაზოთ თანამედროვე უნარებისა და ცოდნის მქონე გადამზადებული კადრები, ვისაც შემდგომში კომპანიები თავისთან დაასაქმებენ.

„ინტერპრესნიუსი“

მარიამ ტიტვინიძე

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით