რატომ არ უნდა დავუბრუნდეთ ძველ “ნორმალურ” ცხოვრებას

გვინდა თუ არა ეს ჩვენ, დღეს მთელი საზოგადოება დგას ახალი სოციალური კონტრაქტის გაფორმების წინაშე. ამას ნათლად დავინახავთ, თუ თვალს გადავავლებთ იმას, თუ როგორი საზოგადოება, როგორი პოლიტიკა, როგორი სახელმწიფო გვქონდა პანდემიამდე? იქნებ არც ღირდეს დავუბრუნდეთ იმ ვითარებას, იმ ძველ “ნორმალურ” ცხოვრებას რაც პანდემიამდე გვქონდა? კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი იმას, რასაც „მივსტირით“:

• ძალიან ღრმა ეკონომიკური პოლარიზაცია – უთანასწორობის ძალიან მღალი დონე;

• ძალიან სუსტი, მინიმალური სოციალური დაცვა;

• ძალიან სუსტი სახელმწიფო შესაძლებლობები ორგანიზაციული თვალსაზრისით – არაეფექტური ინსტიტუციონალური სტრუქტურა და შესაბამისად, არასაკმარისად კომპეტენტური კადრები (დაბალი კვალიფიკაციის პერსონალი);

• ძალიან სუსტი სახელმწიფო შესაძლებლობები ფინანსური თვალსაზრისით – ძალიან მცირე ბიუჯეტი როგორც მოცულობით, ასევე პროცენტული შეფარდებით მთლიან შიდა პროდუქტთან (სახელმწიფო ეკონომიკის მხოლოდ მცირე ნაწილის რეგულირებას ახდენს: ეს არის 28% ჩვენთან, 45% – ევროპაში);

• შესაბამისად, არასათანადოდ (არასაკმარისად) გამართული საბაზისო, სასიცოცხლოდ უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურა (საცხოვრისით უზრუნველყოფა, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა და სხვ.);

• ოთხი ათწლეული ნეოლიბერალური პოლიტიკის ბატონობის შესაბამისი საყოველთაო პროპაგანდა, რომელიც ხორციელდებოდა როგორც სახელმწიფოს, ასევე, პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ელიტების მიერ. ამის შედეგად, გაბატონებული საზოგადოებრივი ცნობიერება, რომელიც ეფუძნება კონკურენტულ ინდივიდუალიზმს და უარყოფს, აკნინებს (ებრძვის კიდეც) სოციალურ სოლიდარობას და ერთობლივი კოლექტიური მოქმედებების ლოგიკას;

• სოციალური კონტრაქტი (ნეოლიბერალური „საერთო ნიადაგის თეორია“), რომელიც გულისხმობს, რომ ყველა ჩამოთვლილი „სიკეთე“ სასარგებლო და უალტერნატივოა ყველასათვის: როგორც მდიდრების („გამარჯვებულები“ 1-2%) ასევე ღარიბებისათვის („დამარცხებულები“ 98-99%) ერთნაირად; პარადოქსია, მაგრამ ეს სუსტი სახელმწიფო, მთელი ოცდაათი წლის განმავლობაში, საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა იმისათვის, რომ დაეცვა ასეთი წესრიგი და დღესაც მზად არის არ დაუშვას ცვლილებები (მისი ტრანსფორმირება), მაგრამ, მოვიდა პანდემია და ასეთი სახელმწიფო აღმოჩნდა აუცილებლობის წინაშე დაეწყო სულ სხვანაირი მოქმედება:

• თვითონ განეხორციელებინა მკურნალობა, პრევენცია, ტესტირება და ა.შ.;

• თვითონ მიეწოდებინა (ეშოვა, ეყიდა, ექირავა, ზოგ შემთხვევაში აეშენებინა) პორტალები, ბოქსები, საველე ჰოსპიტალები, საკარანტინო შენობები და ა.შ.;

• თვითონ მოეგვარებინა მიწოდების ჯაჭვების უწყვეტობა მოსახლეობის სასიცოცხლოდ აუცილებელი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად სურსათით, ენერგო და წყალმომარაგებით, ტრანსპორტით, საკარანტინო საცხოვრებლებებით და ა.შ.; და ვხედავთ, ვაკვირდებით საოცრებას: ამ სუსტმა და უუნარო სახელმწიფომ, ავად თუ კარგად, (საკმაოდ ეფექტურად ჯერჯერობით) ეს შეძლო! ის გადაიქცა უნარიან და პასუხისმგებელ სახელმწიფოდ, მართალია ჯერჯერობით და დროებით. როგორ გააკეთა:

• თავისუფალი ბაზრის პრინციპების სრულიად იგნორირებით;

• მოქალაქეების სიცოცხლეზე პასუხისმგებლობის მთლიანად საკუთარ თავზე აღებით;

• სახელმწიფო დაგეგმვით და სახელმწიფო უწყებების კოორდინირებით;

• ფინანსური, ორგანიზაციული და საკადრო რესურსების მაქსიმალური მობილიზებით;

• ნეოლიბერალური კონკურენტული ინდივიდუალიზმის უარყოფით;

• სოლიდარობის, კოლექტიური ქმედების, ერთიანობის პრინციპის მხარდამჭერი პროპაგანდის ინტენსიურად წარმართვით. ჩვენ მოწმენი ვართ ახალი სოციალური კონტრაქტის დადების, ახალი „საერთო ნიადაგის“ თეორიის დაბადების. მთავარია, ახალშობილი უდღეური არ აღმოჩნდეს, მხოლოდ მცირე დროით მოგვევლინოს და ვიდრე უსუსური და სუსტი ჩვილიდან ზრდასრული და ძლიერ არსებად იქცევა, არ გაქრეს თვალსაწიერიდან, ისევ ძველი სოციალური კონტრაქტის, ძველი საერთო ნიადაგის ტყვეობაში არ აღმოვჩნდეთ. უნდა მოვუაროთ, მხარში ამოვუდგეთ, გავაძლიეროთ! ამისთვის ღირს და აუცილებელია პოლიტიკური ბრძოლა! ეს ნიშნავს შევქმნათ სახელმწიფო, რომლის განკარგულებაში იქნება:

1. მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები – საკმარისი ბიუჯეტი (თანხობრივადაც და პროცენტულად მშპ-სთან);

2. საკუთარი საბანკო სექტორი (არა მონოპოლიური, კერძოსთან პარალელურად);

3. საკუთარი ძლიერი ჯანდაცვის სექტორი (კერძოსთან პარალელურად);

4. მნიშვნელოვანი წილი (ან საკუთარი) ენერგეტიკულ სექტორში (კერძოსთან პარალელურად);

5. ეკონომიკის დაგეგმვისა და კოორდინირების ფუნქცია, მათ შორის თავისუფალი ბაზრის პრინციპების გათვალისწინებით (აგრარული სექტორი, ინდუსტრია, მომსახურების სფერო, ტექნოლოგიები, ინოვაციები) – შესაბამისი ძლიერი ინფორმაციული, ანალიტიკური და კველევითი უზრუნველყოფით – განმტკიცებული რაციონალური, პრაგმატული და ეფექტური ინსტიტუციური სტრუქტურითა და ორგანიზაციული ფორმებით, უზრუნველყოფილი კომპეტენტური საკადრო კორპუსით. ჩვენ არ უნდა დავუბრუნდეთ ძველ “ნორმალურ” ცხოვრებას, რომელიც უსამართლო და განვითარების შემაფერხებელია. უნდა დავდოთ ახალი “სოციალური კონტრაქტი”!

საქართველოს პარლამენტის წევრი და პარტიის "სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის" თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა