„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ გამგეობის თავმჯდომარის დავით სიხარულიძის შეფასებით, უკრაინიდან საქართველოს ელჩის კონსულტაციებზე გამოწვევა არის არაადეკვატური ნაბიჯი, რომელიც ემსახურება არა ქვეყნის, არამედ პარტიულ ინტერესებს. დავით სიხარულიძის განცხადებით, ელჩს კონსულტაციებზე იწვევენ ისეთი სერიოზული პრობლემების დროს, რომელიც ეხება ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და აგრესიას. აქედან გამომდინარე, მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ მცდარი ნაბიჯი გადადგა.
„მე საერთოდ არაადეკვატურად მიმაჩნია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედება, როდესაც მათ გამოიწვიეს ელჩი კონსულტაციებზე. ეს არის უკიდურესი პროტესტი და ფუნდამენტურად არასწორია სწორედ ამ პროტესტის გამოხატვა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სახელმწიფო მიტაცებული აქვს ერთ კაცს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ნაბიჯით ემსახურება არა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, არამედ ამ ადამიანისა და „ქართული ოცნების“ ინტერესებს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ელჩს კონსულტაციებზე იწვევენ ისეთი სერიოზული პრობლემის დროს, რომელიც ეხება ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და აგრესიას. მე რამდენადაც მახსოვს, საქართველოს ასეთი ფორმით ელჩი გამოწვეული ჰყავს 2008 წლის ივლისში, ომის წინ, როდესაც რუსულმა სამხედრო ავიაციამ დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე და შემოიჭრა საქართველოში. ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის არაადეკვატური ნაბიჯი, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს ინტერესებსა და არ შეესაბამება საქართველოსა და უკრაინის პარტნიორობის სულისკვეთებას,“- განაცხადა დავით სიხარულიძემ.
საგარეო უწყებამ დღეს უკრაინიდან კონსულტაციებისთვის გამოწვეულ ელჩთან, თეიმურაზ შარაშენიძესთან პირველი შეხვედრა გამართა.
"დავაკვირდებით უკრაინაში პროცესების განვითარებას, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებაში ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით და სწორედ ამის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება ელჩის უკრაინაში დაბრუნების თარიღთან დაკავშირებით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
This is a modal window.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"